კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 მკვლელობა ბრალის გარეშე


აგათა კრისტი


​მატარებელი დერბშირისკენ მიჰქროდა. მისტერ პეტერსს  ცოლმა ტელეგრაფით აცნობა, რომ გუშინ ბიძამისი მოკლეს. პუარო ავად იყო, მაგრამ დერბშირში მაინც გაემგზავრა. საქმე საინტერესო ჩანდა. შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა, საქმის ყველა დეტალს პირადად უნდა გასცნობოდა.
ტრაგედია დერბშირის ცენტრში, მონადირის სახლში მოხდა. ნათესავებთან არასდროს ჰქონია კარგი ურთიერთობა. დისშვილთან კი კარგად ეწყობოდა.
– მე ღარიბი კაცი ვარ, – დაიწყო ამბის მოყოლა პეტერსმა. ბევრი არც ჩემს ცოლს აბადია. გათხოვებამდე მსახიობი იყო. ბიძა კი  ნამდვილად მდიდარი გახლდათ. მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა, სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ორი დღის წინ მე და ჩემი ცოლი დაგვარწმუნა, რომ რამდენიმე დღით დერბშირში წავსულიყავით. ჩვენ იმავე დღეს გავემგზავრეთ. გუშინ საღამოს მე ლონდონში დაბრუნება მომიხდა. დღეს დილით კი, ცოლისგან  დეპეშა მივიღე:  სასწრაფოდ ჩამოდი, ბიძია გუშინ საღამოს მოკლესო.
პატარა სადგურ ელმერს დეილზე ჩავიდნენ. მანქანით კიდევ ხუთი მილი გაიარეს და რუხი ქვისგან ნაგებ პატარა სახლთან აღმოჩნდნენ. სახლში ნაცნობი ინსპექტორი ჯეპი დახვდათ.  სახლში შევიდნენ და ცუდად განათებულ ჰოლში აღმოჩნდნენ. ეკონომ ქალს შავი ტანსაცმელი ეცვა. პუარომ მისი გამოკითხვით დაიწყო.
– გუშინდელი დღე ცოტა უცნაურად დაიწყო, ის კაცი სადილის შემდეგ მოვიდა. თქვა, რომ მისტერ პეისის ნახვა სურდა. მას ისეთივე აქცენტი ჰქონდა, როგორიც მისტერ პეისს და ვიფიქრე, რომ ეს მისი ამერიკელი მეგობარი იყო. ამიტომ იარაღების ოთახამდე მივაცილე. თავისი სახელი არ უთქვამს, მაგრამ მაშინ რატომღაც ამას ყურადღება არ მივაქციე. სტუმრის შესახებ მისტერ პეისს ვაცნობე და ისიც მასთან შევიდა. მე სამზარეულოში გავედი. რამდენიმე წუთში გავიგონე, რომ ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, თითქოს ჩხუბობდნენ. მე და მისის პეტერსი ჰოლში თითქმის ერთდროულად გამოვედით. უცებ სროლის ხმა გაისმა. ორივენი საიარაღოს კარს ვეცით, მაგრამ ის ჩაკეტილი აღმოჩნდა, ამიტომ გარეთ გამოვვარდით და სახლს შემოვუარეთ. ფანჯარა ღია დაგვხვდა. ოთახში სისხლის გუბეში მისტერ პეისი იწვა. სტუმარი, ალბათ, ფანჯრიდან გაიქცა. სანამ ჩვენ გარეთ გამოვედით და სახლს შემოვუარეთ, მან მიმალვა მოასწრო.
– როგორ გამოიყურებოდა სტუმარი? – ჰკითხა პუარომ.
– არ არის ადვილი, აღვწერო. არც ისე მოხუცი იყო, მაგრამ არც ისე ახალგაზრდა. ღია ფერის პალტო ეცვა და ამერიკული აქცენტით საუბრობდა, განსაკუთრებული მეტი ვერაფერი შევნიშნე.
