კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როგორ მოხვდა ვაჟა ხაჩიურის მიერ საკერავი მანქანისგან შექმნილი ხელოვნების ნიმუში ალიევის მინისტრთა კაბინეტში

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სტიმპანკი სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრია, რომელიც მეცხრამეტი საუკუნის ინდუსტრიული ორთქლის მანქანების შთაგონებით მოიცავს ტექნოლოგიასა და გამოყენებით-ხელოვნებას. საქართველოშიც არიან ამ მიმართულების მიმდევრები და ადამიანის ნიჭიერებას საზღვარი რომ არ აქვს, ამის კიდევ ერთი მაგალითი ვაჟა ხაჩიურია. პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსი, ლითონის დეტალებისგან და სხვადასხვა გამოუსადეგარი ნივთებისგან, შთამბეჭდავ სტიმპანკურ ნამუშევრებს ქმნის. ძირითად მასალად კი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, საკერავ მანქანას იყენებს. მის შემოქმედებას, თავისუფლად შეგვიძლია, ვუწოდოთ ხელოვნების ნიმუში, რომლის ნახვის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის ეპოქაში აღმოჩნდებით. როგორ იქმნება ოცდამეერთე საუკუნეში მეცხრამეტე საუკუნის კლასიკა საკერავი მანქანის მეშვეობით, ამაზე თავად ბატონი ვაჟა მოგიყვებათ.
– როდის და რატომ დაიწყეთ ეს საქმიანობა?
– ამ ნივთების გაკეთება ხუთი წლის წინ დავიწყე. მიმართულებას სტიმპანკი ჰქვია და გულისხმობს მეორადი ნივთებისგან ახლის შექმნას. თავიდან სულ სხვა რაღაცებს ვაკეთებდი – უფრო მინიატურულს და განსხვავებული შინაარსისას. ჩემი პირველი ნამუშევარი გლობუსი იყო. სახლში მქონდა ძველი საკერავი მანქანა, რომლის ფეხებზეც მაგიდა გავაკეთე. თავად საკერავ მანქანაში კი სულ სხვა დეტალები დავინახე და გადავწყვიტე, რაღაც ნივთების შექმნა დამეწყო, მაგალითად, მანქანის. დროთა განმავლობაში ჩემი მიმართულება უფრო მრავალფეროვანი გახდა და გავაკეთე ორთქლმავალი, ზარბაზანი, ეტლი და ასე შემდეგ.
– ძირითადად რა მასალას იყენებთ?
– ფერად ლითონებს, ტყავს და სხვადასხვა მეტალს. მაქსიმალურად ვცდილობ, საკერავი მანქანის დეტალები გამოვიყენო. სად რა შეიძლება ამოვჭრა, ჩავსვა და ასე შემდეგ. ჩემი ნამუშევრები, ძირითადად, სულ საკერავი მანქანისგან შედგება. შიდა სალონსაც თავადვე ვკერავ, რომლისთვისაც ტყავს ვიყენებ. ბოლოს ვღებავ.
– რა დრო სჭირდება ერთი ნამუშევრის შექმნას?
– დრო ნამდვილად სჭირდება. ჯერ ნახაზი უნდა გაკეთდეს და შემდეგ აიწყოს. მთავარი ნაწილი ბორბლებია, რომლებსაც უნდა შევუთავსო გარე კარკასი, პარამეტრებში რომ ჩაჯდეს. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მაშინ ვმუშაობ. ერთ ნამუშევარს დაახლოებით 3-4 თვე სჭირდება.
– რატომ საკერავი მანქანა და არა სხვა ნივთი?
– მას ისეთი დეტალები და მოყვანილობა აქვს, რომ ბევრი რამის შექმნა შეიძლება. ახლა ვაკეთებ ცხენს. წარმოუდგენელია ცხენის გაკეთება საკერავი მანქანისგან. სულ მაინტერესებდა, გამომივიდოდა თუ არა და, გამოდის.
– რთულია მუშაობის პროცესი?
– ძირითადად ლითონთან მაქვს შეხება და შეცდომა არ უნდა დავუშვა. ერთი პატარა რაღაც რომ შეგეშალოს, ის მასალა უნდა გადააგდო, ვეღარ გამოიყენებ. შიდა დეტალებიც ძალიან მინიატურულია და შესაბამისად, რთული სამუშაოა. შეღებვის დროსაც განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს. მქონდა შემთხვევა, როცა თითქმის დასრულებული მანქანა შეღებვის დროს გამიფუჭდა – საღებავი გადამესხა, რომლის გაცლაც შეუძლებლია. შეიძლება, დეტალი გავაკეთო და აღარ მომეწონოს. ამიტომ ვშლი და თავიდან ვაწყობ. ამას ნერვები სჭირდება. თუ ეს საქმე არ გიყვარს, ვერ გააკეთებ. შეიძლება, ერთ დეტალს ერთი დღე მოვუნდე. შესაძლებელია ყველა ნამუშევრის დაშლა და თავიდან აწყობა, ისე, როგორც მანქანის. თითოეულ მათგანში მუსიკალური მექანიზმია, რაც სავიზიტო ბარათივით მაქვს.
– საკერავ მანქანებს ყიდულობთ?
