კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როგორ შეიცვალა ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის ცხოვრება ქორწინების შემდეგ და რა ამოწურეს მათ დაოჯახებამდე

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

ახმეტელის თეატრის მსახობებს, ანდრია გველესიანსა და მაიკო ვაწაძეს ქორწინების ერთი წელი შეუსრულდათ. ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია ყველასთვის ცნობილია.  როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ქორწინების შემდეგ და რა სიახლეები აქვთ შემოქმედებითი თვალსაზრისით, რეპეტიციიდან გამოპარულებმა, თავად გვიამბეს:
მაიკო: ამ ეტაპზე „მეფე ლირზე“ ვმუშაობთ. პრემიერა მარტის შუა  რიცხვებში იგეგმება და ჩვენც დიდი მონდომებით ვემზადებით.
ანდრია: თეატრის კუთხით ეს სიახლეა. თუმცა, აქამდეც გვქონდა წარმატებული პრემიერები. უკანასკნელი იყო „ჰელადოსი“, რომელიც აზერბაიჯანელმა რეჟისორმა, ირადა გოზალოვამ დაგვიდგა და ძალიან გაამრთლა – დღემდე ყველა სპექტაკლი ანშლაგით მიდის. იგივე იყო „ბრუტუსის“ შემთხვევაშიც – აიტაცა მაყურებელმა. იმდენად ჩართულები ვართ ამ პროცესში, თავისუფალი დრო ნაკლებად გვრჩება. ახლაც, ინტერვიუ რომ მოგვეცა, რეპეტიციიდან გამოვიპარეთ (იცინის).
– მუსიკის მხრივ სიახლე გაქვთ? ამ სფეროშიც ერთად მუშაობთ, ხომ?
– რა თქმა უნდა, სიახლე მაქვს. ძალიან გამიმართლა, რომ მაიკო ჩემი მეუღლეა – როგორც მსახიობი, მონაწილეობას იღებს ჩემს კლიპებში. თუმცა, მხოლოდ ამიტომ არა, ზოგადად გამიმართლა მასში. რაც შეეხება კლიპებს, ჩემი სამივე საავტორო სიმღერა მაიკოს ეძღვნებოდა და ბუნებრივია, მას უნდა ეთამაშა. პირველი იყო „ჩემო გოგონა“, რომელიც თბილისის ქუჩებში გადავიღეთ და საკმაოდ პოზიტიური გამოვიდა. მეორე – „თოლია“, სადაც ხელი ვთხოვე, ხოლო, მესამე სიმღერის კლიპი მალდივებზეა გადაღებული. ერთი თვე მოგვიწია იქ ყოფნა. მაიკო ძალიან მეხმარებოდა, რადგან თავად ვიყავი რეჟისორი. ჩვენვე ვიღებდით და კადრებსაც ერთად ვარჩევდით. ნამდვილად საინტერესო პროცესი იყო.
– როგორია ერთად მუშაობის პროცესი?
მაიკო: ძალიან კომფორტულია. ჩვენ ხომ ჯგუფელები ვიყავით და ისედაც ერთად გვიწევდა მუშაობა. თან, თითქმის სულ პარტნიორები ვართ.
ანდრია: მეორე კურსზე ვიყავით „რომეო და ჯულიეტას“ ნაწყვეტები რომ ვითამაშეთ და იქიდან მოყოლებული, პარტნიორები ვართ. ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, როგორც მსახიობი – მსახიობს და ეს კარგია ნებისმიერი კუთხით, არ აქვს მნიშვნელობა კინო იქნება, კლიპი თუ თეატრი.
– ერთი პროფესია თანაცხოვრებაში ხომ არ გიშლით ხელს?
მაიკო: ხშირად გვიწევს ერთად ყოფნა, თეატრში თუ მის გარეთ და ეს ჩემთვის ნამდვილად ფუფუნებაა. ყოველთვის ვამბობ, რომ არ ვყოფილიყავი მსახიობი და ერთი პროფესია არ გვქონოდა, ალბათ, უფრო მეტად გამიჭირდებოდა გაგება. ასე ბევრად კომფორტულია ჩემთვის. მარტივად მესმის მისი, თუნდაც გასტროლების საკითხში. როცა თავად ანალოგიურ მდგომარეობაში ვარ, მინდა, რომ გამიგოს, ამიტომ  მეც ვუგებ (იცინის).
ანდრია:  ხშირად მარტო მიწევს გასტროლზე წასვლა ან მხოლოდ ჩემი მუსიკალური პროექტია, მაგრამ ეს პრობლემას არ გვიქმნის. ძირითადად ერთად ვმუშაობთ. ეს ყოველივე  დადებითად მოქმედებს ჩვენზე. რეალურად ამას პროფესიონალიზმი ჰქვია, შენი პროფესიის პატივისცემა. ეს, ჯერ კიდევ, თეატრალურის პერიოდში ვისწავლეთ.
