კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 დაზღვევის გარეშე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #7(946)

– ზურაბს ხელ-ფეხიდან ბორკილები მოხსნეს.
– გამარჯობა, ძმაო და ძველო კოლეგავ, – უთხრა მას კასრაძემ, აბა, რა ხდება, რატომ აპირებ ჩემს ლიკვიდაციას? ყოფილი კოლეგების ენაზე გელაპარაკები, ხვდები, ხომ?
– დამცინი.
– საიდან მოიტანე?
– მაშინ რატომ მეკითხები ჩემს მოკვლას რატომ აპირებო?
– მაინტერესებს და იმიტომ.
„რუხმა“ კასრაძის ირგვლივ შეკრებილ ათიოდე მცველს ირონიით გადაავლო თვალი და ყოფილ კოლეგას მიუგო:
– ამ გორილებით ხარ მაგარი და ასე აგდებულად ამიტომ მელაპარაკები. თუ ვაჟკაცი ხარ, პირისპირ დამელაპარაკე – ერთი ერთზე და ყველაფერს „გაგიიასნებ“.
– ზურა, ტყუილად ფიქრობ, რომ შენი ცოლ-შვილი მე დავხოცე.
– აბა, ვინ ქნა ეს?
– არ ვიცი.
– იქნებ, არც შენი ბრძანებით დამირეკეს და საშინელი შურისძიებით დამემუქრნენ?
– რა თქმა უნდა, არა. თუკი შურისძიებას ვგეგმავდი, ამის შესახებ წინასწარ რატომ გაგაფრთხილებდი? მით უმეტეს, კარგად გიცნობ და ვიცი, რისი მაქნისიც ხარ. ყველაზე მთავარი კი ამ ამბავში ისაა, რომ ჩემი მტრების ოჯახის წევრებზე არასდროს ვიძიებ ხოლმე შურს.
– მაბოლებ, ხომ და გინდა, დამაჯერო, რომ კეთილშობილი ხარ?
„ბოჩკას“ ჩაეცინა და „რუხს“ უთხრა:
– არა, ძმაო, სულაც არ ვარ კეთილშობილი ადამიანი და ჩემს მტრებს მეორე ლოყას არასდროს ვუშვერ. მაგრამ ჩამოყალიბებული პრინციპები მაქვს, რომლებსაც არასდროს ვარღვევ და ერთ-ერთი ამ პრინციპთაგანია, რომ ჩემი მტრების ოჯახის წევრებს არ შევეხო. თანაც, ზუსტად „გავაიასნე“ ყველაფერი და დანამდვილებით ვიცი, რომ შენ წარმოდგენაც არ გქონდა, ის ტრაილერი მე რომ მეკუთვნოდა. ასე არაა?
– კი. ასეა. მაგრამ, რომც მცოდნოდა, ეს არაფერს შეცვლიდა და შედეგი მაინც იგივე იქნებოდა.
– ანუ, შენ მაინც ააფეთქებდი ოცდახუთმილიონიან „ტავარს“?
– კი.
– გულახდილობისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ შენთან ერთი შეკითხვა მაქვს.
– რა შეკითხვა?
– რა, ძმაო და ამ უმადურ ნაძირლებს თავს რატომ აკლავ და ჩემნაირ გავლენიან, ძლიერ მტრებს რატომ იჩენ?
– ძალაუნებურად მაინც გამოტყდი და აღიარე, რომ ჩემი მტერი ხარ, ხომ? – ჩაეცინა კაშიას.
„ბოჩკამ“ ყველა პირადი მცველი ოთახიდან დაითხოვა. კაშიასთან პირისპირ დარჩა და უთხრა:
– მოწმეების გარეშე ვილაპარაკოთ.
– ვილაპარაკოთ.
– ჩემს კითხვაზე მიპასუხე.
– პირველ რიგში, დამიკონკრეტე, ვის გულისხმობ უმადურ ნაძირლებში.
– შენს უფროსობას და საერთოდ, ყველა იმ ზემდგომს, ვისაც შენი სიცოცხლე ჩირადაც არ უღირს და ნებისმიერ დროს გაგწირავს, როცა ეს დასჭირდება. გასწირავს შენს ოჯახსაც და შენც, სწორედ, ასეთი რამე დაგემართა.
