კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№9 როგორ გახდა 25 წლის ბაია აბულაძე მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა და რატომ გადაწყვიტა მან მშობლიურ სოფელში დაბრუნება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

25 წლის მეღვინე ბაია აბულაძე Forbes-ის „2019 წლის მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 30 წლამდე ახალგაზრდების“ სიაში მოხვდა. გამოცემა ამ სიას ყოველწლიურად ადგენს, ბაია აბულაძე კი წელს საუკეთესოებს შორის შეირჩა. ბაია დაიბადა და გაიზარდა იმერეთში, სოფელ ობჩაში. უნივერსიტეტში სასწავლებლად დედაქალაქში გადმოვიდა, თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ კვლავ მშობლიურ მხარეს და საკუთარ მეურნეობას დაუბრუნდა.
ბაია აბულაძე: ძალიან დიდი სიხარული იყო ეს ამბავი, წლის დასაწყისის ყველაზე დიდი მიღწევა, რამაც არა მხოლოდ მე და ჩემი ოჯახის წევრები გაგვაბედნიერა, მთელ სოფელში ძალიან დიდი ინტერესი და სიხარული გამოიწვია. ამ სიას „ფორბსი“ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. შერჩევის პროცესში თვითონ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დაინტერესებულები იყვნენ. გამოგვიგზავნეს ძალიან დიდი კითხვარი. ალბათ, მიღებული პასუხები დამაკაყოფილებელი იყო და ამიტომაც მოვხვდი ამ სიაში. მათი კითხვარის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საქმიანობის დასაწყისს შეეხებოდა: როგორი იყო პირველი ნაბიჯები და რას მივაღწიეთ დღემდე, რა შევცვალეთ, როგორი იყო ბიზნესის განვითარების პროცესი და ჩვენი სამწლიანი გამოცდილება.
– როგორი იყო წინასწარი განწყობა კითხვარის შევსების შემდეგ, ელოდი ამ გამარჯვებას?
– რა თქმა უნდა, მოლოდინი მქონდა, მაგრამ ამასთან ერთად, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ მართლა შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო. ასეთ გამოცემებს ხშირად ვადევნებ ხოლმე თვალ-ყურს და მასში მოხვედრა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.
– როგორ დაიწყე ღვინის ბიზნესი?
– ჩვენი საქმე, როგორც იურიდიული საქმიანობა, 2015 წელს დავარეგისტრირეთ, თუმცა, პრაქტიკულად, ოჯახის მეოთხე თაობა ვართ, ვინც ღვინოს აყენებს. ამ ყველაფერთან შეხება ბავშვობიდან მქონდა, თუმცა არავის გვიფიქრია, რომ ეს საქმე ბიზნესად გვექცია და ღვინო გაგვეყიდა. 2015 წელს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრები გავხდით – ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაციაა, რომელიც დიდ დახმარებას უწევს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ფერმერებს. მისი თავმჯდომარის თაოსნობით ახლა უკვე ფერმერთა სათათბირო შეიქმნა, რომლის წარმომადგენლებიც ვართ. 2015 წელს პროექტის – „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები გავხდით და დაფინანსებით მიღებული ხუთი ათასი ლარით შევიძინეთ მოწყობილობები, შევქმენით ეტიკეტი და ასე ჩამოყალიბდა ბრენდი „ბაიას ღვინო“.
– რამდენად გხვდებოდა სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რომ გოგოსთვის და მით უმეტეს, ამ ასაკში, ეს ყველაფერი ცოტა წარმოუდგენელი იქნებოდა?
– ჩვენს საქმიანობას ძალიან ბევრი კარგი ადამიანი შეხვდა დადებითი განწყობით. არსებობს ორგანიზაცია „ღვინის კლუბი“, რომელიც ღვინის ფესტივალს ატარებს. მის ფარგლებში ძალიან ბევრ ადამიანი გავიცანი, ყველა მხარს გვიჭერდა და საკუთარი მაგალითებით გვამხნევებდა. მათგან ზოგი ლონდონში ყიდდა ღვინოს, ზოგი – ტოკიოში და სხვა ქვეყნებში. მათი ისტორიები საუკეთესო საშუალება იყო ჩვენი მოტივაციის ასამაღლებლად. ყველა გვახალისებდა, რომ ჩვენც გაგვეკეთებინა, რადგან ჩვენი ღვინო ყველას ჰქონდა გასინჯული და ინტერესი დიდი იყო. იცოდნენ, რომ მიკროზონიდან ვიყავით და გული სწყდებოდათ, რომ ამ ტერიტორიიდან ბაზარზე არ იყო წარმოდგენილი, თუნდაც, ბოთლში ჩამოსხმული ღვინო. შესაბამისად, ჩვენს წამოწყებას ყველა სიხარულით შეხვდა. მოგეხსენებათ, როგორ იცლება ჩვენი სოფლები და რომ ხედავდნენ, სოფელში რაღაცას ვაკეთებდით, თანაც, დასავლეთ საქართველოში, ძალიან უხაროდათ, განსაკუთრებით ჩვენს მოხუცებს.  ძალიან ბევრი ახალგაზრდა მწერდა და მწერს სოციალურ ქსელში. მეკითხებიან, როგორ შეიძლება, დაუკავშირონ ბიზნესს თავიანთი საქმიანობა. გავიცანი უამრავი ახალგაზრდა, ვისაც ძალიან კარგი სამსახური და განათლება აქვს, მაგრამ ბრუნდებიან სოფელში, იწყებენ სოკოს წარმოებას, ღვინის თუ ტურისტულ ბიზნესს და ასე შემდეგ. ჩემი თანატოლების ასეთმა განწყობამ ძალიან გამახარა.
