კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როგორ აიწყო კარიერა ამერიკაში ანა დოლჩემ 40 დოლარად და როგორ ეხმარება ის სხვადასხვა კომპანიას ბიზნესის განვითარებაში

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

„მის საქართველო“ თამთა ყავლაშვილმა – ანა დოლჩემ, წარმატების, თავისუფლებისა და სრულყოფილი ცხოვრების საძებნად, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ოკეანის მიღმა გადაწყვიტა წასვლა. მცირე ასაკში მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაამართლა –  მან შეძლო საკუთარი კარიერის შექმნა და ამერიკაში „ბიზნესლედი“ გახდა. ემიგრანტობის გზაზე არა ერთი სირთულე და დაბრკოლება შეხვდა. საკუთარი ბიზნესის კრახიც იწვნია, თუმცა მტკიცე ხასიათით და გამბედაობით ფეხზე წამოდგომა არ გასჭირვებია... ანა უკვე 20 წელია, ამერიკაში ცხოვრობს. რა გზა განვლო მან დღემდე, თავად გიამბობთ.
ანა დოლჩე: როცა ოთხი წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. გავიზარდე არასრულყოფილ, თუმცა ძალიან კარგ ოჯახში. ჩემზე მთელი პასუხისმგებლობა დედამ აიღო და უმამოდ ვიზრდებოდი. ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელს. მოგეხსენებათ, 90-იანებში თბილისში როგორ ცხოვრობდა ხალხი – არა შუქი, არა გაზი, არა წყალი... ჩვენც საცხოვრებელს იმის მიხედვით ვიცვლიდით, სადაც შედარებით კომფორტი იყო. ამ ყველაფერმა ჩემში ქაოსი გამოიწვია. არასტაბილურობა ბავშვისთვის ბევრად რთულია, ვიდრე დიდისთვის. ამას თან ერთვოდა  ქართული მენტალიტეტი და სოციალური ზეწოლა – ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველაზე ლაპარაკობს. არ მქონდა თავისუფლება, თუმცა თავისუფლება მაშინ არც არავის ჰქონდა. ამ ზეწოლას ყველა ვგრძნობდით. შემიყვანეს რუსულ სკოლაში. დედაჩემსა და ახლობლებს ასეთი თეორია ჰქონდათ: ქართულს მაინც ისწავლის, ჯობია სხვა ენა აითვისოს. ამის გამო, ცოტა გარიყული და ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. თან, სკოლასაც ხშირად ვიცვლიდი, ამიტომ მეგობრებსაც ვერ ვინარჩუნებდი – ისინი ყოველთვის იცვლებოდნენ.
– სამოდელო კარიერა როგორ დაიწყეთ?
– მე-10, მე-11 კლასი ქართულ სკოლაში დავხურე. გაკვეთილზე ვიჯექი, როცა სამოდელო სააგენტოდან შემოვიდნენ და კლასიდან მხოლოდ მე ამომარჩიეს. „მის საქართველოს“ ტიტული ორჯერ მოვიპოვე – 1995 და 1996 წლებში. ერთ-ერთი კონკურსის შემდეგ ორგანიზატორებს გოგონების ბენდის ჩამოყალიბება უნდოდათ, სადაც სოლისტად მიმიწვიეს. მათ სურდათ, შეექმათ ის პერსონაჟი, რომელიც რეალურად არ ვიყავი. მეუბნებოდნენ, ამას ჩაიცმევ, ასე მოიქცევი, ამას იტყვი... მიუხედავად იმისა, რომ 16-17 წლის ვიყავი, მივხვდი, ეს არ იყო ის, რაც მინდოდა. თუ ამ კარიერას გავაგრძელებდი, ჩემი სამსახური იქნებოდა, როგორ შემენარჩუნებინა პოპულარობა. ამ პროცესში კი აუცილებლად დავკარგავდი საკუთარ თავს. როდესაც აღნიშნულ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, დაიწყეს ჩემი კრიტიკა, თითქოს უმადური ვიყავი, რადგან ასეთ შესაძლებლობას ვუშვებდი ხელიდან (იცინის).  
– ამის შემდეგ გადაწყვიტეთ ამერიკაში გამგზავრება?
– დიახ, ამ ფაქტმა და 90-იანი წლების ქაოსმა გადამაწყვეტინა, წავსულიყავი. კარიერის შექმნა აქ არ შემეძლო. ბევრი სირთულე იყო. ჯერ გერმანიაში ჩავედი, რადგან იქიდან უფრო მარტივი იყო აშშ-ში გადასვლა. თან, გერმანულად ძალიან კარგად ვლაპარაკობდი. ერთი წელი ფილოსოფიას ვსწავლობდი. შემდეგ აღმოვაჩინე ქართველი ნაცნობი, რომელიც ნიუ-იორკის გარეუბანში ცხოვრობდა. მან მითხრა, რომ არდადეგებზე სტუმრად ჩავსულიყავი და იქაური ცხოვრება მენახა. ჩასვლიდან 2-3 დღეში უკვე ვიცოდი, რომ იქ დავრჩებოდი. ევროპისგან განსხვავებით, აშშ-ში ვიგრძენი, რომ აქ ყველა „ჩვენიანია“. სწორედ ამან გადამაწყვეტინა დარჩენა და წარმატებისთვის ბრძოლა.
– წარმატებამდე რა გზა გაიარეთ? სირთულეები იყო?