პუარომ ეკონომს მისის პეტერსის დაძახება სთხოვა.  მალე ისიც გამოჩნდა. მშვენიერი ქალი იყო. ფირუზისფერ სვიტერსა და  ვიწრო, შავ შარვალში გამოწყობილი.  რომელიც მისი ტანის საოცარ სილუეტს გამოკვეთდა. პუარომ დეტალების მოყოლა სთხოვა.
– ეს ცხრა საათისთვის მოხდა, – თქვა მისის პეტერსმა, – ჩვენ სადილობა ახალი დამთავრებული გვქონდა. ჩემი ქმარი უკვე წასული იყო – 18 საათსა და 15 წუთზე გაემგზავრა. სტუმარზე ვერაფერს გეტყვით, არც კი მინახავს. იგი მის მიდლტონმა შეიყვანა საიარაღოში. ხმამაღალი საუბარი მეც გავიგონე. ჰოლში გავვარდი და კინაღამ მის მიდლტონს დავეჯახე. გასროლის ხმა ერთად გავიგეთ. საცოდავი ძია... პირდაპირ თავში ჰქონდა ნასროლი.
– იარაღი  სად არის?
– კედელზე ჩემი ქმრის ორი ზუსტად ერთნაირი პისტოლეტი ეკიდა. ერთი დაიკარგა. მეორე პოლიციამ წაიღო.
საიარაღოში გავიდნენ.  ამ დროს ჰოლში მისტერ პეტერსი შემოვიდა და ცოლი მისკენ გაიქცა. გვამი ოთახში აღარ იყო. ოთახის დათვალიერებამ განსაკუთრებული შედეგი ვერ გამოიღო. ბინაში საინტერესო არაფერი  იყო. ფანჯრის ქვეშ მიწაც შეამოწმეს,  მაგრამ ისე იყო დატკეპნილი, რომ ამაზე დროის დაკარგვაც არ ღირდა.
ინსპექტორმა ჯეპმა პუარო მორგში წაიყვანა. ჰერინგტონ პეისს კეფა ჰქონდა გახვრეტილი.
– თავიდან ეჭვი მისტერ პეტერსზე  მივიტანე, – თქვა  ჯეპმა, – წარსულში მას რამდენიმე საეჭვო ისტორია უკავშირდება. ოქსფორდში სწავლისას მამამისის ჩეკზე ხელმოწერა გააყალბა. საქმე, რა თქმა უნდა, ჩაფარცხეს. ახლა  ყელამდე ვალებშია ჩაფლული და რაც მთავარია, ანდერძით ყველაფერი მას რჩება. მოტივი არის. ბუნებრივია, ეჭვი უპირველესად მისკენ მიდის.  ამიტომაც არ ვაცადე სახლში შესვლა. მანამდე მინდოდა მასთან გასაუბრება, ვიდრე ცოლს ნახავდა. მაგრამ მათი ჩვენებები დაემთხვა. იგი მართლაც შვიდის 15 წუთზე გაემგზავრა. ლონდონის ვაგზლიდან კი პირდაპირ კლუბში წავიდა. წარმოუდგენელია მას  შავი წვერის მიწებება და საკუთარი ბიძის მოკვლა მოესწრო. როდესაც მკვლელობა მოხდა, პეტერსი მატარებელში იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ მკვლელი მისტერ პეისის ამერიკელ ნაცნობებს შორის უნდა ვეძებოთ.
მეორე დღეს მეტად უცნაური რამ მოხდა – ფაქტობრივად, სენსაცია:  ილინგის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ვაგზალთან ახლოს, რელსებთან ქაღალდში გახვეული პისტოლეტი იპოვა. საღამოსთვის უკვე დადგენილი იყო, რომ საწყალი მოხუცი სწორედ ამ  იარაღით მოკლეს. მას  ზუსტად ერთი ტყვია აკლდა. მაგრამ პუარო მოულოდნელად, მეტად უცნაური, ერთი შეხედვით, საქმესთან არანაირი კავშირის მქონე წვრილმანებით დაინტერესდა –  რანაირი კაბები  ეცვათ ქალებს მკვლელობის დღეს.
