კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№9 რატომ ცდილობდა გიორგი ბარბაქაძის გამო „მის უკრაინის“ ყოფილი ქმარი დედისთვის შვილის წართმევას და რის გამო თქვა გიორგიმ სიყვარულზე უარი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

თანამედროვე ცეკვების მოცეკვავესა და ქორეოგრაფს, გიორგი ბარბაქაძეს საზოგადოება ტელეშოუებიდან იცნობს. ის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი სეზონის გამარჯვებულია. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მან ცეკვა 17 წლის ასაკში დაიწყო. უფრო მეტიც, გიორგიმ სპორტი მიატოვა და ხელოვნებას მიჰყო ხელი.  უფრო დაწვრილებით მის კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ინტერვიუდან შეიტყობთ (გარეკანზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის Vazhak-ს).
– გიორგი, რატომ გადაწყვიტე სპორტი ცეკვით ჩაგენაცვლებინა?
– ბავშვობაში სპორტის მიმდევარი ვიყავი. თავიდან მძლეოსნობის ახალგაზრდულ ნაკრებში ვვარჯიშობდი – 9 წელი დავრბოდი. ასევე, ვჭიდაობდი – ჩემი ძმის სურვილით. თავად საქართველოს ჩემპიონი იყო და უნდოდა, გვერდით პატარა ძმა ჰყოლოდა. მთელი ჩემი ბავშვობა სპორტს უკავშირდება. ცეკვაზე არასოდეს მიფიქრია, უფრო მეტიც, კომპლექსები მქონდა – არ ვიცოდი, როგორ უნდა მეცეკვა, შესაბამისად, არც ამ სფეროთი ვინტერესდებოდი. 17 წლის ასაკში სრულიად მოულოდნელად დავიწყე ცეკვა და ეს არ ყოფილა მშობლების ინტერესი. მშობლების უმეტესობას გოგო დაჰყავს მუსიკასა და ცეკვაზე, ხოლო ბიჭი –სპორტულ აქტივობებზე. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, თუმცა დედას სურდა, ქართული ცეკვა მესწავლა, ამიტომ 5 წლისა წრეზე შემიყვანა. მამა უფრო სპორტისკენ მიბიძგებდა. მომიპარავდა ცეკვის გაკვეთილებიდან და მაყურებინებდა ფილმებს კარატესა და სპორტის სხვადასხვა სახეობებზე (იცინის). გამოვიდა ისე, რომ მამამ თავისი გაიტანა. სკოლაში ფიზკულტურის წრე იყო, სადაც ჩემი ტრენერი ნუგზარ კალანდაძე გახლდათ. მძლეოსნობის მიმართულებით მან აღმზარდა. საქართველოს მასშტაბით მქონდა წარმატებები, თუმცა, სპორტული კარიერა ვერ განვითარდა. ძალიან რთულ პერიოდში ვიზრდებოდით. უცხოეთში რომ წასულიყავი, ფინანსები იყო საჭირო.  თან, ჯერ ჩემი ძმა იდგა და მერე მე, რადგან მას უკვე საქართველოს ჩემპიონობა ჰქონდა მოპოვებული, მე მხოლოდ პრიზიორი ვიყავი. მახსოვს, დიპლომებს ვაგროვებდით ხოლმე (იცინის).
– ცეკვის მიმართ ინტერესი როდის გაგიჩნდა?
– ცეკვა იმის გამო არ დამიწყია, რომ მაინტერესებდა. უნივერსიტეტში ერთ-ერთმა მეგობარმა გოგონამ მითხრა, თუ თავისუფალი დრო მქონდა, მასთან ერთად წავსულიყავი მოყვარულებში. მეც დავთანხმდი. ჩვენი ქორეოგრაფი, თემურ მეტრეველი ევროპაში, მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიოდა, ბიჭი მოცეკვავე სჭირდებოდათ და მე ამარჩიეს. სამწუხაროდ, ბიჭების დეფიციტი თანამედროვე ცეკვებში დღემდეა. თუ მოცემულ პერიოდში კონკრეტულ კომპოზიციას ვისწავლიდი, აუცილებლად წამიყვანდა და ცეკვაში ჩამაყენებდა. ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი და ერთ თვეში სასურველ შედეგს მივაღწიე. ასეთი მონდომების მიზეზი კი ჩემი და იყო, რომელიც ხუთი წელი არ მყავდა ნანახი – გერმანიაში ცხოვრობდა. თუ ევროპაში წავიდოდი, ვიცოდი, აუცილებლად ვნახავდი. როცა ჩავედი და ამდენი ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი ვნახე, მივხვდი, რომ ცეკვა ძალიან ღირებული იყო. მაშინ ვიფიქრე, რატომაც არა, გავაგრძელებ-მეთქი.
