კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№5 ვინ გაძარცვა ოსმალებსა და ირანელებს გადარჩენილი ქართული სალოცავები

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

1858 წლის 1 მარტს საქართველოს ეგზარქოსად ევსევი ილინსკი დაინიშნა. ის გახდა ქართლის მთავარეპისკოპოსი და რუსეთის სინოდის წევრი. პეტრე პირველის დროიდან, სინოდს რუსეთში საერო პირი – ობერ-პროკურორი მართავდა. თავიდან, ობერ-პროკურორს დიდი ძალაუფლება არ ჰქონდა, თუმცა, ალექსანდრე პირველის დროიდან, 1803 წლიდან, მხოლოდ მას ჰქონდა უფლება, შეხვედროდა იმპერატორს და სინოდში მიმდინარე საქმეების შესახებ მოეხსენებინა.  
ევსევი ილინსკი დაიბადა 1809 წელს ბელგოროდში, დიაკვნის ოჯახში. გახლდათ თეოლოგიის მაგისტრი. ეპისკოპოსობა 1849 წელს მიიღო.
ევსევი ილინსკი ყოფილა გარყვნილი და ფულის მოყვარული ადამიანი. რუსი მოღვაწე ნიკოლოზ დურნოვო,  წიგნში – „ქართული ეკლესიის ბედი“, მის შესახებ წერდა: „ევსევი ილინსკი, უკიდურესად გარყვნილი, ცხოვრებაში თავშეუკავებელი, ავხორცი იყო; ფული რომ დასჭირდა, თავისი დამქაშების მეშვეობით კათალიკოსების ყოფილი საპატრიარქოს საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა გაჰყიდა, შესამოსელებს, მიტრებს და ხატებს ძვირფასეულობა მოხსნა და ხელი შეუწყო გელათის მდიდარი საეკლესიო სალაროს გაფლანგვას. გელათის სალაროდან გაქრა ოქროს ხატის (ხახულის ღვთისმშობლის ხატის – გ. მ.) მოჭედილობა, მთელი მსოფლიოს მეცნიერთათვის ცნობილი თავისი ძვირფასი ტიხრული მინანქრით.
ამის შემდგომ ევსევმა ასეული ათასები ჩაიჯიბა. მის საეგზარქოსოში დატაცებული იქნა ორ მილიონზე მეტად ღირებული საეკლესიო განძეულობა“.
გელათის მონასტერში, მიუხედავად, დამპყრობლების მიერ ჩვენი ქვეყნის ხშირი ძარცვისა, ინახებოდა გადარჩენილი ძვირფასი განძი. ქართველი ხალხი უფრთხილდებოდა საეკლესიო ქონებას და მას ღვთის საკუთრებად თვლიდა. საეკლესიო ქონების ხელის ხლება არ შეიძლებოდა. მორწმუნეები ამგვარ საქციელს ღვთის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად თვლიდნენ.
დურნოვო წერდა: „გელათის მონასტრის საეკლესიო სალაროში 1870 წლამდე ინახებოდა მილიონებად ღირებული განძეულობა; მათ შორის იყო: 1) ოქროთი მოჭედილი, ტიხრული მინანქრით გაწყობილი, XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება. ეს სახარება, ეგზარქოს ევსევის ნებართვით, გელათიდან გაიტანა ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშევმა (შეიძლება სხვამ – გ. მ. თუმცა, იმპერიის „დამსახურებით“), რომელმაც მოხსნა ოქროს მოჭედილობა და იგი შეცვალა საზიკოვის იაფფასიანი ვერცხლის ნახელავით. ამჟამად ეს ძვირფასი ოქროს მჭედლობა ინახება პეტერბურგში, სტროგანოვის მუზეუმში, სადაც ის გრაფ პანინის მიერ იქნა ჩატანილი. ინგლისელები სახარების ოქროს მოჭედილობაში იძლეოდნენ ასი ათას ფუნტ სტერლინგს. 2) ოქრომკედით მოქარგული და მსხვილი მარგალიტით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისაგან შეკერილი იმერეთის კათალიკოსების პატრიარქის შესამოსელი.
ეს ძვირფასი შესამოსელი კონსტანტინეპოლის დაცემამდე იყო დამზადებული. მისგან 8 ფუნტი ოქრო გამოადნეს, ხოლო ლალი და მარგალიტი გამოყენებული იქნა გულქანდების დასამზადებლად.
განძეულის დატაცებასა და შეცვლაში ადანაშაულებდნენ გრაფ პანინსა და გენერალ ლევაშევს, რომლებმაც ნებართვა ეგზარქოს ევსევისგან აიღეს.
