კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№9 როგორ გამოიხსნა სტალინმა დიმიტროვი ჰიტლერის კლანჭებიდან

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

უდავო ფაქტია, რომ სტალინი პოლიტიკურად დიდად შორსმჭვრეტელი იყო. თავის მემუარებში ტყუილად როდი უწოდა მას ჩერჩილმა „პოლიტიკის გროსმაისტერი“. სიმართლეა ისიც, რომ საბჭოთა ბელადი არასდროს ტოვებდა გასაჭირში თავის მეგობრებს, მით უმეტეს, პოლიტიკურ მეგობრებს და აბსურდულია იმის მტკიცება, რომ თითქოს სტალინი თავის მეგობრებს საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად სწირავდაო... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ტიხონ პასკალევსკი წერს: „ტროცკი ამტკიცებდა, რომ თითქოს სერგეი კიროვის მკვლელობაც სტალინის მოწყობილი იყო. ასეთი რამ კი იმისთვის დასჭირდა, რომ ტროცკისტები გაენადგურებინაო. ეს აბსოლუტური სისულელეა და გაბოროტებული, დამარცხებული ტროცკი ელემენტარულად ჩირქს სცხებდა სტალინს და მის დისკრედიტაციას ცდილობდა. სინამდვილეში, სტალინი არასდროს სწირავდა თავის მეგობრებს, თუნდაც ქვეყნის წამიერი ინტერესების გამო და ყოველთვის მათ გვერდით იდგა. მით უმეტეს, ქომაგობდა და ეხმარებოდა გაჭირვებაში, ხიფათში ჩავარდნილებს და მათ გამოსახსნელად ყველა საშუალებას იყენებდა. ამის ნათელი დასტურია გიორგი დიმიტროვთან დაკავშირებული ისტორია. იგი საბჭოთა ბელადმა ჰიტლერის კლანჭებიდან გამოიხსნა და ამით, ერთი მხრივ, მეგობრებისადმი მხარდაჭერის მაგალითი აჩვენა, მეორე მხრივ კი, ის პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა გამოავლინა, რის გამოც ჩერჩილმა მას თავის მემუარებში „პოლიტიკის გროსმაისტერი“ უწოდა. პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „1933 წლის თებერვალში ნაცისტებმა გიორგი დიმიტროვი, სხვებთან ერთად, რაიხსტაგის დაწვის ბრალდებით დააპატიმრეს და გერმანიაში არსებული კანონის თანახმად, თუკი მას დანაშაული დაუმტკიცდებოდა, სიკვდილით დასჯიდნენ. იმ პერიოდში მე „გეპეუს“ საზღვარგარეთის განყოფილებაში ვმუშაობდი და სწორედ მაშინ შევხვდი პირველად სტალინს. როდესაც მითხრეს, თუ ვისთან ვიყავი დაბარებული, გამიკვირდა, მაგრამ გამოცნობა არც მიფიქრია და მას კრემლში ვეახლე. საბჭოთა ბელადი შუა ოთახში შემომეგება. ხელი ჩამომართვა, სავარძელზე მიმითითა – დაჯექიო და მითხრა:
– ამხანაგო სუდოპლატოვ, თქვენზე მითხრეს, რომ დივერსიების მოწყობისა და ადამიანების გატაცების საქმეში ბადალი არ ჰყავსო. მართალია?
– ამხანაგო სტალინ, ჯერჯერობით მე და ჩემს მეგობრებს ხელმძღვანელობის არცერთი დავალება არ ჩაგვიფლავებია, – მივუგე სტალინს.
– ჰოდა, იმედია, არც ჩემს დავალებას ჩააფლავებთ და მოწოდების სიმაღლეზე იდგებით, – მითხრა სტალინმა. პაუზა გააკეთა, შემათვალიერა და დაამატა, – შეიძლება, ერთი კაცისა და მისი მეგობრების მოტაცება დაგავალოთ გერმანიის ციხიდან და ამიტომ გიხმე.