ქალების ტანსაცმლისამდი გამოჩენილი ასეთი ინტერესი ინსპექტორმა ხუმრობად მიიჩნია, მაგრამ მაინც დაეხმარა დეტალური აღწერილობის შედგენაში.  11 საათზე პუარომ ისაუზმა და ჯეპს განუცხადა: ვიდრე გვიან არ არის, ეკონომი დააპატიმრეო.
ჯეპმა ჯერ გაოცება ვერ დამალა, მაგრამ მერე იფიქრა,  პუარო ტყუილად არაფერს იტყოდაო და გადაწყვიტა, ეკონომისთვის მეთვალყურე მიეჩინა, რაც დეტექტივმა გააპროტესტა. მაგრამ პოლისმენმა აუხსნა, რომ სამხილის გარეშე მას ვერ დააპატიმრებდა. მაგრამ  დააგვიანა.  მისის მიდლტონი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გაიგეს. მისის პეტერსმა კი სიმართლე მხოლოდ ამის მერე  მოყვა:  
– მე ის სამი კვირის წინ დავიქირავე. მისის სელბურნის სააგენტოდან გამომიგზავნეს. უნდა ითქვას, რომ რამდენიმე ქალი გამოგზავნეს, მაგრამ მისის მიდლტონი ყველაზე მეტად მომეწონა.  თან, ისეთი რეკომენდაციები ჰქონდა... მაშინვე ავიყვანე.
საქმე კიდევ უფრო ჩაიხლართა. გასაგები იყო, რომ თავად ეკონომი მკვლელობას ვერ ჩაიდენდა – იმ დროს ჰოლში მისის პეტერსთან  ერთად  იყო.
სააგენტოდან მოსულმა პასუხმა პუაროს ეჭვები დაადასტურა. მათ სიაში მისის მიდლტონი არ ფიგურირებდა. მისის პეტერსისგან  მოთხოვნა ნამდვილად მიიღეს და რამდენიმე ქალიც გაუგზავნეს. მან მომსახურებისა გადაიხადა, მაგრამ იმის შეტყობინება დაავიწყდა, სამსახურში რომელი მათგანი აიყვანა.
პუარო ლონდონში დაბრუნდა და ბუხართან, სავარძელში მოკალათდა, ჰასტინგსს გახედა და მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა.
– მონ ამი, ჰასტინგს! როგორ ხასიათზე ხართ? გამოძიებისგან სიამოვნება მიიღეთ?
– პუარო, წამოიძახა ჰასტინგსმა, – ეს დანაშაული საიდუმლოებითაა მოცული! მას ვერასდროს გახსნით.
– რაო?  მეგობარო. მე ვიცი, ვინ მოკლა ჰერინგტონ პეისი. თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ახლა სხვა რამ მადარდებს...
– იცით?!  რანაირად,  როგორ გაარკვიეთ?
– მივყვეთ თანმიმდევრობით: მისტერ ჰერინგტონ პეისს სოლიდური ქონება ჰქონდა, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ მის დისშვილს რჩებოდა – ეს პირველი. ცნობილია, რომ  მის დისშვილს მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა – ეს მეორე. ასევე ცნობილია, რომ მისი დისშვილი მორალური პრინციპებისადმი დიდი ერთგულებით არ გამოირჩეოდა – ესეც  მესამე.
– კი მაგრამ, უკვე დადასტურებულია, რომ როჯერ პეტერსი მკვლელობის დროს მატარებელში იყო.
– რა თქმა უნდა. აქედან ჩვენ ვასკვნით, რომ მისტერ პეტერსს არ შეეძლო ბიძისთვის ესროლა, მაგრამ სახლში მისის პეტერსი  იყო.
– ეს შეუძლებელია! გასროლის დროს ქალი მარტო არ იმყოფებოდა. მასთან ერთად ეკონომი ქალი იყო.  
