კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რატომ შესთავაზა სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნეიტრალურ ზონად გამოცხადება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ბაქოში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგა ალიევთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე ისაუბრა და ინიციატივაც წამოაყენა, რომ სადავო ნაწილი – ტერიტორია, რომელზეც განთავსებულია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც აზერბაიჯანი ალბანური კულტურის ძეგლად მიიჩნევს, თავად კი – ალბანეთის სამართალმემკვიდრედ – ნეიტრალურ ზონად გამოცხადდეს. იმ მარტივი მიზეზით, რომ ნეიტრალური ზონები ცუდად გვაქვს დაცდილი და იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ ტიპის საკითხების მოგვარება პრეზიდენტის ლეგიტიმაციას სცდება, ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ, არის თუ არა საქართველოს ინტერესი საკითხის ასე გადაწყვეტა.
– პრეზიდენტმა თავისი ინიციატივით წამოაყენა ეს წინადადება თუ მთავრობამ დააბარა, საერთოდაც, რატომ მისცეს პოლიტიკოსებმა საკუთარ თავს უფლება, ასე ხელაღებით შეხებოდნენ ამ მეტად მტკივნეულ თემას?
– თემა საკმაოდ რთულია, არაერთმნიშვნელოვანი, აქვს სამართლებრივი და საისტორიო მხარეები. ამ სადავო თემისადმი ქართველებისა და აზერბაიჯანელების მიდგომა განსხვავდება და, ამდენად, აუცილებელია, რომ ეს პროცესი, რომელიც 1996 წლიდან – საზღვრის დელიმიტაციაზე საუბრის დაწყებიდან გრძელდება და საკმაოდ არააქტიურად მიმდინარეობს, დამთავრდეს, რადგან ჩვენც უნდა გავაცნობიეროთ და აზერბაიჯანმაც, რომ უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოები ვართ და უფროსი ძმების, მეზობლებისა და ნათესავების გარეშე უნდა შევძლოთ მშვიდობიანი თანაარსებობა. ამ თვალსაზრისით, მართებული იყო ზურაბიშვილის განცხადება, რომ საზღვარი უნდა იყოს არა გამყოფი, არამედ გამაერთიანებელი, მაგრამ, როგორც ერთი ფილოსოფოსი ამბობდა, რომ გავერთიანდეთ, ჯერ უნდა გავემიჯნოთ. საზღვრის ამ მონაკვეთის დადგენა კი საკმაოდ მძიმე და რთული პროცესია. ავიღოთ, თუნდაც, ის ფაქტი, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სრული სიგრძეც კი არ არის დადგენილი. აზერბაიჯანისთვის საზღვრის სიგრძე 480 კილომეტრია, ჩვენთვის – 446 კილომეტრი. აქედანაც ჩანს, რომ საკითხი რთულია.
– ეს როგორ? ისინი უფრო მეტ ტერიტორიას მიიწერენ თავის სასარგებლოდ?
– ხაზის გადაწევა-გადმოწევის გამო წარმოსახვაში ეს ორი განსხვავებული რიცხვია. უპირველესად, მკაფიოდ ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და საგარეო ურთიერთობის სფეროში ჩვენს წარმომადგენელს, აქვს უფლება, ისაუბროს ასეთ თემებზე თავის კოლეგებთან, მათ შორის, ისეთ ლიდერთან, როგორიც ილჰამ ალიევია. ამიტომ, ჩემი აზრით, ამაში საგანგაშო არაფერია – ზურაბიშვილმა აბსოლუტურად სწორად დააყენა საკითხი, რომ ეს დიდი ხნის წინათ დაწყებული პროცესი უფრო სწრაფად უნდა წარიმართოს და რაც შეიძლება, მალე მივაღწიოთ შედეგს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სიბრტყეში პრობლემა საკმაოდ ლოგიკურადაა დასმული.
– გამოსავალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა თავის აზერბაიჯანულ კოლეგას შესთავაზა – ნეიტრალურ ზონად დავით გარეჯის გამოცხადება, არის საქართველოს ინტერესი? მანამდე კი განვუმარტოთ მკითხველს, რას ნიშნავს „ნეიტრალური ზონა“.
– სამუშაო პროცესში შეიძლება, უამრავი ვარიანტი დაისვას. მისი ეს განცხადება იყო მოსაზრება და არა მკაფიო შეთავაზება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად აძლევს ხელს ეს ჩვენს ქვეყანას. მე კატეგორიულად არ ვიტყოდი არც იმას, რომ ხელსაყრელია და არც იმას, რომ არ არის ხელსაყრელი. თუ პრობლემას სიღრმისეულად ჩავხედავთ, შესაძლოა, ეს გამოსავალიც იყოს და იყო კიდეც საუბარი ამ თემაზე – თავის დროზე, ნეიტრალური ზონის შექმნის ინიციატივა აზერბაიჯანული მხარისგან წამოვიდა, ოღონდ მაშინ ითქვა, საკითხის საბოლოო გარკვევამდე გამოცხადდეს ნეიტრალურ ზონად, რომ მოქალაქეებს, მათ შორის, სასულიერო პირებს, ტურისტებს საშუალება ჰქონოდათ, თავისუფლად მისულიყვნენ ამ უნიკალურ ძეგლთან.
