კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როდის გარიყა ლედი მიქელაძე საზოგადოებამ და რის გამო გაბოროტდა ის

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

24 წლის ლედი მიქელაძე არასტანდარტული ფორმების მქონე, ქართველი მოდელია. მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სადაც ყვება, თუ როგორ იყო ბულინგის მსხვერპლი წლების განმავლობაში. მან ჩვენთან საუბრისას, ისიც კი აღნიშნა, რომ ბავშვობა არ ენატრება, რადგან კარგი მოგონებები არ აქვს შემორჩენილი. გარდა მოდელობისა, ლედი ძალიან კარგად მღერის. მისი დებიუტი, როგორც მომღერლის, პოლონეთში შედგა და HardRock-competition-ის გამარჯვებულიც გახდა. ის ასევე, პოლონური Idol-ის ყოფილი მონაწილეა. ლედიმ თავისი რთული წარსულის შესახებ გვიამბო.
ლედი მიქელაძე: ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, ცელქი გოგო ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი 9 წლამდე გრძელდებოდა. მერე მთელი ოჯახი ზუგდიდიდან თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და აქ დაიწყო ყველაფერი. სკოლაში, სადაც შემიყვანეს უამრავ შეურაცხყოფას, დამცირებას და სიძულვილს ვგრძნობდი. როგორც მასწავლებლებისგან, ასევე სკოლის მოსწავლეებისგანაც. ეს იყო ადგილი, სადაც ჩემზე ყველანაირ ზეწოლას ახდენდნენ. ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა იმის გამო, რომ განტოლება ვერ გავიგე, მათემატიკის მასწავლებელმა თავი კედელზე მიმარტყმევინა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მომაყენა, თითქოს დებილი ვიყავი და ვერაფერს ვიგებდი. ეს ჩემთვის დიდი ტრავმა იყო და ყოველთვის დისკომფორტს მიქმნიდა – მათემატიკის გაკვეთილზე შესვლა აღარ მინდოდა. მეგონა, მართლა არაფერი შემეძლო. გარდა ამისა, პრობლემა იყო ჩემი ჭარბი წონა, სახელი, მეგრული კილო და ასე შემდეგ. ათას რამეს მეძახდნენ: სპილოს, ბაყაყს, „ბოჩკას“, მახინჯ ღორს... მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ფიზიკურობის გამო, არავის შევუყვარდებოდი და არც არავინ მემეგობრებოდა. გამრიყეს და პიროვნულად გამანადგურეს. ყველაფერ საზიზღრობას მაბრალებდნენ, რომ დავსჯილიყავი, რადგან „დაბალი ღობე“ მნახეს, სოფლიდან „ჩამოთრეული“. მალევე გამოვიცვალე სკოლა, გადავედი იქ, სადაც ჩემი ოჯახის ახლობელი მუშაობდა, იმის იმედით, რომ ეს ადამიანი ამარიდებდა ყველა ტკივილს, დარდს და ღამე თავის მოკვლაზე ფიქრს, მაგრამ ამაოდ -  სიძულვილი და ბოროტება უფრო მეტად გაიზარდა.
– არავის ეუბნებოდი ამის შესახებ?
– მყავდა მეგობრები, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი და არ მიყურებდნენ ცუდად, მაგრამ მათი მხარდაჭერა არ იყო საკმარისი. დილით სახლიდან გავდიოდი და სარკეში არ ვიხედებოდი. მეგონა, ადამიანი, რომელსაც სარკეში დავინახავდი, ყველანაირად ცუდი იყო. კლასში ყველა ჩემკენ იშვერდა თითს. ერთხელ მახსოვს, ახალი მოსწავლე გადმოვიდა, რომელიც ძალიან მგავდა. ისიც დიდი, ხუჭუჭა და ქერათმიანი იყო. კლასში რომ შევედი მასწავლებელმაც და მოსწავლეებმაც ირონიულად შემომხედეს. ალბათ, ადამიანები, მსგავს მომენტში ვერ იაზრებენ, რას აკეთებენ.
– ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ?
– ოჯახში, ალბათ, ერთ პროცენტს ვყვებოდი. თქმის მრცხვენოდა და მეგონა, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.  სკოლის მასწავლებლებთან მქონდა საუბარი და მეუბნებოდნენ, რომ ეს არაფერი იყო და ცუდად არ უნდა მიმეღო. აქედან გამომდინარე, მცდარი შეხედულება ჩამომიყალიბდა – ვფიქრობდი, ასე უნდა იყოს, რადგან ისინი ჩემზე უკეთესები არიან-მეთქი. მერე გამიჩნდა წონის კომპლექსი. იყო ეტაპი, როცა მქონდა აგრესია და მინდოდა, პასუხიც ყველასთვის აგრესიით გამეცა. საბედნიეროდ, მივხვდი, რომ ამით კარგს არაფერს გავაკეთებდი. ოჯახის წევრებთანაც გამიფუჭდა ურთიერთობა და ფაქტობრივად, ჩემს დარდს ვერავის ვუზიარებდი. შემიძლია, ვთქვა, გავბოროტდი კიდეც, ვგრძნობდი, როგორ კვდებოდა ჩემში ის პატარა, კეთილი და საყვარელი ლედი, მაგრამ არ ვიცოდი, თავის გადასარჩენად რა მექნა, არც ის ვიცოდი, მინდოდა თუ არა გადარჩენა.
