კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№10 როგორ აღმოჩნდა მოტაცებული ციაკო ფიფია პოლიციაში და რის გამოა ქმარი მისთვის პოტენციური მტერი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე


„კომედი შოუს“ მსახიობი, 26 წლის ციაკო ფიფია, სკეტჩებში ხან „სვეცკი“ რძალია და ხანაც – დედისგან დაჩაგრული შვილი. მართალია, მიაჩნია, რომ ცხოვრებაში გაუმართლა, მაგრამ, იყო რთული პერიოდებიც, რომლის გადალახვაც გაუჭირდა.
ციაკო ფიფია: ცოცხალი, ენერგიული ბავშვი ვიყავი. ვცდილობდი, ყველგან პირველი ვყოფილიყავი, თუმცა სხვების დაჩაგვრა არ მიყვარდა. არ გავზრდილვარ ფუფუნებაში, მაგრამ რაც მინდოდა, ყველაფერი მქონდა. ყველა გოგო ოცნებობს პრინცესობაზე, მე კი ამაზე არასდროს მიოცნებია. უფრო, კეკლუცა ქალა-ბიჭა ვიყავი, ბიჭებთან ვმეგობრობდი და მათთან ერთად ვთამაშობდი ბურთით.
– თქვი, პრინცესობაზე არასდროს ვოცნებობდიო. რამდენად, გაგიმართლა ცხოვრებაში და რამდენად იღბლიანი გოგო აღმოჩნდი?
– სულ ვამბობ, იღბალი ყოველთვის ჩემს მხარესაა, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმის მეშინია, არ გავითვალო-მეთქი. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, როგორც მინდოდა. ჩემით მივაღწიე ყველაფერს. შიგნიდან მაწვება ძალა და არ არსებობს საქმე, რომელსაც ხელი მოვკიდე და არ გამომივიდა. ამაში, მიზანდასახულობაც მეხმარება და ალბათ, იღბალიც. ერთადერთი, რაშიც არ გამიმართლა, ეს იყო დედასთან ათწლიანი განშორება. 16 წლის ვიყავი, ამერიკაში, ემიგრაციაში რომ წავიდა და მასთან ჩახუტება მთელი ათი წელი მენატრებოდა. დედასთან განშორება სწორედ იმ დროს მომიწია, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მე და ჩემმა და-ძმამ საკმაოდ რთული პერიოდები გამოვიარეთ, არავის ვუსურვებ იგივეს. ათი წელი რომ არ გყავს დედა ნანახი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ძნელია. მეც დედა ვარ, წლინახევრის ბიჭი მყავს და ამაზე რომ ვფიქრობ, ცუდად ვხდები. მართალია, დედამთილი, ჩემი სანდროს მეორე დედაა, რადგან მასთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე ჩემთან, მაგრამ მისგან შორს ყოფნა ვერ წარმომიდგენია. უბრალოდ, ისეთი სამუშაო გრაფიკი მაქვს, გადარბენა-გადმორბენა, დედამთილი რომ არა, ვერაფერს შევძლებდი.
– შენს ასეთ გადარბენა-გადმორბენებს ქმარი როგორ იტანს?
– გოგა ფეხბურთელია, თან, დიჯეი გასართობ ცენტრში და ივენთებზე უკრავს. ასე რომ, მასაც ისეთივე გიჟური გრაფიკი აქვს, როგორიც მე და არ უკვირს ჩემი ასეთი გადარბენები. ვხუმრობ ხოლმე, ფეხბურთელი ქმარი ჩემს ჭკუაზე გადმოვიყვანე-მეთქი (იცინის).
– გოგა იმერელია. ამ კუთხის კაცები, ზოგადად, მშვიდები და წყნარები არიან და მეგრელ ქალს როგორ გიტანს?