– მე უფრო ხისტად ვიტყვი: ჩვენ ვთმობთ ნეიტრალური ზონის გამოცხადებით და არა აზერბაიჯანი, იმიტომ რომ თავადვე ვაყენებთ ეჭვქვეშ დავით გარეჯის ქართული კულტურისადმი კუთვნილებას. ეს რომ ალბანური კულტურის ძეგლი არ არის და აზერბაიჯანი ალბანეთს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, დღესავით ნათელია. მას ეს ყარაბაღის კუთვნილების დასადასტურებლად სჭირდება და ამას ეწირება ჩვენი დავით გარეჯიც და ჰერეთის ქართული ძეგლებიც. ანუ ჩვენ უნდა დავთმოთ აზერბაიჯანის პოლიტიკური ინტერესებისთვის?
– შესაძლოა, ნეიტრალური ზონის ვარიანტი ჩვენთვის არ იყოს მისაღები და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, მაგრამ ხელაღებით მისი უარყოფა არ ივარგებს, თუმცა უფრო სიღრმისეულად უნდა შევხედოთ საკითხს. ამ პრობლემის შექმნამდე კარგად უნდა გავაანალიზოთ წინა პერიოდი, რაც არის კიდეც ისტორიკოსების საქმე, რომლებიც კარგად იცნობენ ამ საკითხს მეექვსე საუკუნიდან დაწყებული, კარგად უნდა ჩავუღრმავდეთ ეთნოპოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც კავკასიაში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა, ალბანური კულტურის არსს, მის რაობას, ურთიერთობას ქართულ სივრცესთან, გორგასლის პერიოდის ჰერეთის საერისთავოს დაარსების ისტორიას. დაწვრილებით უნდა შევისწავლოთ დავით გარეჯელისა და მისი მოწაფეების მიერ ამ დიდი სასულიერო-კულტურული ცენტრის დაფუძნების ისტორია. ჩვენთვის ემოციურ დონეზე, ცხადია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არ არის არანაირი ალბანური კულტურის ძეგლი, მაგრამ არსებობს სხვა თვალსაზრისიც, მათ აქვთ თავისი არგუმენტები და ეს არგუმენტები ურთიერთკეთილმოსურნეობის ვითარებაში უნდა შეჯერდეს ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით, რომ ეს ასპექტებიც კარგად გაანალიზდეს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ჩვენს აზრზე, ისინი – თავიანთ აზრზე, რაც მოვლენების არასასურველ განვითარებამდე მიგვიყვანს.
– მიკვირს, რატომ პასიურობს მთავრობა, კულტურის უწყება. რა უდგას წინ საინფორმაციო სივრცის ათვისებას უტყუარი ისტორიული ფაქტებით, კონფერენციების მოწყობას, ვებსაიტების შექმნას, წიგნების გამოცემას? არის ფაქტები, რაც უტყუარად დაასაბუთებს ძეგლის ქართულობას და ძალიან მიკვირს 1996 წლიდან მოყოლებული ქართული მხარის ცოცხალმკვდრობა.
– რა თქმა უნდა, დიალოგის არარსებობა და ჩვენი მხრიდან აქტიურობის დეფიციტი პრობლემაა. ჩვენთვის აქ საკამათო არც არაფერია. ბოლოს და ბოლოს, თვითონ ძეგლები ღაღადებს ჭეშმარიტებას. მეექვსე საუკუნიდან მოყოლებული ამ ძეგლების კედლებზე ათასზე მეტი ქართული წარწერაა, თავი რომ დავანებოთ იმ უზარმაზარ საგანმანათლებლო და სასულიერო მოღვაწეობას, რასაც დავით გარეჯელი, ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, ეწეოდა ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად. უნდა ჩავხედოთ ისტორიას, მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ ისტორია ხშირად ინტერპრეტაციის საგანია. რატომ აქვთ აზერბაიჯანელებს იმედი, რომ, თუ ისინი ამ სამონასტრო კომპლექსს ალბანური კულტურის ძეგლად გამოაცხადებენ, ამით ისინი იქნებიან მეპატრონეები? მათი აზრით, იმიტომ რომ ალბანური სახელმწიფო დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილზე არსებობდა. ალბანელები გაცილებით ახლოს იდგნენ ქართულ ცივილიზაციასთან, ვიდრე ის ტომები, რომლებიც აქ დროდადრო შემოდიოდნენ, სახლდებოდნენ, ქრებოდნენ, ისევ შემოდიოდნენ და ასე შემდეგ. ეს პროცესი დიდი თურქობის დროს გაძლიერდა, მოდიოდნენ და რჩებოდნენ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს რეგიონი, სადაც ქართველები, ალბანელები, ჩრდილო კავკასიელები სახლობდნენ, არ იყო დემარკირებული. ჰერეთი თავისთავად იყო საქართველოს სახელმწიფოს ორგანული ნაწილი ყოველთვის, ყველა