– როგორც სტატუსში აღნიშნავ, ამ ყველაფერს ცალმხრივი სიყვარულის ისტორიებიც ემატებოდა.
– დიახ. ახლა რომ ვიხსენებ, სულ ცალმხრივი სიყვარული მტანჯავდა. ვინც მიყვარდა, ისინი და მათი მეგობრები დამცინოდნენ და აბუჩად მიგდებდნენ. იცით, რამდენჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე? მაგრამ არასდროს მყოფნიდა გამბედაობა. გადიოდა დღეები, თვეები, წლები მაგრამ არასდროს არაფერი იცვლებოდა. უფრო და უფრო მტკიოდა გული. თან, ვხვდებოდი, ჩემი სიკვდილით ეს პრობლემა მაინც არ მოგვარდებოდა. საბოლოოდ ისე ვიქცეოდი, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. ვისწავლე ჩემი გრძნობების დამალვა და მეშინოდა, ვინმეს გაეგო – მეგონა, მე ვიყავი ცუდი.
– როდის დააღწიე ამ ყველაფერს თავი და გადაწყვიტე, რომ შენი ცხოვრება უნდა შეცვლილიყო?
– მაშინ, როცა საქართველო დავტოვე და სასწავლებლად პოლონეთში წავედი. როგორც კი აქაურობას მოვშორდი, სხვა ცხოვრება დაიწყო. იქაც  არ იყო მარტივი და  გამიჭირდა კიდეც – ენაც არ ვიცოდი სრულყოფილად. პირველი წელი გადავაგორე და მერე ვიგრძენი ადამიანობა, გვერდში დგომა, ყურადღება, დაფასება, სიყვარული. ურთიერთობები ღირებული გახდა და მატერიალურ კეთილდღეობაზე არ იყო დამოკიდებული. 2014 წლიდან ჩავიბეჭდე თავში, რომ მე არ ვიყავი ვინმეზე ნაკლები და რატომ უნდა დავეჩაგრე ვინმეს?! რატომ უნდა მქონოდა კომპლექსები?! დავიწყე საკუთარი თავის შესწავლა, ჩამოვყალიბდი ადამიანად, რომელსაც აქვს მიზნები, ამბიციები და ოცნებები. უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას, რას იტყვიან ან რას ფიქრობენ ჩემზე.
– რატომ გამოაქვეყნე ეს წერილი?
– ამ ყველაფერს წინაპირობა ჰქონდა.  რაც მაწუხებდა, ის დავწერე. ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ბულინგის მსხვერპლი მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით ვიყავი. იმ დღესაც მომივიდა მსგავსი შინაარსის შეტყობინება. ერთი ადამიანი მწერდა, რომ ფოტოები იმიტომ მედო, ვიღაცისთვის რაღაც დამემტკიცებინა,  პლასტიკური ქირურგიის ჩარევით გამოვიყურებოდი კარგად და ასე შემდეგ. მომბეზრდა ეს ყველაფერი და ახლა მზად ვარ ჩემს თავზე ვილაპარაკო, რაც მტკივა, ის ვთქვა. უკვე 24 წლის ვარ და ამ თემაზე საუბრის არ მეშინია. ალბათ, ეს ყველაფერი საკუთარ საქციელზე ბევრ ადამიანს დააფიქრებს.
– როგორ გახდი მოდელი?
– ქართული სამოდელო სფეროს კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ეს ცოტა რთული იყო.  ერთ-ერთი უცხოელი ფოტომოდელის სურათები ვნახე, რომელსაც სრულყოფილი ფორმები ჰქონდა. ვიფიქრე, რატომაც არა, მოდი, მეც ვცდი. ჩავიხედე სარკეში და წარმოვიდგინე ჩემი თავი. ბევრმა სააგენტომ არ მიმიღო, ბევრმა ფოტოგრაფმაც უარი მითხრა და უკვე გული მქონდა აცრუებული. მეუბნებოდნენ, რომ აქ საქართველოა და ბაზარზე სტანდარტული მოდელები გადის, სხვები არ „იყიდება“. ლიკა ყაზბეგი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყველანაირად გვერდში დამიდგა. დამაჯერა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა. ოჯახიც ძალიან დამეხმარა,  ალბათ, მათ ვერასდროს გადავუხდი სიკეთეს. უკვე მქონდა რამდენიმე შემოთავაზება. იმედი მაქვს, ისე იქნება ყველაფერი, როგორც მე მინდა.
– როგორ შეცვალე საკუთარი თავი?
– ვარშავაში ჩემ მიმართ ყოველთვის ყურადღებას გამოხატავდნენ – უნივერსიტეტში, ქუჩაში, ნაცნობები, თუ უცნობები. ამან მომცა სტიმული, რომ მაკიაჟი გამეკეთებინა და სპორტდარბაზში მივსულიყავი. შედეგიც მალევე მქონდა. თან, სულ სტილის ძიებაში ვიყავი და მგონი, ვიპოვე კიდეც. ახლა მეგობრები White Nigger-ს მეძახიან ჩემი ფორმებისა და ცეკვის გამო. ყველაზე მთავარი ისაა, რომ შინაგანად შევიცვალე – ვერავინ მომაყენებს შეურაცხყოფას, ძლიერი ხასიათი მაქვს და ადამიანებს უკვე მარტივად ვიმეტებ დასაკარგად.
скачать dle 11.3