კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 სიყვარულის გარეშე

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #5-6(945)


– შენ, რაღაც საეჭვოდ აცუნდრუკდი, – გაეცინა დათოს.
– რამდენი წლისაა? – ყურადღება არ მიაქცია შენიშვნას ლევიკომ.
– მგონი, 33-ის.
– ქმარ-შვილი ჰყავს? – განაგრძო ლევიკომ.
– არა.
– არც ჰყოლია?
– მაგდენი ზუსტად აღარ ვიცი. ქმარი, მგონი, ჰყავდა, მაგრამ მაკა უშვილო აღმოჩნდა და გაეყარა. მერე აღარ გათხოვილა... – და დათომ უცბად შეუღრინა ლევიკოს: – რა დაკითხვას მიწყობ და რას მაჭორავებ ამხელა კაცს! რა ჩვენი საქმე, ვინ ჰყავდა და ვინ ჰყავს ზრდასრულ ქალს?
– საყვარელიც არ ჰყავს?
– დღედაღამ აქ არის და რანაირად? – დათოს აშკარად არ სიამოვნებდა ეს საუბარი.
– უშვილოა? საწყალი გოგო!.. თუმცა, სხვა იმდენი ღირსება ჰქონია, რომ... მაგრამ უშვილობა მაინც სერიოზული ნაკლია ახალგაზრდა ქალისთვის, – ლევიკომ ისევ არ მიაქცია დათოს საყვედურს ყურადღება, ისე განაგრძო მაკაზე ხმამაღლა ფიქრი: – ჯერ ერთი, ამ შემთხვევაშიც შეიძლება გამოსავლის მოძებნა, თუკი ქალი მოისურვებს...
– და, მეორეც, კიდევ ერთხელ გაფრთხილებ: შენ შენს ჰარამხანას მიხედო, ის გირჩევნია, – სიტყვა ჩამოართვა დათომ, – მაკას შენისთანებისთვის არ სცალია და არც...
– მოიცა, მოიცა!.. მგონი, რაღაცას მივხვდი! – ხმამაღლა გაეცინა ლევიკოს, – თუ ასეა, ძმაო, ხელები ამიწევია. ხომ იცი, პერეხვატების კაცი არა ვარ, მით უმეტეს, ძმაკაცებთან!
– სისულელეების ბოდვას თავი დაანებე! – ჩაუსისინა დათომ და კარისკენ გაიხედა, მაკა ხომ არ მოდისო, – ვერაფერსაც ვერ მიხვდი. მე სულ სხვა გეგმები მაქვს ძიძასთან დაკავშირებით.
– მე არ მეტყვი? – ინტერესისგან ყურები აეცქვიტა ლევიკოს.
– გეტყვი, როცა დრო მოვა. ის კი არა, შეიძლება, დამჭირდე კიდეც ჩემი გეგმის განხორციელებაში.
– ხომ იცი, რომ კანონმორჩილი ადამიანი ვარ და კრიმინალისგან ძალიან შორს ვდგავარ.
– სხვათა შორის, მეც. ამიტომ ამის საშიშროება არ იქნება.
– როდის მეტყვი?
– ნაწილობრივ ახლავე. მაკა რომ გამოვა, ალბათ, სადილს შემოგვთავაზებს და სწორედ სადილის დროს უნდა ვთქვა მასთან, რომ მთლიანად გავკოტრდი, ანუ მთელი ბიზნესი დავკარგე, მხოლოდ ეს სახლი და თბილისის ბინა დარჩა და ერთ-ერთის გაყიდვაც მომიწევს, რომ ბავშვი ვარჩინო.
– მერე?
– მერე არაფერი, შენ ძალიან ბუნებრივად უნდა დამიკრა კვერი, რომ ჩემი სიტყვები დამაჯარებელი და დრამატული გამოვიდეს.
– სულ ეს არის? – იმედი გაუცრუვდა ლევიკოს, – მე მეგონა, რამე უფრო საინტერესო როლს მომცემდი.
– ჯერჯერობით ეს არის. უფრო საინტერესო როლი, შეიძლება, უახლოეს მომავალში მოგცე.