ამავე დროს, ეგზარქოს ევსევის ხელშეწყობით, სიონის ტაძრიდან, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ძვირფას მორთულობასთან ერთად გაქრა მრავალი ძვირფასი ნივთი და სამღვდელმთავრო ამფორებიდან და ბისონებიდან ფუთობით მოხსნილი თვალ-მარგალიტი. ზუსტად ასევე გაქრა აურაცხელი ძვირფასეულობა: ოქროს ჭურჭელი, ჯვრები და სხვა განძეული მცხეთის, ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდისა და სხვა საკათედრო ტაძრებიდან. ამათ მიჰყვა განძეულობა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდან, ჯუმათის, შემოქმედისა და სხვა მონასტრებიდან…“ ცოტა ხნის წინ, ეპისკოპოს კირიონის (მომავალი კათალიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე – გ. მ.) თქმით, სიონის ტაძრის საეკლესიო სალაროში ინახებოდა მინიატურებიანი ხელნაწერები. „ისინი ეგზარქოსის ნებართვით წაიღო გრაფმა ბობრინსკიმ, ხელნაწერებიდან ამოჭრა მინიატურები.  დაიკარგა მინიატურებიცა და ტექსტიც, რომელიც მინიატურების უკანა მხარეს იყო მოთავსებული (იხ. საეკლესიო უწყებები. 1906, ¹47, გვ.16).
იმერეთის კათალიკოსის პატრიარქის შესამოსელზე, რომლის შესახებაც ზემოთ გვქონდა საუბარი, ცნობილია შემდეგი: სამღვდელმთავრო ბისონზე ამოქარგული იყო რწმენის სიმბოლო ბერძნულ ენაზე, მარჯვენა სახელოზე – რწმენის სიმბოლოს პირველი წევრი, ბისონის წინა ნახევარზე (რომელიც გაყოფილი იყო ამოქარგული 12 მოციქულის ეპიტრაქილიით) შემდეგი ექვსი წევრი, მარცხენა სახელოზე – მერვე, მეცხრე, მეათე; უკანა მხარეზე გამოსახული იყო ტახტზე დაბრძანებული მაცხოვარი ქრისტე წიგნით ხელში. მის ზემოთ მეთერთმეტე წევრის სიტყვები, ქვემოთ კი – მეთორმეტის.
როცა პატრიარქი კათედრაზე დაჯდებოდა, სამოსელის უკანა ნახევარი გადაიფინებოდა. ასე რომ, სარწმუნოების გამოცხადებას ყველა ხედავდა. მარგალიტით მოოჭვილი მიტრა დამშვენებული იყო ბრილიანტის ჯვრით, რომელიც ერთ დროს მეფე ვახტანგის (446-491) გვირგვინს ამკობდა. ეს მსხვილი ბრილიანტი ვახტანგ მეფემ (გორგასალმა – გ. მ.) სპარსეთში ლაშქრობების დროს მოიპოვა.
ჯვარი, რომელიც იმერეთის კათალიკოსს მიუძღოდა წინ, მთლიანი ლალისა იყო, ამჟამად სარდიონის ქვისაგანაა შეცვლილი“...
ნ. დურნოვო განაგრძობს: „დოქტორი ერისტოვო-შერვაშიძე თავის წიგნში „სამახსოვრო წერილი ქართველი ხალხის გაჭირვებათა შესახებ” ამბობს: „რასაც ქართველი ხალხი ოდითგანვე სასოებით ინახავდა და იცავდა, ამჟამად დღისით და მზისით იძარცვება, მრავალსაუკუნოვანი ჩვენი ტაძრები მძარცველთა საკუთრება გახდა, მონასტრები გაპარტახების წყვდიადში იძირებიან ანდა უმეცარი ბერების (ათონელი რუსების) მიერ იბილწებიან“. ვინ იყვნენ მთავარი გამტაცებლები? რუსი ეგზარქოსები. ეგზარქოს ევსევის მიერ საქართველოში გაძარცული იქნა თითქმის ყველა მონასტერი. როგორც ქართული ეკლესიის ქომაგი ზემოთ დასახელებული ავტორი ამბობს: „მათგან გაძარცული იქნა ისეთი სალოცავები, თურქ-ოსმალთა შემოსევებს რომ გადაურჩა“. მაგრამ მარტო ამით არ შემოიფარგლა შინაური მტერი. მან, როგორც ურწმუნოებისა და ათეიზმის განსახიერებამ, ქართველ ხალხში თვით ეკლესიისადმი უპატივცემულობის დანერგვა დაიწყო და თავის აგრესიულად განწყობილი მოქმედებებით, იმდენად გათავხედდა, რომ ხალხს მამა-პაპათა დროინდელ ტაძრებსა და მონასტრებში შესვლა დაუფარავად აუკრძალა...“
რუსი მართლმადიდებელი ნ. დურნოვო მისი თანამემამულეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო სირცხვილით წერდა:
„თუ რომელიმე ქართველი ავტორი გადაწყვეტს რუსი ეგზარქოსების – უზურპატორების ქმედებებზე ნამდვილი ისტორიის დაწერას, გაწითლება მოგვიხდებოდა, იმდენად არცხვენენ ისინი რუს სამღვდელოებას. რუსი ეგზარქოსები საქართველოში იმიტომ იმყოფებოდნენ, რომ მათზე მინდობილი ეკლესიის სამწყსო ეძარცვათ და უძველესი ივერიის საეკლესიო ქონება გაეჩანაგებინათ, დაეთრგუნათ მისი მოსახლეობის ენა და შემდეგ, ნაძარცვი ქონებითა და ფულით, რუსეთში დაბრუნებულიყვნენ, ისე, როგორც დაბრუნდა: ევსევი, რომელმაც სიკვდილის  შემდეგ 200 ათასი მანეთი დატოვა...
скачать dle 11.3