კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

№6 როგორ მოხვდა კარლო ხუციშვილი „ნასას“ გასაიდუმლოებულ ადგილებში და როგორ შექმნა მან „უპილოტო გამნაღმველი“

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„მულტიკლიმატიზატორი“, „იაკობის კიბე“, „უპილოტო გამნაღმველი“, „ელექტრონული ეტლი“, „აქსერო ხელთათმანი“ – ეს ოცი წლის კარლო ხუციშვილის გამოგონებების არასრული ჩამონათვალია. ის არის პირველი ქართველი, რომელიც საკუთარი გამოგონებით „ნასაში“ აღმოჩნდა.
კარლო ხუციშვილი: ამ ყველაფრისადმი ინტერესი ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე გამიჩნდა. ძალიან მიყვარდა ელექტრო ნივთების დაშლა და სქემების შესწავლა – მობილური იქნებოდა ეს, ტელევიზორი თუ სხვა. ყველა კომპონენტს ვსწავლობდი და შემდეგ გადავწყვიტე, მე თვითონაც ამეწყო სქემა. ამასობაში სკოლაში შევედი. საჭირო ნაწილები ტელევიზორების მომსახურების ცენტრში მაჩუქეს და ჩემი პირველი სქემა პირველივე ცდაზე მარტივად გამომივიდა. მოტივაცია მომეცა, ფიზიკის ინტერესი გამიღრმავდა და ფორმულების სწავლა დავიწყე. შემდეგ ავაწყვე „ტესლას“ ტრანსფორმატორი, რომელიც რამდენიმე მეტრზე უსადენოდ ანთებს ნათურას. სკოლაში ფიზიკის სწავლა რომ დავიწყე, გაკვეთილზე ერთ-ერთი ჩემი პროექტი გამყვა, მასწავლებელმა ჩამომართვა და ასე გაიგო ჩემი ინტერესების შესახებ. მოეწონა, სხვებიც მიმატანინა და პრეზენტაცია გამაკეთებინა. მისი და ბავშვების რეაქცია ჩემთვის უფრო დიდი მოტივაცია გახდა. შემდეგ გადავწყვიტე, ოლიპიადაში მიმეღო მონაწილეობა. მოცემულობა ასეთი იყო, უნდა შეგექმნა გამოგონება, რომელიც მანამდე არ არსებობდა და რომლის გამოყენებაც საგაკვეთილო პროცესში იქნებოდა შესაძლებელი. შევქმენი „იაკობის კიბე“, რომლის მეშვეობითაც მასწავლებელს შეუძლია ახსნას „იონიზაცია“, ჩაატაროს სხვადასხვა ცდა და ასე შემდეგ. ეს კონფერენცია ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა და შემდეგ ყველა კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას. როცა „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ გამოცხადდა, მაშინ უკვე სხვა სკოლაში ვსწავლობდი და მასში მონაწილეობა კლასელთან ერთან მივიღე. ახალციხეში ვცხოვრობდი. ჩვენს რეგიონში მაშინ ხშირად იყო სეტყვა, წვიმა და ფერმერებმა დიდი ზარალი ნახეს. ამიტომ შევქმენით მულტიკლიმატიზატორი, რომელიც მაგრდება ფერმერის ნაკვეთზე, მეორე მოწყობილობა კი სახლშია. ფერმერს შეუძლია, მისი საშუალებით მიიღოს ინფორაცია: რა მინერალები სჭირდება ნაკვეთს, რა ოდენობით წყალი, რა ნივთიერებები აკლიათ მცენარეებს, როდის უნდა შეიტანოს სასუქი, ერთი კვირით ადრე აცნობებს მოსალოდნელი ამინდს. ვისაც ვენახი აქვს და სეტყვის შესახებ მიიღებს შეტყობინებას, შეუძლია, მარტივად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით დაიცვას მოსავალი სპეციალური საფარით. გარდა ამისა, წარვადგინეთ დრონი, რომელიც ასევე ფერმერს უადვილებს საქმეს. მაგალითად, თუ ის მიწის შეძენას გადაწყვეტს, აღარ დასჭირდება მისი ფიზიკურად მონახულება. დრონს მიუთითებს კოორდინატებს ნაკვეთის შესახებ, ის მიდის, იღებს მიწის სინჯებს, იგებს კლიმატს, ითვლის, რამდენად ნაყოფიერია ეს მიწა. ამ პროექტებით გავიმარჯვეთ. მაშინ არაერთი მეცნიერი იყო ჩამოსული, მათ შორის „ნასადანაც“. ჩვენმა პროექტმა მათი საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და „ნასაში“ მიგვიწვიეს. პირველი ქართველები ვიყავით, ვინც იქ წავიდა და სამიტში მიიღო მონაწილეობა.
