კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (44)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს მარცხთან შეგუება და რატომ ხდება სრულყოფილებისკენ სწრაფვა მისი ფსიქიკისთვის სახიფათო

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

რატომ უჩნდება ბავშვს მარცხის შიში, როგორ უნდა წარმართოს მშობელმა აღზრდის პროცესი ისე, რომ ბავშვმა შეცდომის დაშვების შიშით ახალ გამოწვევაზე უარი არ თქვას და საკუთარი პოტენციალი შესაბამისად გამოიყენოს.  
ეკა ნინოშვილი (ფსიქოლოგი): მარცხის შიშის განმსაზღვრელი, ძირითად შემთხვევებში, ბავშვის გამოცდილებაა – თუ ის რამეს შეეჭიდა, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა. იმედგაცრუებამ შესაძლოა, მას შიში გაუჩინოს – „ვაითუ, აღარ გამომივიდეს“, რაც მისი განვითარებისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცევა. ხშირად ამის მიზეზი ხდება უფროსი ადამიანის მოლოდინი, როცა ბავშვისგან იმაზე მეტს ელიან, ვიდრე მისი შესაძლებლობები იძლევა, დიდ პასუხისმგებლობას აკისრებენ და ეს წახალისება ჰგონიათ. სინამდვილეში კი, შესაძლოა, ამით ბავშვი შეაშინონ – ვაითუ, მათი მოლოდინი ვერ გავამართლოო. სწავლის პროცესში ბავშვებში ხშირია განწყობა – „მე ამას ვერ ვისწავლი, არ გამომივა, რადგან რთულია“. ამ დროს მას უნდა დავეხმაროთ, რომ მოტივაცია არ დაკარგოს, დიდი მოცულობის მასალა დანაწევრებით უნდა მივაწოდოთ, რომ ბავშვი არ შეშინდეს. სკოლაში ახალშესული ბავშვი შენიშვნებით არ უნდა ავავსოთ, ეს ბავშვს თრგუნავს.
– მით უმეტეს, როცა სხვებს ადარებენ და ეუბნებიან: იმან თუ შესძლო, შენ რატომ არ შეგიძლიაო.
– ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ბავშვი თავის წარსულს უნდა შევადაროთ: თავიდან ორ ასო-ბგერას წერდა კარგად და ერთი თვის შემდეგ – ექვსს? ამის გამო უნდა შევაქოთ და უკეთესობისკენ ვუბიძგოთ. ყველას ინდივიდუალური უნარები გვაქვს და ბავშვებს ერთი სტანდარტით არ უნდა მივუდგეთ. ამიტომ მშობლებმა შეჯიბრობითობის პრინციპი კი არა, დამოუკიდებლად წარმატების მიღწევის სურვილი უნდა წაახალისონ. ბავშვებს უნდა შეეძლოთ დამარცხების შემთხვევაში მარცხის ღირსეულად მიღება, გამარჯვებულისთვის მილოცვა, მან უნდა  იცოდეს, რომ ეს ძლიერებას ნიშნავს, ღირსეული საქციელია. ვასწავლოთ იმ მიზეზების შემჩნევაც, რაც მათი მარცხის მიზეზი გახდა, რათა მომავალში მათი გამოსწორება და გამარჯვება შეძლონ.
– არსებობენ პერფექციონისტი ბავშვები, რომელთა ქცევაც, ხშირ შემთხვევაში, წახალისებულიცაა, მშობლებს უხარიათ, რომ ბავშვი ძალიან ბევრს მეცადინეობს, მაქსიმუმს აკეთებეს და ასე შემდეგ, თუმცა შესაძლოა, ამან ცუდ შედეგამდეც მიგვიყვანოს.
– არიან მოსწავლეები საკუთარი თავის მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნებით. ასეთი ბავშვების დამახასიათებელი თვისებებია მიღწეულით მუდმივი უკმაყოფილება და იდეალურობისკენ სწრაფვა. ერთი შეხედვით, რა არის ცუდი იმაში, რომ ბავშვი საკუთარი თავის სრულყოფაზე ზრუნავს, ცდილობს, დავალებები უნაკლოდ შეასრულოს? არაფერი, მაგრამ, როცა ეს სწრაფვა ავადმყოფურ ხასიათს იღებს და აკვიატებად იქცევა, ის ბავშვის ფსიქიკისთვის სახიფათო ხდება. პერფექციონისტი ბავშვი საკუთარ თავს ძალიან მაღალ სტანდარტებს უწესებს და ზედმეტად თვითკრიტიკული ხდება, თუ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია. ასეთმა მაქსიმალიზმმა შეიძლება, მიგვიყვანოს სიახლის შიშთან, შფოთვასთან, დეპრესიასთან, დაბალ თვითშეფასებასთან, შეცდომაზე გადაჭარბებულ რეაქციასთან. ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვისთვის უფრო და უფრო ძნელი ხდება მარცხთან შეგუება. რასაც არ უნდა მიაღწიოს, არაფერი აკმაყოფილებს. „თვითსრულყოფისადმი“ ამგვარი სწრაფვა იმითაა საშიში, რომ მიზნების მიუღწევლობისა და წარუმატებლობის შიშმა შესაძლოა, ბავშვს სწავლის, აღმოჩენების სურვილი გაუქროს.