– ერთი წელი გავიდა, რაც დაოჯახდით, როგორ შეაფასებთ თქვენს თანაცხოვრებას?
– ერთი-ორი დღის წინ რომ გეკითხათ, რამდენი ხანია, რაც დაქროწინდითო, გეტყოდით, სადღაც ექვსი თვეა-მეთქი. ისე უცებ გავიდა ეს ერთი წელი, ვერც ვიგრძენით. რომ ამბობენ ხოლმე, 15 წლის ცოლ-ქმარი ვართ, 30 წლის იუბილე აღვნიშნეთო და ასე შემდეგ,  ერთი შეხედვით, ბევრი გვგონია, მაგრამ, თურმე, ძალიან მალე გადის დრო.
მაიკო: ჩემს შემთხვევაში არაფერი  შეცვლილა, როგორიც იყო ანდრია, ისეთივე დარჩა. უფრო მეტად შემიყვარდა და გაცილებით მეტ პატივს ვცემ. მართლა ასეა, ძალიან კარგად ვართ და ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე. ოღონდ, იმედია, დრო ასე მალე არ გავა (იცინის).
– როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება? კამათობთ ხოლმე?
ანდრია: დაოჯახებამდე ჩვენ იმდენად ბევრი ვიკამათეთ, რომ ყველა თემა ამოვწურეთ (იცინის). ზოგადად, ორივე ემოციური ვართ. არაფერზე ვკამათობთ.

მაიკო: ასე კონკრეტულად არაფერი მახსენდება. არაფერზე ავყვებით ხოლმე ერთმანეთს (იცინის). ძალიან ჯიუტი ვარ და არ მიყვარს დათმობა, ანდრიაც ასეთია. ერთადერთი ეს არის.
ანდრია: მადლობა მაიკოს, რომ ბევრ რამეს მითმობს (იცინის). ურთიერთობაც ეს არის, ხან ერთი ვთმობთ, ხან – მეორე.
– როგორ აღნიშნეთ ერთი წლის იუბილე?
– თეატრში, რეპეტიციაზე (იცინის). გვინდოდა სადმე წასვლა, მაგრამ იმდენად დაღლილები ვიყავით, ერთმანეთს რომ გადავხედეთ, სახლში დარჩენა ვამჯობინეთ. ისე ვფიქრობდით, მეჯვარეებთან ერთად მაინც აღგვენიშნა, მაგრამ ვერ შევძელით.
მაიკო: სახლში წითელი ღვინით აღვნიშნეთ და ჩვენი საყვარელი საჭმელები გამოვიძახეთ  – სუში და პიცა (იცინის).
– მაიკო, როგორი მეუღლეა ანდრია? სიურპრიზები უყვარს?
– ანდრიას თავიდანვე უყვარდა ჩემი გახარება და დღე არ გადიოდა, რაღაც რომ არ გაეკეთებინა. ახლა სულ ერთად ვართ და სიურპრიზები ისე ხშირად ვერ ხერხდება, როგორც ადრე, თუმცა, მაინც ცდილობს, თუნდაც მცირედით გამახაროს. ეს შეიძლება იყოს ყვავილი ან ნებისმიერი რამ, რაშიც ჩემ მიმართ ყურადღებას გამოხატავს.
– როგორი კულინარია მაიკო?
ანდრია: ძალიან მაგარი კულინარია. კუბდარს აკეთებს სასწაულად. ჯერ კიდევ მეგობრობის პერიოდში ცნობილი იყო მისი კერძები და ამით სულ გამოირჩეოდა. თავისი გაკეთებული ხინკალი და კუბდარი მოჰქონდა ხოლმე ჯგუფელებისთვის (იცინის).  უყვარს ეს სფერო. მე არ გამომდის, მაქსიმუმ – კვერცხი შევწვა ან ჩაი ავადუღო.
– ანდრია თუ გეხმარება ხოლმე სამზარეულოში?
მაიკო:  თავად არ მინდა დამეხმაროს. რამდენჯერაც გადაწყვიტა, იმდენჯერ რაღაც მოხდა (იცინის). ძალიან ნელია, მე კი უცებ-უცებ ვამზადებ. თან ისეთ დროს მივდივართ ხოლმე სახლში, სწრაფად რომ უნდა გააკეთო, ამიტომ მირჩევნია, მარტომ მოვამზადო. თუმცა, დახმარების სურვილი აქვს ხოლმე.
– ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, არ ეჭვიანობ?
