კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რა სქემით ახორციელებენ აფხაზი სეპარატისტები გალელი ქართველების გააფხაზების პროცესს და რატომ უიოლდებათ ქართველი ახალგაზრდების გადაბირება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ღორის გრიპის გამო სოხუმმა ენგურის ხიდი ჩაკეტა, რის გამოც გალელმა ქართველებმა, ენგურის ხიდის გახსნისა და ბინადრობის მოწმობების გაცემის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მოაწყვეს. რასაც გალის რაიონის თავკაცი თემურ ნადარაია „სპუტნიკთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა, თბილისს გალელების გამოყენებაში დასდო ბრალი და გალელების უუფლებო მდგომარეობასაც შეეხო. მისი თქმით, აფხაზეთში ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია და, რაკი გალელებს აქვთ საქართველოს პასპორტები, ისინი ვერ მიიღებენ აფხაზეთის მოქალაქეობას, იმას გარდა, რომ საკუთრებასაც ვერ იფორმებენ და ვერც სეპარატისტულ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. დღეის მდგომარეობით, გალელი ქართველებიდან მხოლოდ 6 000-ს აქვს ბინადრობის მოწმობა, მოქალაქეობა კი – მაქსიმუმ, ათასამდეს. საინტერესოა, რომ ვერც ბინადრობის მოწმობის მქონენი ახერხებენ სეპარატისტულ არჩევნებში მონაწილეობას და არც უძრავი ქონების შეძენა შეუძლიათ აფხაზეთში. თუმცა ნადარაია შენიშნავს, რომ, რაკი ნებისმიერ აფხაზს, მიუხედავად იმისა, სად დაიბადა, ეკუთვნის აფხაზეთის მოქალაქეობა (და მერე რა, რომ ასეთ სახელმწიფოს არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა?!), გალელი ქართველები კი, ნადარაიას ვერსიით, არც მეტი, არც ნაკლები, სამურზაყანოელი აფხაზები არიან „მტარვალი“ ქართველების მიერ ძალით გაქართველებულები, მათ შეუძლიათ, დაიბრუნონ თავიანთი ეროვნება და ამ გზით მიიღონ სეპარატისტული აფხაზეთის მოქალაქეობა. გალის რაიონში ეს პოლიტიკა უკვე რამდენიმე წელია, ტარდება – მას შემდეგ, რაც მეგრელების არაქართველებად შერაცხვის პოლიტიკა ვერ განხორციელდა. მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ ამ ნაცისტური იდეოლოგიის მოტივებსა და მის მოსალოდნელ შედეგებს.
მამუკა არეშიძე: ეროვნებადაკარგულ ქართველზე უარესი არაფერია. ნადარაია წარმოშობით ხობიდან არის, ანუ მისი წინაპარი აფხაზეთის მკვიდრიც კი არ არის. ეს აფხაზეთის უშიშროებამ იცის. ამდენად, მისი რიტორიკა განპირობებულია ზუსტად ამ ფაქტორით და ამიტომ უფრო მეტად აფხაზობს, ვიდრე აფხაზეთში მცხოვრები აფხაზები.
– ჩემი დაკვირვებითაც, ეს ქართულფესვებიანი აფხაზების სენია.
– ნადარაია ყოველთვის ასეთი იყო, კარიერის გამო ყველაფერზე მიდიოდა. რაც შეეხება პასპორტების თემას: სეპარატისტულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს გალელების ძალიან მცირე რაოდენობას, საერთო ჯამში, ასეთი 600 ადამიანიც კი არ იქნება. აქედან გამომდინარე, ხმების ბეღელი იკარგება, ნადარაიას კი უნდა, რომ არჩევნებისთვის თავი გამოიჩინოს და, შესაბამისად, დადგა პასპორტიზაციის თემა. ვისაც არ ექნება მოქალაქეობა, ის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
– აფხაზებისთვის ხელსაყრელია, რაც შეიძლება, ცოტა გალელმა ქართველმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში?
