კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 უსიყვარულოდ

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #5-7(946)


– არა! – მაკას ამ მოკლე პასუხში აღარ იგრძნობოდა თავაზიანი ტონი და დამთმობი ხასიათი.
– მაინც, რა ვერ აგიხსენი?
– რას ნიშნავს „ყველაფერი კარგად დასრულდება“? მე თქვენ დედობას მთავაზობთ და როგორ უნდა დასრულდეს დედობა?
– ჰო, მართალი ხარ, – დაიბნა დათო, – ეს ბოლო ფრაზა ამოშალე მეხსიერებიდან. დანარჩენზე კი იფიქრე. თუ გაწყობს, ანას გარდაცვალებიდან ერთი წელი რომ გავა, მერე მოვაწერთ ხელს. თუ არ გაწყობს, შენ ძიძად დარჩები, დედის კანდიდატურას კი, იმავე პირობებით, სხვაგან მოვძებნი.
– თანახმა ვარ! – თითქმის წამოიძახა მაკამ.
– მიუხედავად ჩემი გაკოტრებისა? რაღაც პერიოდი, შეიძლება, პირადად შენ ბევრი რამ მოგაკლდეს.
– მიუხედავად ყველაფრისა. ჩემთვის მთავარია, რომ ჩემი შვილი ჩემ გვერდით მეყოლება...
– შენ, ამ ხუმრობა-ხუმრობაში, მგონი,  მართლა შეგიყვარდა ეგ თქვენი ძიძა! – თქვა ლევიკომ, როცა აგარაკიდან წამოვიდნენ, გამომცდელად შეხედა დათოს და მრავალმნიშვნელოვნად ჩაახველა.
– ლევიკო, შენ დღეს დილიდან მხოლოდ სისულელეების სალაპარაკოდ ხარ მომართული! – გაბრაზდა დათო.
– არა, მიპასუხე, ოღონდ გულწრფელად – დაგევასა მაკა?
– არა.
– რატომ, ცუდი გოგოა? რას უწუნებ?
– არ არის, ბატონო, ცუდი გოგო და არც არაფერს ვუწუნებ, მაგრამ არ მევასება მაგ ტიპის ქალები, არ ჯდება ჩემს გემოვნებაში. უფრო სწორად, სიმართლე რომ გითხრა, არც კი დავკვირვებივარ, არც კი ვიცი, როგორია.
– მაინც, რატომ არ ჯდება შენს გემოვნებაში?
– იმიტომ, რომ ძალიან არათანამედროვეა, რაღაც ზედმეტად დედაა და არა სასურველი ქალი. ასეთ ქალებს შვილების მეტი არავინ უნდათ – არც ქმარი, არც საყვარელი, არც დროსტარება, არც გართობა, არც ფლირტი. არც გაპრანჭვა იცის, არც კეკლუცობა... მოკლედ, შეუხედავი ნამდვილად არ არის, მაგრამ, ჩემთვის ძალიან მკრთალია, „იარკი“ ქალი არ არის.
– ანუ, რას ეძახიან ასეთ გოგოებს? „რუხ თაგუნას“ თუ „ნაცრისფერ ბაჭიას“, არა?
– ჰო, რაღაც ამდაგვარს. მაგრამ, სამაგიეროდ, იდეალური დედა და სუპერდიასახლისი იქნება. სწორედ ამიტომ შევარჩიე ნიტას დედად. სხვა თვისებები მე არ მაინტერესებს.
– და ამას ეძახი შენ, არც კი დავკვირვებივარ, როგორიაო?! შენ, ძმაო, მგონი, მხედველობის პრობლემები გაქვს, რომ არაფერი ვთქვათ გემოვნებაზე.
– ჰო, ალბათ, მართალი ხარ. ახლა კი შენ მიპასუხე გულწრფელად: გული შეგივარდა მაკაზე?
– არა, უბრალოდ, როცა ოჯახის შექმნას გადავწყვეტ, მაკასნაირ ქალს მოვძებნი და იმას შევირთავ ცოლად.
– ნიტა რომ არა, მე თვითონ გაგირიგებდი, მაგრამ, რა ვქნა, ძმაო, აქ სხვა სიტუაციაა.
