კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ კარგავენ განებივრებული ბავშვები სიხარულის უნარს და რატომ არ შეიძლება ბავშვთან ვაჭრობა

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ხშირად მშობლები ბავშვებს ზედმეტად ანებივრებენ, უამარავ სათამაშოს ჩუქნიან, ყველა სურვილს უსრულებენ, რის შედეგადაც ბავშვს უყალიბდება უმადურობის გრძნობა, ბავშვი კარგავს სიხარულის განცდას, რამაც შეიძლება, დიდ ასაკში ფსიქიკური პრობლემებიც გამოიწვიოს. გავანებივროთ თუ არა ბავშვი? როგორ მოვიქცეთ, რომ აღზრდაში ისეთი შეცდომა არ დავუშვათ, რომლის გამოსწორებაც შემდგომ ძალიან გაგვიჭირდება? გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი: არსებობენ მშობლები, რომლებიც შვილებს შეგნებულად ანებივრებენ და არა იმიტომ, რომ თავს ვერ იკავებენ მორიგი სათამაშოს შეძენისგან. „ჩემს შვილს ყველაფრის უფლებას მივცემ“, „ჩემს შვილს ყველაფერი ექნება“. ასეთივე გადაწყვეტილებას იღებენ ის მშობლებიც, რომლებსაც შვილი გვიან შეეძინათ ან ვისი პატარაც ხშირად და მძიმედ ავადმყოფობდა. ზოგის ქცევას გარემოებები მართავს: პატარას ანებივრებს ერთი მშობელი, რადგან მიაჩნია, რომ მეორე მეტისმეტად მკაცრია; ბევრს სიამოვნებს, როცა ბავშვს სიხარულს ანიჭებს და ასე იქცევა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოაჩენს, რომ ბავშვი უკვე თვითონვე ითხოვს მეტ სათამაშოს, ტკბილეულს, გასართობს და ჭირვეულობს, თუ სურვილი უმალვე არ აუსრულეს.
– რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს ბავშვისთვის საჩუქარს?
– ბავშვისთვის საჩუქარს რამდენიმე დატვირთვა აქვს. პირველი  – ბავშვი ამით აფასებს, რამდენად მნიშვნელოვანია ის მშობლებისთვის. რაც შეეხება თვითონ უკმაყოფილებას და საჩუქრებს, ბევრი კვლევა ჩატარდა ფსიქოლოგიაში ამის დასამტკიცებლად, რომ ბევრი საჩუქარი არ არის საჭირო და სავალდებულო. ბევრად უფრო ეფექტურია საჩუქარი, რომელსაც აქვს დატვირთვა, რომ ბავშვმა ეს დაიმსახურა. ამიტომ უაზროდ დიდი რაოდენობითა და ბევრი საჩუქრის ყიდვას სჯობს ვაჩუქოთ, მაგალითად, დამოუკიდებლად სწავლისთვის, საკუთარი თავის დამოუკიდებლად მოვლისთვის, იმიტომ რომ, როდესაც ბავშვი უამრავ საჩუქარს იღებს, ის მისთვის მნიშვნელობას კარგავს, ბავშვს აღარ აქვს უნარი, რომ სიხარული გამოხატოს და ეს არის ძალიან დიდი დარტყმა მის ფსიქოემოციურ სფეროზე. თუ ხანგრძლივ დაკვირვებებს გადავხედავთ,  ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ჩატარდა კვლევები იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირი იყო დეპრესიები იმ ოჯახის ბავშვებში, რომლებიც ფინანსურ ელიტას წარმოადგენდნენ. შემდგომში მათ იმდენად უმძიმდებოდათ მდგომარეობა, რომ ნარკოტიკებამდე და სუიციდამდეც მიდიოდნენ. ამიტომ შემდგომში ამერიკელი, ევროპელი ფსიქოლოგების  რეკომენდაციით, მდიდარმა ოჯახებმა შეცვალეს დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. ყვებიან, რომ ერთ-ერთმა მილიარდერმა შვილს ფული ასესხა და ხშირად ურეკავდა, როდის დამიბრუნებო; მეორემ შვილს ქარხანაში დააწყებინა მუშაობა, რომ ფული თავად გამოემუშავებინა, ეს იმიტომ კი არა, რომ არ უყვართ შვილები, მათ იციან შვილების სწორი აღზრდა. თუ ბავშვს ანებივრებთ და საკუთარ ინტერესებს უგულებელყოფთ, მას ჩამოუყალიბდება ორმაგი კომპლექსი: საკუთარი განსაკუთრებულობისა და ახლობლების მიმართ დანაშაულის. პატარა ასეთ მდგომარეობაში ისევე უხერხულად გრძნობს თავს, როგორც ზრდასრული. ბავშვი, რომელსაც მშობლები ყოველგვარ სურვილს მყისვე უსრულებენ, თავს უბედურად გრძნობს, რადგან მხოლოდ ერთი გზით შეუძლია სიამოვნების მიღება – გამოყენებით (მაგრამ ხომ შესაძლებელია სიამოვნების მიღება იმითაც, რომ ვინმეს გაუყო რამე ან თავად შექმნა). თვით სასიამოვნო საგნებსაც კი, როცა მათ მეტისმეტად ხშირად ჩუქნიან, სიხარული აღარ მოაქვს. რა თქმა უნდა, არც მკაცრი აღზრდაა მომავალი წარმატების საწინდარი. ასეთი ბავშვები კარგავენ ცხოვრებით ტკბობის უნარს. გამოდის, რომ ბავშვი შეიძლება, უბედური გავხადოთ როგორც განებივრებით, ისე მკაცრი აღზრდით. მშობლებისთვის კი ოქროს შუალედის დაცვა არ არის ადვილი, რადგან „განებივრებაზე“ ყველას სხვადასხვაგვარი წარმოდგენა აქვს.
