კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რატომ იკავებს საქართველოს მოქალაქის სამომხმარებლო კალათაში სურსათი 30-ს, ხოლო ევროკავშირის მოქალაქის კალათაში კი 19 პროცენტს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის სამომხმარებლო კალათას სამი პროდუქტი გამოაკლდა: სოფლის რძე, საფანჯრე მინა, ტყემლის საწებელი, მაგრამ, სამაგიეროდ, ოთხი პროდუქტი დაემატა: არაგაზირებული მინერალური წყალი, ხაჭაპური, გაზის გამათბობელი და ტურისტული მოგზაურობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ გათბობა და მოგზაურობა უკვე ფუფუნებაა (განვითარებადის სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქისთვის, ცხადია), ერთი შეხედვით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში სოციალური ფონი ნელა, მაგრამ უმჯობესდება.
აქვე გეტყვით, რომ მოსახლეობის მიერ გათბობისა და გაგრილების მოწყობილობების ტიპი და მათი  მოხმარების მაჩვენებელი მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის პირდაპირპროპორციულია.
რამ გამოიწვია სამომხმარებლო კალათაში ახალი პროდუქტების გაჩენა და რატომ დაკნინდა ტყემლის საწებლის იმიჯი? - ამ თემაზე ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

– სამომხმარებლო კალათის ჩამონათვალი დგინდება რეალური სიტუაციის მიხედვით, თუ რას მოიხმარდნენ გასულ წელს საქართველოში ოჯახები. რეალურია ეს ჩამონათვალი?
– მოსახლეობას ჰყოფენ ათ დეცილურ ჯგუფად და ზოგადი წარმოდგენა შიდა – მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე – დეცილური ჯგუფების რეალური ხარჯებისა და შემოსავლების სტრუქტურის მიხედვით იქმნება. თუ ეს ჯგუფები მასობრივად მოიხმარენ რომელიმე კონკრეტულ საქონელს, მაშინ ის შეჰყავთ ჩამონათვალში. 305 კი არა 30 000 დასახელების საქონელი არ იქნება საკმარისი ზუსტი წარმოდგენის შესაქმნელად, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა, შედეგი რაც შეიძლება, ნაკლები დანახარჯებით მივიღოთ, ისეთი სტრატეგიაა არჩეული, რომ მინიმალური დანახარჯებით შევიქმნათ წარმოდგენა ფასების დინამიკაზე, ინფლაციაზე და გვქონდეს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლებსაც მოსახლეობა მოცემულ მომენტში ყველაზე მეტად მოიხმარს. ამიტომ შეიძლება, ზოგჯერ რომელიმე საქონელი ამოვარდეს, შემდეგ კი დაემატოს. თანაც, აქ გასათვალისწინებელია საზოგადოების განვითარებისა და ეკონომიკის ფაქტობრივი დონე. გასული საუკუნის 90-ან წლებში სამომხმარებლო კალათაში აუცილებელი საქონელი იყო „კოლორიფელი“, სანთლები, ნავთი, ნავთქურა და მისთანანი. მაგალითად, სამედიცინო მომსახურების ფორმატში შედის ექოსკანირება, ეს ნიშნავს, რომ მედიცინა მეტ-ნაკლებად უნდა იყოს განვითარებული, მისი წვდომა და გამოყენების სიხშირე – მაღალი, რომ სამომხმარებლო კალათაში ეს მომსახურება შედიოდეს. გასული საუკუნის 90-ან წლებში, როდესაც დენი საერთოდ არ გვქონდა და სამედიცინო ტექნიკის გამოყენებაზე ლაპარაკიც არ იყო, რა თქმა უნდა, ასეთი მომსახურება ჩამონათვალში არ იქნებოდა.
მაგრამ მე პრობლემას ვხედავ არა მარტო სამომხმარებლო კალათის მუდმივ განახლებაში, არამედ წონებთან მიმართებაშიც. სამასზე მეტი დასახელების საქონელია და თითოეულს რა წონას მივაკუთვნებთ, იმის მიხედვით შეიძლება ჩამოყალიბდეს ინფლაციის განსხვავებული მაჩვენებელი.
– მაგალითით რომ ავხსნათ?
– შევადაროთ ჩვენი და ევროკავშირის რეალობა. ჩვენთან 30 პროცენტზე მეტი უჭირავს სურსათს, ევროპაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 19 პროცენტია.
– ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრს მივირთმევთ და ისინი ნაკლებს.