– შენ მაგაზე არ იდარდო, ღმერთი გამომიგზავნის, – გაეცინა ლევიკოს და მძღოლს მანქანა გააჩერებინა, – მე აქ გადავალ, დათო, ცოტას ფეხით გავივლი. აბა, კარგად! – და ვიწრო ქუჩაზე შეუხვია.
***
ანას გარდაცვალებიდან წელიწადი და სამი თვე რომ გავიდა, დათომ და მაკამ ყოველგვარი ზარ-ზეიმისა და ფოიერვერკების გარეშე მოაწერეს ხელი. მეჯვარეები ლევიკო და მაკას მეგობარი ქეთი იყვნენ. სუფრასაც ოთხნი უსხდნენ, უფრო სწორად – ხუნთი, ნიტას ჩათვლით. მათ ვახშამს მხიარული და აწყვეტილი ნამდვილად არ ეთქმოდა. პირიქით, თითქოს ყველა სევდიანი, მოწყენილი და დაღვრემილი იყო. ორიოდე სადღეგრძელოც უღიმღამოდ წარმოთქვეს – ძირითადად ნიტას უსურვებდნენ ბედნიერ მომავალს. მერე, როცა მიხვდნენ, რომ ელემენტარული საუბარიც ვერ აეწყო, მეჯვარეებმა გადაუდებელი საქმეები მოიმიზეზეს და წავიდნენ. დათო თავის ოთახში გავიდა, მაკამ კი სუფრა აალაგა და ბავშვი დასაძინებლად გაიყვანა. მერე თვითონაც გვერდზე მიუწვა და ჩაეძინა. შუაღამისას დათომ ბავშვის ოთახში შეიხედა და მასთან ჩახუტებული, ჩაძინებული მაკა რომ დაინახა, საოცარი სიმშვიდე იგრძნო. ღიმილით გამოიხურა კარი და თავის ოთახში გავიდა.
***
დღეები ჩვეულებრივად მიდიოდა – უწინდელივით ერთნაირად. იცვლებოდა მხოლოდ ნიტას ლექსიკონი და კიდევ ის, რომ დათო უფრო მეტ დროს ატარებდა სახლში, ვიდრე წინათ. თუმცა მაკას მაინცდამაინც ხანგრძლივი საუბრებით არ აწუხებდა. ასე ხელოვნურად შექმნილი ოჯახი ნელ-ნელა ნამდვილ ოჯახს ემსგავსებოდა, თუმცა მაინც აკლდა რაღაც ცეცხლი – ხმაური, სიცილი, ჩხუბი, ტირილი. ყველაფერი ზედმეტად მშვიდად და მოწესრიგებულად მიდიოდა. მხოლოდ ნიტას კისკისი ან წამოტირება თუ დაარღვევდა სიჩუმეს; კიდევ, ის ორი პატარა ლეკვი წამოიზარდა და ისინი თუ დაედევნებოდნენ ერთმანეთს ყეფით – სულ ეს იყო. იშვიათად მოაკითხავდნენ ხოლმე ხან ქეთი ბავშვით და ხან ლევიკო, მაგრამ მაშინაც თავშეკავებული დიალოგები იმართებოდა.
მართალია, ქეთისა და ლევიკოს გარდა არც მეგობარი და არც ნათესავი არ დაუპატიჟებიათ, მაგრამ დათოსა და მაკას ხელის მოწერის ამბავი ატომური ბომბივით აფეთქდა მათ საახლობლოში და დიდი ვნებათაღელვებიც გამოიწვია. ანას მშობლებმა და ნათესავებმა ლაფში ამოსვარეს მაკა და რა აღარ დასწამეს, დათოს კი სულ აფერისტი, ფარისეველი და მოღალატე უძახეს.
– მოინელა ჩემი საცოდავი შვილი, ნაადრევად ამოაფარა მიწას, თვითონ კი არაფერს იკლებს ეგ დასამიწებელი! – იწყევლებოდა ყოფილი სიდედრი.