თავისი ოჯახის ხსენებაზე კაშიას თვალები აუცრემლიანდა, მაგრამ თავი შეიკავა. ამოიხვნეშა და „ბოჩკას“ უთხრა:
– ჯერ ერთი, ის, რომ ყველა ნაძირალა არაა და თითო-ოროლა თუ ეგეთი გამოერია, მთელი სისტემა არ უნდა გაილანძღოს. რაც შეეხება გავლენიანი მტრების გაჩენას, ასეთია ჩემი პროფესია და ეს ჩემთვის არავის დაუძალებია.
– სწორედაც რომ, მთელი სისტემაა ეგეთი და მგლის ხროვაზე უარესია. ეს მე საკუთარ თავზე ვიწვნიე და შენც კარგად იცი.
– გეთანხმები. უსამართლოდ მოგექცნენ, მაგრამ რატომ არ იბრძოლე, რატომ არ დაამტკიცე შენი სიმართლე? ბრძოლის მაგივრად ფეხი დაჰკარი და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრე. ბოლოს კი იქ ხარ, სადაც ხარ და ამით იმათ წისქვილზე დაასხი წყალი, ვინც შენ ცილი დაგწამა.
– ბრძოლას ძალა სჭირდება, მაშინ კი ასეთი ძალა არ გამაჩნდა. მოსყიდული, გათახსირებული ჟურნალისტებისთვის კი ინფორმაცია რომ მიმეცა, მანამდე ამაორთქლებდნენ და სიმართლეს ვერავინ გაიგებდა. აი, სწორედ ამიტომ გესესხე სამასი დოლარი. რუსეთში გავემგზავრე და ძალა გავხდი.
– ნარკოტიკებითა და იარაღით მოვაჭრე ძალა, რომლის შემოსავალიც უამრავი ადამიანის მოსპობილ სიცოცხლესა და გაუბედურებაზეა დამოკიდებული?
– ეს ბიზნესია, ჩემო ძმაო და მეტი არაფერი.
– კინოფილმების ციტატებით მელაპარაკები?
– რა, ტყუილია?
– ამ სიმართლეს შენ და შენნაირები ქმნით.
– გეშლება. ეს რეალობა ჩვენამდე დიდი ხნით ადრე შექმნეს და მე და ჩემნაირები მხოლოდ ვმონაწილეობთ მასში. მე თუ არა, სხვა გააკეთებს იმავეს. შეიძლება, უფრო უარესადაც კი. ჩვენს ბიზნესში ვაკანტური ადგილები არ რჩება – შემცვლელი ყოველთვის იქვეა. მეტსაც გეტყვი, შემცვლელების უზარმაზარი რიგი დგას და საკმარისია, ფეხი დაგიცდეს, რომ „ტრუპი“ ხარ და შენს ადგილს უმალვე დაიკავებენ.
– შენ გინდა თქვა, რომ მაფია უკვდავია? – ჩაეცინა კაშიას და დაამატა, – აი, ხომ ხედავ, მეც კინოციტატებით ავლაპარაკდი.
– ამ კინოს რეალური ცხოვრება ჰქვია, ზურაბ და შენ ეს ძალიან კარგად იცი.
– რომ ვიცი, სწორედ ამიტომაც ავირჩიე თქვენთან ბრძოლის გზა და საბოლოოდ თუ ვერ დაგამარცხებთ, მინდა, შეგასუსტოთ მაინც.
– ისევ ჭაბუკური რომანტიკა გიტაცებს და ბოროტების დამარცხების დაუოკებელი სურვილი გაქვს, ხომ?
– შენი აზრით, ბოროტება უნდა ზეობდეს?
– ბოროტებაში, ალბათ, მე და ჩემნაირებს გულისხმობ.
– სწორედაც.
„ბოჩკას“ კვლავ ჩაეცინა და კაშიას უთხრა:
– გამოფხიზლდი, ჭაბუკო და რეალობას თვალებში შეხედე. სულ მალე ორმოცი წლის ხდები და მეტი ჭკუა-გონება გმართებს. მართლა გამოუცდელი ჭაბუკი რომანტიკოსი ხომ არ ხარ, რომ ვერ ხვდებოდე, ირგვლივ რა ხდება?
– რა ქარაგმებით მელაპარაკები? ბარემ თქვი სათქმელი და კარტები ბოლომდე გახსენი.
