კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

№11 როგორ გადაურჩა სიდედრის გამო სიკვდილს კობა ბარათელი და ვინ აჩუქა მას რვა მარტს რვა ნომერი ბიუსტჰალტერი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

„კომედი შოუს“ მსახიობმა, კობა ბარათელმა 8 მარტს დაბადებით, როგორც თავად ამბობს, ქალთა დღეს დედას საჩუქარი გაუკეთა, მამას კი შეღავათი მისცა.
კობა ბარათელი: გავჩნდი თუ არა, მაშინვე იუმორისტი ვიყავი, რადგან კაცი ვარ და ქალთა დღეს დავიბადე. მამაჩემი ეხუმრებოდა დედას: კობას სახით, რვა მარტს ისეთი საჩუქარი გაგიკეთე, მთელი ცხოვრება რომ ყვავილები არ მოგიტანო, მეპატიებაო. სხვათა შორის, რომ დავიბადე, ას კილომდე არ ვიყავი, 3 კილო და სამასი გრამი გავჩნდი. მუცელში ცხრა თვე დიეტაზე გახლდით, თუმცა, მერე ისე  ავიშვი და მოვიმატე, ყველა ზომა-წონას გადავაჭარბე.
ზოგადად, რვა მარტი ყვავილებთან, სუნამოსთან, ქალურ აქსესუარებთან ასოცირება. შენ რას გჩუქნიდნენ?
– სხვათა შორის, ერთხელ ჩემმა მეგობრებმა, თავის ჭკუაში, გამაშაყირეს და ბიუსტჰალტერი მაჩუქეს, თანაც, რვა ნომერი. იმათ ეგონათ, ვერ მოვიხმარდი, ჰოდა, კი არ ვიზარალე, ავდექი, გავყიდე და ფული ჯიბეში ჩავიდე.
– კი მაგრამ, რვა ნომერი ბიუსტჰალტერის გაყიდვა არ გაგიჭირდა? ამხელა მკერდიანი ქალი სად იპოვე?
– არიან ეგეთი ქალებიც და მათი მოძებნა არ გამჭირვებია (იცინის). ასე რომ, დაბადების დღის საჩუქრით კარგი ბიზნესი დავატრიალე.
მართალია, რომ მასწავლებელს რაღაცას დაჰპირდი, მერე „გადააგდე“ და აღარ შეუსრულე?
– მასწავლებელს ვეუბნებოდი,  რომ გავიზრდები, მშენებელი გამოვალ, სახლს აგიშენებ და ბინას პირველ სართულზე მოგცემ, კიბეზე სიარულით რომ არ დაიღალო-მეთქი. სამშენებლო კი დავამთავრე, მაგრამ მშენებელი ვერ გამოვედი. ისეთი ვარიანტია, ახლა რომ ამთავრებენ სამედიცინოს, ჩაიდებენ დიპლომს ჯიბეში, თეთრი ხალათები აცვიათ, მაგრამ ექიმები ვერ გამოდიან. ეგრე მეც ვიშოვი „კასკას“, დავიფარებ, მაგრამ სახლს ვერ ავაშენებ.
– ქუთაისელი ბავშვი აფხაზეთში როგორ მოხვდი?
– ერთი-ორი მარკშეიდერი ხომ უნდა ჰყავდეს ქვეყანას? ჰოდა, ერთი „ცისფერ მთებს“ ჰყავდა და მეორე მამა იყო. აფხაზეთში მაღაროში გაუშვეს სამუშაოდ. გარკვეული პერიოდი მეც იქ მომიწია ცხოვრება. ასე რომ, ჩემი სიყრმე აფხაზეთში გავატარე. ისეთი ლამაზი ბავშვი ვიყავი, მეზობლები ჩხუბობდნენ, არა მე უნდა გავზარდო, არა მეო. ის სილამაზე შევინარჩუნე და ჩემ გამო ახლაც ჩხუბობენ ქალები (იცინის).
– ის თუ გახსოვს, პირველად სიგარეტის მოწევის ფაქტზე რომ დაგიჭირეს მშობლებმა ან მანქანის მოპარვის გამო დაგსაჯეს?
– როგორ არ მახსოვს! ჩემმა ბიძაშვილმა მაჩვენა, როგორ მომეწია. მივედი სახლში, ტუალეტში მოვწიე და „ბიჩოკი“ იქ დამრჩა. მშობლებმა ნახეს და თავი ვიმართლე: კბილი მტკიოდა და იმიტომ მოვწიე-მეთქი. გავარდა მამა, გამოიტანა ბრტყელტუჩა, გამომეკიდა და მითხრა: აბა, დააღე პირი და მაჩვენე, რომელი კბილი გტკივა, უნდა ამოგიღოო. ბრტყელტუჩას დანახვაზე ახლაც ელეთმელეთი მემართება. ელექტრიკოსი მინდოდა გამოვსულიყავი და ბრტყელტუჩას გამო უარი ვთქვი, თორემ კი ვიქნებოდი ახლა ბოძზე შემხტარი (იცინის). ერთხელ მანქანა მოვპარე მამას და „გლუშიტელი“ ჩამომივარდა. ჩუმად შევაყენე გარაჟში, ვიფიქრე, ვერ მიხვდება-მეთქი. არადა, რას ვერ მიხვდებოდა, რომ დაქოქა მთელი ქუთაისი ფეხზე დადგა, ტრაქტორი გეგონებოდა (იცინის). თუმცა, დასჯას გადავურჩი.
– ჯარში თუ მოგიწია ყოფნა და როგორი ჯარისკაცი იყავი? არ გიჭირდა სირბილი, ვარჯიში, ნორმატივების ჩაბარება?