– კარგი, ჯვარი სწერია შენს ბიზნესს და, დაგეთანხმები, რომ გაკოტრდი, მაგრამ რისთვის გჭირდება ასეთი ტყუილი, რისი მიღწევა ან გაგება გინდა ამით?
– მაკას რეაქციის.
– უფრო ზუსტად?
– უფრო ზუსტად, მაინტერესებს, ჩემი ქონების გამო უნდა ნიტას შვილად აყვანა თუ მართლა დედობაზე ოცნებობს, – და დათომ დაწვრილებით უამბო ლევიკოს მაკას მოთხოვნის თუ შემოთავაზების შესახებ.
– რას ლაპარაკობ? მერე, შენ რა უთხარი?
– მე ვუთხარი, რომ ჩემი შვილის დედად მეც ის შევარჩიე, მაგრამ ჯერ არაფერი მითქვამს ჩემი უმკაცრესი პირობების შესახებ. ამიტომ, არ ვიცი, როგორ დასრულდება ჩვენი მოლაპარაკება.
– ანუ, ზოგადად, დაგეთანხმა?
– თავიდან, როგორც გითხარი, ჩემგან დამოუკიდებლად, თვითონ მთხოვა, მაგრამ მერე ძალიან დაიბნა. ამიტომ სამი კვირა მივეცი მოსაფიქრებლად.
– მერე, გავიდა ის სამი კვირა?
– სამი კვირა კი არა, უკვე სამი თვე იწურება.
– და არაფერი უთქვამს?
– მე აღარ ჩამომიგდია საუბარი ამ თემაზე. შეგნებულად არაფერს ვეუბნებოდი, მაინტერესებდა, თვითონ თუ წამოიწყებდა ამაზე საუბარს, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს ეს საკითხი საერთოდ არც კი დასმულა. ძალიან თავშეკავებული და დახვეწილი ადამიანია, მაგრამ მაშინდელი საუბრისას, რაღაც მომენტში, თითქოსდა უმტკივნეულოდ ახსენა ჩემი ქონება და ამან დამაფიქრა. ამიტომ მინდა გაკოტრების თემის შეგდება, რეაქცია მაინტერესებს-მეთქი, ხომ გითხარი.
– კარგი, ყველაფერი გასაგებია, – ჩუმად უპასუხა ლევიკომ, რადგან მათკენ მიმავალი მაკა დაინახა და, დათოს გაფრთხილების მიუხედავად, თავისდაუნებურად, მუშტრის თვალით შეაფასა. „ათიდან 7-8 ქულა, ოღონდ ცოტა ზედმეტად სადაა“, – გაიფიქრა და, იმის შიშით, ვინმემ რამე არ შემამჩნიოსო, ეზოს თვალიერება დაიწყო.
– კიდევ ერთხელ მოგესალმებით, – მორიდებით თქვა მაკამ, – ბატონო დათო, ყველაფერი მზად მაქვს და რას ინებებთ – საუზმეს, სადილს თუ ყავას ან ჩაის ნამცხვრით? ისე, ხაჭაპურიც გამოვაცხვე დილით, ეტყობა, გულმა მიგრძნო, რომ მოხვიდოდით.
– თუ თავხედობაში არ ჩამომართმევთ, ჯერ სადილი, მერე კი – ყავა და ნამცხვარი, – თავაზიანი ღიმილით შეუკვეთა ლევიკომ, – ძალიან მშიერი ვარ და...
– ჰო, მორიდებით ნამდვილად არ გამოირჩევი, – გაეცინა დათოს, – მაგრამ, რადგან სტუმარმა გვთხოვა, შევუსრულოთ სურვილი.
მაკა მაშინვე შებრუნდა სახლში, თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ კი ათასგვარი კერძით დატვირთული პატარა ურიკა გამოაგორა ფანჩატურისკენ. სამჯერ მოუწია ასეთი „რეისის“ გაკეთება და მრგვალი მაგიდა ნაირ-ნაირი ნუგბარით აავსო.
– ყავას და ნამცხვარს ბოლოს მოგართმევთ, – მაკამ ურიკას მოჰკიდა ხელი და სახლისკენ წასვლა დააპირა, მაგრამ დათომ შეაჩერა:
– შენც დაგვეწვიე. თან ვისადილოთ, თან სალაპარაკო მაქვს შენთან.
