კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

№5 რატომ უსკდებოდა გული გაგა მარუს ტოჩინოშინის დანახვაზე და რატომ აპირებდა ის სუმოსთვის თავის დანებებას

ნინო კანდელაკი ნინო მაისურაძე

ქართველი სუმოისტის, გაგა მარუს ცხოვრებაში რთული პერიოდი იდგა, დედა გარდაეცვალა, რამაც ძალიან იმოქმედა მასზე. კარიერული ჩავარდნაც ჰქონდა და სუმოზე თავის დანებებასაც აპირებდა, თუმცა ის ახლა ისევ წარმატებით ასპარეზობს. გაგა მარუ პირად ცხოვრებაზე თავად გვიამბობს.
გაგა მარუ: 2018 წელს სამწუხარო ფაქტი მოხდა – დედის გარდაცვალებით დიდი ტრავმა მივიღე. ეს ძალიან საშინელი ამბავი უცებ მოხდა. ჩემი იაპონიაში ყოფნის პერიოდში მამა გარდამეცვალა – დედა და მამა ერთად მოხვდნენ ავარიაში, თუმცა დედა გადარჩა, მაგრამ მას შემდეგ სუსტად იყო, სულ ავადმყოფობდა და საავადმყოფოშიც ხშირად მიგვყავდა. ჩემმა ძმამ დამირეკა, დედა საავადმყოფოში მოვიყვანეთო. ტელეფონზე ვლაპარაკობდით, როდესაც მასთან ჩემი რძალი მივიდა და უთხრა: დედა აღარ არისო. ნამდვილად არ ველოდი, გული კი არ დამწყვიტა, რა დამემართა არ ვიცი. დედა რომ გარდამეცვალა, სამი დღე შეჯიბრებაზე გავდიოდი. როდესაც ადამიანები ჩვენ გვერდით არიან, დიდად ვერ ვაფასებთ მათ. არავის ვუსურვებ ამ განცდას, ყველაზე დიდი ტრავმაა, როდესაც შენი საყვარელი ადამიანი შენ გვერდით არ არის. 14 წელია, აქეთ ვარ წამოსული და უკვე დიდი ხანია, ჩემი საყვარელი ხალხი ჩემ გვერდით ფიზიკურად არ არიან, მაგრამ ხშირად ვახერხებდი კონტაქტს. დედა ყოველდღე მირეკავდა, იაპონელები მეკითხებოდნენ, ამდენს რას ელაპარაკებიო, უკვირდათ კიდეც, რადგან აქ ამდენს არ ლაპარაკობენ. დედასთან  საუბარი ყველაზე დიდ ძალას მაძლევდა. შეჯიბრებას რომ მოვიგებდი, მაშინ არა, მაგრამ სახლში რომ მოვიდოდი და დედა გახარებული იყო, სიხარულის ცრემლებიც წამომსვლია. დედის ბედნიერ სახეს რომ ვუყურებდი, იმაზე მეტი იყო, რაც შეიძლება, მოგებას მოეტანა. და ეს ყველაფერი ერთ უბედურ დღეს დამთავრდა.  
– ამ ტრავმამ რამდენად შეგიშალა ხელი კარიერაში?
– თითქოს ხელი ჩავიქნიე, შეჯიბრებები მიმდინარეობდა და საერთოდ არ ვფიქრობდი მოგებაზე, მერე რა, თუ წავაგე, დედა დავკარგე და წაგება რაღაა-მეთქი. საერთოდ, სპორტსმენისთვის ასეა – როდესაც მოგებასა და წაგებას აღარ განიცდი, შენთვის სპორტი დამთავრებულია. ასე დათრგუნული ვიყავი მთელი სექტემბრის შეჯიბრებებზე, არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ ვცდილობდი, საერთოდ არ მეფიქრა ამაზე. შეჯიბრება რომ დამთავრდა, გასვენებაში ჩამოვედი, მაგრამ მაშინ ისე მალე გავიდა ის ხუთი დღე, რომ იმდენად ვერ აღვიქვი. საქართველოში რომ ხარ, ამდენი ხალხი მოდის, შენ არ გაქვს იმ ყველაფრის გააზრების საშუალება. როცა აქეთ ჩამოვედი, მერე გავიაზრე, დედის ნომერი აღარ მირეკავდა, რამდენჯერმე მეც დავრეკე და აღარავინ მპასუხობდა. ეს იყო ყველაზე დიდი ტრავმა, რომელიც მერე და მერე უფრო გაძლიერდა ჩემში.  კარიერული ჩავარდნა მქონდა, მეხუთე დივიზიონიდან გამოვვარდი, აქედან რომ გამოვარდები ძალიან რთულია, ხელფასი არ გაქვს, არაფერი არ გაქვს. საჭმელი არის, მაგრამ თავიდან, როცა ახალი ჩამოსული ვიყავი, ეს ეტაპები გავიარე, ჩამოსვლიდან სამ წელიწადში მოვახერხე ელიტაში გადასვლა. მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა, სულ ელიტაში ვიყავი, სულ ჩემი დამხმარეები მყავდა და უცებ აღმოჩნდა, რომ არც ელიტაში ვარ, აღარც დამხმარეები მყავს. უკვე 31 წლის ვარ, ვიფიქრე, გავანებებ თავს-მეთქი, მაგრამ იაპონიაში ბევრი გულშემატკივარი აღმომაჩნდა და მეუბნებოდნენ, რომ ჯერ ადრეა, ასე ნუ გადაწყვეტ, ასე ნუ გააკეთებო. საქართველოდანაც მეხმიანებოდნენ – იქნებ გააგრძელო და ელიტაში დაბრუნდეო.
