კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

№7 რატომ არ დახვრიტეს ვერელი ყალბი ფულის მჭრელი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ფარული გამოძიება
1970 წლის 12 მაისს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ბანკში მაღაზია „დინამოს“ ბუღალტერმა ირინე პატარიძემ ნავაჭრი თანხა 48 ათას 792 მანეთი შეიტანა, აღმოჩნდა, რომ კუპიურებს შორის 8 ცალი ათმანეთიანი ყალბი იყო. მაშინვე საქმის კურსში ჩააყენეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალურმა საგანგებო ჯგუფმა გამოძიება დაიწყო. დაიკითხნენ მაღაზიის თანამშრომლები და ერთ-ერთმა მათგანმა გაიხსენა, რომ წვერიანმა, მუქსათვალიანმა მამაკაცმა გასაბერი ნავი იყიდა, რომელიც 83 მანეთი და 91 კაპიკი ღირდა. მომდევნო დღეებში ბანკში კიდევ 960 მანეთის ღირებულების ყალბი ფული შევიდა. ძიებამ მილიციის გამომძიებლები კვლავ წვერიან, მუქსათვალიან მამაკაცზე გაიყვანა, რაც თითქმის არაფერს იძლეოდა. გამომძიებლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ წვერი და სათვალე ყალბი ფულის გამავრცელებლისთვის შესანიღბავი საშუალებები იყო და მეტი არაფერი. მართალია, გამოძიება ფარულად, მაგრამ ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა. ექსპერტებმა კი დაასკვნეს, რომ ყველა ათმანეთიანი ერთი პირის მიერ იყო დამზადებული და უმაღლესი ტექნოლოგიით გამოირჩეოდა. რომ არა ერთი ხარვეზი, ვერავინ მიხვდებოდა სიყალბეს. ხარვეზი კი ის იყო, რომ ფულს უწვრილესი შრიფტით ეწერა – „ყალბია“.
ხუმარა ბოროტმოქმედი
სულ რაღაც ორი თვის განმავლობაში, საქართველოში 11 ათას 900 მანეთის ღირებულების ყალბი ათმანეთიანები გავრცელდა და მთელი მარილი იმაში მდგომარეობდა, რომ ყალბი ფულის მჭრელი მილიციას აბუჩად იგდებდა: იმ ადგილებში, სადაც წვრილი შრიფტი იყო გამოყენებული, ბოროტმოქმედი სხვადასხვა ტექსტს წერდა, რომლებიც ასეთი შინაარსის იყო: „ვერ მიპოვით“, „ვერ დამიჭერთ“, „დოყლაპიებო“... ერთი სიტყვით, ბოროტმოქმედი ძალოვნებს ეთამაშებოდა და მას შიდა მომხმარებისთვის „ხუმარა“ შეარქვეს. ორი თვის შემდეგ კი „ხუმარამ“ თავისი დანაშაულის საზღვრები გააფართოვა და ყალბ ათმანეთიანებს რუსეთში ავრცელებდა, რომლებზეც უკვე რუსულ ტექსტებს ურთავდა. მომავალი ერთი თვის განმავლობაში რუსეთში 20 ათასის ღირებულების ყალბი ათმანეთიანები გავრცელდა და „ხუმარას“ უკვე მთელი საბჭოთა მილიცია ეძებდა. მას არა ერთი მახე დაუგეს. ჩხრეკდნენ ყველა საეჭვო პიროვნებას, „დაამუშავეს“ უამრავი ყალბი ფულის მჭრელი, მაგრამ „ხუმარაზე“ გასვლა ვერაფრით ხერხდებოდა. აგვისტოში ბოროტმოქმედმა მოღვაწეობა შეაჩერა და როდესაც ყველას ეგონა – ის „ფსკერზე დაწვაო“, სექტემბერში კვლავ გამოჩნდა და უკვე 50 და 100-მანეთიანი ყალბი კუპიურების გავრცელებას მიჰყო ხელი.
