კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რატომ ჩატარდა ჯავახეთში საეკლესიო კრება და რატომ დაუპირისპირდნენ არსენ კათალიკოსს ეპისკოპოსები

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

გრიგოლ ხანძთელის მეგობრებმა და მოწაფეებმა – თევდორემ და ქრისტეფორემ, გადაწყვიტეს, თვითონაც დაეარსებინათ მონასტრები. მოძღვრის კურთხევის გარეშე მიატოვეს მონასტერი და ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოდან სხვა ქართულ სამეფოში – აფხაზეთში გაემგზავრნენ.
გზად სამცხეში, დიდაზნაურ მირიანის მამულში, მინდორში გაჩერდნენ ღამის გასათევად. ისინი მირიანის მსახურებმა დაინახეს და აუწყეს ბატონს. მირიანი ეახლა მამებს და თავმდაბლად სთხოვა, სწვეოდნენ სასახლეში. დილით გააცნო ბერებს თავისი მეუღლე კრავაი და სამი პატარა ვაჟი. წმიდა მამებმა დალოცეს მირიანი, კრავაი და ბავშვები. იმ დროს შვილის უფლისთვის შეწირვა გავრცელებული ტრადიცია იყო. მირიანმა უთხრა მეუღლეს: „ღვთის მოსაწონად მოვიქცეთ და მივაბაროთ ქრისტეს მოწაფეებს ჩვენი ერთ-ერთი შვილი, რომელი ამოვარჩიოთ?“ მორჩილმა მეუღლემ უპასუხა: „ჩემო ბატონო, შენი შვილები არიან და რომელსაც ბრძანებ, უფლის გამორჩეულიც ის იქნებაო“
მირიანმა უმცროსი ვაჟი გამოარჩია. დაალოცვინა წმიდა მამებს და თვითონ ჩააცვა მოწესის სამოსი. ბერებმა პატარა მორჩილს არსენი უწოდეს და მამამისს შეჰპირდნენ, მის ვაჟს მამა გრიგოლს დაუმოწაფებდნენ. თვითონ გზა გააგრძელეს აფხაზეთისკენ.
ამასობაში, მამა გრიგოლი და მისი ოთხი მოწაფე, თევდორესა და  ქრისტეფორეს ძიება-ძიებაში კლარჯეთიდან ქართლში გადავიდნენ. „უდაბნოს ვარსკვლავად“ წოდებულმა იქ ნახა ერთი ყრმა, ეფრემი, რომელიც ძალიან მოეწონა, დაიმოწაფა და უთხრა, დავბრუნდები და თან წაგიყვან ხანძთაშიო.
იპოვა აფხაზეთში მამა გრიგოლმა თავისი მოწაფეები და უკან წამოიყვანა. გზაში თევდორემ და ქრისტეფორემ მოძღვარს უამბეს პატარა არსენის ამბავი. გრიგოლ ხანძთელმა გაიხარა და თავის მოწაფეებს ყრმა ეფრემის შესახებ უამბო. წამოიყვანეს ეფრემი და არსენი.  მამა გრიგოლმა ისინი თევდორესა და ქრისტეფორეს ჩააბარა აღსაზრდელად.
გავიდა წლები. ეფრემი აწყურის მღვდელმთავრად გამოარჩიეს. შემდგომ კი არსენი აირჩიეს მცხეთაში კათალიკოსად. თუმცა, კრებას ეპისკოპოსთა ნაწილი არ ესწრებოდა. ისინი განაწყენდნენ არსენის მამაზე, მირიანზე, ჩვენს დაუკითხავად სამცხის ეპისკოპოსებს დაადგენინა თავისი ძე კათალიკოსად, რაც არამართებულიაო. კათალიკოს არსენის თანააღზრდილი ეპისკოპოსი ეფრემიც, ამ მღვდელმთავართა მსგავსად, არსენის არჩევას უკანონოდ და მძლავრობად მიიჩნევდა.
ამ ეპისკოპოსებს მხარს უჭერდა გუარამ მამფალი, აშოტ კურაპალატის ძე. გვარამის ბრძანებით, შეიკრიბნენ ეპისკოპოსები და მეუდაბნოე მამები ჯავახეთში. ყველა მოელოდა მამა გრიგოლისა და კლარჯეთელი მამების მოსვლას. ერუშნელ ეპისკოპოსს უთქვამს, „უდაბნოს ვარსკვლავი“ იტყვის გადამწყვეტ სიტყვას, დაველოდოთო.
ამ საუბარში რომ იყვნენ, დაინახეს სახედარზე მჯდომი გრიგოლ ხანძთელი, რომელიც მათკენ მოემართებოდა. მისი უბრალო ბერული ტანსაცმელი გაბრწყინებულ სამოსად ეჩვენათ, ხოლო ბერის თავსაბურავი კუნკული კი – უძვირფასესი თვლებით მოჭედილ გვირგვინად.
ყველა ღვთის დიდებითა და სიხარულით მიეგება ღვაწლმოსილ არქიმანდრიტს.