– როგორი იყო ეს ყველაფერი?
– მაშინ თექვსმეტი წლის ვიყავი. ისეთ მეცნიერებთან გვიწევდა ურთიერთობა, საკმაოდ რთული იყო. „ნასას“ გასაიდუმლოებულ ადგილებში ვიყავით, სადაც ბევრ ადამიანს არ მიუწვდება ხელი. ვნახეთ მათი ლაბორატორიები, თუ როგორ მუშაობდნენ რაკეტებზე, როგორ ითვლიდნენ ფორმულებს, რა პროცესებს გადიოდნენ გაფრენამდე. ცერემონიალი ჩვენ გავხსენით. „ნასას“ პრეზიდენტს ძალიან მოეწონა ჩვენი პროექტი და სწორედ მისი სურვილი  იყო, პირველ დღეს ჩვენი პრეზენტაცია ყოფილიყო. როცა დავასრულეთ, უამრავი ადამიანისგან ტაში და დაუვიწყარი ემოცია მივიღეთ. „ნასას“ მეცნიერები დაინტერესდნენ, მოვიდნენ და მოწონებას გამოხატავდნენ.
– როგორი იყო ამ დროს შენი ემოციები?
– ჩემთვის მოულოდნელი იყო. „ნასაში“ წასვლა ოცნებად მქონდა, მაგრამ ასე მალე თუ მოხდებოდა, არ მეგონა. პირველად ვიყავი ამერიკაში, თან, ასეთ ადგილას. ძალიან ბევრი მეცნიერი გავიცანი. შიგა კონკურსები იქაც იყო, რომლის ფარგლებშიც „ნასას“ მეცნიერებთან ერთად შევქმენით რობოტი, რომელიც რაკეტაში ადამიანს დაეხმარებოდა.
– დღეს გრძელდება მათთან კომუნიკაცია?
– კი. ხშირად ვუკავშირდები და ახალ პროექტებს ვაცნობ, მათგან რჩევებს ვიღებ და ასევე, ინფორმაციას იმ პროექტებზე, რომლებზეც ისინი მუშაობენ.
– გადავიდეთ სხვა გამოგონებებზე – რაში მდგომარეობს ელექტრომაგნიტური იარაღის იდეა?