– ამ ვიღაც მათხოვარმა ძიძამ დაიგულა მდიდარი ქვრივი, შეასაღა თავი და ახლა ინდაურივით დაიფხორება ამხელა სასახლეში! – იგესლებოდნენ ანას და დათოს ნათესავები, რომლებსაც თითო ლუკმის წაგლეჯის იმედი მაინც ჰქონდათ დათოს ქონებიდან, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
დათოს მშობლები არ იწყევლებოდნენ, მაგრამ შვილთან და მის ახალ ოჯახთან თითქმის გაწყვიტეს ურთიერთობა, თუმცა არც მანამდე უტალახებდნენ კარს.
ასე ერთფეროვნად მიდიოდა მათი ცხოვრება. ამის მიუხედავად, მაკა და ნიტა ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ თავს. აი, დათოსთვის კი მხოლოდ მათთან ყოფნა სრული იდილია ნამდვილად არ იყო. ბავშვზე გიჟდებოდა, მაკას აფასებდა და პატივს სცემდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ანას გარდაცვალებიდან სამი წელი ხდებოდა. ცხადია, ახალგაზრდა კაცს ჰქონდა ხანმოკლე ურთიერთობები, მაგრამ, ერთ დღესაც, აღმოაჩინა, რომ მას ნამდვილი, ძლიერი, მწველი, ვნებიანი სიყვარული ენატრებოდა. ასეთ ქალად კი მაკას ვერ აღიქვამდა. მართალია, ნიტაც „დედას“ ეძახდა და მაკაც ნამდვილი დედასავით ექცეოდა ბავშვს, მაგრამ დათოსთვის მაკა ისევ ის დაქირავებული ძიძა იყო, რომელიც, თავისი განათლების მიუხედავად, ლუკმაპურის საშოვნელად სხვის შვილს უვლიდა და სხვას ემსახურებოდა.
მაკა თავიდან ვერც კი ამჩნევდა დათოს ასეთ დამოკიდებულებას, მერე და მერე კი უკვე თვალში ხვდებოდა მისი გაღიზიანებული მზერა, გაღიზიანებული ტონი. რამდენიმე წელი გაუძლო ასეთ ცხოვრებას, ერთ დღეს კი მიხვდა, რომ ამგვარ ყოფას, ნიტას უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, ვეღარ გაუძლებდა. თუ ხელის მოწერის პირველ თვეებში და წლებშიც კი, ცდილობდა, დათოსთვის ესიამოვნებინა, თან გადაჰყოლოდა, მასში სასურველი მამაკაცი დაენახა, ახლა არაფერი აღარ მოსწონდა მისი და უხაროდა კიდეც, როცა დათო რამდენიმე დღით მიდიოდა სადმე.
მისი ერთადერთი მესაიდუმლე ქეთი იყო. თავიდან არ უნდოდა გულის გადაშლა, მაგრამ ქეთიმ შემთხვევით მოუსწრო აქვითინებულს და მანაც თავი ვეღარ შეიკავა – გაენდო, როგორ ცივად ექცეოდა ქმარი (ამაზე მეტი მაინც არ უთხრა, რომ პირობა არ დაერღვია).
ამ განდობის შემდეგ ქეთიმ მოუხშირა მაკასთან სტუმრობას, მაგრამ უკვე შვილის გარეშე მიდიოდა ხოლმე, მაკას ეხმარებოდა და თავისი საქციელით ოჯახის უფროსის ნდობა მოიპოვა და სიმპათია დაიმსახურა. ქეთის დანახვისას დათო კარგ ხასიათზე დგებოდა და საათობით ელაპარაკებოდა ათას რამეზე, რაც მაკასთან არასდროს გაუკეთებია.