– ხელსაყრელი არ არის, მაგრამ, ვისაც მისცემენ პასპორტებს, ითვლება, რომ ის ავტომატურად მორჩილია. აქედან გამომდინარე, მართავენ არჩევანში. აფხაზები საკმაოდ პოლიტიზებული ერია და მათი მართვა ცოტა რთულია. კლანური სისტემით იმართებიან და ვისაც კლანი დაუჭერს მხარს, დანარჩენებიც მას დაუჭერენ. გალელი ქართველები კი, მოგეხსენებათ, სეპარატისტულ ხელისუფლებას მისჩერებიან, ჩვენ მათ სხვა გამოსავალი არ დავუტოვეთ, ამიტომ მათ სოხუმი მართავს. ამდენად, მასობრივად კი არ დაარიგებენ პასპორტებს, არამედ ამომრჩევლების რაოდენობას გაზრდიან, რომ არჩევნები არ ჩაუვარდეთ. თორემ ამხელა რაიონისთვის 600-კაციანი არჩევნები რა არჩევნებია?! გალის ქართველების გააფხაზების პროცესი ახალი არ არის, ეს იდეა გალის რაიონის დაპატარავებაში იდო, როდესაც მისი ერთი ნაწილი ოჩამჩირეს გადასცეს, მეორე ნაწილი – ტყვარჩელს. იქ თავისთავად მოიხსნა ქართული სკოლის ფაქტორი. ზოგიერთ სოფელში იყო ქართული სკოლა. მაგრამ, რადგან საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ქართველები ძირითადად გალში ცხოვრობენ, სალაპარაკო რომ არ გამხდარიყო, იმ სოფლებში, რომლებშიც ქართველები ცხოვრობდნენ და ოჩამჩირესა და ტყვარჩელს მიაკუთვნეს, ადრეულ წლებშივე ტოტალურად დაიწყეს ქართულად სწავლების შევიწროება. გალში კი ახლა დაიწყეს, შარშანდლიდან. გალელი ქართველი ახალგაზრდების გააფხაზების გზა კი უკვე გაკაფულია, ბევრი მათგანი დანარჩენ საქართველოში არ ჩამოდის, სასწავლებლად სოხუმში მიდის და სიტუაციას რომ მოერგონ, ისინი, თავს აფხაზებად მიიჩნევენ.  ამისთვის ჯარია საუკეთესო საშუალება. ბევრი ქართველი მსახურობს სეპარატისტულ ჯარში და საბუთებში ყველას „აფხაზი“ უწერია.
– რამდენიმე წლის წინათ, როდესაც გალელი ქართველების, ეგრეთ წოდებული, „ისტორიულ ეროვნებაზე“ დაბრუნების კამპანია დაიწყო, ბესლან კობახიას ვესაუბრე, ახლა ნადარაიაც იმავეს იმეორებს, მაგრამ არ ახსენებენ პროცედურას. როგორც ვხვდები, მხოლოდ სურვილია საკმარისი, რომ აფხაზად ჩაგწერონ?
– ისინი, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გვარები, უპრობლემოდ მიიღებენ აფხაზურ ეროვნებას.
– შესაბამის გვარებში რას გულისხმობთ?
