კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 უსიყვარულოდ

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #5-8(947)


​– შენს შვილს ამდენ ქონებას რომ უტოვებს, ჩემი შვილი რითაა ნაკლები? – გაკაპასებული გაჰკიოდა ქეთი.
– შენ ერთი რამ გავიწყდება, ჩემო კარგო, –  მაკა იძულებული გახდა, „მოეკეტვინებინა“ ყოფილი დაქალისთვის, – ჩემი შვილი დათოს შვილიცაა და ნიტას მეტი მამამისს არავინ ჰყავს.
– აჰა, აი, თურმე, როგორი ყოფილხარ! შემომასაღე შენი გამოფხეკილი ქმარი და ახლა იცავ, არა? მე კი, იმის გარდა, რომ ჩემთვის არაფერი ემეტება, ისიც უნდა ვითმინო, რომ მთელი დღე შენს სახელს გაიძახის და ქალის იდეალად ჰყავხარ დასახული!
– აკი სხვა ქალის სახელს ახსენებსო? – ვერ მიხვდა მაკა.
– დიახ, სხვა ქალის და ის სხვა ქალი ის ვიღაც ანა კი არაა, შენ ბრძანდები, ქალბატონო! მაგას რომ ჰკითხო, მთელი საქართველოს ქალებმა შენზე უნდა მოახდინონ სწორება!
– რაღაც გეშლება, ქეთი!
– არაფერიც არ მეშლება. ბოლო ხანებია, იმასაც კი მეუბნება, მაკა როგორ გავუშვი ხელიდან და შენისთანა ქალი რამ მომაყვანინა ცოლადო. ერთი მითხარი, ადვილია ამის მოსმენა? შენ მოითმენდი ამას?
– ნამდვილად ძნელი მოსასმენია, მაგრამ მე რა ვქნა, რით გიშველო? – მართლა შეეცოდა მაკას ქეთი.
ქეთი ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე ცრემლიანი თვალებით შეხედა და საწყლად უთხრა:
– არც არაფრით. ჩემი ბრალია ყველაფერი. ახლა გამოგიტყდები, რომ გაცნობის დღიდანვე დავადგი დათოს თვალი, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ შეგირთავდა. მაშინ შენ მაჯობე, მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე, რაშიც, სხვათა შორის, თვითონვე შემიწყვე ხელი, როცა მითხარი, ერთმანეთი არ გვიყვარსო. ასე რომ, მარტო მე არ ვარ დამნაშავე. მაპატიებ?
 – ღმერთმა გაპატიოს. მე და დათო უშენოდაც გავეყრებოდით ერთმანეთს, ამიტომ ძალიანაც ნუ მოიკლავ თავს დარდით, – ქეთის დამშვიდებას შეეცადა მაკა.
– ხომ ისევ იმეგობრებ ჩემთან? – იმედი მიეცა ქეთის.
– არ გეწყინოს, ქეთი, მაგრამ მაქსიმუმი, რის გაკეთებასაც შევძლებ, ის იქნება, რომ, ქუჩაში თუ შემხვდები, სალამს არ დაგაყვედრი. მეტს კი ნუ მომთხოვ, მე შენ ვერაფერში ვეღარ გენდობი.
– კარგი, მართალი ხარ. ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი. როგორც ჩანს, შურმა და სიხარბემ გამაგიჟა. კარგად იყავი... – ქეთი ისე ჩუმად და სწრაფად გავიდა ოთახიდან, მაკამ თვალიც კი ვერ შეასწრო და ეგონა, ქეთის იქ ყოფნა მოეჩვენა.
***
ქეთის ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ მაკასთან ლევიკო მოვიდა უზარმაზარი თაიგულით. ისეთი გამოპრანჭული იყო, თითქოს ოფიციალურ ვიზიტზე მიდიოდა. თავი ძალიან გალანტურად ეჭირა, მაგრამ მაინც ეტყობოდა, რომ ოდნავ ნასვამი გახლდათ. „სიმხნევისთვის დალია“, – მიხვდა მაკა და დაიძაბა, რადგან ქალურმა ალღომ უკარნახა, რომ მისი ყოფილი ქმრის ყოფილი ძმაკაცი ამდენი ყვავილით და ასეთ ფორმაში რაღაც კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის იყო მოსული.
– ყავას დალევ? – შესთავაზა თავაზიანად, მაგრამ საკმაოდ ცივად.
– არა. საქმე მაქვს შენთან, ერთი წუთით დაჯექი და მომისმინე.