– მერე როგორ გააგრძელე კარიერა?
– საქართველოში რომ ჩამოვედი, ვეცადე, ცეკვა პროფესიონალურად გამეგრძელებინა. დავიწყე სხვადასხვა მიმართულების შესწავლა. ასაკობრივი თვალსაზრისით, ჩემთვის გვიანი იყო, რომელიმე სტილში გამარჯვებული ვყოფილიყავი. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მიმართულება მრავალფეროვანი გამხდარიყო და ეს ცოდნა შოუებში გამომეყენებინა. უცხოეთში სემინარებზე დავდიოდი. ავიღე ქორეოგრაფიული დიპლომი და მომღერლების ბექრაუნდში დავიწყე ცეკვა. სხვანაირად საქართველოში თავს ვერ გამოვიჩენდი. ამან საშუალება მომცა, რომ  „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესარჩევ ტურზე გავსულიყავი. პირველი, ვინც ამ შოუში მონაწილეობა მირჩია, ქრისტინე იმედაძე იყო, პირველ სეზონზე სწორედ მისი მეწყვილე ვიყავი, თუმცა შოუს გამოვეთიშეთ. ამის გამო რაღაც ნაკლოვანების განცდა მქონდა, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვიყავი, მესამე სეზონს, მაინც დავთანხმდი. თურქეთში დავარღვიე კონტრაქტი, რაშიც საკმაოდ დიდი თანხა გადამახდევინეს და წამოვედი. იქ ყველაფერი ჩავშალე (იცინის). დიდი სტიმული მქონდა – პირველი მარცხის შემდეგ, აუცილებლად უნდა მომეგო. მეწყვილედ ქეთი ხატიაშვილი შემხვდა და საბედნიეროდ, ჩვენი ტანდემი წარმატებით დასრულდა. გარდა ამისა, საფრანგეთში ერთ-ერთი ძალიან კარგი პროექტის ქასთინგზე ვიყავი გასული. გადავედი ტურებში, მაგრამ მაშინ სავიზო მიმოსვლა იყო და განსაზღვრული დრო არ მეყო. საბუთი რომ მქონოდა, აუცილებლად დავრჩებოდი.
– ფოტომოდელიც ხარ? ფოტოებს შიშველი საკუთარი სურვილით იღებ თუ ფოტოსესიების შინაარსი მოითხოვს?
– ფოტომოდელს საკუთარ თავს ვერ ვუწოდებ, რადგან ეს სფერო ჩემთვის პროფესია არაა. შემთხვევით მოვხვდი „იმიჯ ცენტრში“, ია კიწმარიშვილთან,
სადაც სამწლიანი კონტრაქტი მქონდა და „ფეშენ-ვიქებზე“ გამოვდიოდი. გადაღებები სხვადასხვა მიმართულებით გვქონდა. ძირითადად, სარეკლამო ტიპის გადაღებებში ვმონაწილეობდი. ეს ჩემი ინტერესი საერთოდ არაა. თუ, გადაღება მოითხოვს, მხოლოდ მაშინ მიწევს მსგავსი შინაარსის ფოტოების გადაღება.
– „მის უკრაინის“ შეყვარებული იყავი. ამ ურთიერთობაზე რას გვეტყვი?