– არც ისეთი წყნარია, როგორც გგონიათ (იცინის). როცა გოგა  გავიცანი, პირველივე წამიდან მივხვდი, რომ ბევრ რამეში მგავდა. ჩემსავით ბავშვურია. ის ჩემთვის მთავარი დასაყრდენი მამაკაცია. სხვათა შორის, მეგრელობა ყველა საკითხში შეიძლება მეტყობოდეს, მაგრამ ქმართან ძალიან სუსტი და ბუნჩულა ვარ (იცინის). ზოგადად, მოთმინების უნარი არ გამაჩნია და რომ „ვფეთქდები“, ნამდვილი მეგრელი ქალი ვარ (იცინის). რაღაც თუ არ მომწონს, სახეზე მაწერია. კაპასი არ ვარ, თუმცა, თუ ძალიან გავბრაზდი, სახის „დაკერვით“ მაქსიმალურად ვითმენ და ეს იმის ნიშანია, რომ მალე ავფეთქდები (იცინის). აფეთქებული ციაკო კი ძალიან სასაცილოა – ვქოთქოთებ, ვქოთქოთებ და  გოგა რომ მეტყვის, მიყვარხარო, ვცხრები. ანუ, „ლაითი აფეთქებები“ მახასიათებს და საშიში არ ვხდები.
– მართალია, რომ წლების წინ, შენი სიყვარულის გამო, ერთი ბიჭი პოლიციაში მოხვდა? შეყვარებული ბიჭი რატომ დააჭერინე?
– კი, მართალია, მაგრამ ეს ძალიან ადრე მოხდა (იცინის). ერთ ბიჭს ვუყვარდი და 16 წლის ასაკში მომიტაცა. მანამდე ვიცნობდი და ბავშვური სიყვარული გვქონდა, მოგვწონდა ერთმანეთი, თუმცა გათხოვება არ მინდოდა, სხვა მიზნები მქონდა. თან, სკოლის მოსწავლეს რატომ უნდა შემექმნა ოჯახი? მოკლედ, ბულაჩაურში წამიყვანა და ბიძამ პოლიცია ჩართო საქმეში. მოტაცებიდან სამი საათის მერე, პოლიციაში მიგვიყვანეს. თუმცა, არ დაუჭერიათ. მას მერე ის ბიჭი აღარც მინახავს. დიდი შიში გადავიტანე და ამ ფაქტმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პირად ცხოვრებაზე. ამის მერე, მამაკაცების მიმართ ნდობაც დავკარგე, არ მქონდა სურვილი, ვინმესთან მეკონტაქტა. თუმცა, გამიმართლა და დღეს არაჩვეულებრივი მეორე ნახევარი მყავს.
– „კომედი შოუს“ სკეტჩებში, თათია სულუაშვილის სახით, საკმაოდ მკაცრი დედა გყავს. როცა თავში გირტყამს, ამაზე შენს ქმარს რა რეაქცია აქვს?
– თათია, ძალიან საყვარელი, ტკბილი და თბილი გოგოა, თუმცა, ისეთი მწარე ხელი აქვს და თავში რომ მირტყამს, თან მტკივა და თან ვიცინი (იცინის). ჩემი ქმარი რომ ჩემი ცემის კადრებს უყურებს, ეცინება.
– როცა სოციალურ ქსელში ფოტოებს დებ და უცხო მამაკაცები გიკომენტარებენ, ამაზე არ ეჭვიანობს?
– როცა ქმართან ერთად მედო ფოტო და აკომენტარებდნენ, რა ლამაზი ხარო, ამას ვერ იგებდა. ეჭვიანობა არა, უფრო ბრაზდებოდა. თუმცა, ახლა აღარ აქცევს ყურადღებას. არ დამავიწყდება, ადრე მყავდა სასაცილო თაყვანისმცემელი. ბოთლში ჩადებდა ასაფეთქებელს, დადებდა კართან, დააკაკუნებდა და გაიქცეოდა. მივიდოდი, გავაღებდი კარს და ვფეთქდებოდი (იცინის). კვირაში ათჯერ გვაფეთქებდა, სანამ მამა არ დაედევნა ჩუსტებით.