– მეგრულ გვარებს ან, თუ ფუძე ესადაგება აფხაზური გვარების ფუძეს. ობიექტურობისთვის უნდა გითხრათ, რომ გალის რაიონის ძალიან მცირე მოსახლეობა, თავის დროზე, მართლაც აფხაზი იყო, დაახლოებით, ერთი პროცენტი. ადამიანები, რომელთა გვარები „ბა-ზე“  მთავრდება, სამურზაყანოში დასახლდნენ, რადგან თავი გაარიდეს. დანარჩენებს, რა თქმა უნდა, აქვთ სუფთა ქართული, კოლხური გვარები. რასაკვირველია, ზოგიერთი მეცნიერი იკამათებს, რომ ქართველები და აფხაზები ერთი ეთნოსის ნაწილია და შორეულ ისტრიულ წარსულში გაიყვნენ, მაგრამ მე ამ თემას არ ვეხები. მე ვლაპარაკობ მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეზე, როდესაც აფხაზური ეთნოსი და ქართველები ცალ-ცალკე ჩანდნენ. დიმიტრი გულიას მამა იოსები ქართველი იყო. ის ემიგრაციაში, ანუ თურქეთში  მუჰაჯირობისას გაჰყვა თავის პატრონს და უკან რომ დაბრუნდა, უკვე, ფაქტობრივად, მუსლიმანი აფხაზი იყო. ის ძალიან პატარა ასაკში წაიყვანეს თურქეთში და აფხაზეთში რომ დაბრუნდა, მეგრულზე უკეთ აფხაზური იცოდა. იმის თქმა მინდა, რომ ეს პროცესი ყოველთვის იყო: ქართველებს არასდროს უცდიათ აფხაზების გაქართველება, ხოლო აფხაზები ყოველთვის ცდილობდნენ, განსაკუთრებით, ქართველების გააფხაზებას, ახლა, მით უმეტეს. ჩვენ, გალელები, ფაქტობრივად, უპატრონოდ მივატოვეთ. რაც შეგვიძლია, იმის მეათედს ვაკეთებთ. ვერ ვიტყვი, რომ სულ არაფერი კეთდება, მაგრამ ეს უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც საჭიროა, რომ გადავარჩინოთ ეს ჯგუფი და საერთო ქართულ სივრცეში დავტოვოთ. ორი-სამი თაობის შემდეგ ისინი აღარ იქნებიან ქართველები.
– ნადარაია ამბობს ასეთ ფრაზას – გალელები არიან მოჰაჯირები თავიანთსავე ტერიტორიაზეო. სეპარატისტების შესაბამისი სტრუქტურები იმდენად გონიერები და შორსმჭვრეტელები არიან, რომ ხვდებიან გალელი ქართველების გადაბირების მნიშვნელობას?
– რასაკვირველია. ეს მათი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.
– ასეთ შემთხვევაში, აფხაზები ჩვენზე გაცილებით გონიერები ყოფილან.
– იქ რამდენიმე ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო, რომლებმაც ეს პოლიტიკა შექმნეს და ასეთი მიდგომა არძინბას პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილიც იყო. ახლა შესაძლოა, იქ, სხვადასხვა სტრუქტურაში არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ოფიციალური პროპაგანდის, რომ სამურზაყანოელი ქართველები არიან გაქართველებული აფხაზები, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, თავიდანვე ჩაიდო ამ იდეოლოგიაში, რომ ქართველების გააფხაზება ასეთი პროპაგანდული ხერხის მეშვეობით უნდა მომხდარიყო და დღეს სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მეტსაც გეტყვით: ხდება აჭარაში მაცხოვრებელი აფხაზების მოზიდვა, მათი გამოყენება და დაწინაურება. ვიცი 11 აფხაზი აჭარიდან,  რომლებიც დღეს სოხუმში კარგ თანამდებობებზე მუშაობენ, ძალოვან სტრუქტურებშიც და საგარეო უწყებაშიც. ესეც შეგნებულად კეთდება, რადგან სოხუმში ძალიან კარგად იციან, რომ აჭარაში მცხოვრებმა აფხაზებმა დაკარგეს თავიანთი ენა და ამიტომ ახლა აქტიურად მუშაობენ მათ ეროვნული ცნობიერების ამაღლებაზე და გამოსდით, რადგან ჩვენი სახელმწიფო კონტრღონისძიებებს არ ატარებს.
– ცხინვალში არსებული ვითარებით მეტად გულდათუთქული იყო ალეკო ელისაშვილი, როკი ჩაკეტილიაო, იზოლაციაში არიანო, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს, უბრალოდ, მათი არჩევნის შედეგია და გადარჩნენ ოსი სეპარატისტები?
– ცხინვალში, იანვრის დღესასწაულების შემდეგ, მოულოდნელად საკვების მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მძიმე ჰუმანიტარული ფონი ხელოვნურად იყო შექმნილი. გვქონდა კონსულტაციები ცხინვალის მოსახლეობასთან და ზუსტად ვიცით, რა ხდებოდა. 8 დღის განმავლობაში არ წმენდნენ თოვლისგან როკის გვირაბიდან გამომავალ გზას.