დათოს აშკარად დეპრესია ჰქონდა. ყველა ნერვებს უშლიდა, ზოგჯერ ნიტაც კი. ერთადერთი, რაც მოასწრო და მოაგვარა, ის იყო, რომ თავისი ბიზნესი მართლა გაყიდა (როგორც თავიდან უთხრა მაკას), თბილისში რამდენიმე ბინა იყიდა და ნიტასა და თავის სახელზე გააფორმა. ერთი ბინა  მაკასაც უყიდა. დარჩენილი თანხის უდიდესი ნაწილი შვეიცარიის ბანკში გადარიცხა შვილის სახელზე იმ პირობით, რომ მის სრულწლოვნებამდე ხელს ვერავინ ახლებდა, საარსებოდ სამყოფი თანხა კი ერთ-ერთ ქართულ ბანკში შეიტანა. წავკისის სახლისთვის, ცხადია, ხელი არ უხლია, მაკას კი უთხრა, რომ ახალმა ბიზნესმა გაამართლა და სახლის შენარჩუნებაც ამიტომ მოახერხა. თბილისში ნაყიდი ბინები დათომ გააქირავა და ქირა თავის პირად ანგარიშზე ერიცხებოდა. ამას ემატებოდა ბანკების დივიდენდები და ეს თანხა აბსოლუტურად საკმარისი იყო ნორმალური ცხოვრებისთვის, მაგრამ უსიყვარულოდ ნორმალური ცხოვრება შეუძლებელი აღმოჩნდა და სწორედ ამ შეუძლებლობის შეგრძნებამ ჩააგდო დეპრესიაში. ეგრეთ წოდებული ქმრის ასეთმა მდგომარეობამ ჯერ თანაგრძნობა გამოიწვია მაკაში, მერე – სიბრალული, ბოლოს კი  მისგან გაქცევასა და თავის დახსნაზეც დაიწყო ფიქრი. თვითონ რომ ვერაფერი მოიფიქრა, ისევ ქეთის  გაენდო. იმანაც ურჩია:
– მიდებ-მოდებას და ტყუილებს, ჯობია, პირდაპირ უთხრა, რომ არ გიყვარს და, რადგან გრძნობ, რომ მასაც არ უყვარხარ, გაგეყაროს.
– მერე, ბავშვი დავტოვო? გაგიჟდი? გამორიცხულია ბავშვის დატოვება, გამორიცხული! – გადაირია მაკა.
– შენც, ადექი და უთხარი, ბავშვიანად გაგიშვას. თუ არ უყვარხარ, უარს არ გეტყვის.
მაკამაც დაუჯერა და უთხრა. ეგონა, დათო საერთოდ გააგდებდა სახლიდან, ნიტას წაყვანაზე ხმა როგორ ამოიღეო, მაგრამ, მისდა გასაკვირად, დათო მართლაც დათანხმდა:
– კი ბატონო, წადით. არა, მე წავალ, თქვენ აქ დარჩით. ფულს ყოველთვიურად გამოგიგზავნით და არაფერს მოგაკლებთ. ბავშვსაც, როცა მინდა, ვნახავ. იმედია, არ დამიშლი.
მაკამ მაშინვე დაუქნია თავი იმის შიშით, არ გადაიფიქროსო.
– რაც შეეხება ნიტას მემკვიდრეობას, ყველაფერი მოგვარებულია. როგორც თავიდან შევთანხმდით, შენც არაფერი მოგაკლდება, სანამ ჩემს შვილს დედობას გაუწევ. მე კი აღარ მინდა თქვენთან ცხოვრება. კარგი ქალი ხარ, მაგრამ ვერ შეგიყვარე. ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა, ვერ შევძელი. აი, ლევიკოს კი მაშინვე მოეწონე. ნიტა რომ არა, მე თვითონ გავურიგებდი შენს თავს, იმას სერიოზულად მოსწონდი და მგონი, ახლაც მოსწონხარ...
მაკა არ ელოდა ასეთ უპრობლემო თანხმობას, ასეთ გულახდილობას და ქალური თავმოყვარეობა შეელახა, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. სასწრაფოდ უნდა მოეგვარებინა გაყრის საკითხიც. ამიტომ პირდაპირ უთხრა დათოს, გაყრაზე განცხადებას როდის შეიტანო.
– ხვალვე, – უპასუხა დათომ მშვიდად, – და დავაჩქარებინებ კიდეც. მალე ცოლის შერთვას ვაპირებ – როგორც იქნა, ვიპოვე ქალი, რომელსაც ვეძებდი. მართალია, ამით ჩემს პირობას ვარღვევ, მაგრამ შენთვის არაფერი შეიცვლება.