– მეტი რა კარტების გახსნა გინდა, შე დალოცვილო? ნუთუ არ იცი, რომ ჩვენ და თქვენ ერთი მედლის ორი მხარე ვართ და უერთმანეთოდ არსებობა არ შეგვიძლია?
– თქვენ რომ არ იყოთ, არც ჩვენ ვიქნებოდით საჭირო და ამაში გეთანხმები.
– არა, ძმაო, ამას არ ვგულისხმობ.
– აბა, რას?
– იმას, რომ ჩვენ თქვენი შექმნილი ვართ და იმ აისბერგის დაფარულ ნაწილს წარმოვადგენთ, რაც არ ჩანს. იარაღისა და ნარკოტიკების არალეგალურ ბიზნესს სპეცსამსახურები აკონტროლებენ, „კრიშავენ“ და შემოსავლის სამოცი პროცენტი მიაქვთ. გაიგე ახლა, რას ვგულისხმობდი?
– დაუჯერებელია, – თავი გააქნია კაშიამ.
– დაუჯერებელი კი არის, მაგრამ სიმართლეა და მერწმუნე.
– საიდან მოიტანე ეს?
– იქიდან, რომ მე თვითონ ვარ ერთ-ერთი მსხვილი ბოროტმოქმედი, რომელსაც ამ ყველაფერთან ახლო შეხება აქვს და ყურით მოთრეულ ჭორებს არ იმეორებს.
– შენ გინდა თქვა, რომ შენს ბიზნესს, ანუ ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობას სპეცსამსახურები „კრიშავენ“?
– მე ეს უკვე ვთქვი და გარწმუნებ, რომ ყველაფერი სრული სიმართლეა.
– აბა, თქვენთან ბრძოლა ქარის წისქვილებთან ბრძოლაა და მეტი არაფერი?
– მთლად მასე არაა. სისხლის გამოშვება ზოგჯერ ჩვენშიც ხდება და ეს აუცილებელიცაა. ხოლო რაც შეეხება შეურიგებელ ბრძოლას მაფიასთან, ეს, რა თქმა უნდა, წმინდა წყლის ბლეფია, ტყუილი, ფარსი. კარგად დადგმული შოუ, რომელიც ტელევიზიისთვისა და პრესის ფურცლებისთვისაა გამიზნული, რომ უბრალო ადამიანები დააბოლონ. გამოცდილი ოპერი ხარ და ერთი მითხარი, შენი თხუთმეტწლიანი მუშაობის პერიოდში რაიმე მსხვილი საქმე თუ გაგიკეთებია? მსხვილში მე ამოღებულ იარაღსა და ნარკოტიკს ვგულისხმობ.
– შენი „ტავარის“ განადგურება, – დაუფიქრებლად უპასუხა „რუხმა“.
– ჩემი „ტავარის“ გარდა.
– სიმართლე გითხრა, არა. არც ნარკოტიკებისა და არც იარაღის დიდი პარტია არ ამომიღია და არც არასდროს გამინადგურებია, – კაშიამ პაუზა გააკეთა და დაამატა, – პრინციპში, ეს ჩემი პროფილი არცაა.
– ჰო, ვიცი. შენი პროფილი, ძირითადად, ლიკვიდაციაა, მაგრამ ეს ლიკვიდაციები მაფიის მოსპობის ან შესუსტებისთვის კი არაა განკუთვნილი, არამედ სწორედ მაფიოზური ინტერესებიდან გამომდინარე და ამით მაფია უფრო ძლიერდება. მას კი თქვენ, სპეცსამსახურები აძლიერებთ და რატომ გიკვირს, რომ ვამბობ, ჩვენ და თქვენ ერთნი ვართ-მეთქი? უფრო შორს წავიდეთ – ხდება ხოლმე ისე, რომ ნარკოტიკების ან იარაღის მსხვილ პარტიას დააკავებენ და ეს ამბავი მთელ მსოფლიოში  ვრცელდება. კი ბატონო, ვიზუალურად ასეა, მაგრამ მხოლოდ ვიზუალურად. რეალურად კი ყველაფერი სხვაგვარადაა.
– სხვაგვარად როგორ?
– როგორ, ჩემო ძმაო და ეს ვითომ ამოღებული ფაქტები ყოველთვის ადრესატამდე მიდის ხოლმე.