– რუსეთის, ოკუპანტების ჯარში მომიწია ყოფნა. იცით რა ვისწავლე იქ? „გრეჩიხის“ ბოლომდე ჭამა, მეტი არაფერი. მიჭირდა სირბილი და რუსმა გენერალმა მითხრა: არ გრცხვენია, ბიჭო, სოსისივით რომ  ჩამოეკიდები ძელს, არადა, ავღანეთში ქართველების იმედზე ვართო. შემრცხვა, წონის გამო რომ დამცინა და დავიწყე ვარჯიში, დავრბოდი დილაობით და იმ გენერლის წყალობით, 32 კილო დავიკელი (იცინის). ყველაზე დიდი 156 კილო ვიყავი, თუმცა, ამ წონის გამო არც სიარული მიჭირდა და არც სირბილი. იცით, როგორ ვხვდები, რომ დავიკელი? შარვლის ერთ ტოტში, ორივე ფეხი რომ ჩამივა, ესე იგი ფორმაში ვარ (იცინის). დიეტაზე დადგომის ხათრით, ხშირად, პატარა ზომის ტანსაცმელიც მიყიდია, მაგრამ მალევე გამიჩუქებია. ერთი პერიოდი დაკლებული ვიყავი და ძველი „სკეტჩები“ გადიოდა ტელევიზიით. ქუთაისში, უცნობმა ბიჭმა მომაძახა: უი, ცხოვრებაში რაფერი ლამაზი ყოფილაო. გამხდარი რომ ეთქვა, კიდევ ჰო. მართლია, კაცისთვის ლამაზის თქმა სახარბიელო კომპლიმენტი არ არის, მაგრამ შევიფერე (იცინის). 8 მარტს რომ დავიბადე, იმიტომ მეუბნებიან ლამაზი ხარო, თორემ 23 თებერვალს რომ ვიყო დაბადებული, მეტყოდნენ, სიმპათიური ხარო. ჰოდა, 8 მარტს რომ დავიბადე, იმიტომაც ვარ ლამაზი (იცინის).
– მართალია, ჯარში ფორმაში ჩადექი, მაგრამ იქიდან დაბრუნებულს შეყვარებული მართლა გათხოვილი დაგხვდა?
– დიახ, წონაში დავიკელი, ფორმაში ჩავდექი, მაგრამ ჯარიდან დაბრუნებულს, შეყვარებული გათხოვილი დამხვდა. შემომაპარეს ეს ამბავი, არ მჯეროდა, მაგრამ საკუთარი თვალით იმაზე დამრგვალებული რომ დავინახე, ვიდრე ჯარში წასვლამდე იყო, მერე კი დავიჯერე.
– გასუქებული დაგხვდა?
– არა, ორსულად იყო. კი შემაპარეს შეყვარებულის გათხოვება, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ ტყუილი იქნებოდა. ჩემს პირად ცხოვრებაში ეს პირველი იმედგაცრუება იყო.
– ამბობენ, სამინისტროში მუშობდა და გამოაგდესო, მართალია?
– დიახ, სამინისტროში ვმუშაობდი, თათბირიდან გამომაგდეს და გამომეღვიძა (იცინის). ალბათ, „ფეხებზე-მკიდია“ სამინისტრო იყო, თორემ სხვა სამინისტროდან მე ვინ გამომაგდებდა. ჰოდა, რომ გამომაგდეს, კი მოვხვდი „კომედი შოუში“ და ვარ ფაშასავით. ასე რომ, სამინისტროდან გამოგდებასა და ბრტყელტუჩას შიშს  კარგი ამბებიც ახლავს თან და ჩემს სასარგებლოდ მოქმედებს.
– ყველა „ჩაინიკათი“ გიცნობს. ეს ზედმეტსახელი სასმელს უკავშირდება?
– სტუდენტობის დროს, ჩემდა ჭირად, ჩაიდანზე ანეკდოტი მოვყევი და კურსელმა მითხრა: ისე, კი გავხარ „ჩაინიკსო“ და „ჩაინიკა“ შემერქვა. ხანდახან ჩემი ნამდვილი სახელი მეც არ მახსენდება. რაც შეეხება სასმელს, ჩაიდნით არა, მაგრამ ღვინო დენში ჩართული „მინუტკით“ კი დამილევია.
– რატომ ჩაიგდე თავი საფრთხეში, დენს რომ დაერტყა? თუ ნიძლავი წააგე?
– იმერეთში, ბიჭები ვსვამდით. დენი არ იყო და ატყდნენ, „მინუტკით“ დავლიოთო. ვკითხე: კაცო, დენი რომ მოვიდეს-მეთქი? მიპასუხეს: რა მოხდა, მერე, ამით სიდედრის სადღეგრძელოს ვსვამთ და თუ დენი მოვა, იმას დაბრალდებაო (იცინის). გავრისკე, დავლიე და მეც გადავრჩი და სიდედრიც (იცინის). სხვათა შორის, ბევრჯერ გავრცელდა ჭორი, „ჩაინიკა“ მოკვდაო და ახლახან, კინაღამ მართლა წავიღე წერილი. მაგრამ, სასახლე ძვირი ჯდება, შემეცოდა საკუთარი ჯიბე და სიკვდილი ვერ გავრისკე (იცინის). უფრო ავარიით მკლავდნენ და რომ გავიგებდი, ავარიაში მოვკვდი, საკუთარ თავს ვჩქმეტდი, ხომ ცოცხალი ვარ-მეთქი (იცინის). ისე მეცა თვალი, ფილტვების ანთება დამემართა, სიცხეები რომ მქონდა, არ მივაქციე ყურადღება და საჭესთან ისე ცუდად გავხდი, გადაყენება მოვასწარი, თორემ, ჭორებს გავამართლებდი.
скачать dle 11.3