– ყველას უყვარს შენი პერსონაჟი „სვეცკი რძალი“, რომელიც სოფელში გათხოვდა და საკმაოდ მომთხოვნია. რეალურ ცხოვრებაში, როგორი რძალი ხარ?
– სულ ვამბობ, რომ შემყვარებოდა, სოფელში გავთხოვდებოდი და საცხოვრებლადაც წავიდოდი, თუმცა „სვეცკი რძალი“ არ ვიქნებოდი. ხომ იცით, სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო და მეც მეყოლებოდა ქათამი, ძროხა, ღორი და კვატი (იცინის). ზოგადად, როცა გავთხოვდი და ამ ოჯახში შემოვედი, არ მეგონა, ასეთი დედამთილ-მამათილები თუ არსებობდნენ. 18 წლამდე კვერცხიც კი არ შემიწვავს, ბებია დამფოფინებდა თავზე, თუმცა, მიყვარს გემრიელად ჭამა. როცა უცხო ოჯახში შემოვედი, მართლა შვილივით მიმიღეს. ასე რომ, მომთხოვნი და მკაცრი რძალი ნამდვილად ვერ ვიქნები.
– მერე, გემრიელად ჭამა წონაზე რომ აისახება?
– გეთანხმებით, აისახება და დავიტანჯე.  წონის პრობლემა სულ მაწუხებს, თუმცა, მალევე ვიკლებ. დიეტაზე არასდროს ვარ. სწორი კვება, წყლის სმა და მოძრაობა მშველის, შევინარჩუნო სასურველი წონა. ჩემი ქმარი მეუბნება, არ გინდა დაკლება, კარგ ფორმაში ხარო და მგონი, ჩემი პოტენციური მტერია (იცინის).
– ქუჩაში თუ გცნობენ და რა რეაქციები აქვთ?
– ქუჩაში, ხშირად მაჩერებენ უცნობი ადამიანები და სკეტჩებიდან გამომდინარე, „სვეცკურად“ მესაუბრებიან (იცინის). ადრე მერიდებოდა, მაგრამ ახლა იმხელა სითბოს მაგრძნობინებენ, მიხარია. მე ხალხის სიყვარულით „ვიტენები“. ამას ვგრძნობ. „კომედი შოუს“ პარალელურად, გასართობ ცენტრშიც ვმუშაობ. ერთი „ქოთქოთა“ ქალი მომიახლოვდა, მომკიდა ხელი, შემომაბზრიალა, დამაკვირდა და მეუბნება: დედა, ახლა არ მითხრა, გოგო, რომ შენ ის ასაკოვანი, აფუმფუმებული ქალი ხარ, „კომედი შოუში“ რომ გამოდიხარ, ისე, მთლათ ბავშვი ყოფილხარო. ყველა მეუბნება, ეკრანზე ფუშფუშა ჩანხარო. არადა, ისე გამხდარი ვარ. თან, ქუსლიანი ფეხსაცმლის და კლასიკურად ჩაცმა მიწევს და ეს ჩემთვის ყველაზე ძნელი ასატანია. ვერ ვიტან ქუსლებზე ყირაობა-ყანყალობას, სულ მგონია, წავიქცევი. არ დამავიწყდება, ჩემი დაქალის ქორწილში ცეკვის დროს გადმოვყირავდი ქუსლებიდან (იცინის). ქუსლი დავადგი კაბას, ავიხლართე, წავიქეცი და სახით დავეცი. რომ ავწიე თავი, ყველა მე მიყურებდა და ისეთი სისწრაფით წამოვხტი, ვითომც არაფერი. სირცხვილიც ვჭამე და კარგა ხანი დასიებული ხელითაც დავდიოდი. ზოგადად, როცა უხერხულ სიტუაციაში ვხვდები, იუმორში გადამაქვს და ასე განვმუხტავ ხოლმე.
скачать dle 11.3