– თუ მაინც ადრესატამდე მიდის, მაშინ ასეთი სკანდალის ატეხვა რა საჭიროა, ვერაფერს ვხვდები, – მხრები აირჩეჩა „რუხმა“.
– ზოგჯერ წინასწარ დაგეგმილი კომბინაცია იშლება ხოლმე და შენნაირი პატიოსანი, „იდეინი“ ოპერი ახერხებს რაღაც-რაღაცების აღმოჩენას. თუ ეს იაღლიში დროზე არ ყომარდება, მაშინ საჭიროს ვხდით ოპერაციას და ოპერი ან ოპერთა ჯგუფი პიარდება და ჯილდოვდება. ხოლო ამოღებული „ტავარი“ კი ვითომდა გასანადგურებლად იგზავნება, სინამდვილეში მას ადრესატი იღებს.
– ეგ გასაგებია, მაგრამ სხვა შემთხვევებში რა ხდება?
– რა ხდება, ჩემო ძმაო და ის, რომ საქვეყნო აჟიოტაჟი ფასის ასაწევად და უფრო მეტი ფულის მოსახვეჭად ატყდება ხოლმე. ადრესატს ეუბნებიან, რომ ფულის დამატებაა საჭირო „ტავარის“ გამოსახსნელად. პრინციპში, ასეთი შოუები ძირითადად იარაღთან დაკავშირებით იდგმება და ნაკლებად – ნარკოტიკებთან მიმართებაში.
– იარაღი რა ყოფილა, რო?
„ბოჩკას“ ჩაეცინა და უთხრა:
– წარმოიდგინე, რომ აფრიკის რომელიმე „ჭე“ კლასის ქვეყნის აჯანყებულებს ოცი მილიონი დოლარის იარაღი აქვთ შეკვეთილი და ტელევიზიით უყურებენ, რომ მათი კუთვნილი „ტავარი“ დაკავებულია. არა და ძალიან სჭირდებათ. ამ დროს მიმწოდებელი მხარის წარმომადგენელი მათ ეუბნება, რომ ხუთი მილიონია საჭირო მათი იარაღის გამოსასყიდადო. ისინი ამ თანხას ამატებენ და იარაღსაც იღებენ. მარტივი, აფერისტული სქემაა, მაგრამ ასიდან ას შემთხვევაში ამართლებს.
– ეგ როგორ, ხომ არსებობს რაღაც წინასწარი შეთანხმება მიმწოდებელ და მიმღებ მხარეებს შორის და წესით, ასეთი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.
– წინასწარი შეთანხმებით, თანხის ნახევარს მომწოდებელიც იხდის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ტყუილია.
– მერე და ასე როგორ ტყუვდებიან?
– მარტივად. აბა, ვინ ეტყვის მათ სიმართლეს?
– პრინციპში, მართალი ხარ. ორივე მხარე ატყუებს მიმღებს და საკუთარ თავებს ხომ არ გაიშიფრავს?
– გაიგე ახლა, რომ მართალი ვარ და თქვენ და ჩვენ ერთი და იგივე საქმეში ვართ გაბმულები?
– უფრო სწორად, ჩვენი ხელმძღვანელობის ნაწილი და თქვენ, – დააზუსტა „რუხმა“.
– თქვენი ხელმძღვანელობის ნაწილი უშუალოდ საქმეშია. დანარჩენი ნაწილი კი, უბრალოდ, დუმს, რადგან ჭკვიანია და იცის, რომ ხმის ამოღება სიცოცხლის ფასი დაუჯდება. თქვენ კი, რიგითი ხელქვეითები, მათ ბრძანებებს ასრულებთ და ესაა სულ. იგივე მდგომარეობაა ჩვენთანაც. ჩვენ, ბოსები თქვენს უფროსობასთან ვართ შეკრულები და დიდ, შავ ბიზნესს ვაკეთებთ. ჩვენი რიგითები კი ჩვენს ბრძანებებს ასრულებენ და ვერც კი წარმოუდგენიათ, თუ რა ხდება ზევით. არ გეწყინოს, მაგრამ შენც ისეთივე გორილა ხარ შენი ხელმძღვანელობისთვის, როგორც ჩემი ეს ათი პირადი მცველი, რომლებიც ოთახიდან გავუშვი. რასაც მათ ვუბრძანებ, იმას იზამენ და შენც ზუსტად ანალოგიურად გიყენებენ.
