კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 მტვერი ოთახის კუთხეებში

აგათა კრისტი

ყველა გაზეთი პატარა დევიდ  უერლის გატაცების სენსაციურ ამბავს იუწყებოდა. ბავშვი სურეის გრაფის, მარკუს უერლის ერთადერთი მემკვიდრე  იყო. გრაფი და მისი მეუღლე ბავშვის გატაცების დეტალების  მოსაყოლად პუაროსთან მივიდნენ.
– ათი დღის წინ ანონიმური წერილი მივიღე, –  დაიწყო მისტერ უერლიმ, – ვიღაც ნაძირალა ჩემგან 25 ათას ფუნტს ითხოვდა. უარის თქმის შემთხვევაში, დევიდის გატაცებით იმუქრებოდა. მე, რა თქმა უნდა, წერილი ნაგავში გადავაგდე. ჩავთვალე, რომ სულელური ხუმრობა იყო. მერე კიდევ მოვიღე წერილი, რომელშიც ეწერა: „თუ არ გადაიხდით, თქვენს შვილს მოიტაცებენ“. ცოლმა გასაქანი არ მომცა და, მიუხედავად იმისა, რომ თავს იდიოტად ვგრძნობდი, „სკოტლანდ-იარდს“ მაინც მივმართე. ეს ამბავი სერიოზულად არც მათ აღუქვამთ. მესამე წერილიც მივიღე: „თქვენ არ გადაიხადეთ. ხვალ, შუადღისას, თქვენს შვილს მოიტაცებენ და უკვე 50 ათასი ფუნტის გადახდა მოგიწევთ“. წერილი „სკოტლანდ-იარდში“ წავიღე. ამჯერად  შეშფოთდნენ და გადაწყვიტეს, რომ სავარაუდოდ, მოტაცების მცდელობა იქნებოდა. დამარწმუნეს, რომ სიფრთხილის ყველა ზომას მიმართავდნენ. ინსპექტორი მაკნეილი თავის ბიჭებთან ერთად დილითვე მოვიდოდა. სახლში დამშვიდებული წავედი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ალყაში ვიყავით. ბრძანება გავეცი, სახლში არც არავინ შემოეშვათ და არც არავინ გაეშვათ. საღამომ მშვიდად ჩაიარა. დილით ცოლმა თავი შეუძლოდ იგრძნო. დოქტორ ლეკრელის მოსაყვანად მსახური გავგზავნე. ექიმი სიმპტომებმა შეაშფოთა. იეჭვა, რომ იგი მოწამლეს. არაფერი უთქვამს. მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ მან სწორედ ასეთი დიაგნოზი დასვა. დამარწმუნა, რომ საშიში არაფერი იყო. რამდენიმე დღეში გაუვლისო. ექიმი გავაცილე და ჩემს ოთახში რომ დავბრუნდი, ბალიშზე წერილი დამხვდა. მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: „შუადღისას“. გავცეცხლდი! ამ ამბავში აშკარად რომელიღაც მსახური იყო გარეული. ყველა მათგანი დავკითხე, მაგრამ მათ ხელი არავის დაადეს. ჩემი ცოლის კომპანიონმა, მის ლინზიმ მაცნობა, რომ დაინახა როგორ გავიდა დილით დევიდის ძიძა ქუჩაში. აღმოჩნდა, რომ  მან ბავშვი მოახლეს დაუტოვა და შეყვარებულთან პაემანზე გავარდა. კატეგორიულად უარყოფდა, რომ ჩემს ბალიშზე წერილი მან დადო... აშკარა იყო, რომ მსახურებიდან რომელიღაც ცრუობდა. ბოლოს, წყობიდან გამოვედი და ყველა ერთიანად გავყარე. ძიძაც და დანარჩენებიც. მათ ერთი საათი მივეცი იმისთვის, რომ ნივთები ჩაელაგებინათ და წათრეულიყვნენ. სახლში მხოლოდ ისინი დავტოვე, ვისაც ბოლომდე ვენდობოდი: მის ლინზი  – ჩემი ცოლის მდივანი და ტრედი – მსახურთუფროსი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ.