– დიახ, ერთ-ერთი წლის „მის უკრაინა“ არის. 21 წლის ვიყავი, როცა ჩვენი ურთიერთობა დაიწყო. სამი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, დაშორებულები ვიყავით და პერიოდულად ვხვდებოდით ერთმანეთს, რადგან ის უკრაინაში ცხოვრობდა, მე – საქართველოში. დაახლოებით 7-8 წელი ვიყავით ერთად. ყველაფერი ფლირტით, მიმოწერებითა და ჩასვლა-ჩამოსვლებით დაიწყო. მერე უკვე 4-წლიანი თანაცხოვრებით გაგრძელდა. უცხოეთში გავიცანით ერთმანეთი. მეც სამოდელო სფეროში ვიყავი ჩართული და ჩვენი ინტერესები დაემთხვა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დასრულდა. ჩვენ არ დავშორდით იმის გამო, რომ გრძნობა გაქრა. მგონი, დღემდე შემორჩენილი მაქვს მის მიმართ სიყვარული.
– როგორც ვიცით, მას სურდა შერიგება და საქართველოში ჩამოსვლა...
– დიახ, რაზეც მე განვაცხადე უარი. ნადიას უნდოდა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ჩემს გამოსვლებს დასწრებოდა. შერიგების სურვილიც ჰქონდა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ორივესთვის სასიკეთო იყო. ძალიან დიდი ისტორიაა, თან, აზრი არ აქვს წარსულზე საუბარს. დღევანდელი დღით ვცხოვრობ და მირჩევნია, დღევანდელობაზე ვილაპარაკო.
– დიდი ისტორიის მცირედი გვიამბე.
– ნადია ჩემზე ასაკით უფროსია და ჩემამდე გათხოვილი იყო. ჰყავს ბავშვი. მისი ყოფილი მეუღლე ჩვენი ურთიერთობის მომხრე არ იყო და მისთვის შვილის წართმევა დააპირა. ამ ყველაფერს მოჰყვა სასამართლო და დიდი ამბები, განიხილავდნენ ვის დარჩებოდა ბავშვი. ბოლო გადაწყვეტილება იყო ასეთი, ბავშვი დედასთან უნდა დარჩენილიყო, ოღონდ, ჩემ გარეშე ან – მამასთან. შვილი დავუტოვე დედას და წამოვედი. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ასაკით პატარა ვიყავი და ჩემი შემოსავლებით ვერ ვაკმაყოფილებდი იმ პასუხისმგებლობას, რაც ბავშვზე მზრუნველობის შემთხვევაში მეკისრებოდა. უკრაინაშიც ახალი მაცხოვრებელი ვიყავი. ამიტომ ასე მოხდა.
– დღეს მისი გრძნობა გაქრა?
– არა, დღესაც რომ ვუთხრა ჩამოდი-მეთქი, ალბათ ჩამოვა. ის ნებისმიერ დროს არის  ამისთვის მზად. დღემდე მარტო ვარ. ნადიას შემდეგ მქონდა ურთიერთობის აწყობის მცდელობა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ყველასთან ვეძებდი მის ხასიათს, მის მსგავსებას. ვერ დავივიწყე. ისეთიც არავინ გამოჩნდა, ვინც მის თავს დამავიწყებს... უკრაინიდან ჩამოვიყვანე ერთი გოგო, რომელთან ერთადაც სამი თვე ვცხოვრობდი. ისიც მოცეკვავეა. ერთად კარგად ვგრძნობდით თავს, თუმცა ესეც დამთავრდა. ასაკით ჩემზე პატარა იყო და საქართველოში გზაზე უნდა დამეყენებინა. ჰქონდა თავისი ინტერესები, რომლებიც ცოტა რთულად განსახორციელებელი იყო. მაგრამ მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა. ჩვენ შორის არ იყო სიყვარული. ამიტომ უკან დაბრუნდა. ყოველგვარი ჩხუბისა და სკანდალების გარეშე დავშორდით ერთმანეთს, ისე, როგორც ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერებათ. დღეს ეს გოგო გათხოვილია და ბედნიერად ცხოვრობს.
– ახლა რა ხდება შენს პირადში?
– არაფერი ხდება. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე საყვარელი არსება ჩემი ძაღლია, ხოლო ყველაზე დიდი გულშემატკივარი – დედა.

скачать dle 11.3