„რუხი“ ჩაფიქრდა. პაუზის შემდეგ კი „ბოჩკას“ უთხრა:
– გამოდის, რომ შენი ოცდახუთმილიონიანი „ტავარი“ შეგნებულად გამანადგურებინეს, რადგან, შენს ლოგიკას რომ მივყვეთ, შენ ჩემს ხელმძღვანელობასთან ხარ შეკრული და „ტავარის“ განადგურებაზე ფიქრიც კი არ უნდა ყოფილიყო.
– სწორედ რომ, მასეა, – გაეცინა კასრაძეს და დაამატა, – ჩემი კაცი თქვენთან მიმტკიცებს, რომ ყველაფერი ეს, ფაქტობრივად, ბრმად მოხდა და ხელს თავისი კოლეგისკენ იშვერს. ანუ, ისეთი სურათი იხატება, რომ შენი უწყების ხელმძღვანელებს ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ და ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩემი ტერმინატორად გამოყენება სურთ.
– როგორ, ტერმინატორად?
– როგორ და როცა შევიტყობ, რომ ჩემი „ტავარის“ განადგურება მავანის ბრალია, იმ მავანს შურისძიების მოტივით მოვკლავ და ამით მისი მტერი იხეირებს. ასეთი კომბინაცია აპრობირებული ხერხია და თავდაპირველად წამოვეგე კიდეც და მართლა ვაპირებდი შურისძიებას. თუმცა, არ ვიჩქარე და მოვიცადე, თანაც, ყველაფრის კარგად გააზრება და გადამოწმება ვცადე და არც შევმცდარვარ. ხოლო, როცა შენი ცოლ-შვილის დაღუპვის ამბავი შევიტყვე, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
ცოლ-შვილის ხსენებაზე, ზურაბ კაშიას სახე აელეწა და წამოეჭარხლა, თან ცივმა ოფლმა დაასხა. თუმცა, თავი მოთოკა და „ბოჩკას“ უთხრა:
– რა დადგა თავის ადგილზე?
– თანმიმდევრულად გეტყვი და მიხვდები.
– თქვი, გისმენ.
„ბოჩკამ“ გააბოლა და „რუხს“ უთხრა:
– პირველ რიგში, გავარკვიე, რომ შენს ორ უფროსს შორის არანაირ დაპირისპირებას არ აქვს ადგილი და ეს ყველაფერი ტყუილია. თანაც, ის კაცი, ვისზეც მე შური უნდა მეძია, გაქრა, ანუ – დაიმალა, რომ მე მას არ მივწვდომოდი.
– კი მაგრამ, როდემდე დაიმალება, ასეთ ამბავში ხანდაზმულობის ვადა არ არსებობს? – ჩაერთო „რუხი“. „ბოჩკამ“ კი ღიმილით ანიშნა, – დამაცადეო და უთხრა:
– მართალი ხარ. ხანდაზმულობის ვადა ამ ამბავში გამორიცხულია, მაგრამ ის მანამდე დაიმალა, სანამ ჩემი ლიკვიდაცია არ მოხდებოდა. გესმის?
– კი. მესმის, – თქვა კაშიამ. შემდეგ უცებ ჩაფიქრდა. სახე აელეწა და მოღიმარ კასრაძეს უთხრა, – მოიცა, მოიცა, მე ხომ არ ვარ ის „ქილერი“?
– აგაშენა ღმერთმა. სწორედ რომ, შენ ხარ ის „ქილერი“ და ამ ნაძირლებმა ეს ყველაფერი სწორედ ამისთვის მოაწყვეს. იცოდნენ, რომ შენი ცოლ-შვილის მკვლელობისთვის შურს იძიებდი და თქმაც კი არ დასჭირვებიათ, ისე გამოგიშვეს ჩემს მოსაკლავად.
– ღმერთო, ეს რა ჩაიდინეს. ჩემი საცოდავი ცოლ-შვილი რა შუაში იყო. ნუთუ სხვანაირად არ შეეძლოთ თავიანთი ვერაგობის განხორციელება, – თქვა „რუხმა“. შემდეგ თავი მუხლებში ჩარგო და აქვითინდა.
ცრემლი მოერია „ბოჩკასაც“, მაგრამ თავი შეიკავა. „რუხს“ მხარზე დაადო ხელი და უთხრა:
– გეყოფა ტირილი. თავი ასწიე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3