– ეს ნიშნავს, რომ, თუ სურსათი ძვირდება, საშუალოდ, 10 პროცენტით, ეს გავლენას ახდენს ინფლაციის საერთო მაჩვენებელზე 0,3 კოეფიციენტით. ანუ სურსათის 10-პროცენტიანი გაძვირება გამოიწვევს ინფლაციის მატებას 3 პროცენტული პუნქტით. ევროკავშირში კი სურსათის 10 პროცენტით გაძვირება ინფლაციას მხოლოდ 1,9 პროცენტით გაზრდის. გასულ კვირას გამოქვეყნდა იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი, რის მიხედვითაც, 2,2 პროცენტით გაიზარდა საერთო ფასები, ევროკავშირის წონა რომ გვქონდეს და სურსათი გაძვირებულიყო, როგორც გაძვირდა ოფიციალური სტატისტიკით, ინფლაცია სურსათის ხარჯზე გაგვეზრდებოდა არა 1, არამედ 0,6 პროცენტით. ავიღოთ თამბაქოსა და ალკოჰოლის მაგალითი: ევროპაში ამ პროდუქტებს ცოტა უფრო ზომიერად მოიხმარენ და მათი წონა სამომხმარებლო კალათაში მხოლოდ 4,4 პროცენტია: ჩვენთან – დაახლოებით,  6,4 პროცენტი. მეტსაც გეტყვით, ჩვენთან თამბაქოს მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე თითქმის 2,2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ში. რადგანაც სიგარეტი აქციზური საქონელია, მას აქვს პირდაპირი კავშირი ეკონომიკასთან და ბიუჯეტთან, იმიტომ რომ იბეგრება და თამბაქოს აქციზიდან  ბიუჯეტში წელიწადში 700 მილიონ ლარზე მეტი შედის. ჩვენთან რომ აშშ-ს დონეზე მოიხმარდნენ თამბაქოს, ბიუჯეტში ამის ნახევარი თანხა შევიდოდა, ანუ 350 000 ლარით ნაკლები.
– ანუ ჰაერივით აუცილებელია ჩვენი ბიუჯეტისთვის, რომ მოსახლეობა აქტიური მწეველი იყოს?
– ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ფისკალურ დავალებასაც ვასრულებთ და ეკონომიკურ პატრიოტიზმს ვიჩენთ, როდესაც ვეწევით. ზოგადად, ინფლაცია უფრო ტენდენციის მაჩვენებელია. ჯერ ერთი, საქართველოს მხოლოდ ექვს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორსა და თელავში – აკვირდებიან ფასებს, არა მხოლოდ სხვა ქალაქები არ შედის, არამედ არც ერთი სოფელადგილი, ასევე, არ ითვალისწინებენ პირველი და მესამე დეკადის მონაცემებს, ფასების ცვლილებას მხოლოდ მეორე დეკადის მიხედვით ვაკვირდებით. და იმისდა მიხედვით, რა წონას მივაკუთვნებთ ამა თუ იმ საქონელს, ამან შეიძლება, დიდი გავლენა მოახდინოს ინფლაციის კონკრეტულ მაჩვენებელზე: გაზარდოს ან შეამციროს. ანუ ეს არ არის მათემატიკა, ეს არის სტატისტიკა და ტრენდული დატვირთვა აქვს.
– ტყემლის საწებელი აღარაა ჩვენს სამომხმარებლო კალათაში. გემოვნება შეიცვალა? ქიმიური ბუნებრივი ტყემალი „კეტჩუპით“ ჩავანაცვლეთ?
– ეტყობა, ევროპისკენ სვლა „კეტჩუპისთვის“ უპირატესობის მინიჭებაშიც გამოიხატა.
– სამაგიეროდ, რაც ოდნავ გაუმჯობესდა ვითარება, ხაჭაპური ჩაემატა. ანუ ხაჭაპურმა გაუძლო კონკურენციას „ჰოთდოგთან“, მაგრამ ტყემალი დამარცხდა. ამას გარდა, გასულ წელს სამომხმარებლო კალათას დამატებია გამათბობელი, ტურისტული მოგზაურობა სხვა ქვეყანაში.
– გამათბობლის დამატება ნიშნავს, რომ მოსახლეობას აქვს წვდომა ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე, არის გადახდისუნარიანი, თორემ ადრე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებშიც კი ღუმელის მილები იყო გამოჩრილი და ადამიანები  ჭვარტლავდნენ საკუთარ თავსაც და მეზობლებსაც. გასული საუკუნის 90-იან წლებში შევსწრებივარ, როგორ აგროვებდნენ სოლიდურად ჩაცმული ადამიანები ფიჩხებსა და ნაფოტებს. ახლა ტექნიკა განვითარდა, შემოსავლები გაიზარდა, არის უწყვეტი ენერგიის სხვადასხვა წყარო. ამიტომ სამომხმარებლო კალათაში გამათბობლის დამატება აბსოლუტურად ლოგიკური და ნორმალურია. მეტსაც გეტყვით, ჩვენ რომ მეტი დასახელების საქონელი გვქონდეს, ამ კალათაში უფრო მეტი დასახელების საქონლის შეტანას შევძლებდით, თუმცა, ვფიქრობ, ინფლაციის აბსოლუტური მაჩვენებელი მაინც არ შეიცვლებოდა.