– როგორ მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვი დაჟინებით ითხოვს საჩუქრებს?
– როდესაც არის ავტორიტარული აღზრდის სტილი ან მოლაპარაკებითი სისტემა, ბავშვი დაჟინებით და მწვავედ არასდროს ითხოვს საჩუქრების ყიდვას. მეორე ფაქტორი, რაზეც ვსაუბრობდით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის შვილთან ვაჭრობა. ბავშვთან ვაჭრობა ყოველთვის მშობლის ინიციატივით იწყება. აქაც რამდენიმე ფაქტორია, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ბავშვის ფსიქოემოციურ სფეროზე: ეს არის ბავშვის შედარება სხვა ბავშვთან, მეორე კი, როდესაც მშობელი ემუქრება საკუთარი თავით – ცუდად გავხდები შენი ქცევის გამო ან მე წავალ სახლიდან და ასევე ამ რანგშივე, ამ დონითვე ცუდ ზეგავლენას ახდენს ვაჭრობა: ამას თუ გააკეთებ, მე ამას გაგიკეთებ, მაგალითად, კარგ ნიშანს თუ მიიღებ, მე ამას გიყიდი. ბავშვის ფსიქიკაზე ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნეგატიურად აისახება, ერთი ის, რომ ეს არის სტრესორი ბავშვისთვის – ის დაძაბულია ჯერ იმით, გამოუვა თუ არ გამოუვა.
– მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვებს არ უყვართ სათამაშოები და დიდების ნივთები ურჩევნიათ...
– სათამაშოების უმეტესობას, რვა-ცხრა წლამდე ასაკის ბავშვისთვის მნიშვნელობა აქვს ათი წუთი, მერე ის ამ სათამაშოს მიმართ ინტერესს კარგავს და შეიძლება, აღარც მოინდომოს. მცირე ასაკში ბიჭებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, როგორ არის სათამაშო მოწყობილი, შლიან და ამტვრევენ, მაგრამ არაფერი ნეგატიური ამაში არ არის. არიან ბავშვები, რომლებიც სათმაშოებს ინახავენ და უფრთხილდებიან, რაც როგორც ხანგრძლივი კვლევებით დგინდება, საკმაოდ კარგი თვისებაა და ცხოვრებაში ბევრ რამეში წაადგებათ. ესეც მშობლებზეა დამოკიდებული. ბავშვი უყურებს მშობელს. კომპიუტერთან მსხდომ ბავშვებთან მიდიოდნენ მშობლები და გასეირნებას სთავაზობდნენ, ბავშვების 95 პროცენტი მომენტალურად ტოვებდა კომპიუტერს და მიჰყვებოდა სასეირნოდ. ბავშვს შესთავაზეთ ის, რაც მისთვის უფრო მნიშვნელოვანი და კარგია. ტელეფონი და ტელევიზორი მშობლებმა ელექტრონულ ძიძად აქციეს.
– როგორ მივაჩვიოთ ბავშვი სიხარულის გამოხატვას?
– ზედმეტი და დაუმსახურებელი საჩუქრები ბავშვს უკარგავს სიხარულის მომენტს. ამიტომ მათი მომავლისთვის აუცილებელია, ბავშვმა ის დაიმსახუროს. ბავშვი ემოციას ყოველთვის მშობლების მეშვეობით სწავლობს. ძალიან საინტერესო კვლევა იყო: დედები ისხდნენ და უყურებდნენ ემოციურ ვიდეოფილმებს, მათ ხელზე დამაგრებული ჰქონდათ პოლიგრაფი, რომელიც ემოციას განსაზღვრავდა, იქვე თამაშობდა მცირე ასაკის ბავშვი, რომელსაც იგივე პოლიგრაფი ჰქონდა. როდესაც დედა იძაბებოდა სიუჟეტზე, ბავშვიც იძაბებოდა. ძალიან ბევრ მშობელს დაუფიქსირებია ასეთი რამ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვმა დედა და მამა მეგობრების გარემოში დაინახოს. ბავშვების თამაშები არის დიდების ცხოვრების მოდელირება. ამიტომაა, გოგონები სახლობანას რომ თამაშობენ, ბიჭები – ნადირობანას და დამალობანას. ეს ყველაფერი მომზადებაა დიდობისთვის, ამიტომ ეს მშობლებისგან უნდა ისწავლონ. თუ თქვენი შვილი უკვე განებივრებულია სიურპრიზებით, ეცადეთ, უყიდოთ მხოლოდ ის, რასაც ის გთხოვთ და არ დააყაროთ საჩუქრები ისე, არაფრის გამო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიურპრიზებზე უარი ვთქვათ, მაგრამ მათი მეტისმეტად ხშირად მოწყობა საჭირო არ არის.
скачать dle 11.3