ჩიბუხიანი ბელადი
სექტემბერში „ხუმარამ“ 60 ათასი მანეთის ღირებულების ყალბი 50 და 100-მანეთიანი კუპიურები მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გაავრცელა. ეს კი უკვე დასახვრეტი მუხლი იყო და მის ძებნაში „კაგებეც“ ჩაერთო. გამოიკითხა ათასობით ადამიანი და შედეგი მაინც ნულის ტოლი იყო. ფეხზე დააყენეს მილიციისა და „კაგებეს“ მთელი აგენტურული ქსელი, მაგრამ არც ამან მოიტანა სასურველი შედეგი. როგორც თითქმის ყველა დიდი საქმის გახსნისას, „ხუმარას“ ძებნაშიც და მის გამოაშკარავებაში, მთავარი როლი შემთხვევითობამ ითამაშა. 1970 წლის 12 დეკემბერს კი, ანუ პირველი ყალბი ფულის გამოჩენიდან 7 თვის შემდეგ, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მეცხრეკლასელმა გოგონამ თავის მეგობარს, ეგრეთ წოდებული, მეგობრობის დღიურში ჩვეულებრივ, მათემატიკის ფურცელზე დახატული ათმანეთიანის სურათი ჩაუკრა და როგორც მიღებული იყო, ტექსტიც თან დაურთო. ბედის ირონიით, დღიურის მფლობელი, 15 წლის ნონა გოგელია იყო. მამამისი, ვანო გოგელია კი – მილიციის მაიორი და იმ ჯგუფში მუშაობდა, რომელიც „ხუმარას“ ეძებდა. მაიორმა თავის შვილს მეგობრის ვინაობა გამოჰკითხა და გაირკვა, რომ ნახატის მჩუქებელი ირინა კაკულია იყო. შემდგომ ყველაფერი ტექნიკის საქმე აღმოჩნდა და გაირკვა, რომ გოგონას მამა, 41 წლის ბესო კაკულიას სამხატვრო ტექნიკური ჰქონდა დამთავრებული და 31-ე საავიაციო ქარხანაში ზეინკლად მუშაობდა. უშიშროება მას კუდზე დააჯდა და როდესაც ის ზემო ვერაზე, მისსავე სახლში დააკავეს, ჩხრეკისას ყალბი ათმანეთიანი აღმოუჩინეს, რომელზედაც ბელადი ლენინი ჩიბუხით იყო აღბეჭდილი.
„ქაღალდის დივერსია“
ბესო კაკულიას საიდუმლო სარდაფში 91 ათასი მანეთი ყალბი ფული და საკუთარი ხელით აწყობილი ფულის საბეჭდი დაზგა აღმოუჩინეს. მან აღიარა, რომ  დეტალები 16 წლის განმავლობაში ნელ-ნელა, მიზანმიმართულად გამოზიდა 31-ე ქარხნიდან და სარდაფში დაზგა თავად ააწყო. მანვე გაანდო გამომძიებლებს ქაღალდის დამზადებისა და სპეციალური საღებავების მიღების ტექნოლოგია, რითაც ისინი აღაფრთოვანა. მიუხედავად იმისა, რომ კაკულიას დახვრეტის მუხლი ჰქონდა, მისი საქმე დახურეს. ყალბი ფულისა და დაზგის კონფისკაცია მოახდინეს, ხოლო თავად ის კი მოსკოვში წაიყვანეს და „კაგებეს“ საიდუმლო ლაბორატორიაში, ზესაიდუმლო პროექტ „ქაღალდის დივერსიაში“ ჩართეს. ეს პროექტი  ყალბი ამერიკული და ბრიტანული ვალუტების ბეჭდვასა და შემდგომ მათ გავრცელებას ითვალისწინებდა, რასაც მნიშვნელოვანი ზიანი უნდა მიეყენებინა ამ ქვეყნებისთვის. მაშინ, როდესაც 100-100 მილიონი დოლარი და სტერლინგი იყო დაბეჭდილი, პროექტი გააუქმეს და ყალბი კუპიურები კი გაანადგურეს. კაკულია ფულის საბეჭდ ქარხანაში გაამწესეს. „ხუმარას“ „პერესტროიკის“ დროს პოლიგრაფიული კოოპერატივი ჰქონდა. შემდეგ კი ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა.
скачать dle 11.3