ინსპექტორი მაკნეილი თერთმეტის ნახევარზე მოვიდა. მან პოლიციელები შემოსასვლელებში განალაგა და დამარწმუნა, რომ აუცილებლად დაიჭერდნენ დამნაშავეს. მე და ბავშვი, ინსპექტორის თანხლებით, იმ ოთახში გავედით, რომელსაც ჩვენ „კონსულის ოთახს“ ვეძახით. ინსპექტორმა კარი ჩაკეტა. არ დავმალავ, როდესაც ისრები 12-ს მიუახლოვდა, ნერვიული კანკალი ვერ შევიკავე. საათმა 12-ჯერ ჩამოკრა. დევიდს ხელები მოვხვიე და  მაგრად ჩავიკარი. უცებ კარს მიღმა ყვირილი გაისმა. ვიღაცებმა სირბილი დაიწყეს. ინსპექტორმა ფანჯარა გამოაღო. მასთან კონსტებლი მივიდა, რომელმაც აცნობა, რომ დამნაშავე დაიჭირეს. ჩვენ ტერასაზე გამოვვარდით, სადაც ორ პოლიციელს ვიღაც ჩამოფხავებული ტიპი ეჭირა. დაკავებულს  ქლოროფილით სავსე ბოთლი აღმოუჩინეს. ასევე ჰქონდა ჩემს სახელზე დაწერილი წერილი. რომელშიც ეწერა: „გადახდა მოგიწევთ. გამოსასყიდი 50 ათასი ფუნტია. თქვენს მიერ მიღებული ყველა ზომის მიუხედავად, თქვენი შვილი,  როგორც დაგპირდით,  ზუსტად შუადღისას გაიტაცეს“. გამეცინა და  გულზე მომეშვა, მაგრამ იმავე წამს ყვირილი გავიგონე. შემოვტრიალდი... გრძელი, რუხი მანქანა სამხრეთის გასასვლელისკენ მიქროდა. მძღოლი ყვიროდა. მის გვერდით ჩემი შვილის ქერა კულულები მოჩანდა. ინსპექტორი ცოფებს ყრიდა, ვერ გავიგეთ, ბავშვი თვალსა და ხელს შუა როგორ მოგვტაცეს. მეკითხებოდა, სად დატოვეო. ამ დროს გაისმა ხმა, რომელმაც ყველა გაგვაშეშა. ტაძრის საათი რეკავდა. ინსპექტორმა საკუთარ საათს დახედა. ზუსტად 12 იყო. „კონსულის კაბინეტში“ შევვარდით. იქ საათი პირველის ათ წუთს უჩვენებდა. ცხადი იყო, ის ვიღაცამ საგანგებოდ  წინ გადასწია.
თავიდან პოლიცია თითქოს სწორ კვალზე იყო. მსგავსი  მანქანაც თითქოს ლონდონის მიმართულებით მოძრავი ნახეს. როდესაც შეგვატყობინეს, რომ მანქანა დააკავეს, შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სხვა მანქანა იყო და მანქანაში სულ სხვა ბავშვი იჯდა. პოლიციის შეცდომის გამო კვალი დავკარგეთ.
რაც შეეხება დაკავებულს, მან განაცხადა, რომ წერილი და პაკეტი მას უცნობმა გადასცა, რათა ჩვენამდე  მოეტანა. ამ კაცმა მას 10 შილინგი მისცა და ამდენივეს მიცემას შემდეგ დაპირდა. მისი არცერთი სიტყვის არ მჯერა. თავხედობა ეყო და განაცხდა, რომ ის კაცი, ვინც მას პაკეტი გადასცა ჩემი მსახურთუხუცესი იყო. მხოლოდ ულვაშები მოუპარსავსო. აღმაშფოთებელია, დაადანაშაულო ადამიანი,  რომელმაც მთელი ცხოვრება ჩემს  ოჯახთან ერთად გაატარა.
პუარო ყურადღებით უსმენდა.
– თქვენთან სახლში სამალავი არის? – ჰკითხა ბოლოს, – ვთქვათ, საიდუმლო ოთახი. ძველ სახლებში ასეთი რაღაცები არის ხოლმე.
