კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№5 რის გამო დაკარგა გედევან კევლიშვილმა მხედველობა სრულად და როგორ ესაუბრებოდა ის გარდაცვლილის სულს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობა პოპულარობის მისაღწევად გადაწყვიტა, მართალია, როგორც კონკურსანტი, ბოლოდე ვერ მივიდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მისი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა წარმოუდგენლად მიაჩნდა – პროექტის თანაწამყვანი გახდა და მისი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.
გედევან კევლიშვილი: პროექტში მონაწილეობა მეგობარმა მირჩია. თავიდან ჩემს ჯგუფთან, „ვაით ვოთერსთან“ ერთად მინდოდა გამოსვლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სოლო შემსრულებელი იყო საჭირო. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი მთავარი მიზანი სიუჟეტამდე მისვლა იყო, რადგან მინდოდა, ჩემ შესახებ ბევრს გაეგო - ცნობადობა შემოქმედებით ასპარეზზე ბევრ გზას გიხსნის. პირველი ტურის გადალახვა, ჩემი იარების მოშუშებას ჰგავდა. ძალიან ბევრი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის შემდგომ, ეს ჭრილობის დაამება იყო.
– და მერე, როცა თანაწამყვანი გახდი?
– მეტყველების უნარი დავკარგე, ხმას ვერ ვიღებდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ მოხდებოდა, თუმცა შოუებს რომ ვუყურებდი, სიმღერის გარდა, ყოველთვის შოუმენობაზე ვოცნებობდი. ახლა შეგნებულად არ ვფიქრობ მაგაზე, თორემ შეიძლება, ემოციებისგან თეთრხალათიანებში მოვხვდე (იცინის). როცა ვხვდები, რომ შეიძლება, ეიფორიამ წამიღოს, საკუთარ თავს ვბლოკავ. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაძლევ თავს ტკბობის უფლებას, როცა უკვე შედეგი სახეზეა.  სულ სამი ოცნება მქონდა: სიმღერა, შოუმენობა და ეზოთერიკობა, რადგან მისტიკასთან ყოველთვის საინტერესო კავშირი მქონდა.
– რას გულისხმობ?
– როცა მხედველობა დავკარგე, ყველაფრის სხვანაირი აღქმა დავიწყე, როგორც ამბობენ, მესამე თვალი გამეხსნა. სმენა გამიმახვილდა, წინასწარმეტყველური სიზმრები მაქვს, მაგრამ რაღაც მომენტებში ეს მაშფოთებს და ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო. ვგრძნობდი ხოლმე, რომ ოთახში გარდაცვლილი ადამიანის სული იყო. ერთი თვისება მაქვს, როცა მეშინია, აგრესიული ვხდები. ასეთ მომენტებში ხმამაღლა ვიწყებდი საუბარს – რა გინდა, არ მოგბეზრდა-მეთქი? ვეჩხუბებოდი. თავიდან შემეშინდა, შოკში ვიყავი, მაგრამ ამ დროს ლოცვა მშველოდა. თუმცა ამ ეტაპმა ჩაიარა.
– ბავშვობა როგორ იყო?
– ჩემი ცხოვრება ორი ბედნიერი ეტაპია: პირველი იყო ბავშვობა, როდესაც არაფერი მაკლდა ჯანმრთელობის გარდა და მეორე ახლა იმ ყველაფრის გამო, რაც ხდება. ბავშვობა იყო თავის ცუღლუტობებით, სიცელქით, მოუსვენრობით – მიყვარდა თავგადასავლები. მუსიკა თავიდანვე მაინტერესებდა. მშობლები ადრე გაიყარნენ, მაშინ რვა წლის ვიყავი. ეს მძაფრ ემოციებთან და ბავშვობის ტრავმასთან ასოცირდება. ჩემი და დედასთან ერთად საბერძნეთში წავიდა, მე მამასთან დავრჩი. ძალიან მენატრებოდა დედა, ოცნებად მქონდა მასთან ერთად ყოფნა და შემდეგ მეც წავედი რამდენიმე წლით. მანამდე ბაბუა და ბებია მზრდიდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ ჩემთვის. მუსიკაზეც მათ შემიყვანეს, მაგრამ მასწავლებელმა „ჯვარს მაცვა“ (იცინის). ერთი თვე მარტო ვიოლინოს გასაღებს მახატვინებდა და ვეღარ ვხვდებოდი, ხატვაზე შევედი თუ მუსიკაზე.  ყველაფრის სურვილი გამიქრა. თან მაშინ რეპი იყო მოდაში და ამან გამიტაცა.
