კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 დედამიწაზე არის ჯვარი, ზეცაში –მოწყალება, ჯოჯოხეთში – სამართლიანობა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

დღეს განსაცდელებით სავსე წუთისოფელში გვიწევს ცხოვრება, დღე არ გავა, რომ ადამიანმა ცუდი რამ არ შეიტყოს. ადამიანები ხშირად, სწორედ, განსაცდელის შემდეგ მიდიან ღმერთთან, რადგან მანამდე ვფიქრობთ, რომ ის, რაც სხვასთან ხდება, შეიძლება, ჩვენთან არ მოხდეს. როგორია ამ ყველაფრის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება, რის გათვალისწინება გვმართებს ქრისტიანებს, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

​– თანამედროვე რეალობაში ადამიანი, თუ რამე განსაცდელი არ აქვს, ღმერთთან არ მიდის. ჩვენ ვაიძულებთ უფალს, რომ მოგვივლინოს სნეულება, საპყრობილე, კიდევ სხვა განსაცდელები, რადგან თვითონ არ გვინდა ღმერთთან მისვლა. როცა ხედავ, რომ შენი მეუღლე ავად არის, საპყრობილეშია, შენი ქვეყანაა ცუდად, პატრიარქს აგინებენ, ადამიანები ეკლესიიდან მიდიან, სიძვა-მრუშება უკვე ნორმა გახდა და შენ კი ღმერთმა აზროვნება, სულიერება, რწმენა მოგცა, შენ მაინც მოდი ეკლესიაში. რადგან ხვალ შეიძლება, შენ დასნეულდე, შენ იყო საპყრობილეში, შენ დაკარგო სარწმუნეობა და ვეღარ მოხვიდე. ამიტომ იარე ტაძარში, სანამ შეგიძლია, შეევედრე დიდ წმიდა მამებს. ქრისტე გვასწავლის, რომ ჩვენს ნებაზე წინ დავაყენოთ ქრისტეს ნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეში არის ორი ბუნება და ორი ნება: ღვთაებრივი და ადამიანური, ეს აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ. ყველა ადამიანი არის პიროვნება და პიროვნებისთვის დამახასიათებელია ნებელობა, რაც ქრისტიანობის დამსახურებაა. ქრისტიანობამ უთხრა ადამიანს: შენ ხარ პიროვნება, პერსონა და შენში არის ნება, გინდა მიიღე, გინდა უარყავი, გინდა ბოროტი იყავი, გინდა – კეთილი. სერბეთის პატრიარქი ამბობდა: ჩვენ არ ვირჩევთ ქვეყანას, ჩვენ არ ვირჩევთ მშობლებს, დედმამიშვილებს, შვილებს, მაგრამ ვირჩევთ: ბოროტებას და სიკეთეს, სინათლეს ან სიბნელეს.
– ზოგჯერ სასულიერო პირები თამამი განაცხადებით გამოირჩევიან, რასაც ხალხი არაერთგვაროვნად იღებს.
– კი. ზოგს უკვირს ჩვენი თამამი განაცხადები. როდესაც სასულიერო პირი ამბობს, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, გვიპირისპირდებიან. თუ ჩვენ სულიერად მაქსიმე აღმსარებლის შთამომავლები ვართ, არ უნდა გავჩუმდეთ. შეიძლება, ხელი მოგვკვეთონ, ჩვენზე სიბინძურე თქვან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი დიდი მამების შთამომავლები ვართ. სამწუხაროდ, დღეს კარგი არაფერი გვესმის – ვიღაც მოკვდა, ვიღაც ავად არის, სიმსივნე სჭირს... ამ დროს უნდა ვიცოდეთ, როგორი მიდგომა გვქონდეს ასეთი საკითხებისადმი. რამდენიმე ქრისტიანული ხედვა არსებობს, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
– როგორია ისინი?
– პირველი ხედვა, ეს არის წინ ყურება. ყველა ნორმალური ადამიანი წინ იმედით იყურება. ღმერთი, ეკლესიაც გეუბნება, რომ წინ იმედით იყურე. მთავარია რწმენა, იმედი და სიყვარული. თუ შენთან არის ღმერთი, რას გიზამს კაცი. იმედით ცოცხლობს კაცი და თუ მას იმედი აღარ აქვს, არაფერი ეშველება. გახსოვდეთ, რომ ღმერთი გვაძლევს ყველაფერს, რაც ჩვენი ცხონებისთვის და ცხოვრებისთვის არის საჭირო. როცა ცახცახებ, გეშინია, ღმერთი გეუბნება: ნუ გეშინია, მე შენთან ვარო. უფალმა გაგვაფრთხილა: ჭირი გექნებათ წუთისოფელშიო. შვილი დაკარგე, უპირველეს ყოვლისა, ღვთისმშობელმა დაკარგა შვილი, ღმერთმა შემოგვწირა საკუთარი ერთადერთი ძე. საპყრობილეშია ვინმე – თავად პავლე მოციქული, მაცხოვარი იყვნენ ციხეში. ავად ხარ – პავლე იყო სნეულებაში, გაყენებენ შეურაცხყოფას – იესო ქრისტეს და მის მიმდევრებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და შენ რატომ გიკვირს? მაგრამ ჩვენ იმდენად ამაყები ვართ, ამპარტავნები, რომ როგორ გვეკადრება ასეთი რამ. წინ იყურეთ იმედით და უკან მოიხედეთ მადლიერებით და არა ლოთის ცოლივით, რომელიც ძველ სოდომ-გომორულ ცხოვრებას მისტირის. დღეს ბევრი მისტირის კომუნისტურ წყობას. მადლიერებით იყურეთ უკან, არ განიკითხოთ, არ იწუწუნოთ. ადამიანები მშობლებს, ნათესავებს განიკითხავენ – უკეთესად ვიქნებოდით სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავითო. ღმერთს ასეთი ადამიანი არ უყვარს. რომ დადიხართ, დაბლა იყურეთ ხოლმე, სინანულით, რომ ადამიანი ხარ, მიწისგან ხარ, შენი სხეულით მიწიდან ხარ ამოღებული და მიწას უნდა მიბარდე. მიწასავით თავმდაბალი იყავით, რომელიც თუ კი რამე სიბინძურეა, ყველაფერს იღებს თავმდაბლობით. სხეულს დაანებე თავი, ძალიან ნუ აფუფუნებ და ნუ რყვნი ზედმეტი რაღაცებით. რაც საჭიროა, ის მიეცი და დანარჩენი სულზე იფიქრე. წინ იყურე რწმენით, მაღლა კი – სინანულით. ანუ გავიხედეთ წინ, მოვიხედეთ უკან, დავიხედეთ დაბლა და ავიხედეთ მაღლა. თქვი: ღმერთო დიდებულო, შენ მე მაჩუქე სიცოცხლე, მარადიული სული, მადლით გთხოვ, შემიწყალე, დამიცავი და მინდა, შენთან ვიყო. ვიცი, რომ არ ვარ ღირსი, მაგრამ მინდა, რომ ვიყო იქ, სადაც იესო ქრისტეა. ერთი ფილოსოფოსი ამბობს: დედამიწაზე არის ჯვარი, ზეცაში – მოწყალება, ჯოჯოხეთში – სამართლიანობა.
– რა იგულისხმება ამ ყველაფერში?
– ანუ დედამიწაზე რომ ხარ, ჯვარი უნდა ატარო მაცხოვარივით, გოლგოთაზე უნდა ახვიდე. ჯოჯოხეთში თუ მოხვდი, ესე იგი, სამართლიანად მოხვდი და თუ ზეცაში მოხვდი, ესე იგი, მოწყალება გადმოვიდა შენზე. ეს მთელი ცხოვრება უნდა გახსოვდეს. ჯვარი სწერია ყველას, მაგრამ ვინც ჯოჯოხეთში ხვდება, ეს მისი არჩევანია, მისი არასწორი ცხოვრების გაგრძელებაა და არა ღმერთის სასჯელი. ძალიან მნიშვნელოვანია: შეიცან თავი შენი. თუ შეიცნობ საკუთარ თავს, მერე შეიცნობ ქრისტესაც. თუ დაინახავ, როგორი შურიანი ხარ, ბოროტი, არავის აღარ განიკითხავ და ღმერთიც გეტყვის: არც მე განგიკითხავო. ჯერ საკუთარ თავს უთხარით სიმართლე და შემდეგ სხვებს. ბოლოს როდის წაიკითხეთ ლოცვა, სახარება, ვერავის რომ ვერ იტან და ამბობ, რომ ხალხი გადაჯიშდა. ჩვენ ხომ ნარცისები ვართ, გვგონია, რომ ყველაზე კარგი მღვდელი ვარ, ყველაზე კარგი მრევლი მყავს და შვილები. ამას თუ ვერ მივხვდებით, მერე ღმერთი მიგვახვედრებს. ამას განსაკუთრებით ციხეში მყოფი პატიმრები ხვდებიან, უცებ ციხის ბალანდაზე რომ გადადიან. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კარგად გააცნობიერო, როგორი ცუდი ხარ, როგორი მტვერი და ნაცარი. ამას ამბობოდა ყველა დიდი წმიდანი, დიდი მამა. როცა სისოი დიდს გარდაცვალების წინ ეკითხებოდნენ: შენ ახლა სამოთხეში მოხვდებიო, ამბობდა: არა, ღრმად მჯერა, რომ სადაც სატანაა, იმ სიღრმეში მოვხვდებიო. ასე ამბობდა ეს დიდი მამა და წარმოიდგინეთ, თანამედროვე მღვდელი, ტელევიზიით რომ გამოდის და თავი დიდი ვინმე ჰგონია. ჩვენ რომ კარგი მღვდლები ვიყოთ, ეპისკოპოსები, ჩვენი ქვეყანა უფრო კარგ სიტუაციაში იქნებოდა. და ბოლოს, გარშემო იყურე სიყვარულით. თუ გაიგებ წინ, უკან, დაბლა, მაღლა, შიგნით როგორ უნდა იყურო, მერე მიხვდები, რომ სიყვარულის გარეშე არაფერი დაგრჩენია. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის, მიესალმე, გაუღიმე, მოიკითხე: როგორ ხარ? სადაც შეხვალთ, სიყვარული შეიტანე. ადამიანს რომ ეუბნები, მიყვარხარო, ეს თან საქმით უნდა დაუმტკიცო. საქმით უნდა გვიყვარდეს, არა მხოლოდ ღიმილითა და სიტყვებით. გიყვარდეთ ირგვლივ ყველა, არა მხოლოდ ოჯახის წევრები და ნათესავები. თუ ჩვენ გარშემო ადამიანები გვეყვარება, ყველანი ძალიან კარგად ვიქნებით.

скачать dle 11.3