დროს, მათ შორის, ვახტანგ გორგასლის პერიოდში. ამასობაში დასუსტდა ალბანური სახელმწიფო და ახლი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნეში უკვე აღარ არსებობდა. იმ პერიოდში აზერბაიჯანის სახელმწიფო საერთოდ არ იყო. თითქოს, აქ სადავო არაფერია, მაგრამ აზერბაიჯანულ მხარეს ეთნიკური ელემენტების მეზობლობა აძლევს საშუალებას, ჰქონდეს არგუმენტები და ის მარტივად ამბობს: რადგან მე ალბანეთის ტერიტორიის მემკვიდრე ვარ, მთელი მისი კულტურული მემკვიდრეობა ჩემია. თუმცა, ივანე ჯავახიშვილმა საფუძვლიანად შეისწავლა კარტოგრაფია და იქაც ჩანს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია არის ქართული სახელმწიფოს სამკვიდრო. მათ კი მარტივი მიდგომით უნდათ სათანადო ფონის შექმნა. იმ პერიოდში აზერბაიჯანი არ არსებობდა, საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა დროს სხვადასხვა გასაჭირი ჰქონდა, თუ ეს ტერიტორია ირანის დაქვემდებარებაში იყო, დაპირისპირება მიმდინარეობდა მაზდეანობასა და ქრისტიანობას შორის და ასეთ დროს ჰერეთის საერისთავო საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ერთეული იყო. ეს მხარე იმდენად ძლიერი და ქართული იყო, რომ ლანგ თემურმა, რომლის დროსაც თურქმანული ხალხების დიდი მოძალება იყო საქართველოზე, თავისი რვა ლაშქრობიდან ერთი მთლიანად ჰერეთს მიუძღვნა და კიდით კიდემდე მოსრა მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, განვითარებული სოფლის მეურნეობითა და კულტურით. ასე რომ, აქ აუცილებელია ასეთ სიღრმეში შესვლაც, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების განსახილველად ისტორიული საფანელის მიშველიება უსიერ ტყეში შესვლას ჰგავს, იმიტომ რომ ყველას თავისი არგუმენტი აქვს.
– მე ძალიან მაინტერესებს აზერბაიჯანის არგუმენტები, რომლებიც, მათი აზრით, ადასტურებს, რომ  დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ალბანური კულტურის ძეგლია. სიამოვნებით გავეცნობოდი. თქვენ თუ იცნობთ?
– მეც სიამოვნებით მოვუსმენდი მათ არგუმენტებს.
– მათი აზრით, რაკი ძეგლზე ქართული წარწერებია, ალბანელები ქართულად წერდნენ?
– ალბანელებს თავიანთი დამწერლობა ჰქონდათ.
– იმიტომაც ვიკითხე.
– საკმაოდ ცივილიზებული ქვეყანა იყო, დროდადრო ძლიერი რეგიონში. ამდენად, ამ არგუმენტებზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ და მივდივართ მთავარ თემამდე: მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემას აქვს ისტორიული, ფაქტობრივი მხარე, ის მაინც საერთაშორისო სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს, იმიტომ რომ არც აზერბაიჯანს, არც საქართველოს და არც სომხეთს, გაუგებრობების გარკვევის სხვა გზა არ აქვს. ყველა სხვა გზა არის დასუსტების, დანგრევის და მიდის ჩიხისკენ, რაც არც ერთი სამხრეთკავკასიური ერისთვის არ უნდა იყოს ხელსაყრელი. ამიტომ საჭიროა იმ ასპექტების გაცნობიერება – რატომ წარმოიშვა ასეთი პრობლემა და მივდივართ საბჭოთა ხელისუფლების პირველი წლებისკენ, როდესაც მსოფლიო პროლეტარიატის ბატონობის იდეით შეპყრობილი ადამიანები, მათ შორის, ეთნიკური ქართველები, არად დაგიდევდნენ ეროვნულ ინტერესებს და საზღვრებს, ქვეყნებს ყოფდნენ, ახალ ქვეყნებს ქმნიდნენ. 1922 წელს, სპეციალური დადგენილებით, ეს ტერიტორიები, საძოვრები, კულტურის ძეგლებიანად, რომელთა შორის აღმოჩნდა ბერთუბნის მონასტერი, გადაეცა აზერბაიჯანს. მოტივი ის იყო, რომ აზერბაიჯანელები მეჯოგე-მომთაბარე ხალხი იყო და საძოვრები აკლდათ. ეს პროცესი გაგრძელდა და რატომღაც მხოლოდ აზერბაიჯანისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები მიიღეს. თუმცა სერიოზულად იდგა ზაქათალის რეგიონისადმი საქართველოს პრეტენზია, ეს ტერიტორიები მაინც აზერბაიჯანს გადაეცა. როდესაც ეს საკითხი წყდებოდა, ფილიპე მახარაძეს, თორდიას და სხვებს არანაირი ჩაღრმავება არ უცდიათ.
скачать dle 11.3