– „ნასადან“ დაბრუნების შემდეგ ახალციხის კერძო სკოლაში მიმიწვიეს, სწავლა დამიფინანსეს, შემდეგ „კომაროვში“ მიმიწვიეს და თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. „დელტაში“ შემომთავაზეს მუშაობა, „კომაროვის“ პანსიონში ვცხოვრობდი, სადაც ჩემი ლაბორატორია გავაკეთე და იქ ვაწყობდი ჩემს გამოგონებებს. თუმცა ელექტრომაგნიტური იარაღი „ნასამდე“ შევქმენი „იპოს“ საერთაშორისო ოლიმპიადის ფარგლებში. მაშინ პირველად ჩამოვედი რუსთავში დამოუკიდებლად, რადგან ოლიმპიადა იქ ტარდებოდა. ელექტრომაგნიტურ იარაღში მოათავსებ რაიმე დეტალს და ის საკმაოდ შორს ისვრის, ანუ ტყვია-წამალი საჭირო არ არის. ამ გამოგონებით ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დავიკავე, პირველი ადგილი ნიშნავდა უცხოეთში, მსოფლიო ოლიმპიადაზე გასვლას და ეს დავისახე მიზნად. რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ მივიღე მასში მონაწილეობა, ჩემს დასთან ერთად წარვადგინე „ლაივ სეივერი“ – უპილოტო გამნაღმველის სისტემა. ქართველი ჯარისკაცების დიდი ნაწილი ნაღმით იღუპება, მსოფლიო მასშტაბით კი ნაღმზე ყოველ ცხრამეტ წუთში ერთი ადამიანი იღუპება და აქედან გაჩნდა ამ გამოგონების იდეა. „აიპადში“ მიუთითებ კოორდინატებს, დრონი ავტომატურად მიდის, ნიშნავს იმ ადგილებს, სადაც ნაღმია, უგზავნის ინფორმაციას მეორე დრონს, რომელიც ნაღმებს აუვნებელყოფს. ჰაერში წინააღმდეგობის შეხვედრის შემთხვევაში, დრონს გზის გაგრძელება ბორბლების საშუალებით შეუძლია. გადაადგილდება წყალშიც და ნაღმების აღმოჩენა იქაც შეუძლია. ამ პროექტით საქართველოს მასშტაბით მეორე ადგილი ავიღე, მსოფლიო მასშტაბით – პირველი. პროექტმა ძალიან ბევრი დაინტერესება გამოიწვია. გერმანიიდან დამიკავშირდნენ, მაგრამ უარი ვთქვი. მინდოდა, საქართველოს მთავრობისგან მიმეღო დაფინანსება და საქართველოს სახელით გამეკეთებინა. მთავრობაში ჩემი ყველა გამოგონების შესახებ იციან, დაინტერესება დიდია, მაგრამ დაფინანსება – არა.
– სხვა გამოგონებებზეც ვისაუბროთ.
– მაგალითად, „აქსერო ხელთათმანი“ – ეს არის ხელთათანი, რომელსაც გაიკეთებ და შეგიძლია, ვირტუალუარად ითამაშო კომპიუტერული თამაშები და მიმართულების მისაცემად მხოლოდ ხელის გადახრაა საჭირო, მას შეუძლია შეითავსოს მაუსის ფუნქცია, მისი საშუალებით შესაძლებელია ავტომობილის მართვა. მე მყავდა ეტლით მოსარგებლე მეგობრები და ვიცოდი, რა პრობლემებს აწყდებოდნენ ისინი, ამიტომ მათი დახმარების სურვილი გამიჩნდა. შევქმენი ელექტრონული ეტლი, რომლის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ სხვა ელექტროეტლებთან შედარებით ძალიან მსუბუქია და კომპაქტური. შეგიძლია, დაკეცო და ნებისმიერ ავტომობილში მოათავსო. გაცილებით მეტია გადაადგილების ხანგრძლივობა, იმუხტება ავტომატურად და უკეთ შეუძლია დაბრკოლებების გადალახვა. მასში ჩამონტაჟებულია სენსორები, რომელიც დაბრკოლებას აღიქვამს და ავტომატურ რეჟიმზე გადადის, რომ არაფერს დაეჯახოს. მორგებულია უსინათლოებზე. „იპოს“ ოლიმპიადაზე უსინათლო ბიჭი გავიცანი, რომელიც ახლა „გუგლში“ მუშაობს და მასთან ერთად შევქმენი პროგრამა, რომელიც ამ ეტლშია და მოსარგებლეს აწვდის ინფორმაციას გარემოს შესახებ. ის კიდევ ბევრ გამოგონებას შეიცავს: აქვს „ჯიპიესის“ სისტემა, კამერა და მშობელს შეუძლია, მოძრაობის კოორდინატები სახლიდან მიუთითოს. ვისაც ხელის მტევნის პრობლემა აქვს, მათთვის შევქმენი სპეციალური ხელთათმანი, რომელიც ხელის ფუნქციონირებას აღადგენს. ეს ეტლით მოსარგებლეების შემთხვევაშიც გამოიყენება და ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო საქმიანობის დროსაც. ეტლით მოსარგებლეებს ბარდიურებზე პრობლემები ექმნებათ, რადგან ხშირად მათ ადგილს ავტომობილები იკავებენ ხოლმე, ამიტომ შევქმენი დაბრკოლება, რომელიც ავტომატურად ჩაიწევა მხოლოდ ეტლით მოსარგებლის მიახლოებისას. პრაქტიკაში ჯერ არცერთი მათგანი არ გამოიყენება, არც დაპატენტებული მაქვს, რადგან ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა მათ დასაცავად სხვა გზებიც არსებობს და მისით სარგებლობას სხვები ვერ შეძლებენ. სხვათა შორის, 2015-16 წელს წლის საუკეთესო გამომგონებელი გავხდი.