– დიახ,  სახლში არის ასეთი ოთახი.
– „კონსულის კაბინეტთან“ ახლოს?
– პირდაპირ კარს იქით, მაგრამ მისი არსებობის შესახებ მარტო მე და ჩემმა ცოლმა ვიცით... შეიძლება, მსახურთუხუცესმაც.
მისტერ უერლი  და პუარო მამულში გაემგზავრნენ. პუაროს თხოვნით, მან კედელში რომელიღაც ზამბარას დააჭირა, პანო გაიწია და პუაროს წინ მოკლე კორიდორი გამოჩნდა, რომლითაც საიდუმლო ოთახში გავიდნენ.  პატარა ოთახი ცარიელი იყო. იატაკზე არანაირი კვალი არ შეიმჩნეოდა, თუმცა პუარომ კუთხეში რაღაც მაინც იპოვა. კვალი ძალიან პატარა ძაღლისას ჰგავდა.
მაძებარმა  ჯერ მის კოლინზი  დაჰკითხა. რომელმაც თქვა, რომ სახლში არანაირი ძაღლი არ იყო. მსახურთუფროსს ძალიან მკაცრი სახე ჰქონდა. მისი მონათხრობი სიტყვა-სიტყვით დაემთხვა მისი პატრონის,  ანუ  მისტერ უერლის მონათხრობს.
– როგორ ფიქრობ, რატომ დასჭირდათ გამტაცებლებს უერლის წინასწარ გაფრთხილება, მოსალოდნელი გატაცების შესახებ? – ჰკითხა  პაურომ  ინსპექტორ მაკნეილს, როდესაც მსახურთუფროსი გაისტუმრა, – რატომ არ შეიძლებოდა, უბრალოდ, მოეტაცათ ბავშვი და ფული მოეთხოვათ? მათთვის პრობლემა არ იქნებოდა ბავშვი სეირნობის დროს მოეტაცებინათ. ამის მაგივრად, სპექტაკლი გაითამაშეს.  ახლა სხვა მხრიდან შევხედოთ ამ ამბავს. ყველა ფაქტი მიანიშნებს, რომ სახლში თანამზრახველი იყო. ჯერ ერთი, მისის უერლის მოწამვლა. მეორე – ბალიშზე დადებული წერილი. მესამე – გადაწეული ისრები  საათზე. ეს ყველაფერი მხოლოდ სახლში მცხოვრებს შეეძლო გაეკეთებინა. კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც თქვენ, ალბათ, ყურადღება არ მიაქციეთ. საიდუმლო ოთახში არ იყო მტვერი. ის ვიღაცამ საგულდაგულოდ დაასუფთავა. მაშ ასე, სახლში ოთხი ადამიანი რჩება: მისის და მისტერ უერლები, მსახურთუცხუცესი და მის ლინზი. ჯერ მის ლინზი განვიხილოთ. მის წინააღმდეგ თითქმის არაფერი გვაქვს. გადავიდეთ ტრედიზე. მასთან რამდენიმე საეჭვო მომენტია. პირველი – მაწანწალამ განაცხადა, რომ სწორედ მან გადასცა ბარათი. ასევე, შეეძლო მისის უერლის მოწამვლა, ბალიშზე წერილის მიკვრა, ისრების გადაწევა და საიდუმლო ოთახის დასუფთავება. მეორეს მხრივ, მან მთელი ცხოვრება ამ მამულში გაატარა. უცნაური იქნებოდა, მას ბავშვის მოტაცებაში მონაწილეობა რომ მიეღო. ახლა მისის უერლიზეც ვთქვათ, სხვათა შორის, საყურადღებო ფაქტია ის, რომ მთელი ფული მისია. მამისგან მემკვიდრეობით ერგო, ეს მამულიც მისი ფულით აღადგინეს. რაში დასჭირდებოდა საკუთარი შვილის მოტაცება და საკუთარი თავისთვის გამოსასყიდის გადახდა? რასაც  ქმარზე ვერ ვიტყვი.  მდიდარი ცოლის ყოლა  სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენ თავად ხარ მდიდარი. ვვარაუდობ, რომ ლედი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იმეტებს ქმრისთვის  ფულს.  მისტერ უერლი კი  აშკარად   გართობისა და კარგი ცხოვრების მოყვარულია.
