კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ უმახინჯებს ფსიქიკას ბავშვს მუდმივად დამნაშავის პოზიციაში ყოფნა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მუდმივი დანაშაულის შეგრძნება ძალიან ცუდად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე და მის მომავალს საფრთხის წინაშე აყენებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, აღზრდის პროცესში ამ საკითხს დიდი ყურადღებით მოვეკიდოთ.
ნინო კერესელიძე (ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი): დანაშაულის შეგრძნება ბავშვს ოჯახში უყალიბდება. მშობელი ხშირად გაუაზრებლად აძლევს მას მითითებას ან შენიშვნას, თითქოს სამყაროში მომხდარი ესა თუ ის მოვლენა მისი ბრალი იყოს. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში, მეუღლეზე გაბრაზებული ბავშვს ეუბნება, რომ გაღიზიანებულია და მისი ნერვები არ აქვს. ბავშვი ამ დროს ფიქრობს, რომ ამის მიზეზი თვითონაა. როცა მშობლებს ხშირად აქვთ კონფლიქტი, ბავშვი ამას საკუთარ თავზე იღებს და ფიქრობს: დედა და მამა იმიტომ ჩხუბობენ, რომ მე საკმარისად კარგი არ ვარ. ამ ტიპის მესიჯებით იზრდებიან ბავშვები ოჯახებში, სადაც მათ უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ. შესაბამისად, ყალიბდება მუდმივი დანაშაულის გრძნობა. ამ თემისადმი ბავშვი განსაკუთრებით მგრძნობიარე 3-5 წლის ასაკშია. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს მას ჩვენი მხარდაჭერა ვაჩვენოთ და ის კრიზისული პერიოდი შევუმსუბუქოთ, როცა დანაშაულის შეგრძნება ყველაზე აქტუალურია. ამ ასაკში ბავშვს არ აქვს იმის საშუალება, რომ მოახდინოს დიფერენციაცია, სად გადის ზღვარი მისა და სხვის ბრალეულობას შორის და ნებისმიერ კონფლიქტს თავისად აღიქვამს. ამიტომაცაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ ასაკში დიდი ყურადღების გამოჩენა, რომ ეს განცდა მას მთელი ცხოვრება არ გაჰყვეს. მაგალითად, თუ ბავშვი არ მიირთმევს ფაფას ბაღში და ეუბნებიან: ჭამე, თორემ დაისჯებიო. ბავშვმა შეიძლება იფიქროს, რომ მშობლებს შორის კონფლიქტი ზუსტად იმიტომ ხდება, რომ ბაღში ფაფა არ ჭამა.
– ხშირად, მშობლების დაშორებაშიც თავს იდანაშაულებენ, რაც ბავშვისთვის ძალიან დიდი სტრესია.
– დაშორების დროს მშობელი ვალდებულია, ბავშვს ინფორმაცია დაახლოებით ამ ფორმატით მიაწოდოს: „ჩვენ შენ ორივეს გვიყვარხარ. შენი ბრალი არ არის ჩვენი დაშორება, ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს პრობლემები“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამაში აუცილებლად საკუთარ თავს დაადანაშაულებს. ბევრ მოზარდს უთქვამს ჩემთვის: მე რომ კარგად არ ვსწავლობდი ან ცუდად ვიქცეოდი, ჩემი მშობლები იმიტომ დაშორდნენ, ხომ? არაცნობიერ დონეზე ბავშვი ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და თუ მათი შერიგება არ შეუძლია, უჩნდება ფრუსტრაციის განცდა. ფიქრობს, რომ ის არ არის საკმარისად კარგი იმისთვის, რომ სიტუაცია განმუხტოს. კრიზისულ მომენტებში ხშირად მშობლები, უფრო მეტად დედები, წყვეტენ ხოლმე: მოდი, ბავშვს გავაჩენ, იქნებ ოჯახის შენარჩუნებაში დამეხმაროსო. ასეთ ბავშვებს მშობლები არაცნობიერად უდებენ კოდს, რომ ისინი ყოველთვის ვალდებულები არიან, ვიღაც შეარიგონ და ეს განცდა მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვებათ. როცა ბავშვი ამ კოდით იბადება, მაგრამ შემდეგ მშობლები მაინც შორდებიან, წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი დანაშაულის შეგრძნება უჩნდებათ მათ. ყველა სხვის დანაშაულზე იღებენ პასუხისმგებლობას და როგორც წესი, არიან ჩაკეტილები, მორცხვები და ნაკლებად გამოირჩევიან ლიდერული თვისებებით.
– რა ხდება მაშინ, როცა მშობელი პირდაპირ ადანაშაულებს შვილს? მაგალითად, როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია და უფროსი ყოველთვის დამნაშავეა პატარებთან, მან ყოველთვის უნდა დათმოს.