– დიახ, ხან მეორადებში ვნახულობ, ხან ნავთლუღის ბაზრობებზე, ჯართებში და ასე შემდეგ. ჩემი ბლოგი მაქვს და იქ რომ ნახეს, რისგან ვამზადებდი გაგიჟდნენ. არ გეცოდებათ საკერავი მანქანები, რომ ჭრითო. საცოდაობა ისაა, ჯართში რომ აბარებენ და ადნობენ. მე მათ მეორე სიცოცხლეს ვძენ.
– ხელოვნებასთან შეხება გაქვთ?
– არა, ხელოვნებასთან არასოდეს მქონია შეხება, თუმცა ბავშვობიდან რაღაც მინიატურული საგნების დამზადებისკენ მქონდა მიდრეკილება. არც წინაპარი მყავდა ხელოვანი. ხატვითაც არ დამიხატავს. უფრო ტექნიკურ მხარე მაინტერესებდა. ჩემი ხელით რაღაცას რომ ვაკეთებ, მიხარია. შეიძლება, მაღალ დონეზე არ იყოს, მაგრამ ჩემი გაკეთებული რომ არის, კმაყოფილების გრძნობა მეუფლება. ორთქლმავალი ისე გავაკეთე, ნანახი არც მქონდა. შემიკვეთეს და უნდა გამეკეთებინა. კომპიუტერში ჩავუჯექი და ვიზუალურად ვისწავლე, სად რა იყო.
– ხშირად გაქვთ შეკვეთები? დამკვეთები ვინ არიან?
– ჯერ სულ ორი შეკვეთა მქონდა – ორივემ ორთქლმავალი წაიღო. ახლობელი მოვიდა და მთხოვა, რომ გამეკეთებინა. საჯაროდ გასაყიდად ჯერ არ გამომიტანია. არის ხოლმე მომენტები, როცა გაბრაზებული, გაღიზიანებული ხარ. სახლში რომ მოვდივარ და ჩემს ნამუშევრებს ვუყურებ ვწყნარდები (იცინის). 4-5 თვე რომ ეფერები, თითოეულ წვრილმან დეტალს თავადვე ქმნი, წმენდ, ასუფთავებ, მის მიმართ სხვანაირი გრძნობა გეუფლება. პირველი ორთქლმავალი აზერბაიჯანის რკინიგზის მინისტრისთვის დამამზადებინეს – საჩუქრად წაუღეს. აზერბაიჯანში რომ ნახეს, მოეწონათ. როგორც ვიცი, ალიევის მინისტრთა კაბინეტში დევს. მერე მომცეს შეკვეთა თურქეთის რკინიგზისა და კავშირგაბმულობის სამინისტროსთვის.
– რა ღირს თქვენი ნამუშევრები?
– პირველი ნამუშევარი 3 000 დოლარად გავყიდე. ორი ორთქლმავალი რომ გავყიდე, ვერ მოვითმინე და მესამე ჩემთვის გავაკეთე. ოღონდ არც ერთი არ ჰგავს ერთმანეთს, ყველა განსხვავებულია.
– ოჯახის წევრები როგორ უყურებდნენ ამ წამოწყებას?
– თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ. რას აკეთებ, თამაშობო... მსგავს რაღაცებს მეუბნებოდნენ (იცინის). მერე სხვების შეფასებები რომ მოისმინეს, უფრო სერიოზულად შეხედეს. როცა დავასრულებ ნამუშევარს, პირველად ოჯახის წევრებს ვაჩვენებ ხოლმე.
– რას ამბობენ მნახველები?
– ვინც ნახულობს, თითქმის ყველა მეკითხება: ეს შენ გააკეთე? 50 წლის ასაკში რომ დაიწყებ ასეთ რამეს, სხვისთვის უფრო ძნელი აღსაქმელია. თუმცა, შეიძლება, ასაკის ბრალიც არის, ამ სფეროს რომ დავუკავშირდი. ამ ასაკში უფრო უნდება ადამიანს მსგავსი რაღაცების კეთება. ეს არის კლასიკა, განა არ შემიძლია თანამედროვე მანქანების დამზადება, მაგრამ არ მინდა.
– გამოფენის გაკეთებას თუ გეგმავთ?
– აუცილებლად. გაზაფხულზე გავაკეთებთ გამოფენას. უცხოეთიდანაც მაქვს გამოხმაურებები. ჩემს ბლოგზე ვათავსებ ნივთებს და ყველას მოსწონს. ზოგმა არც იცის საქართველო სადაა, მაგრამ დაინტერესება იგრძნობა. ამბობენ, რომ მსგავსს არავინ აკეთებს. საკერავი მანქანისგან, ძირითადად, ურემს ამზადებენ, ოთხი ბორბალი ხომ აქვს და მარტივია.
– გარდა ამისა, კიდევ რას საქმიანობთ?
– ისეთი სამსახური მაქვს, რომ სულ დაკავებული ვარ. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ რაღაც მეკეთებინა, მაგრამ ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს. უკვე 25 წელია, კომპანია „სარაჯიშვილში“ ვმუშაობ – ინჟინერ-ენერგეტიკოსი ვარ. რასაც ვქმნი, ის თავად მანიჭებს სიამოვნებას. სხვას რომ უხარია ჩემი ნაკეთობის დანახვა და კარგად აფასებს, მეც მეტი სტიმული მეძლევა.
скачать dle 11.3