– წარმოუდგენელია, – ჩაილაპარაკა ინსპექტორმა.
– რატომ? ვინ მოიშორა მსახურები? მისტერ უერლიმ. მასვე შეეძლო წერილები დაეწერა, გადაეწია საათი და თავისი ერთგული მსახურისთვის ალიბიც შეექმნა. ტრედის არ უყვარს მისის უერლი. იგი თავის ბატონის ერთგულია და სიამოვნებით შეასრულებს მის ყველა ბრძანებას. ეს საქმე სამმა ადამიანმა მოაკვარახჭინა: ბავშვის მამამ.  ტრედმა და მისტერ უერლის რომელიღაც მეგობარმა. შეცდომა დაუშვით, როდესაც იმ რუხი მანქანის მძღოლის მიმართ ძიება შეწყვიტეთ. სწორედ ის იყო მესამე. მან სოფელში ვიღაც ქერაკულულებიანი ბავშვი აიყვანა. მამულში აღმოსავლეთის კარიბჭედან შევიდა, საჭირო დროს რაღაც დაიყვირა, ხელი დაიქნია და სამხრეთის ჭიშკრიდან გავიდა. ბუნებრივია, არც მისი და არც ბავშვის სახე არავის დაუნახავს. მან მცდარ კვალზე დაგაყენათ. ტრედიმ კი მაწანწალის ისტორიას გაუკეთა ორგანიზება. რაც შეეხება თავად მისტერ უერლის, როდესაც ეზოში ჩოჩქოლი ატყდა და ინსპექტორი გარეთ გავარდა, მან ბავშვი საიდუმლო ოთახში დამალა, შემდეგ თქვენ გამოგყვათ. მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა ბავშვის საკუთარი მანქანით სადმე წაყვანა და  დამალვა.
– რაც შეეხება ძაღლის კვალს? – იკითხა ინსპექტორმა.
– მის ლინზს არ მოუტყუეებია, როდესაც თქვა, რომ სახლში ძაღლი არ  ჰყავთ. იგი მას არ უნახავს.  ცხადია, რომ ძაღლი პატარა იყო. ალბათ, ლეკვი.  ბავშვს რომ არ ეტირა, მამამისმა მას საიდუმლო ოთახში ძაღლი დაუტოვა.
– მუსიე პუარო, – ოთახში მისტერ უერლი შემოვიდა. – რაიმე იპოვეთ? გაქვთ მოსაზრება, სად შეიძლება ჩემი შვილი იყოს?
პუარომ მას ფურცელი მიაწოდა:
– აი, მისამართი.
– კი, მაგრამ ეს ცარიელი ფურცელია.
– დიახ. თქვენ თავად დაწერთ მანდ მისამართს
– რა?  როგორ ბედავთ?!  – მისტერ უერლი გაწითლდა.
– მოსიე, მე ყველაფერი ვიცი. 24 საათს გაძლევთ, რომ ბავშვი დააბრუნოთ. თუ თქვენს გამომგონებლურ ნიჭს გავითვალისწინებთ, ალბათ მოახერხებთ, მისი უეცარი გამოჩენა, ცოლს რამენაირად აუხსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გავხდები მას ყველაფერი თავად მოვუყვე.
კაცი  სავარძელში ჩაეშვა  და  სახე ხელებში ჩარგო.
– იგი ჩემს მოხუც ძიძასთანაა, აქედან ათ მილში. მაგრამ სკანდალი... რა უნდა ვქნა...
– რამეს მოიფიქრებთ. ინსპექტორიც  შეგინახავთ საიდუმლოს. თქვენ ძველი და ცნობილი გვარის წარმომადგენელი ხართ. კიდევ ერთხელ ნუ გასვრით თქვენს სახელს სკანდალში.  ჰო, სხვათა შორის, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ: როცა გვით, ოთახის კუთხეებშიც გამოხვეტეთ!
    თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3