– რა შეზღუდვები გაქვთ სუმოში?
– უამრავი შეზღუდვა გვაქვს, სპორტული ტანსაცმლის ტარების უფლება არ გვაქვს, მანქანის ყოლის უფლება არ გვაქვს, თმადაუვარცხნელი ვერ გახვალ, ასეთი რაღაცები რთულია. დილის ექვს საათზე ვარჯიშზე ხარ, იყინები გარეთ, ჩვენ ხომ ამტანებს გვეძახიან.  წელიწადში ექვსი შეჯიბრება გვაქვს, მაგრამ ამას გარდა არის გასვლები რაიონებში, ეს შეჯიბრებები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. რაიონიდან რაიონში გადადიხარ. ისეთ რაიონებში დავდივართ, სადაც დენი არაა, ტელეფონი არ იჭერს, სიცივეა, აქ ძირითდად მოხუცი და ხანშიშესული ადამიანები მოდიან. ბებო რომ მოვიდა, დაჯდა და სუმოს უყურა, გაიყინა და სასწრაფოთი წაიყვანეს. ამბობენ, ვისაც სუმო უყვარს, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მაღლა არის და ვინ – დაბლა. იაპონელისთვის სულერთია, რომელი რანგის სუმოისტი ხარ, მათთვის მთავარია, იმათ ტრადიციებს იცავ, მათი ტანსაცმლით დადიხარ და სუმოს ცხოვრებით ცხოვრობ.
– შენ და ტოჩინოშინი ახლო მეგობრები ხართ?
– მე და ლევანი ერთად ვჭიდაობდით ძიუდოში  და ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. თავიდანვე, რომ დავინახავდი, გული მისკდებოდა, ეს კიდევ ჭიდაობს-მეთქი? გამოვიქეცი 12 ათას კილომეტრზე და აქაც გამომეკიდა, ლევანიც მალევე ჩამოვიდა. საქართველოში, „ზბორებზეც“ სულ ერთ ოთახში გვეძინა, ვმეგობრობდით. ჩემს ძმაზე მეტი დრო ლევანისთან ერთად მაქვს გატარებული. ვეუბნები ხოლმე, შენნაირი შვილი გამომსვლოდეს-მეთქი. ეს იმერული დალოცვაა. ახალ წელს შევიკრიბეთ ქართველები, იაპონიაში ბევრნი არ ვართ. ლევანს ბევრი ქართული ღვინო აქვს, ერთი ოთახი აქვს სავსე, უგზავნიან. ვუთხარი: მარტო რომ დალიო, მეცოდები-მეთქი, ამიტომ ამ საქმეში გვერდით ვუდგავარ.
– შენ და ლევანი შეჯიბრებაზე თუ შეხვედრიხართ ერთმანეთს?