– დიდი სურთულეები გამოვიარე. თავიდან თვითგადარჩენაზე იყო საუბარი. ნიუ-იორკში არის რაიონი, სადაც ერთად ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს, მათ შორის, ქართველებიც. არის საერთო საცხოვრებელი. ერთ სახლში 10-20 კაცი ვცხოვრობდით, ერთ ოთახში 3-4 ადამიანს გვეძინა. დავიწყე სამსახურის ძებნა, თან, ინგლისური არ ვიცოდი. ჩემი პირველი სამსახური ბავშვის მოვლა იყო, ძალიან მცირე ანაზღაურება მქონდა. ექვს თვეში ინგლისურად უკვე გამართულად ვლაპარაკობდი. გავიგე, რომ არსებობდა სხვა სფეროები, რომელშიც შემეძლო მონაწილეობა, რომ განვვითარებულიყავი. დავუახლოვდი ამერიკელებს. მათთან ურთიერთობამ ამიხილა თვალები და მივხვდი, რა არის ამერიკა და რისი გაკეთება შემეძლო ამ ქვეყანაში.
– სარესტორნო ბიზნესში როგორ შეხვედით?
– ყველაფერი ნულიდან დავიწყე. გავიგე, რომ შეგიძლია იყო ბართენდერი, სადაც თავად მართავ საკუთარ გრაფიკს. გავიარე სპეციალური კურსები. სამსახურში პირველივე გამოხმაურებაზე ამიყვანეს. იმაზე მეტი შემოსავალი მქონდა, ვიდრე ძიძად მუშაობის პერიოდში. შემდეგ დავწინაურდი და მენეჯერი გავხდი. ამერიკაში ჩასვლიდან ორ წელში, უკვე გამოცდილებაც მქონდა და დიდი შრომით მოპოვებული ფინანსები. გავიცანი ხალხი, რომლებთანაც კავშირების დამყარება შეიძლებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა ბიზნესპარტნიორობა შემომთავაზა. ეს იყო ოჯახი. მათ ჰქონდათ სრულყოფილი რესტორანი და ეძებდნენ ადამიანს, რომელიც მას გამართავდა. ასე შეიქმნა ჩემი პირველი ბიზნესი, თუმცა კრახით დამთავრდა. ამით ყველაზე დიდი გამოცდილება და დიდი გაკვეთილი მივიღე. ამ ამბებს რომ მოვცილებოდი, ცოტა ხნით ფლორიდაში გადავედი. მივხვდი, ცვლილებების დრო იყო. მე ვიცოდი, როგორ დავმარცხდი, თუმცა მინდოდა გამეგო, როგორ გამემარჯვა. ერთი წლის შემდეგ სტუმარმასპინძლობის ჯგუფს შევუერთდი და ამ კომპანიაში 9-10 წელი დავყავი. შემდეგ გადავწყვიტე, საკონსულტაციო ბიზნესი დამეწყო და ახლა კომპანიებს ვეხმარები, რომ მარცხი არ განიცადონ.
– საქართველოში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
– არა (იცინის). ისე წამოვედი საქართველოდან, მეშინოდა, ვინმეს უკან არ დავებრუნებინე. სულ ვფიქრობდი, რამე ისეთი არ მოხდეს, დაბრუნება რომ მომიწიოს-მეთქი. მართალია, დედა დავტოვე, მაგრამ ხშირი კონტაქტი მქონდა. ფინანსურად და ყველანაირად ვეხმარებოდი.
– ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ კარიერა 40 დოლარით აიწყვეთ...
– მაშინ არ ვიცი, რას ვფიქრობდი, ამერიკაში რომ ჩავედი, ჯიბეში 40 დოლარი მედო (იცინის). აქ გამოთქმაა ასეთი: კედელს თუ მიადგები, სხვა გზა არ გაქვს. ჩემთვისაც ასე იყო – ყველა გზა ჩაკეტილი მქონდა. ვიცოდი, არ მოვკვდებოდი, შევძლებდი და ამ სიტუაციიდან გამოვიდოდი.
– როგორ გახდით ანა დოლჩე?
– სახელის შეცვლამ ცხოვრება გამიიოლა. ვერავინ წარმოთქვამდა სწორად, გვარზე ხომ ზედმეტია საუბარი. ზოგი „თამარას“ მეძახდა, ზოგიც „ტმატოს“. აღარც მახსოვს, ვინ მითხრა, შენ ანას გავხარო. მეც ავიტაცე ეს სახელი და გავავრცელე. გვარს რაც შეეხება, პირველი ქორწინებიდან მაქვს.
– ნაადრევ ასაკში შექმენით ოჯახი?
– ალბათ, ასე ითქმის. 23 წლის ვიყავი. ამერიკაში დავქორწინდი. ჩვენი ოჯახური ცხოვრება სულ რამდენიმე წელი გაგრძელდა. ოჯახი კარგი მიზნით შევქმენით, თუმცა, საბოლოოდ ასე მოხდა.
– ამ ეტაპზე რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
– მყავს საყვარელი ადამიანი. დაქორწინებული არ ვართ, თუმცა, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ეს საკითხი თავად უფრო აღელვებს (იცინის). გვაქვს სრულყოფილი, ჯანმრთელი ურთიერთობა, რომელიც ყოველდღე უკეთესობისკენ მიიწევს.
скачать dle 11.3