– ჩვენს ქვეყანას კვლავ განვითარებადის სტატუსი აქვს, შარშან არც საშუალო ხელფასები გაზდრილა და  არც სამუშაო ადგილების რაოდენობა, აბა, რის ხარჯზე გაუჩნდა მოსახლეობას მასობრივად  გათბობისა და ტურისტული მოგზაურობის საშუალება?
– შემოსავლები იზრდება. მაგალითად, ბოლო წლებში საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდა, დაახლოებით, ორჯერ უსწრებს მთლიანი შიგა პროდუქტის ნომინალურ ზრდას. მეორე საკითხია, რამდენად თანაბრად ნაწილდება ეს შემოსავლები და მეტიც  – მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა, ყოველი 100 შინამეურნეობიდან 40 შინამეურნეობას არ ჰყავს არც ერთი წევრი, რომელიც ხელფასს იღებს. ასეთია ჩვენი დრამატული რეალობა.
– რით ცხოვრობს ის ხალხი? ფაქტია, რომ სამომხმარებლო კალათაში ცვლილებები შევიდა იმ 40 პროცენტის მოხმარების გათვალისწინებითაც.
– თვითდასაქმებულები არიან, მაგალითდ, აგრარულ სექტორში, მუშაობენ ტაქსის მძღოლად და ასე შემდეგ. ესეც თვითდასაქმებაა.
– ტაქსის მძღოლებს საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვთ, როგორც ვიცი, ჩემზე მეტიც, ხანდახან – გაცილებით. რეპეტიტორებსაც, ბინის გამქირავებლებსაც, გიდებსაც.
– თარჯიმნებსაც, ადვოკატებსა და ექიმებს, რომლებსაც აქვთ კერძო პრაქტიკა, ნოტარიუსებსაც. ასე რომ, ნუ ვიტყვით, რომ თვითდასაქმებულები, ყველანი, ძალიან გაჭირვებულები არიან.
– რა მნიშვნელობა აქვს, რა დაერქმევა. ვერ ვიგებ კარგად,  გაუმჯობესდა მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობა? არადა, თუ სოციალურ ქსელებს გადავავლებთ თვალს, მეორედ მოსვლის წინა კი არა, უკვე პოსტაპოკალიფსია, რაც არ გამორიცხავს, რომ ადამიანების ნაწილს ძალიან უჭირს, თუმცა არც აპოკალიფსია. განზრახ მძიმდება რეალობა თუ, უბრალოდ, ადამიანები ასე მძიმედ აღიქვამენ თავიანთ ყოფას?
– გარკვეულწილად, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს, თუმცა გვყავს გაჭირვებული ოჯახები, მათ შორის, ობოლი ბავშვები. სოციალური წყლულები საზოგადოების სხეულზე აშკარად არის და დროულად უნდა მიხედვა. მაგრამ, მთლიანობაში, საზოგადოება ნელ-ნელა ვითარდება და იუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას. ოღონდ, მეორე მხრივ, არც ისეა საქმე, როგორც ჩვენმა ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ მთლიანი შიგა პროდუქტის მიხედვით, გადავუსწარით გასული საუკუნის 80-ანი წლების მდგომარეობას.
– ბ-ნი ქობულიას ის განცხადება  ნამდვილად ძალიან კომიკური იყო. რას ეყრდნობოდა, ვერ დავადგინე.
– მას ხომ ჰყავს მრჩევლები, აქვს აპარატი... მინისტრი არ არის ვალდებული, ყველაფერი იცოდეს, აპარატის მუშაობაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. თან, იმ მონაცემში შედიოდა აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც. ისინი საქართველოს ერთიან ეკონომიკურ სივრცეში მოიაზრებოდნენ. ერთადერთი, რითაც გადავუსწარით მაშინდელ მდგომარეობას, ეს არის საშუალო ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა. ახლანდელი ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა უფრო მაღალია, ვიდრე საბჭოთა დროინდელის. მაგრამ ხელფასის მიმღებთა რაოდენობა ყოველ ას შინამეურნეობაზე იყო 164, დღეს კი იგივე მაჩვენებელი არის 60. წარმოიდგინეთ, როგორი ვარდნაა. ანუ ჩვენი პრობლემა ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა კი არ არის, არამედ ხელფასის მიმღებთა კატასტროფულად დაბალი რაოდენობა. საშუალო ხელფასის ზრდის პოტენციალი ჩვენ, ფაქტობრივად, ამოვწურეთ, ამიტომ უნდა შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, რომ ხელფასის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდოს. ამიტომაცაა, რომ სოციალური გამოკითხვისას მოსახლეობისთვის პირველ ადგილზე დგას სამუშაო ადგილების დეფიციტი. აი, ესაა ხელისუფლების ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა.
скачать dle 11.3