კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რატომ გადის „ნატოსა“ და რუსეთის საზღვარი საქართველოზე და როგორ გააგრძელებენ ისინი ბრძოლას მოკავშირეების ყოველი გოჯი მიწისთვის

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

2 თებერვალს შევიტყვეთ, რომ რუსეთი გამოვიდა აშშ-თან გაფორმებული ხელშეკრულებიდან, რაც გულისხმობს მცირე და საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების განადგურებას. თუ გავიხსენებთ, რომ ეს შეთანხმება „ცივი ომის“ დასასრულის დაგვირგვინება იყო (თავის დროზე), აშკარაა, რომ „ცივი ომის“ ახალი ფაზა იწყება. მეორე მხრივ, რაკი ჩვენ, ცხადია, აშშ-ს ფლანგზე მოვიაზრებით, ხსენებული შეთანხმების გაუქმება იმასაც ნიშნავს, რომ მეტად სახიფათო კონფიგურაციაში ვხვდებით: ჩვენი სასაზღვრო მეზობლები რუსეთის ორბიტაზე არიან (სომხეთი – თავისთავად, აზერბაიჯანი – ფაქტობრივად, ხოლო თურქეთი – დეკლარირებულად). ამასთან, საქართველოს ტერიტორია შესაძლოა, დაპირისპირებული მხარეების სარაკეტო პოლიგონადაც კი იქცეს – აშშ-მა საქართველოს არაოკუპირებულ, ხოლო რფ-მ  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათავსონ თავიანთი სარაკეტო სისტემები. მიუხედავად იმისა, რომ გვაწუხებს მსოფლიოს ბედიც, ბუნებრივია, არც ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩენაა სასიამოვნო. იმის გათვალისწინებითაც, რომ შარშან, მართალია, ანიმაციურ რეჟიმში, მაგრამ რუსეთმა საკუთარი ახალი შეიარაღების პრეზენტაცია წარმოგვიდგინა. პირდაპირ ეთერშივე, როდესაც ზემოხსენებული შეთანხმებიდან გასვლა გვაუწყა, პრ. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს, ჩაერთოს შეიარაღების რბოლაში, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჩართულია. პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად გავაანალიზებთ შექმნილი ვითარების სირთულესა და პერსპექტივას.
– რა ახალი რეალობაა აღნიშნული შეთანხმების გაუქმების შემდეგ მსოფლიოში?
– ამ სიტუაციას საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს. საერთოდ, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა თავისთავად იყო ამის წინაპირობა, რადგან ბოლო 25 საუკუნის განმავლობაში ქვეყნის მაშინდელ მესვეურებს დიდი მეზობლების ურთიერთობის კონტექსტში უნდა განეხილათ ქვეყნის მომავალი და ახლაც ასეთი ვითარებაა. ამიტომ ჩვენ ფხიზლად უნდა მივადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას. ჩვენს ქვეყანას არ აქვს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედების მექანიზმი და ამას უნდა შევეგუოთ, ამიტომ უფრო კარგად უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება, რომ მხოლოდ სტატისტები არ ვიყოთ. დიდი ისტორია აქვს გამალებული შეიარაღების შეზღუდვაზე საუბარს, რომელიც, ფაქტობრივად, ატომური იარაღის გაჩენისთანავე – წინა საუკუნის 50-ანი წლებიდან დაიწყო და ეს ურთიერთობა მუდმივად ომის ზღვარზე იყო დასავლეთსა და მაშინდელ სოციალისტურ ბანაკს შორის, რომელსაც რუსეთი მეთაურობდა. გასული საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს, თითქოსდა, ეს პრობლემა მეორე პლანზე გადავიდა და საფრთხე მოიხსნა, მაგრამ ბოლო წლებში ცხადი გახდა, რომ ეს პრობლემა ისევ აქტუალურია. თუმცა, თუ ჩვენ ამის კონკრეტული წინაპირობები არ გავიხსენეთ, ძალიან ძნელი იქნება დასკვნების გაკეთება. შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს კიდეც, რა შუაში ვართ ჩვენ, როდესაც რუსეთი და აშშ არკვევენ ურთიერთობებსო...
– ჩვენ ამ საქმის გარკვევის საზღვარზე ვართ.
– რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა „ნატოსა“ და რუსეთის საზღვარი საქართველოზე გადის და ვიქნებით „ნატოს“ წევრები თუ არა, ასპირანტებისა თუ სხვა სტატუსით, ამ წუთას ვდგავართ აშშ-ს გვერდით და ეს გვაქცევს მოვლენათა ეპიცენტრში. როდესაც 1987 წელს გორბაჩოვმა და რეიგანმა ხელი მოაწერეს ახლო და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების განადგურების ხელშეკრულებას, მსოფლიომ შვებით ამოისუნთქა, რადგან ცივილიზებულ სამყაროს კარგად ესმოდა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით ომის საფრთხის რეალურობა. მაშინ ეს იარაღი, თითქოსდა, სამი წლის განმავლობაში უნდა განადგურებულიყო. მაგრამ მყისიერად, როგორც კი, რუსეთმა სული მოითქვა, 90-ანების ქაოსი დასძლია და იმპერიული ამბიციები ისევ გაცოცხლდა, დაიწყო ორმხრივი ბრალდებები, რომ ეს ხელშეკრულება დაცული არ იყო. ორივე მხარე იმუქრებოდა, რომ გამოვიდოდნენ ამ შეთანხმებიდან და ინტენსიურად სდებდნენ ბრალს ერთმანეთს ხელშეკრულების დარღვევაში, რაც საბოლოოდ დასრულდა წელს, თებერვალში, როდესაც ჯერ შეერთებულმა შტატებმა, შემდეგ რუსეთმა შეაჩერა მისი მოქმედება და მსოფლიო ისევ დადგა ძალიან არასახარბიელო პერსპექტივის წინაშე. იმდენად შეშფოთდა დასავლეთი, რომელსაც ასეთი ომის შემთხვევაში ბევრი რამ აქვს დასაკარგი, რომ ტრამპი ახლახან იძულებული გახდა, განეცხადებინა, რომ მზადაა, ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად. დასავლეთს ვერ ამშვიდებს იმავე პუტინის საკმაოდ მზაკვრული განცხადება, რომ ის არ განალაგებს ახლო და საშუალო რადიუსის რაკეტებს არსად, ვიდრე ამას არ გააკეთებს ვაშინგტონი. ამ შემთხვევაში, ეს სიტუაცია ჩვენთვის ერთი თვალსაზრისითაა საყურადღებო, გახდება თუ არა აქტუალური კავკასიის რეგიონში ამ ორი ძალის დაპირისპირება და იქნება თუ არა ეს პროცესი მძაფრი.
– აშშ-ს შეუძლია, მოგვთხოვოს, რომ განალაგოს თავისი სარაკეტო სისტემები ჩვენს ტერიტორიაზე, რუსეთი საპასუხოდ განალაგებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისევე, როგორც სომხეთში, ირანში. არ ვიცი, დათანხმდება თუ არა ბაქო.
– ვარიანტი უამრავია, რადგან ჩვენი რეგიონი, სამხრეთ კავკასია, პლუს ჩრდილო კავკასია, ცენტრალური აზია და ჩვენს სამხრეთით მდებარე ქვეყნები იმდენად დამუხტული არიან დაპირისპირებების მთელი წყებით და იმდენად ბევრი პრობლემაა, რა კონფიგურაცია ჩამოყალიბდება „ნატოსა“ და რუსეთს შორის დაპირისპირების კონტექსტში, ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ, მაგალითად, ქურთების სწრაფვა ერთიანი სახელმწიფოს შექმნისკენ ბარე ოთხ-ხუთ ქვეყანასაც კი დაარღვევს და ეს ცეცხლის ალი სამხრეთ კავკასიას რომ გადმოედება, ძალიან ძნელია იმის პროგნოზი, რა მოხდება. ამ ეტაპზე თვით აი, ამ ხელშეკრულებიდან გამოსვლის ფაქტიც ცხადყოფს, რომ აშშ-სა და რუსეთს ერთმანეთისადმი დამოკიდებულება ბოლომდე არ ჩამოუყალიბებიათ და ამიტომ აკვირდებიან ისინი მოვლენათა განვითარებას სამხრეთ კავკასიაშიც.
– რას გულისხმობთ, ქვეყნების პოლიტიკურ ორიენტაციას?