„ნეტავი ვინ არის ამისთანა, ასე რომ ჩქარობს გაყრას?“ – გაიფიქრა მაკამ, მაგრამ ეს საკითხი კარგა ხანს აღარ გახსენებია, უფრო სწორად, დაახლოებით ორი თვის შემდეგ გაახსენდა, როცა ქეთის ესემესი მიიღო: „ვთხოვდები. ქორწილში დაგპატიჟებდი, მაგრამ, ალბათ, უხერხული იქნება შენთვის ყოფილი ქმრის ჯვრისწერაზე დასწრება. ბედნიერება მისურვე. შენი ქეთი“.
მაკა სახტად დარჩა. განსაკუთრებით ქეთის ეშმაკობამ და ცინიზმმა გააოცა.
– „ბედნიერებას გილოცავ, ჩემო გულუბრყვილო და უეშმაკო ქეთი“, – მისწერა და ნომერი ტელეფონიდან წაშალა.
***
დათოსა და ქეთის ქორწილში ლევიკო არ წასულა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მაკასა და დათოს დაქორწინება სინამდვილეში გარიგება იყო, რატომღაც, მაინც არაკაცურად ჩათვალა ძმაკაცის საქციელი და პროტესტი იმით გამოხატა, რომ გაბედნიერება არ მიულოცა, რის შემდეგაც მათი ურთიერთობა საკმაოდ შეგრილდა.
წავკისის სახლიდან დათოს გადასვლის შემდეგ ლევიკო ხშირად ეხმიანებოდა ხოლმე მაკას და დახმარებას სთავაზობდა, მაგრამ ქალი ყოველთვის თავაზიანი უარით ისტუმრებდა.
დათომ მაკას ერთი დამხმარე ქალი აუყვანა და მანქანიანი მძღოლი მიუჩინა, რომ ბავშვის მისახედად მეტი დრო ჰქონოდა, რაც ქეთიმ ძალიან გააპროტესტა და წავკისში მიუვარდა ყოფილ დაქალს.
– მთელი ცხოვრება საწყალი გოგოს როლს რომ თამაშობ, აღარ დაგვანებებ თავს? ხომ გამოიჭირე, ხომ ჩაიგდე ხელში ფულიანი კაცი, ხომ წაართვი შვილი, ხომ დასვი ნულზე, ახლა უკანასკნელი კაპიკებიც გინდა გამოსცინცლო? რა დამსახურება გაქვს ასეთი, რომ დღემდე თან გყვება ჩემი ქმარი? როგორც კი ყველაფერი გამოსტყუე, აღარ მოგინდა მასთან ცხოვრება და მე შემომაჩეჩე? რა ჯანდაბად მინდოდა გაღლეტილი კაცი, რომელიც ოცდაოთხი საათი სხვა ქალს მისტირის?
– იმ სხვა ქალის მეტი მას არც არასდროს არავინ ჰყვარებია და ნიტას გაჩენის დღიდან მას მისტირის, – მშვიდად უპასუხა მაკამ, – ამიტომ ამას უნდა შეეგუო. ყველაფერი დანარჩენი კი შენი ფანტაზიის ნაყოფი და შენი სიხარბის შედეგია. მე არავინ გამომიჭერია და ჩემი ინიციატივით ამ ოჯახში არაფერი მომხდარა და გაკეთებულა, ნიტას სიყვარულისა და მოვლის გარდა. თუ არ გჯერა, თვითონ ჰკითხე დათოს. თუმცა, რატომ ვიმართლებ შენთან თავს, არ ვიცი. მე შენ სულ სხვა ადამიანი მეგონე, მაგრამ, თურმე არ მცნობიხარ. ან დათოსგან რა გინდა, რას გაკლებთ შენ და შენს შვილს? არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ალბათ, საჭიროა შეგახსენო: ეტყობა, დაგავიწყდა, ნახევრად მშიერი რომ იყავი მთელი ცხოვრება, ახლა კი საკუთარი მანქანით დადიხარ, აპარტამენტებში ცხოვრობ და შვილს ამერიკაში უშვებ სასწავლებლად. ამ ყველაფრის ფონზე, მგონი, არაფერი სასაყვედურო არ უნდა გქონდეს დათოსთან.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3