ერთი სიტყვით, სტალინმა მითხრა, რომ გიორგი დიმიტროვი, ბლაგოი პოპოვი და ვასილ ტანევი იყვნენ ის ხალხი, ვინც მე და ჩემს მეგობრებს საჭიროების შემთხვევაში, ტყვეობიდან უნდა გამოგვეხსნა. მაშინ დიმიტროვი მხოლოდ ადამიანთა მცირე წრისთვის იყო ცნობილი და მან მსოფლიო სახელი „ლაიფციგის პროცესზე“ გაითქვა. სტალინს, რა თქმა უნდა, დასტური მივეცი და ოპერაციისთვის მზადება დავიწყეთ. მაგრამ მათი ციხიდან გატაცება საჭირო აღარ გახდა...“
გიორგი დიმიტროვი „კომინტერნის“ აგენტი იყო. სტალინის პირადი დავალებით ის 1929 წლიდან გერმანიაში იმყოფებოდა და ინკოგნიტოდ ბერლინში ცხოვრობდა. საიდუმლო ცნობებში, რომლებსაც საბჭოთა დაზვერვა სტალინს აწვდიდა, დიმიტროვი მოხსენიებული იყო ფსევდონიმით „ბრილიანტი“. 27 თებერვალს დიმიტროვი რაიხსტაგის დაწვის ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა სტალინმა არ იცოდა, მონაწილეობდა თუ არა დიმიტროვი რაიხსტაგის დაწვაში და სწორედ ამიტომ დაავალა სუდოპლატოვს მოტაცების  ოპერაციის მომზადება. თუმცა, როდესაც შეიტყო, რომ „ბრილიანტი“ და მისი ჯგუფი რაიხსტაგის დაწვაში არ მონაწილეობდნენ, მათ გამოსახსნელად სხვა, ბევრად უფრო მომგებიანი გზა მოძებნა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „დიმიტროვს პირადად ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ის ნაცისტებმა დააპატიმრეს. სტალინმა თავისთან დამიბარა და მითხრა, რომ „გეპეუს“ დიმიტროვისა და მისი ორი მეგობრის ციხიდან გატაცების ოპერაციის მომზადება დაავალა. შემდეგ კი გაიგო, რომ ისინი უდანაშაულოები იყვნენ და ძალისმიერი აქციისგან დროებით თავს შეიკავებდა. სამაგიეროდ, ერთი იდეა ჰქონდა. სტალინმა მითხრა:
– დიმიტროვი გონიერი კაცია. ჭკუაც უჭრის და ენაც. ამიტომ ვფიქრობ, უკეთესი იქნება, რომ მან სასამართლოზე იქით მოუწყოს ნაცისტებს სასამართლო და მთელს მსოფლიოს დაანახვოს, თუ ვინ არიან ჰიტლერი და კომპანია.
– კი მაგრამ, ეს როგორ უნდა მოხდეს? – მხრები ავიჩეჩე მე.
– ძალიან ჩვეულებრივად. ჰიტლერი ღია პროცესის მოწყობას აპირებს, რომელსაც რადიოთი გადასცემენ. დიმიტროვს კი ჩვენი კაცის დახმარებით შევატყობინებთ, რომ მის გვერდში ვართ და რომ იტყვიან, „ბოლომდე მიაწვეს“, – მიპასუხა სტალინმა.
და, მართლაც, „ლაიფციგის პროცესი“ გიორგი დიმიტროვის აღმაფრენის პერიოდად იქცა და მთელი მსოფლიოს წინაშე ამხილა ჰიტლერი და ბანდა. ხოლო ამის იდეა კი ექსკლუზიურად სტალინს ეკუთვნოდა...“
სტალინის იდეამ სრული გამარჯვება მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ ტრიუმფატორი გიორგი დიმიტროვი იყო, მთელმა მსოფლიომ იცოდა – დიმიტროვს სტალინი უმაგრებდა ზურგს. რაც საბჭოთა ბელადის დიდი გამარჯვება და პოლიტიკური წარმატება იყო, ეს რა თქმა უნდა, ჰიტლერმაც კარგად უწყოდა. ამიტომ, ფიურერის ბრძანებით, დიმიტროვი და მისი მეგობრები კვლავ გერმანიის ციხეში რჩებოდნენ. აქ სტალინმა კიდევ ერთი ჭკვიანური სვლა გააკეთა – დიმიტროვსა და მის მეგობრებს საბჭოთა მოქალაქეობა მიანიჭა და ჰიტლერს მათი გადმოცემა მოსთხოვა. 1934 წელს ჰიტლერს საერთაშორისო ასპარეზზე ჯერ კიდევ არ გააჩნდა გავლენა და სტალინის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბულგარელები საბჭოთა კავშირში გაუშვა... მათ გმირებივით შეხვდნენ. სტალინმა სამივე პირადად მიიღო და ესაუბრა. შემდეგ სხვადასხვა თანამდებობებიც უბოძა. ომის დროს კი სტალინმა დიმიტროვის ავტორიტეტი გამოიყენა. მისი მეშვეობით ბულგარელთა არმია შექმნა, რომლებიც თავგამოდებით ებრძოდნენ ფაშისტებს. ამგვარად, სტალინმა არც მეგობრები მიატოვა გასაჭირში და მომავალ დიდ ომში საიმედო მოკავშირეებიც „დაიბევა“. ამით კი ასი პროცენტით გაამართლა „პოლიტიკის გროსმაისტერის“ ჩერჩილისეული შეფასება“.
скачать dle 11.3