მალე მოვიდა ეფრემ მაწყვერელი. პირველად თავის მოძღვარს, მამა გრიგოლს მიესალმა, მერე – სხვებს. „უდაბნოს ვარსკვლავმა” განზე გაიხმო იგი და უთხრა: „გაფიცებ წმიდა მღვდელმთავრობის მადლს, ნუ დაუპირისპირდები შენს სულიერ ძმას, არსენს“.
მეუფე ეფრემმა უპასუხა: „ვერ გადავუდგები ჩემი ძმების, ეპისკოპოსების მართალ საქმეს. ამიერიდან არ ვარ არსენის ცხვარი და არც ისაა ჩემი მწყემსიო“.
მაშინ მოძღვარმა მწყრალად უთხრა: „თუ ამას გააკეთებ, მეც უარმყოფ, აღარ ვარ შენი მოძღვარიო!“
მამა გრიგოლის სიტყვებზე ატირდა დიდი ეფრემი და უპასუხა აღმზრდელს:
– „მკაცრია შენი სიტყვები, მახვილზე მეტად მჭრელი! იყოს ნება შენი და არა ჩემი, წმიდაო ღმრთისაო!“
„უდაბნოს ვარსკვლავმა” განაგრძო:
– „არსენის კათალიკოსობა ღვთის ნებაა. ის იმსახურებს, თუმცა მამამისმა იჩქარა, ცუდად განაგო საქმე და დააშავა. კარგია, რომ მიჯერებ, რადგან სიბრაზის დროს, ღვთისთვის მოსაწონი სიმართლე არ დგინდება. არსენის ბრალი ჩემზე იყოსო“.
გუარამ მამფალს უთხრეს, გრიგოლ ხანძთელი და ეფრემ მაწყვერელი მოვიდნენო. მამფალი სიხარულით შეხვდა მათ და მდაბლად მოიკითხა.
დაიწყო კრება. კრებას მიმართა ჯავახეთის, სამცხის, თრიალეთის, ტაშირის, აბოცის, არტაანის ხელმწიფემ, გუარამ ბაგრატიონმა. მან შეახსენა კრებას, რომ სჯულის კანონის მიხედვით, არ შეიძლება, მძლავრობით ეპისკოპოსისა და კათალიკოსის დასმა და შემდეგ გააკრიტიკა ამის მოქმედნი. ყველა მამა გრიგოლს და მეუფე ეფრემს უყურებდა. რომ დაასრულა სიტყვა მამფალმა, ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ეპისკოპოსებმა მეუფე ეფრემს მიმართეს, რაიმე თქვი, როგორ მოვიქცეთო.
მეუფე ეფრემმა განაცხადა: „სადაც მამა გრიგოლი არის, იქ მე სიტყვის თქმას ვერ ვიკადრებო“.
მაშინ ხელმწიფემ სთხოვა არქიმანდრიტს, პირველად მას მიემართა კრებისთვის, როგორც უხუცესსა და ღვთისთვის სათნო ადამიანს.  
ზეცის კაცმა და ქვეყნის ანგელოზმა მიმართა მამფალს:
– „ჯერ მღვდელმთავრებს უნდა ეთქვათ სიტყვა, მაგრამ რადგან გნებავს, ვიტყვი, ისმინეთ ჩემი, მოხუცებული გლახაკის სიტყვები – არსენი ღვთის ნებით არის კათალიკოსი. მასზე ძვირის მთქმელები კი, რომლებიც არ შეინანებენ, შერცხვებიან ამ საწუთროსა და იმ ქვეყანაზეც.“
არ მოეწონა ეს სიტყვები ბრძენ და ღვთისმსახურ ხელმწიფეს, რომელსაც მირიანისადმი სიბრაზის გამო, არ უნდოდა თავისი აზრის შეცვლა. მაგრამ, გურამ მამფალს მამა გრიგოლმა აუხსნა, რომ არ უნდა განრისხებულიყო და შეახსენა: საეკლესიო კრებების დროს, მეფეები მხოლოდ ისმენდნენ სასულიერო პირების განმარტებებს და არ ერეოდნენ საქმის გადაწყვეტაში, რადგან ეს სულიერი მამების საქმე იყო და არა ერისკაცების. შეიძლება, მათი მსჯელობა სამართლიანი იყოს, მაგრამ ეს სჯულისა და მღდელთმოძღვართა შეურაცხყოფააო.
მაშინ მამფალმა მიმართა ეპისკოპოსებს, თქვენი განსაგებელია ეს საქმე და თქვენ განსაჯეთო.
ეპისკოპოსებმა აუხსნეს ხელმწიფეს, რომ სასწაულით გადაწყდა ყოველივე, როცა მოვიდა „უდაბნოს ვარსკვლავი” და უამბეს ბაგრატიონს, რა ჩვენება იხილეს, როცა დაინახეს სახედარზე მჯდომი გაბრწყინებული გრიგოლ ხანძთელი.
თავზარი დაეცა გუარამ მამფალს და პატიება სთხოვა წმიდა არქიმანდრიტს.
– „ქრისტემ შეგინდოს ყოველნი ბრალნი!“ – დალოცა ხელმწიფე ბერმა.
ასე დასრულდა ჯავახეთის კრება. ეს მოხდა, დაახლოებით, 860 წელს.
скачать dle 11.3