– სპორტით როდის დაკავდი?
– 15 წლისამ დავიწყე ვარჯიში, შტანგის აწევისთვის ვემზადებოდი.
– მაშინ ხომ უკვე გქონდა ჯანმრთელობის პრობლემები?
– ჯანმრთელობის პრობლემები თავიდანვე მქონდა. ორი წლის ვიყავი, რაღაც დაავადება რომ შემხვდა და დღეს სასწაულის ძალით ვარ ცოცხალი. ძლივს გაიგეს, რომ ჰიპოთირეოზი მქონდა. ეს დაავადება აზროვნების სისწრაფეზეც ახდენს გავლენას და სხვებთან შედარებით სწავლა მიჭირდა. ბევრ რამეში მაფერხებდა. წესით, ფიზიკური პროპორციებიც დარღვეული უნდა მქონოდა და მადლობა ღმერთს, რომ ასე არაა. რაც შეეხება მხედველობას, ბავშვობიდან მიოპია მქონდა, ახლომხედველი ვიყავი. კლასში ყოველთვის წინა მერხზე ვიჯექი, რაც არ მომწონდა ხოლმე – ხშირად მიძახებდნენ დაფასთან (იცინის). ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ჩემთვის დაძაბულობა და მძიმის აწევა არ შეიძლებოდა.
– და რატომ გადაწყვიტე, რომ სპორტით დაკავებულიყავი?
– კომპლექსები მქონდა, ვთვლიდი, რომ იმაზე პუტკუნა ვიყავი, ვიდრე საჭირო იყო. თუმცა ახლა რომ ვაკვირდები, სასწაულად მსუქანი არ ვყოფილვარ. გადავწყვიტე, სპორტით დავკავებულიყავი. თუ რამეს ვიწყებ, ბოლოდე მივყვები, არ მიყვარს შუაგზაზე გაჩერება. ასე იყო მაშინაც, იმ პერიოდში საბერძნეთში ვცხოვრობდი და ფიზიკურად საკმაოდ ვიტვირთავდი თავს, ბევრს ვვარჯიშობდი, არავის ვუჯერებდი. ექიმები რომ გირჩევენ და არ დაიჯერებ, მერე საკუთარ თავს უნდა დააბრალო. მეგონა, მე ვიყავი ყველაზე მართალი და ამისთვის დავისაჯე კიდეც. ის წლები ბოლოდე არ მახსოვს. ჯერ ერთ თვალზე ჩამომეშალა ბადურა, მერე მეორეზე. ოპერაციები გავიკეთე. ერთ თვალს აღარ ეშველა, მეორეში სამი პროცენტი მქონდა. რაც იმას ნიშნავს, რომ დღისით ახლო მანძილზე სიარული შემეძლო. ასე გრძელდებოდა 2012 წლამდე, მხედველობის სრულ დაკარგვამდე. ვეღარაფერს ვაკეთებდი წინსვლისთვის, ბევრი დაბრკოლება შემექმნა. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მაქსიმალისტი ვარ და ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ვცდილობდი, რამე გამეკეთებინა, ჭადრაკის თამაშიც ვცადე და ჩემპიონატზე მეექვსე ადგილზე გავედი. მივხვდი, რომ ჩემგან დიდი „მოშახმატე“ არ გამოვიდოდა, მაგრამ გონების განვითარებაში დამეხმარა. ვცდილობდი, შესაძლებელი გამეხადა ის, რაც მსგავს მდგომარეობაში შეუძლებლად მიაჩნიათ.
– ფიზიკურის გარდა, ფსიქოლოგიურად როგორ შეეგუე ასეთ ცვლილებას?