მაკამ ჯერ ლევიკოსკენ გაიხედა და მერე დათოს შეხედა. დათო მიხვდა, რაც იგულისხმა ძიძამ და დაამშვიდა:
– ჩათვალე, რომ ლევიკო ჩემი მეგობარი, ძმა და მესაიდუმლეა. ამიტომ მასთან დასამალი არაფერი მაქვს. შენ თანახმა ხარ, ლევიკოც დაესწროს ჩვენს საუბარს?
– კი ბატონო, როგორც თქვენ ისურვებთ, – თქვა მაკამ, მაგრამ ჯერ გემრიელად მიირთვით და მერე ვილაპარაკოთ. მანამდე კი მე ნიტასთან ვიქნები, მარტო რომ არ იყოს. როცა გაიღვიძებს, გამოვიყვან და...
– არა, როცა გაიღვიძებს, ჩვენ შემოვალთ სახლში, ყავასაც იქ დავლევთ და მოლაპარაკებასაც იქ გავმართავთ. თანახმა ხარ?
– რა თქმა უნდა, – მაკამ თავაზიანი ღიმილით დაუქნია თავი, – ამ ურიკას აქ დავტოვებ, მერე ეს ყველაფერი უკან რომ შევიტანო.
კაცებმა გემრიელად ისადილეს და, ის იყო, წამოდგომა დააპირეს, რომ მაკაც გამოჩნდა ბავშვით ხელში.
დათო ცოტა დაიძაბა, მაგრამ შვილს მაინც გაუღიმა.
– აი, შენი მამიკო მოვიდა, – უთხრა მაკამ. ბავშვმაც, თითქოს გაიგო, რაც უთხრეს, ორივე ხელი გაიშვირა მამისკენ და ჭყლოპინით ჩაეხუტა. ეს ისე სწრაფად მოხდა, დაბნეულმა დათომ ხელი სტაცა, რომ ბავშვი ძირს არ დავარდნოდა ძიძას და მთელი ძალით მიიკრა გულზე. აი, ამ მომენტში კი ისეთი შოკის მომგვრელი ნეტარება იგრძნო შვილის პაწაწინა სხეულთან შეხებით, ჩვილის გულისცემამ ისეთი ენერგიით, ისეთი სიკეთით, ისეთი სიყვარულით აავსო, რომ ხმამაღლა ატირდა და სულაც არ რცხვენოდა ამ ცრემლების. მამა-შვილის შემხედვარე ლევიკო მუჭით იწმენდდა თვალებს და არც მას შერცხვენია თავისი ემოციების. მხოლოდ მაკას დასთამაშებდა სახეზე კმაყოფილი ღიმილი და სწრაფად ალაგებდა ჭურჭელსა და დარჩენილ კერძებს მაგიდიდან ურიკაზე.
***
დათომ მანამდე ასეირნა ბავშვი ეზოში, სანამ ისევ ძილის დრო არ მოუწია. მაკამ ნიტა დააძინა, მერე მისაღებ ოთახში ყავა და ნამცხვარი გამოუტანა კაცებს და თვითონაც მორიდებით ჩამოჯდა მათ გვერდით.
ლევიკო გემრიელად ილუკმებოდა ნამცხვარს და ისეთი კმაყოფილი კრუტუნით აყოლებდა ცხელ ყავას, რომ დათოს და მაკას სიცილი აუტყდათ. მაგრამ მან აინუნშიც არ ჩააგდო მათი სიცილი, ერთი დიდი ლუკმა ნამცხვარი კიდევ მოკბიჩა და ღეჭვა-ღეჭვით ამოილუღლუღა:
– თქვენ დაიწყეთ, მეც ორიოდე წუთში შემოგიერთდებით.
– კი ბატონო, – დაეთანხმა დათო და მაკას მიუბრუნდა, – იმედია, გახსოვს ჩვენი საუბარი ნიტასთან დაკავშირებით.
– რა თქმა უნდა, მახსოვს.