– რა თქმა უნდა, აქაც ბოლომდე არაფერია გარკვეული. სომხეთში, თუმცა, ხელისუფლებაში პროდასავლური ხედვის ძალები მოვიდნენ, ისინი ძულებულები გახდნენ, რომ პრორუსული პოლიტიკა განაგრძონ და რუსეთის ინტერესები გაითვალისწინონ. მეორე თემაა აზერბაიჯანის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი, მძიმედ მიდის ის ევროპული დემოკრატიისკენ, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, რომ ამას ეგუება, ისევე, როგორც რუსეთი, რომელიც ასევე, ეგუება ბაქოს პოლიტიკის ამ თავისებურებებს. შიგადაშიგ კეთილი ურთიერთობებიც კი აქვთ და იარაღსაც კი აწვდიან, რომელიც აზერბაიჯანს ერთადერთი მიმართულებით სჭირდება. ასეთ ვითარებაში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რაც უნდა ვაკრიტიკოთ ბალანსის პოლიტიკა, დაბალანსება, ცალსახად მოგვიწევს იმის აღნიშნვა, რომ აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, რუსეთთან კი გვინდა ურთიერთობების დალაგება. პირისპირ რომ დავრჩეთ რუსეთთან, ის ზეწოლას მოახდენს ჩვენი დაჩაგვრის მიზნით. თუ ეს არ გავითვალისწინეთ, ამერიკელებისა და რუსების დაპირისპირების არენად ვიქცევით. რომელ კონკრეტულ პასაჟზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ამას დრო აჩვენებს. ეს პროცესია და ჩვენ იმიტომ გვყავს პოლიტიკური კლასი და იმიტომ ვარჩენთ და აქვთ მაღალი ხელფასები და უნდა ჰქონდეთ, რომ ამაზე დღე და ღამე იფიქრონ. ვერ გეტყვით, რამდენად წარმატებით ასრულებენ ამ ფუნქციას, მაგრამ გაუგებარი დარჩა ამერიკელი კონგრესმენის, ჰანტერის, განცხადება, რომ ჩვენ საქართველოს უნდა მივეხმაროთ, ღირსეულად გაუმკლავდეს რუსეთს. ეს ცოტა ბუნდოვანი ნათქვამია, იმიტომ რომ, დაახლოებით, ასე ითქვა, საქართველო თავად უნდა გაუმკლავდეს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებსო. ყოველ შემთხვევაში, ხილულ პერსპექტივაში ამის შესაძლებლობას მე ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მომხდურთან, მიუხედავად ზომისა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ხომ უნდა აწონ-დაწონო შენი შესაძლებლობები, წინააღმდეგობის ფორმა?! სამხედრო პოტენციალით, რუსეთისა და საქართველოს შედარება წარმოუდგენელია, მაგრამ, რეალურად, ჩვენ უნდა მივმართოთ ერთადერთ მართებულ და ეფექტიან გზას თავისა და ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ოღონდ, ვართ მზად ამისთვის?! და მეორე – ბ-ნ ჰანტერს იქნებ ვინმემ დააზუსტებინოს, რას გულისხმობდა?! რუსეთი 2008 წელს შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ამ პროვოკაციას წამოეგო სააკაშვილი და ჩვენი მეომრების სიმამაცის არაერთი მაგალითი ვნახეთ, მაგრამ რეალურად რა მოჰყვა ამას? ვინმე მოგვეხმარა სამხედრო ძალით?! თუმცა ეკონომიკურად ძალიან მოგვეხმარნენ.
– ხისტად ვიტყვი, გამოვიდა, ჩვენ 4,5 მილიარდ დოლარად გავყიდეთ ჩვენი ორი რეგიონი. კარგი, უფრო რბილად ვიტყვი, განვიქარვეთ დანაკარგი ამ თანხით.
– მე არ ვიტყოდი ასე, ეს იყო უფრო კომპენსაცია. უფრო ეფექტიანად ვერ მოგვეხმარა დასავლეთი და ჩვენ ასეთი თავგანწირული, გმირული ბრძოლის მიუხედავად, თუ ჩვენი დიდი მეზობლის სხვა ავანტიურასაც წამოვეგებით, შეიძლება, კიდევ ორი სხვა რაიონი დავკარგოთ, ამიტომ ბ-ნ ჰანტერთან ვინმემ უნდა იმუშაოს, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, არადა, კარგი ელჩი გვყავს აშშ-ში. ამის შემდეგ არის კონკრეტიკა და ამაზეც უნდა ვიფიქროთ. დღეს დამთავრდა საიდუმლო დიპლომატიის ხანა და ყველაფერი ხელის გულზე დევს.
– პოლიტიკური ვაჭრობა ისეთი აშკარა და აღვირახსნილი გახდა, საყასბოში გეგონება თავი.
– უკვე სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება და ჩვენ ღიად უნდა ვიმსჯელოთ ჩვენს სტრატეგიაზე. პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ კონტრიბუტორები ვართ, მეორე მხრივ, ჩვენ რომ დასავლეთს სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე შევთავაზოთ, რუსეთის შესაძლო რეაგირება ძნელი გამოსაცნობი არ არის. თუ ვინმე ჩახედავს კრემლის იდეოლოგების მოსაზრებებს, კარგად მიხვდება, რა იქნება პასუხი. შესძლებს კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს დაცვას ამ რეაქციის შესაძლო შედეგებიდან?! თქვენი შეკითხვის დასაწყისის კონტექსტი აბსოლუტურად ზუსტი და სწორი იყო, ხომ არ შეგვეხება ჩვენ და შეიძლება, თურქეთმა ამ ეტაპზე თავის ტერიტორიაზე აღარც მიიღოს „ნატოს“ რაკეტები და მაშინ ჩვენ ვართ ყველაზე ერთგული და კარგი პარტნიორი დასავლეთის და თუ ვინმემ შეიძლება, საქართველო განიხილოს ამ რაკეტების განლაგების ადგილად, მაშინ პარალელურად, უნდა ვსაუბრობდეთ ამის შესახებ დახურულ ფორმატში და ღია ფორმატშიც – საზოგადოების ჩართულობით, რამდენადაც საკითხს წაადგება, თორემ ჰიპოთეტურად, რა თქმა უნდა, ამ ხელშეკრულებიდან გამოსული ორივე მხარე შეეცდება, მიიღოს გარანტიები.
скачать dle 11.3