– რით გამოირჩევა ასეთი ბავშვი?
– მას აქვს შეცდომის პანიკური შიში, შეცდომა მისთვის საკუთარი სისუსტის ნიშანია, უჭირს კრიტიკის მიღება, საკუთარ თავს მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებს. გაურბის სიახლეს იმის შიშით, რომ მარცხი არ განიცადოს, აქცენტს სვამს შეცდომებზე და არა კარგად შესრულებულ სამუშაოზე. ისახავს არარეალურ ან ძნელად მისაღწევ მიზნებს და მათი მიუღწევლობის შემთხვევაში დანაშაულის განცდა იპყრობს. სასოწარკვეთილება მოიცავს, თუ მისი ნამუშევარი ან პასუხი მაქსიმალური ქულით არ შეაფასეს. არის თვითკრიტიკული, მორცხვი, მორიდებული, უჭირს გადაწყვეტილების მიღება და პრიორიტეტების გამოყოფა ამოცანის შესრულების დროს. ხშირად საქმე ბოლომდე არ მიჰყავს, თუ პროცესი ისე არ წარიმართა, როგორც მას სურდა, ადვილად შეუძლია ყველაფრის შუა გზაზე მიტოვება. უყვარს უკვე შესრულებული დავალების დაუსრულებლად გადაკეთება, იმ იმედით, რომ უკეთესი და უკეთესი გამოუვა.
– როგორ დავეხმაროთ მათ ამ სირთულეების დაძლევაში?
– ვაგრძნობინოთ, რომ გვიყვარს, განურჩევლად იმისა, 10 ქულით დაბრუნდა სკოლიდან, თუ 7-ით, ბავშვი უნდა გვენდობოდეს და სასჯელის არ ეშინოდეს. ჩამოვუყალიბოთ ბავშვს შეცდომების მიმართ სწორი დამოკიდებულება – მივცეთ შეცდომის დაშვების უფლება, ნუ ვაქცევთ წარუმატებლობას ტრაგედიად. დავეხმაროთ, ისწავლოს შეცდომებზე. ავუხსნათ, რომ შეცდომების გააზრებით გამოცდილების მიღება შეიძლება, რომ ყოველი შეცდომა რაღაც ახალს გვასწავლის. გვაძლევს შანსს, შემდგომში საქმე უკეთესად გავაკეთოთ. ნუ დავიშურებთ საქებარ სიტყვებს. ყურადღება გავამახვილოთ ბავშვის ძლიერ მხარეებზე, მის მიღწევებსა და წარმატების ხელშემწყობ უნარებზე. ფრთხილად გავაკრიტიკოთ. ნუ გვექნება შეცდომებზე რეაგირება ყვირილით და საყვედურებით. აჯობებს, ბავშვთან ერთად განვიხილოთ სიტუაციის გამოსწორების გზები, შევამციროთ სასწავლო დატვირთვა, გამოვუთავისუფლოთ ბავშვს დრო საინტერესო საქმიანობისთვის, დასვენებისა და თამაშისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს ადეკვატური თვითშეფასება ჰქონდეს. შესაბამისად, მას უნდა დავეხმაროთ გაცნობიერებაში, რომ რაღაც უკეთ გამოსდის, რაღაცაში კი ისეთი ძლიერი არაა. თუ ბავშვი პატარა ასაკში უფრთხის რთულ თამაშებს, მაგალითად, დაბადების დღის ცენტრში არ სრიალებს სასრიალოზე, მშობელმა არ უნდა აიძულოს ამის მარტო გაკეთება. ხელი მოჰკიდოს, თავად ჩამოასრიალოს. შვილთან ერთად ითამაშოს წრეში ბურთი და როცა ამას ბავშვი დამოუკიდებლად შესძლებს, მერე გადგეს გვერდზე. აგრძნობინოს, რომ მის უსაფრთხოებას იცავს მანამ, სანამ საჭიროა. თორემ მარცხის შიშით მათ მშიშარა ადამიანად ვზრდით, რომელსაც შეცდომის დაშვებისა და მისი აღიარების ეშინია. რას იტყვიან სხვები ამაზე? – ესაა მათთვის მთავარი. გაუბედავი ადამიანია, რომელსაც შესაძლოა, გაცილებით მეტისთვის მიეღწია, მაგრამ მინიმალური მიღწევით კმაყოფილდება, გამოწვევებს უფრთხის და ურჩევნია, სტაბილურ მდგომარეობაში კულისებში დარჩეს, ვიდრე ბარიერები გადალახოს. თუმცა ამის შეცვლის რესურსი ადამიანს ყოველთვის აქვს შესაბამისი დახმარების პირობებში და საკუთარ თავზე მუშაობით.
скачать dle 11.3