– საბერძნეთიდან რომ ჩამოვედი, მეგობრები კი არ დამიკარგავს, მაგრამ ვერავის დაავალდებულებ, რომ აქეთ-იქით გატარონ. ცდილობდნენ, ეგრძნობინებინათ, რომ მე ვერ ვხედავდი და ამის გამო ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვიყავი. სამწუხაროდ, უსინათლო ადამიანებს სრულფასოვნად ვერ აღიქვამენ. ამ ყველაფრის ფონზე სტრესი მივიღე, იმისთვის, რომ ყურადღება გადამეტანა, 18-19 წლისამ სმა, მოწევა-მავნებლობები დავიწყე, „მაიმუნი ბიჭი“ გავხდი (იცინის). მინდოდა, თავი სრულფასოვან ადამიანად მეგრძნო. საკუთარ თავს გავურბოდი, თუმცა ჯანსაღი აქტივობებიც მქონდა, მათ შორის, მუსიკალურიც. მაგრამ საკუთარი თავის არმიხედვამ, ცხოვრების ცუდმა წესმა სრულად დამაკარგვინა მხედველობა. მიუხედავად ამ პრობლემებისა, ვარჯიში მაინც არ შევწყვიტე და საბოლოო ჯამში ეს შედეგი მივიღე. მხედველობა სრულად რომ დავკარგე, საკუთარ თავთან მარტო დავრჩი. ასეთ დროს არ იცი, რა მიმართულება უნდა მისცე ცხოვრებას, რისი გაკეთება შეგიძლია. მე გამოსავალი მუსიკაში ვიპოვე. ძალიან ბევრს ვფიქრობდი, რატომ, ვისი ან რისი მიზეზით მოვედი აქამდე და თითქოს გამოფხიზლება დავიწყე. ვცდილობდი, სტრესი დამეთრგუნა. ძალიან დიდი ტკივილები გამოვიარე. მარტო ხარ ოთახში და რეალურად მაინც არაფერია ისეთი, რაც გაგამხნევებს და სტიმულს მოგცემს, თუმცა ღმერთი ყოველთვის გიგზავნის საჭირო ადამიანებს. მაგალითად, ჩემი მეგობარი გიორგი ქოჩორაძე ყოველთვის გვერდში მედგა. ნატალი ვეფხვაძე, რომელიც ძალიან დამეხმარა კარიერულ წინსვლაში. ის უსინათლო მომღერალია, რომელიც თავის დროზე „ნიჭიერში“ მეორე ადგილზე გავიდა. დღემდე ერთად ვმუშაობთ უსინათლოთა კულტ-ცენტრში. 2013 წლიდან უსინათლოთა ანსამბლ „კრწანისში“ ვარ – ეს არის ჩემი სამსახური და შემოსავლის წყარო. მყავს მოსწავლეები და მათ გიტარას ვასწავლი. გვაქვს სამოყვარულო დრამწრე, სადაც უსინათლოები ვთამაშობთ და ძალიან ბევრს დღემდე ჰგონია, რომ უსინათლო არ ვარ და ვიტყუები (იცინის). თეატრში ისე ვარ, როგორც თევზი წყალში, ძალიან დამეხმარა ფსიქოლოგიურად გავხსნილიყავი.
– ბებოს როლი.
– ბებიასთან და მამასთან ერთად ვცხოვრობ. ბებიას გადამწვეტი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში და ასევე ბაბუას. ბავშვობიდან უამრავ რამეს მასწავლიდნენ. დედა ჩემთვის შეუძლებელს აკეთებს, მაგრამ ფიზიკურად შორსაა, ბებია კი დაბადებიდან გვერდით მყავს. თავგადაკლულია და დღემდე თვალებში შემომციცინებს. ადრე თუ გვიან ყველანი წავალთ იმქვეყნად და არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რა იქნება ბებოს შემდეგ, მაგრამ „საქართველოს ვარსკვლავმა“ მომცა შანსი, რომ ამაზე აღარ ვიფიქრო და სხვა რამეზე გადამატანინა ყურადღება. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ ისეთი გზები გაიხსება, რომ აღარასდროს ვიფიქრებ, რა მეშველება-მეთქი?!
– შეყვარებული თუ ხარ?
– შეყვარებული მყავდა, ახლა არ მყავს. ამ თემას სერიოზულად ვეკიდები. ფლირტის პერიოდიც იყო და გატაცებებიც, თუმცა ყოველთვის მონათესავე სულს ვეძებდი, მეგონა, ვპოულობდი, მაგრამ როცა ურთიერთობის დასერიოზულობას ეხებოდა საქმე, არ გამოდიოდა, ჩემი უსინათლობის გამო იკავებდნენ თავს. ეს ჩემთვის ყოველთვის მტკივნეულია. ადამიანი ძალიან ახლოს მიმყავს. თუ მასთან ვარ, ბოლოდე ვარ და ჩემთვის განშორებები ყოველთვის მტკივნეული იყო, სტრესი ერთი და მეტი წელიც გამყოლია. ვთვლი, რომ  ამისთვის მზად ვარ და მგონია, რომ თუ ადამიანი გიყვარს ალბათ, ყველაფერს გადალახავ, ამის მაგალითი ბევრია. თუმცა, ალბათ, ასეთი ძლიერი სიყვარული ჯერ არ ყოფილა.
скачать dle 11.3