კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რა იწვევს სახსრების ტკაცუნს და არის თუ არა ის საშიში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ჩვეულებრივ, სახსრებში ტკაცუნი მათი მომატებული მოძრაობითაა განპირობებული. სამედიცინო ტერმინოლოგიით ამ მდგომარეობას ჰიპერმობილობა ეწოდება. ეს უმეტესად ახალგაზრდა ქალბატონებთან ვლინდება და დაკავშირებულია ორგანიზმში შემაერთებელი ქსოვილის რამდენადმე სახეშეცვლილი ცილის სინთეზთან (წარმოქმნასთან). აღნიშნულ მდგომარეობას ხალხური ტრადიციით „სუსტი მყესების“ არსებობას უკავშირებენ. პრინციპში სწორედ ისინი იწვევს ტკაცუნის, ბიძგების, უსიამოვნო შეგრძნებებისა და ზოგჯერ ტკივილის პროვოცირებას სახსრებში.
სახსრების ჰიპერმობილობის დროს, როგორც წესი, სისხლძარღვთა გარკვეული სახის ცვლილებაც აღინიშნება. ეს ბუნებრივიცაა, სისხლძარღვების კედელიც ხომ კოლაგენისგან შედგება და თუ ეს უკანასკნელი რამდენადმე შეცვლილია (ბევრად უფრო წელვადია), შესაბამისად, სისხლის ნაკადის ზემოქმედებით სისხლძარღვის კედელიც მეტად „იწელება“. დასახელებული მიზეზის გამოა, რომ ზოგიერთებს ნაადრევად აღენიშნებათ ვენების ვარიკოზული გაგანიერება; ვენების მოლურჯო, დაკლაკნილი ხვეულები მათ კიდურებზე უკვე 25 და ზოგჯერ 20 წლის ასაკიდან ჩნდება. გენებს ვერ შეცვლით და ორგანიზმის ამა თუ იმ თავისებურებასაც ვერსად გაექცევით, თუმცა დიდ დროს ნუ დაჰყოფთ ერთსა და იმავე მდგომარეობაში, მავნებელია ისეთი სამუშაო, რომელიც ხანგრძლივად ფეხზე დგომას მოითხოვს. ფრთხილად არის შესარჩევი სპორტის სახეობაც, არარეკომენდებულია ისეთი ვარჯიშები და ზოგადად, ისეთი მოძრაობანი, რომლებიც მყესების გადაჭიმვას და გადაძაბვას იწვევს. ყველაზე კარგია ინდივიდუალური პროგრამებით, საგანგებოდ შემუშავებული კომპლექსებით ვარჯიში და აქტივობა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი სპორტის ამა თუ იმ სახეობაში იწყებს ვარჯიშს და გარკვეული პერიოდის შემდეგ სახსრებში „ხრაშუნი“ და „ჭრიალი“ ეწყება. ამ ფენომენს რამდენიმე ახსნა აქვს: ჯერ ერთი, არ არის გამორიცხული გარკვეული სახის, თუნდაც უმნიშვნელო ტრავმა, მყესების დაჭიმვა, რაც განაპირობებს სახსრების რამდენადმე უჩვეულო ხმიანობას და მეორეც, სახსრების ინტენსიურად გააქტიურება ზოგჯერ ფარულად მიმდინარე ართროზის პროცესს გამოავლენს ხოლმე. ერთბაშად დიდი დატვირთვა სახსრებისათვის არარეკომენდებულია, და თუ მაინც ვერ მოზომეთ აქტივობის ინტენსივობა ან სახსრებში უსიამოვნო შეგრძნებები დაგეწყოთ, გირჩევთ, სახსრებს გარკვეული ხნით განტვირთვა-დასვენება მოუწყოთ. ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები უმალ გაგივლით, თუმცა ართროზის არსებობისას უმჯობესია, სათანადოდ იმკურნალოთ, კვებისა და მოძრაობა-აქტივობის საჭირო რიტმი დაიცვათ. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ 35-40 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ტკაცუნი სახსრებში ხშირად ართროზის მანიშნებელი ადრეული სიმპტომია.
ართროზი სახსრებში ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესია. ამ დროს სახსარში სხვადასხვა სახის ცვლილება მიმდინარეობს. ძვლების სასახსრე ზედაპირები ერთმანეთს ეხახუნება და მუდმივად ტრავმირების გამო ხრტილოვანი ფენა კიდევ უფრო მეტად განილევა. სახსრის შემადგენელი ძვლები დეფორმირდება, სასახსრე სითხის მოცულობა მცირდება, შედგენილობა იცვლება. ყოველივე ამის გამო სახსარში მოძრაობა იზღუდება. გარდა ამისა, ირღვევა სახსრის სისხლით მომარაგების პროცესი, მიკროცირკულაცია შესაბამის სისხლძარღვებში მცირდება, შედეგად ქვეითდება ნივთიერებათა ცვლა. ყოველივე ამას დროთა განმავლობაში დაავადებული სახსრის დეფორმაცია და შესაბამისი კუნთების ატროფია ემატება.
სახსრებში ტკაცუნის შემთხვევაში სასურველია ცურვით დაკავდეთ. ცურვა, გარდა იმისა, რომ კუნთოვან სისტემას აძლიერებს, ხელს უშლის სქოლიოზისა და ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებას. ცურვისას პრაქტიკულად არ იტვირთება სახსრები და ხერხემალი, ციკლური ვარჯიშის ამ სახეობის დროს ზომიერ მოძრაობაში მოდის სახსრები, კუნთები იწრთობა და ორგანიზმი კაჟდება.скачать dle 11.3