– ახლა რაზე მუშაობ?
– „კომაროვის“ ლაბორატორიაში ჩემი მუშაობით საკმაოდ ბევრი ინტერესდებოდა, ბოლოს ძალიან ბევრ ბავშვს ვასწავლიდი სქემების აწყობას, რაც ძალიან მოსწონდათ. შემდეგ ბავშვებმა დირექტორს შესთავაზეს და „კომაროვში“ მასწავლებელი გავხდი, მაშინ მეთერთმეტე კლასში ვსწავლობდი და თან ვასწავლიდი. თუმცა მერე ამერიკულ სკოლაში დამიფინანსეს სწავლა და იქ გადავედი. ახლა მე კონკურსებში ვეღარ ვმონაწილეობ და მოსწავლეები გამყავს ოლიმპიადებზე. ჩემი გუნდები უკვე „ათასწლეულის ინოვაციის“ ფინალში არიან გადასულები და დიდი შანსი გვაქვს, კიდევ წავიდეთ „ნასაში“, მე – ამჯერად მენტორის ამპლუაში.
– სად სწავლობ?
– პირველად „შავი ზღვის უნივერსიტეტში“ ჩავაბარე. შემდეგ შევწყვიტე სწავლა, რადგან ამერიკაში ჩავაბარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ფიზიკაზე. იქ მხოლოდ ერთი სემესტრი ვისწავლე, სწავლა კი სრულად დამიფინანსეს, მაგრამ საყოფაცხოვრებო ხარჯებს მე ვიხდიდი, რაც საკმაოდ ძვირი იყო, ამიტომ დიდხანს ვერ დავრჩი. საქართველოში ჩამოვედი და ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ახლა აქაც ვსწავლობ და „შავ ზღვაშიც“. ახლა სამედიცინო უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება სამედიცინო ინჟინერიაზე, რომელიც მოიცავს ახალი დანადგარების აწყობას, ახალ ტექნოლოგიებს და ასე შემდეგ.
– ამ ყველაფრის პარალელურად, კიდევ ბევრი ინტერესი გაქვს.
– ძალიან ბევრი ინტერესი მაქვს, რა თქმა უნდა, თუ მათთვის თავისუფალი დრო გამოვნახე. ყოველდღიურად ვვარჯიშობ, ვწერ, როგორც მხატვრულ, ასევე სამეცნიერო ლიტერატურას. ერთი პერიოდი აქტიური ბლოგერობითაც ვიყავი დაკავებული. ვხატავ, ვუკრავ თითქმის ყველა დასარტყამ ინსტრუმენტზე. ახლა ვიოლინოს შესწავლა მინდა. საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი წარმატებული ბავშვია და მინდა მათ წინსვლაში შევუწყო ხელი. ამისთვის ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია „სამეცნიერო მისია“, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით დაფინანსება არ გვაქვს, რაც საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა და კარგი იქნება, თუ ამის მსურველი გამოჩნდება, რადგან ეს ძალიან ბევრ ბავშვს დაეხმარება.
скачать dle 11.3