– ვის უნდა გაეწმინდა: ოსებს თუ რუსებს?
– უნდა გაეწმინდა ცხინვალის ადმინისტრაციას, მაგრამ რუსებმა ამის საშუალება არ მისცეს და არც თვითონ წმენდნენ. კითხვაზე, თუ რატომ გააკეთეს ეს რუსებმა და ხელოვნურად რატომ შექმნეს სასურსათო დეფიციტი, ადგილობრივ ოსებს პასუხი არ აქვთ. აქედანაც ჩაკეტილები იყვნენ ღორის გრიპის გამო და ფაქტობრივად, ხელოვნურად მოაწყვეს იქ საშიმშილო ფონი, მაღაზიები მართლაც დაცარიელდა, ისეთი კატასტროფული მდგომარეობაც არ იყო, როგორც ამას ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი აღწერდა, მაგრამ რვა დღის განმავლობაში ხდებოდა ის, რაც გითხარით. ახლა შეიცვალა სიტუაცია.
თუმცა უნდა გითხრათ ერთი რამ: აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონში რუსები მაქსიმალურად ცდილობენ იმის დემონსტრირებას, რომ ეს არის მათი ტერიტორია და ის ოსები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, მეორეხარისხოვნები არიან. მოაზროვნე ოსები ამას ნელ-ნელა აცნობიერებენ, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ არის. მაგალითად, რუს ჯარისკაცებს, თავისუფლად შეუძლიათ, რომ დააპატიმრონ დე-ფაქტო შს მინისტრის მოადგილე ფუხაევი და არცევის ბაზაზე აყურყუტონ, იმიტომ რომ სადღაც, „საზღვრისპირად“ იმყოფებოდა. მართალია, საკანში არ ჩაუსვამთ, მაგრამ ჩაკეტეს ოთახში და ერთი დღე-ღამე ჰყავდათ. ასევე, შეუძლიათ, დე-ფაქტო მთავრობის პიკნიკზე გასული წარმომადგენლები, ქალიან-კაციანად, რაღაც ეჭვის გამო, მიწაზე დაყარონ რამდენიმე საათის განმავლობაში და არც არაფერი აუხსნან.
– ეს მათი არჩევანია.
– წარმოუდგენელი წნეხი აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. რუსი სამხედროების წინაშე ისინი სრულიად უუფლებონი არიან.
– ვერ ვითვალთმაქცებ, ამის გამო არ ვღონდები. ქართველებს რომ აკავებენ, ეგრეთ წოდებული, „საზღვრის“ უკანონო კვეთის გამო, ამას ოსი სეპარატისტები სჩადიან თუ რუსები?
– ძირითადად, რუსები. უფროსი თაობის ყველა ის ადამიანი, რომლებსაც შეიძლება, ნათესავი ჰყავდეს დანარჩენ საქართველოში, სერიოზული სტრესის ქვეშ არიან. ახალგაზრდებს  კი ტვინს ურეცხავენ და ერთი ჯგუფი ძალოვან სტრუქტურებშიც ჰყავთ, რუსი სამხედროების ახლოს, რომლებიც ყველა ბრძანებას ასრულებინებენ. რუსებმა ცხინვალის რეგიონი, ფაქტობრივად, ერთ დიდ სამხედრო ბაზად აქციეს. გაცხადდა, რომ საზღვრის დემარკაცია დაასრულეს და ირკვევა, რომ მათ კიდევ რაღაც ტერიტორიებზე აქვთ პრეტენზია.
– რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ ახლა?
– დიახ. ახლა ეს დე-ფაქტო პარლამენტში უნდა განიხილონ. რასაკვირველია, ეს არის რუსების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. როდესაც ლაპარაკობენ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩათვალეთ, რომ ყოველთვის ახმოვანებენ რუსეთის სპეცსამსახურების კონკრეტული წარმომადგენლის ინტერესებს. ასე რომ, ეს არის ტიპური კოლონია, რომელსაც დეკორაციული უფლებები აქვს და ყველაფერს, აფხაზეთისგან განსხვავებით, რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა განაგებს.
скачать dle 11.3