– კი. მე და ლევანი რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ერთ დღეს მოთოვა და მაინცდამაინც იმ დღეს ვხვდებოდი ლევანს. დარბაზი სახლთან ახლოს არის. ყოველთვის ტაქსით მივდივარ, მაგრამ იმ დღეს ტაქსი ვერ გამოვიძახე და ფეხით წასვლა მომიწია. ჩვენ ფეხზე რაღაც ჩუსტებივით გვაცვია. მივედი ამხელა თოვლში დარბაზში, ამ ჩუსტებით, ძლივს მივდივარ, კიბეზე ჩასასვლელი ბოლო სამი საფეხური მაქვს დარჩენილი, ამიცდა ფეხი, დავგორდი და დავეჯახე კედელს. რომ მივხვდი, ტრავმა არ მქონდა, ავდექი და ვიცინე. სულ დალურჯებული ვიყავი. დოხიოზე რომ ადიხარ, იქ არ უყურებ მოწინააღმდეგეს დალურჯებულია თუ არა, ჭიდაობ, მაგრამ ლევანს დავუნახივარ რომ დალურჯებული ვარ, ოღონდ არ იცის, რა დამემართა. მერე მეორე დღეს დამირეკა, რა მოგივიდა, რა ხდებაო, მე ვუთხარი, კიბეებზე დავგორდი-მეთქი და ბევრი იცინა.
– როგორც ვიცი, სნოუბორდით ხარ გატაცებული?
– სადაც ნაგანოს საციგურაო ოლიმპიადა ჩატარდა, ცხოვრებაში პირველად მაშინ დავდექი სნოუბორდზე. თავი გავიგიჟე, ბოლოში უნდა ავიდე და სნოუბორდზე დავდგე-მეთქი. ამხელა წონა მაქვს და სნოუბორდზე რომ ვდგები, დიდ სიჩქარეს კრეფს, ამის გაჩერება მე არ ვიცი. ერთი ოცი წუთი მოვუნდი კოტრიალს ამ მთაზე, აბა, რა მექნა, რით ჩამოვსულიყავი. საქართველოში რომ ჩამოვალ ბაკურიანში უნდა დავამხეცო.
– თაყვანისმცემელი გოგონები გყავს?
– საქართველოში წელში გამოყვანილი ბიჭები მოსწონთ, ეს ფუფუნება სადაა. იაპონიაში როგორც სუმოისტს, როგორც სპორტსმენს ბევრი თაყვანისმცემელი გვყავს, ჩვენ ისეთ ადგილებში ვერ დავდივართ, სადაც შეიძლება, გოგონები გაგვეპრანჭონ. თუმცა ვალენტინობას გვიგზავნიან საჩუქრებს. ვალენტინობას პირველად გოგო აგზავნის ბიჭთან შოკოლადს და შემდეგ, თუ იმ შოკოლადს დაუბრუნებ, ესე იგი, მის მიმართ რაღაც განცდა გაქვს. საქართველოში ცალმხრივად ხდება, მხოლოდ ბიჭმა უნდა გაუგზავნოს.
– შენ თუ დაგიბრუნებია შოკოლადი?
– არა, არ დამიბრუნებია, რაც მე შოკოლადი მომდის, იმას რას დააბრუნებ, უამრავია.
– შეიძლება, იაპონელი გოგო მოიყვანო ცოლად?
– კი. რატომაც არა? საერთოდ არ მიყვარს ადამიანების განსხვავება მათი წარმომავლობით. მთავარია, ადამიანები ერთმანეთს უგებდნენ, თუ ბედნიერად გრძნობ თავს, ის ბედნიერება არ უნდა გაუშვა. იაპონელი შეყვარებული მყავს, ერთად ვცხოვრობთ, საქართველოშიც მყავდა წელს ჩამოყვანილი. ძალიან მოეწონა, სხვათა შორის, ხინკალს და ქართულ კერძებსაც აკეთებს. ხინკალი ერთი ათჯერ სცადა და ბოლოს კარგი გამოუვიდა, საქართველოში მეგობრები გაიჩინა, ინგლისური კარგად იცის და ურეკავს ხოლმე. ხინკალი სულ გვაქვს მაცივარში, როცა მოგინდება, მოგიხარშავო. იაპონელებმა მზრუნველობა იციან, ქართველებმაც იციან, მაგრამ ქართველს თავი მოაწონო, ცოტა რთულია.
– შენ რით მოგხიბლა ამ გოგომ?
– ჩემს ასაკში რაღა დროს მოხიბვლა და სიყვარულობანაა. მომხიბლა თავის ადამიანობით, შეგნებით და გაგებით. სილამაზე კარგია, ყველას უნდა ლამაზი და კარგი, მაგრამ ყველა სილამაზე წარმავალია, როცა შენს ცხოვრებაზე და მომავალზე ფიქრობ, ხვდები, რომ სილამაზე მეორეხარისხოვანია და ცხოვრებაში თუ შენ ის მეგობარი არ აღმოაჩინე, სიყვარულსა და ურთიერთობას ვერ გაუგებ, რაც ყველაზე რთულია. დაახლოებით ერთი წელია, ერთად ვართ.
скачать dle 11.3