– შენ პირველად როდის გაგიჩნდა იდეა?
– სკოლა ჩვენს სოფელში, ობჩაში დავამთავრე. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე და თბილისში გადმოვედი, სულ სხვა გარემოში მოვხვდი. ყველაზე საამაყო თემა, რაზე საუბარიც ჩემს მეგობრებთან მინდოდა და რაც ჩემს სოფელს ეხებოდა, ღვინო იყო. გოგოებთან თუ ბიჭებთან, ყველასთან ძალიან ბევრს ვსაუბრობდი ჩემი ოჯახის ტრადიციაზე. უცხოელი მეგობრები დღესაც მწერენ, თურმე რატომ გვესაუბრებოდი ამდენს ღვინოზეო (იცინის). მერე, როცა ღვინის კლუბის წევრი გავხდი, ნელ-ნელა დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა მაგარი იქნებოდა, ჩვენი ღვინოც რომ წარმატებული ყოფილიყო და რამდენ რამეში შეგვიწყობდა ეს ხელს. ოჯახში ძალიან გვიყვარს ღვინო, განსაკუთრებით ბაბუას, საჭმელს ისე არ შეჭამდა, რომ ერთი ჭიქა გემრიელი ღვინო არ დაეყოლებინა. მეორე ბაბუა პროფესიით მევენახე-მეღვინე არის, მის გამოცდილებას ძალიან დიდ პატივს ვცემთ და მივყვებით. ჩემმა დამაც, სოციალური მეცნიერებების სწავლას თავი დაანება და აგრონომიის მაგისტრი გახდა. ძმა მეღვინეობის და მევენახეობის ფაკულტეტზე სწავლობს. ჩემი ოჯახის თითოეული წევრი ამ საქმეშია ჩართული.
– დღეს რა მასშტაბებს მოიცავს „ბაიას ღვინო“?
– ამაყები ვართ იმით, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მაღალი ხარისხის რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში ჩვენი ადგილის დაკავება მოვახერხეთ. თავიდან გვეგონა, რომ უცხოეთის ბაზარზე გასვლა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ჩვენი ღვინო დღეს უკვე რამდენიმე ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მათ შორის, ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრიაში. ერთ მაგალითს გავიხსენებ: ჩემი და ერთ-ერთი პროგრამით ამერიკაში იყო. როგორც მე, ისიც ღვინით არის შეპყრობილი და მასზე ყველასთან დიდი ენთუზიაზმით საუბრობს. ერთ-ერთ იმპორტიორთან ჰქონდათ შეხვედრა, „ბაიას ღვინო“ გასინჯეს და ძალიან მოეწონათ – ასე დაიწყო ექსპორტი ამერიკაში, რაც თავის დროზე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა.
– ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმენი, მომავალი მეუღლე როგორ გაიცანი?
– მე და ჩემი მომავალი მეუღლე ერთმანეთს ღვინის თემამ გაგვაცნო. ისიც ფერმერთა ასიციაციის წევრია და ძალიან ხშირად გვიწევდა შეხვედრა, ბევრს ვსაუბრობდით მეღვინეობაზე და ერთმანეთს გამოცდილებებს ვუზიარებდით. მერე მივხვდით, რომ ერთმანეთთან განსაკუთრებული გრძნობები გვაკავშირებდა. ორწელიწად-ნახევრიანი ურთიერთობის შემდეგ,  დღეს უკვე ცოლ-ქმარი ვართ.  ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ. მეღვინეობის გარდა, საკუთარი პროფესიით – არქიტექტურითაცაა დაკავებული, ბევრ საქმეს აკეთებს და ამიტომ ერთმანეთის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
скачать dle 11.3