მაკა სავარძელზე ისე ჩამოჯდა, რომ სტუმარს აგრძნობინა, ბევრი საქმე მაქვს და არ მცალიაო.
– ნიტა სად არის?
– სკოლაშია, მალე მოვა.
– შენ უნდა მოიყვანო?
– არა, მძღოლს მოჰყავს.
– ყოჩაღ, კარგად აგიწყვია ცხოვრება! – წამოსცდა ლევიკოს და უცებ იგრძნო, რომ ამ რამდენიმე სიტყვით ყველაფერი საბოლოოდ გააფუჭა, თუმცა, წარმატებაში ბოლომდე დარწმუნებული მანამდეც არ იყო.
მაკას გულზე ეკალივით ეჩხვლიტა სტუმრის ორაზროვანი ფრაზა და აიძაგრა:
– მაგის სათქმელად მოიტანე ამხელა ცოცხი? – აგდებულად გახედა თაიგულს, რომელიც ლევიკოს უხერხულად ეჭირა ხელში და მიცემას ვერ ახერხებდა.
– არა, მაპატიე. ცოტა ნასვამი ვარ და...
– ვიგრძენი, – არ დაინდო მაკამ, – გისმენ, რა საქმე გაქვს, დროზე მითხარი, ბავშვს ველოდები.
ლევიკომ ჯიბიდან ხავერდის პატარა კოლოფი ამოიღო, გახსნა, მერე ცალ მუხლზე დაეშვა და ძალიან თეატრალიზებულად წარმოთქვა:
– გთხოვ, გახდი ჩემი ცოლი!
ეს ყველაფერი ისეთი ხელოვნური და არაბუნებრივი იყო, რომ მაკას ჯერ სიცილი აუტყდა, მაგრამ მერე უცებ ისე გაბრაზდა, თვითონვე გაუკვირდა.
– შენ ნორმალური ხარ? ჯერ ერთი, ვინ გგონივარ, ცოლობას რომ მთხოვ? როგორ ფიქრობ, რა გამიჭირდა ასეთი, რომ ქმრის ძმაკაცს არ გავყვე ცოლად?!
– შენისთანა ქალი მარტო რატომ უნდა იყოს?
– მე ისედაც თითქმის მთელი ცხოვრება მარტო ვარ, თუკი მამაკაცს გულისხმობ.
– ჯერ ერთი, ყოფილი ქმრის ყოფილ ძმაკაცს, – შეუსწორა ლევიკომ და მუხლი შეინაცვლა, რაზეც მაკას ისევ გაეცინა.
– ამ შემთხვევაში სიტყვა „ყოფილი“ ძალას კარგავს. თანაც შენ წეღან ისეთი ღვარძლიანი ფრაზა წამოგცდა, ყურებამდე შეყვარებულიც რომ ვყოფილიყავი, მაინც უარს გეტყოდი. არ გეწყინოს, მაგრამ შენისთანა კაცები ჩემთვის არ არსებობენ. ამიტომ, აიღე ეგ შენი თაიგული ბეჭდიან-კოლოფიანად და სამუდამოდ დაივიწყე ეს გზაც და ჩემი არსებობაც.
– ესე იგი, მაინც დათო გიყვარს? – ნაწყენი ხმით ჰკითხა ლევიკომ.
– აი, ეგ კი უკვე არავისი საქმე არ არის! – თვითონვე გაუკვირდა, ისე იყვირა მაკამ, – შენ კი, რაც უფრო სწრაფად დატოვებ აქაურობას, მით მეტად მოგებული დარჩები!
ლევიკო მიხვდა, რომ მთავარი ბრძოლა წააგო და თავჩაღუნულმა და დამარცხებულმა დატოვა იქაურობა.
მეორე დღეს კი კიდევ უფრო დიდი საოცრება მოხდა: ჭიშკრიდან ზარის ხმა გაისმა. დამხმარე ქალი კარის გასაღებად წავიდა და ნახევარ წუთში გაოცებული სახით დაბრუნდა უკან.
– რა მოხდა, ლალი?
ქალმა ხელით ანიშნა ეზოსკენ. მაკამ გაიხედა და თვალები შუბლზე აუვიდა: ჭიშკართან დათო იდგა, მხარზე სპორტული ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და უხერხულად იღიმებოდა.
– მე დავბრუნდი. მიმიღებ?
მაკა ისე დააბნია მისმა დანახვამ, ამ სიტყვებმაც, რომ კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო, ბოლოს კი, როგორც იქნა, ამოილუღლუღა:
– ეს შენი სახლია.