– მაშინ მე სამი კვირა მოგეცი მოსაფიქრებლად, მაგრამ ეს ვადა თითქმის სამ თვემდე გაგიზარდე.
– დიახ.
– პასუხი მოიფიქრე? თუმცა მე ჩემი პირობების შესახებ არ მითქვამს არაფერი.
– ჩემთვის შემოთავაზებულ პირობებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მე შევძლო თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება. მე შვილი მინდა, დედა მინდა ვიყო – მეტი მოთხოვნა ჩემგან არც არის და არც იქნება.
– როგორც უკვე გითხარი, მე ჩემი მოთხოვნები და პირობები მქონდა და, თანაც, ძალიან მკაცრი და რთული შესასრულებელი. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მოთხოვნები უფრო დაამძიმა ერთმა გარემოებამ, რამაც, შესაძლოა, შენი უარი გამოიწვიოს ჩემს შემოთავაზებებზე. გაინტერესებს, ბოლომდე ვთქვა სათქმელი?
– ცხადია, მაინტერესებს. ჩვენ ახლა ბავშვის მომავალზე ვლაპარაკობთ და არა მხოლოდ ჩემსაზე.
– კარგი, მაშინ ბოლოდან დავიწყებ: დაახლოებით ერთი თვის წინ მე მთლიანად გავკოტრდი – ჩემი ბიზნესისგან მტვერია დარჩენილი. უფრო სწორად, ბიზნესი ისევ არის, ოღონდ, ახლა ჩემს პარტნიორს ეკუთვნის. ზუსტად ისე გადამაგდო, როგორც პრიმიტიულ სერიალებში ხდება ხოლმე.
– მერე, რას აპირებთ? შეეგუებით ამ ყველაფერს და არ იბრძოლებთ?
– რა უნდა დავაპირო, ან ვის და რას უნდა ვებრძოლო, ქარის წისქვილებს? მე რომ ახლა მასთან ბრძოლა დავიწყო, სადმე ბნელ ქუჩაზე გამაფრთხობინებენ სულს და ჩემი ნიტა მთლად დამიობლდება. რაც შეეხება შეგუებას, ეს ისეთი პირობითი ცნებაა... როგორც ხედავ, ანას სიკვდილსაც შევეგუე და იმასაც, რომ ჩემი ნათესავები ჩემი ობოლი შვილის გაძარცვას აპირებენ, რას არ ჩალიჩობენ ჩუმად თუ აშკარად, რომ ჩემი ქონება დაითრიონ, მაგრამ აღარაფერი დარჩა დასათრევი – ეს სახლი და თბილისში ერთი ბინაღა დამრჩა. ძალიან მალე ამ სახლის გაყიდვაც მომიწევს – ცხოვრება ხომ გვინდა. ასე რომ, ჩემო კარგო, ჩემი უბედურების ფონზე, გაკოტრება სამხიარულო სიმღერაა... ცხადია, არ გამხარებია, მაგრამ ქონების გამო თავის მოკვლა ნამდვილად არ ღირს... – ამ სიტყვებს რომ ამბობდა, დათო თვალებში მისჩერებოდა მაკას, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შენიშნა და ცოტა გულზე მოეშვა.
– მართალი ხართ, ბატონო დათო, ქონება და სიმდიდრე არ არის მთავარი, – მაკა შეეცადა, რამე გამამხნევებელი ეთქვა, მაგრამ იუხერხულა და გაჩუმდა.
– მეც ზუსტად ასე ვუთხარი, –  თავისი „როლი“ გაახსენდა ლევიკოს, –  ახალგაზრდა კაცია, მცოდნე, ენერგიული. რამეს მოიფიქრებს, ახალ საქმეს წამოიწყებს, მეც გვერდში დავუდგები, თქვენ კი, აგერ, ბავშვის გაზრდაში მიეხმარებით... ხომ მართალს ვამბობ?
– რა თქმა უნდა, – თავისი საყვარელი ფრაზა გაიმეორა მაკამ, – გქონდეთ ჩვენი იმედი, ბატონო დათო. ამქვეყნად უსაშველო არაფერია, თუ ადამიანი მოინდომებს და თუკი ის მარტო არ არის.