– პირდაპირი დადანაშაულების დროს სახეზე გვაქვს ფსიქოლოგიური ძალადობა. უკიდურეს შემთხვევაში, ბავშვს შეიძლება, სუიციდისკენ მიდრეკილი აზრები გაუჩნდეს. ხშირია ფობიები, ღამით უნებლიე შარდვა და ასე შემდეგ. ხშირად უთქვამს ასეთი ბავშვის მშობელს: ჩემი შვილი ახლა ცუდადაა, მაგრამ ის პატარა და-ძმას აწვალებს და მან უნდა ისწავლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაო. გასაგებია, მაგრამ გააჩნია დოზებს, ტექსტს და ინტონაციას, რასაც ბავშვთან ამ საკითხზე საუბრისას ვიყენებთ. მას შიში არ უნდა ჩავუნერგოთ. მერე ბავშვი იმაზეც კი იღებს პასუხისმგებლობას, რაც მისი კონტროლის ქვეშ არაა, მაგალითად, ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალებაზე. რადგან იცის, რომ მუდმივად დამნაშავეა და ამის გამო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვარდება. როცა ბავშვს პირდაპირ ეუბნებით, რომ დამნაშავეა, აძლევთ კოდს, რომ ყოველთვის იყოს მსხვერპლი, ის ყოველთვის იპოვის ადამიანს, ვინც მასზე იძალადებს. ეს არის როლი, როცა ბავშვს ასწავლეს, რომ უნდა იყოს მსხვერპლი და არ გაიღოს ხმა. დანაშაულის შეგრძნების გამო ხშირად მათზე მომხდარ სექსუალურ ძალადობასაც კი არ აჟღერებენ, რადგან იციან, მშობელი მაინც მათ დასჯით, ბევრი ასეთი ქეისი გვქონია. ნათესავებს განუხორციელებიათ ბავშვებზე სექსუალური ძალადობა და მერე აშანტაჟებენ: შენი მშობელი ამას გაიგებს, მე თვითონ ვეტყვი და ის მე კი არაფერს მეტყვის, შენ დაგსჯის, იმიტომ, რომ შენ ხარ დამნაშავე. როცა ბავშვი მუდმივი დანაშაულის შეგრძნებით გვყავს გაზრდილი, არ უნდა ველოდოთ, რომ მოვა და თავის გულის ტკივილს გაგვიზიარებს ან თავდაცვას შესძლებს. ჩემი კლიენტი, 38 წლის ქალბატონი, იმის გამოა ძალიან ცუდად, რომ ხუთი წლის ასაკში მასზე იძალადეს. ათი წელი ეუბნებოდა მოძალადე, რომ ამის შესახებ მის მშობელს ეტყოდა. ის კი შვილს დასჯიდა და აღარ ეყვარებოდა, რადგან დამნაშავე იყო.
– კრიმინოლოგიაში ცუდი ქცევის წინაპირობა ხშირად ბავშვობაში არსებული მუდმივი დანაშაულის შეგრძენება ხდება. „მე თუ ცუდი ბიჭი ვარ, ამას შეგისრულებ, როცა გავიზრდები“.
– როცა მშობელი გამუდმებით ეუბნება შვილს, რომ ის ცუდია, ბოროტია, ნეგატიურ იარლიყებს აკერებს, ბავშვი ამას იჯერებს და ფიქრობს, მე თუ ასეთი ვარ, მაშინ, მოდი, ასეც მოვიქცევი. გარდატეხის ასაკში უკვე რადიკალურად ჩანს ამ ტიპის ქცევები. ეს სახლიდან გაქცევითაც გამოიხატება და თვითდაზიანებებშიც. როცა პატარას ხშირად ვეუბნებით, რომ დამნაშავე, მატყუარა და ბოროტია, ის ფიქრობს, მშობელს მაინც ასეთი ვგონივარ და გავაკეთებ ამ ყველაფერს, დაე, ვეგონო. თუნდაც, მოზარდებს რომ უმტკიცებენ: შენ ეწევი, შენ „წამალს“ იკეთებ და უარყოფის მიუხედავად მათი სიმართლის არ სჯერათ, მაშინ ბავშვს უჩნდება განცდა: მოდი, მართლა გავაკეთებ ან, უბრალოდ, გავსინჯავ იმას, რასაც ასე ხშირად მაბრალებენ. ამ დროს ის აბსოლუტურად მართალია საკუთარ თავთან – მშობელს საკუთარი ქცევით უმტკიცებს: აი, მე არ ვიყავი ასეთი, მაგრამ თუ გინდოდა, ვყოფილიყავი, ვიქნები კიდეც. ძალიან ხშირად ჰიპერმზრუნველობა, შებოჭილი მშობლობა ბავშვს მანკიერებებისკენ უბიძგებს. ქართველებზე და ებრაელებზე ხშირად ამბობენ, რომ „გადამკვდარი დედები“ არიან, რაც ბავშვს ხშირ შემთხვევაში აფიქრებინებს, იპოვოს გასაქცევი, სადაც ის ერთხელ მაინც შეიგრძნობს თავისუფლებას, იქნება ეს ნარკოტიკი, სასმელი თუ სხვა რამ. ბავშვისთვის ყველა შენიშვნის მიზეზი  კარგად უნდა იყოს განმარტებული. როცა ვინმესთან კონფლიქტი გვაქვს, ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ამაში მისი ბრალეულობა არაა. თავისთავად, არ შეიძლება პირდაპირი ბრალდებები. თუ შეგვეშალა და სხვაზე გაბრაზებულმა ჯავრი მასზე ვიყარეთ, აუცილებლად უნდა მოვუხადოთ ბოდიში. ბავშვში უნდა გავაღვივოთ მადლიერების განცდა და ბოდიშის მოხდის უნარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
скачать dle 11.3