***
საღამოს, როცა მამა-შვილმა ერთმანეთი მოისიყვარულა და ნიტა დასაძინებლად წავიდა, მაკა და დათო ვერანდაზე დასხდნენ.
– ძალიან ბევრი სალაპარაკო მაქვს შენთან, – თქვა დათომ და შუბლი მოისრისა, – უამრავი რამ შემეშალა შენთან და ბოდიში მინდა მოგიხადო.
– შენი წყალობით მე დედა გავხდი, ამიტომ არანაირი ბოდიში არ გაქვს მოსახდელი, შეცდომა კი ყველას მოსდის, –  უპასუხა მაკამ მშვიდად.
– ესე იგი, მაპატიე?
– მე უკვე გაგეცი ამაზე პასუხი.
– რაც გამშორდი, არავინ გყოლია? – ხმას დაუწია დათომ და თვალები დახარა.
– ამას რამე მნიშვნელობა აქვს? – გაეცინა და გაუკვირდა მაკას.
– პრინციპში, არანაირი. ჩვენ ხომ მხოლოდ ფიქტიური ცოლ-ქმარი ვიყავით.
– მაშინ, უპასუხოდ დავტოვებ შენს პროვოკაციულ შეკითხვას, – წააეჭვიანა ყოფილმა ცოლმა ყოფილი ქმარი.
– იცი, შენ რომ გაგშორდი, დაახლოებით ერთ თვეში მივხვდი, რომ თურმე მიყვარდი. შენ?
– მე არა.
– რა არა? არ გიყვარდი?
– არა.
– მართლა? –  გული დასწყდა დათოს, – რატომ, ლევიკომ შეგაყვარა თავი? – ეს ისე მწარედ იყო ნათქვამი, რომ მაკას გული მოეწურა, შეეცოდა სხვა დროს ამაყი დათო, – თუმცა, ესეც ჩემი ბრალი იყო, მე მივეცი საბაბი.
– რისი საბაბი? – დაინტერესდა მაკა.
და დათომ დაწვრილებით უამბო თავისი და ლევიკოს მაშინდელი დიალოგი, როცა მისმა ძმაკაცმა პირველად ნახა მაკა. მაგრამ მაკას არ სწყენია, რადგან მაშინ ის მხოლოდ ძიძა იყო. უბრალოდ, გაუკვირდა, რადგან არ ეგონა, კაცებსაც თუ უყვარდათ წაჭორავება.
– ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ორივემ დავკარგეთ უახლოესი მეგობრები, – დანანებით თქვა მაკამ.
– ჰო, მაგრამ, ეტყობა, ასე უნდა მომხდარიყო, – დაეთანხმა დათო და გაჩუმდა.
– მაკა, – გაუბედავად წამოიწყო დათომ რამდენიმე წამის შემდეგ, – მე ქეთისგან წამოვედი. ნუ გეშინია, ისეთი უზრუნველყოფილი დავტოვე, პრობლემა არ შეექმნებათ. გაყრაზეც გუშინ შევიტანე განცხადება, ანუ, სულ დავბრუნდი. მიმიღებ?
– ხომ გითხარი, ეს შენი სახლია.
– არა, შენ ვერ გამიგე. მაშინ სხვანაირად გკითხავ: ახლა თუ გიყვარვარ?
მაკას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ეპასუხა, რადგან მართლა არ იცოდა, რა გრძნობა ჰქონდა დათოს მიმართ. კარგა ხანს ფიქრობდა, დათოც მოთმინებით უცდიდა. ბოლოს ქალმა ისევ სიმართლის თქმა ამჯობინა:
– მე შენი ძალიან მადლობელი ვარ, ბევრი რამისთვის გცემ პატივს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მიყვარხარ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
– ესე იგი, იმედი ვიქონიო, რომ შეიძლება, შეგიყვარდე? – გაუხარდა დათოს, – მე ახლა ისე მჭირდება ნამდვილი სიყვარული...
– სიყვარული ყველას სჭირდება, იმედი კი ყოველთვის ყველაზე ბოლოს კვდება, – თქვა მაკამ საკმაოდ გაცვეთილი ფრაზა, თავის ოთახში შევიდა და ისე დაწვა, კარის ჩაკეტვა დაავიწყდა.
იმ წუთებში მაკამ არ იცოდა, შეუყვარდებოდა თუ არა დათო ოდესმე, მაგრამ იმაში კი ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ მარტო ყოფნა აღარც უნდოდა და აღარც შეეძლო, ბავშვს კი დედაც სჭირდებოდა და მამაც. მთავარი კი მაკასთვის მაინც შვილის ინტერესები იყო.
დასასრული

скачать dle 11.3