– თანადგომისთვის ორივეს მადლობას გიხდით, მაგრამ ჩემი გაკოტრების მიუხედავად, მაინც გინდა, ჩემი მკაცრი პირობები და მოთხოვნები გაგაცნო თუ გადაიფიქრე?
– რატომ უნდა გადამეფიქრებინა? რა შუაშია თქვენი გაკოტრება ჩემს ოცნებასთან? ყურადღებით გისმენთ.
– შესაძლოა, ზოგი რაღაცის გამეორება მომიწიოს, მაგრამ, არა უშავს, ყველაფერს უფრო კარგად გაიაზრებ და მოიფიქრებ პასუხს. მოკლედ, მე მინდა, რომ ჩემს შვილს ჰყავდეს დედა და არა ძიძა ან გაუვერნანტკა. გარდა ამისა, მინდა, რომ დედის მეშვეობით, როგორც ფიზიკურად, ისე იურიდიულად, დაცული იყოს როგორც თავად ნიტა, ისე ის ქონება, რაც მას ჩემგან ერგება, ბევრი იქნება ის თუ ცოტა. მაგრამ, იმ ქალმა, ვინც ნიტას დედობას ისურვებს და იკისრებს, უნდა შეასრულოს რამდენიმე პირობა: პირველი – ხელი მოაწეროს ჩემთან, ანუ ოფიციალურად გახდეს ჩემი ცოლი; მეორე – ნიტას სრულწლოვანებამდე, თუნდაც მე მანამდე გარდავიცვალო, არც უნდა გათხოვდეს და არც მეგობარი მამაკაცი არ უნდა გაიჩინოს, არა ჩემდამი ერთგულების, არამედ ჩემი შვილისა და მისი ქონების უსაფრთხოების მიზნით; შესაბამისად, უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი მსუბუქი ფლირტიც კი. მესამე – არავისთან, თვით ყველაზე ახლობელ, ერთგულ და სანდო ადამიანებთანაც კი, არ უნდა დასცდეს არანაირი ინფორმაცია ჩემი შვილის მემკვიდრეობის შესახებ, კიდევ ვიმეორებ, დიდი იქნება ეს მემკვიდრეობა თუ მცირე. ახლა, რაც შემეხება მე. წინასწარ უნდა იცოდე, რომ შენთან ხელის მოწერის შემთხვევაში, მე არ შემოვიფარგლები ვალდებულებებით, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც ხელმეორედ დაოჯახებას ვაპირებ ოდესმე (თუ არ ჩავთვლით ამ ფიქტიურ დაქორწინებას) და არც ნაშებში სირბილს – ამას ანას არ ვაკადრებ. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელი მამაკაცი ვარ და ფიზიოლოგია თავისას მოითხოვს, თეორიულად არ გამოვრიცხავ მცირეოდენ გადაცდომებს, თუმცა გამოვრიცხავ შენი მხრიდან ეჭვიანობასა და შენ წინაშე თავის მართლებას. შემდეგი პირობა: მე მუდმივად მექნება ურთიერთობა თქვენთან, როგორც ჩემს ოჯახთან, ვიზრუნებ თქვენზე. შენ იქნები რესპექტაბელური ოჯახის ბედნიერი დედა – მე ვეცდები, რომ მართლა ასეთად იგრძნო თავი. ხანდახან დასასვენებლადაც ერთად წავალთ ხოლმე, მაგრამ შენ არასდროს არ ჩაერევი არც ჩემს პირად ცხოვრებაში და არც ბიზნესსაქმიანობაში. და, ბოლო პირობა: თუ ჩვენი ეგრეთ წოდებული ცოლქმრობის, უფრო სწორად, თუ შენი ოფიციალური დედობის განმავლობაში რამე შეგეშალა, ანუ რომელიმე პირობა დაარღვიე, ჩვენი ქორწინება უქმდება, შენ უკაპიკოდ ბრუნდები სახლში და ივიწყებ ჩემს შვილს; მაგრამ თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, შენ შეძლებული ქალი გახდები – იმედია, მანამდე ახალ ბიზნესს წამოვიწყებ და ისევ წელში გავიმართები. ყველაფერი გასაგებია?
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3