– ალბათ, ეჭვიანობის მომენტი ადამიანს მაშინ უჩნდება, როცა მისი მეორე ნახევრიდან ხედავს რაიმე ინიციატივას. თორემ ისე, უნდა მისწერონ და უნდა ჰყავდეს თაყვანისმცემლები. ეს კარგიც არის, რადგან მსახიობს სჭირდება გულშემატკივარი. ხელოვანი ადამიანისთვის ეს აუცილებელია. ეჭვიანობა უფრო ადრე იყო, სულ თავიდან, როცა კარგად არ ვიცნობდი და ბოლომდე არ ვიყავი მასში დარწმუნებული. მერე, უკვე რომ გავიცანი, ეს მომენტიც გაქრა.
ანდრია: ახლა ორივე იმ ეტაპზე ვართ, ეს პერიოდი რომ გამოვიარეთ. ჯერ კიდევ, 2011 წელი იყო, „ჯეოსტარის“ პერიოდი, როცა საზოგადოებამ გამიცნო და მაშინ დაიწყო  „ფეისბუქი“, მესიჯები და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ეგუები, ეჩვევი და შენი ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი ხდება. ეს ყოველივე უარყოფითად არანაირად არ მოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე. როგორც მე მყავს თაყვანისმცემლები, ისე ჰყავს მაიკოსაც, ისიც მსახიობია. თითოეულ არტისტს უნდა ჰყავდეს  გულშემატკივარი და მიმდევარი.
– ბავშვის საკითხი ჯერ არ განიხილება?
– ამ თემაზე არ ვსაუბრობთ ხოლმე.  ჯერ ახალგაზრდები ვართ და არ ვფიქრობთ. ამ ეტაპზე პრიორიტეტული უფრო ჩვენი კარიერაა.
მაიკო: მაინც ღმერთის ნებაა ყველაფერი. ჯერ სხვა მიზნები გვაქვს.
– მაიკო,  ქმრის ძმაკაცების, ლუდის სმის, შეკრებების და მსგავსი თემების მიმართ როგორ ხარ განწყობილი? ცოლების ნაწილს მსგავსი სიტუაციები აღიზიანებთ...
– სხვათა შორის, ასეთი სიტუაციები ძალიან მიყვარს. თან, ყველა საერთო მეგობარი გვყავს. სამწუხაროდ, ანდრიას იმდენად არ აქვს დრო, რომ ვერ ნახულობს თავის მეგობრებს და ასეთი სიტუაციებიც ხშირად არ არის.
ანდრია: დროის უქონლობის გამო, მეგობრები თეატრში, კონცერტზე ან სახლში გვაკითხავენ ხოლმე. ჩვენ ბავშვობიდან მოგვყვებიან მეგობრები, რომლებთანაც სულ კავშირი გვაქვს. ორივეს გვიყვარს სახლში ძველებურად ქეიფი. როცა  სტუმრები გვყავს, იმაზე ვზრუნავთ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს. მეგობრულ საღამოებსაც ერთად ვატარებთ. თავისუფალ დროს  ვცდილობთ, ქალაქიდან გავიდეთ, განვიტვირთოთ. მიყვარს ბუნება და ლაშქრობა ჩემი ერთ-ერთი ჰობია. სიმარტოვეც გვიყვარს, მაგრამ მეგობრული სიტუაციის შესაქმნელად ყოველთვის მიგვყავს ვინმე.
რა არის მთავარი იმისთვის, რომ ურთიერთობა მხოლოდ ცოლქმრობის სტატუსის ქვეშ არ მოექცეს?
მაიკო:  ჩვენ ცოლ-ქმარიც ვართ, მეგობრებიც, შეყვარებულებიც და ყველაფერი. მთავარია, გულწრფელი და ერთგული იყო. ჩემსა და ანდრიას შორის მეგობრობა ყველაზე მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ჩვენ მეგობრები ვართ.
ანდრია: ყოველთვის მეგობრობიდან იწყება ყველაფერი. ჩვენი სიყვარულის გასაღებიც ეს იყო. დღესაც შეყვარებულები ვართ. ჩემთვის არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ერთ ჭერქვეშ დავიწყეთ ცხოვრება. ცოლი-ქმარი სტატუსია, რისი მოხარულიც ვარ, თუმცა – „ჩემო ცოლო“, ასეთი რამ არასოდეს მქონია. ჩემი გოგონა და მორჩა. მეუღლეც კარგად ჟღერს, მაგრამ, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, წყვილი შეყვარებულებად დარჩეს. ცოლქმრობის სტატუსის მერე ურთიერთობა ჩარჩოებში არ უნდა მოექცეს.
скачать dle 11.3