– რომელიც გაქრა, არა? მისი ფუნქცია მხოლოდ მისის პეტერსისთვის ალიბის შექმნა იყო. მას ვერავინ ვერასოდეს იპოვის, რადგან ის სინამდვილეში არც არსებობს.
– რას ნიშნავს არ არსებობს. ჩვენ ხომ ის ვნახეთ?!
– ძვირფასო, მისის პეტერსი, იგივე ზოია მევერინგი,  გათხოვებამდე მსახიობი იყო. ჩვენ ეკონომი მხოლოდ ნახევრად განათებულ ჰოლში ვნახეთ. გაიხსენეთ, არც თქვენ, არც მე და არც ჯეპს მისის მევერინგი და მისი ეკონომი ერთად არ გვინახავს. ჭკვიანი ქალისთვის ეს მხოლოდ ბავშვური გასართობი იყო. იმის მომიზეზებით, რომ დიასახლისისთვის უნდა დაეძახა, იგი ზევით ადიოდა, შავი კაბის მაგივრად მყვირალა ფერის სამოსს იცვამდა, პარიკს იკეთებდა, ქუდს იხურავდა, ძველ გრიმს იშორებდა და მომხიბვლელი ზოია დაბლა ჩამოდიოდა.
– რაც შეხება, პისტოლეტს, რომელიც ილინგში იპოვეს? მისის პეტერსს მისი იქ დაგდება არ შეეძლო.
– არა. ეს უკვე მისმა ქმარმა გააკეთა  და სულ ტყუილად. სწორედ რელსებთან დაგდებულმა პისტოლეტმა დამაყენა სწორ კვალზე. ადამიანი, რომელიც ხელში შემთხვევით მოხვედრილ იარაღს გამოიყენებს, მას იქვე აგდებს.  ლონდონში   ნამდვილად   არ წაიღებს. გასაგებია, რომ  მათ სურდათ, პოლიციის ყურადღება დერბშირისგან შორს გადაეტანათ. რა თქმა უნდა, ის პისტოლეტი, რომელიც ილინგში იპოვეს სულაც არ არის ის, რომლიდანაც მისტერ პეისი მოკლეს. როჯერ პეტერსმა  ერთხელ ჰაერში გაისროლა, პისტოლეტი ლონდონში ჩამოიტანა, ვაგზლიდან პირდაპირ კლუბში წავიდა (რადგან ალიბის დამტკიცება შესძლებოდა), შემდეგ კი ელექტრომატარებლით სასწრაფოდ ილინგში გაემგზავრა. ამ მოგზაურობამ მხოლოდ ოცი წუთი წაართვა. პაკეტი დააგდო და ლონდონში დაბრუნდა. იმ მშვენიერმა ქალმა კი სადილობის შემდეგ, მისტერ პეისს უკნიდან წყნარად ესროლა.  შემდეგ ისევ დატენა იარაღი, კედელზე ჩამოკიდა და მთელი ეს კომედია გაითამაშა. ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა, მაგრამ მთელი პრობლემა იცით რაშია? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წყვილი სასამართლოს წინაშე წარსდგეს? მე ჯეპს ყველაფერი მივწერე, მაგრამ ვშიშობ, რომ მოგვიწევს მათი ბედი უფლის სამსჯავროს მივანდოთ.
პუაროს შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდა. პოლიციამ დაპატიმრებისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოგროვება ვერ მოახერხა. მისტერ პეისის უზარმაზარი ქონება მის მკვლელებს დარჩათ, მაგრამ  შურისძიება, ანუ უფლის სამართალი მაინც აღსრულდა.  მისტერ და მისის პეტერსების  ტრაგედიის შესახებ   პუარომ საგაზეთო ქრონიკებიდან ამოიკითხა. ეჭვიანმა ქმარმა ჯერ ცოლი გამოასალმა სიცოცხლეს, მერე კი თავი მოიკლა სწორედ იმ პისტოლეტით, რომელიც მისი ბიძის მკვლელობის შემდეგ კედელზე ეულად ეკიდა.
    თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3