კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 მზარეული და მხეცური მკვლელობა

აგათა კრისტი

ერკიულ პუაროს  მყუდროება ღაჟღაჟასახიანმა ქალმა დაარღვია. ის დილაუთენია ეწვია დეტექტივს და გამოუცხადა.
–  მინდა, ჩემი მზარეული ქალი იპოვოთ. თქვენ  ხომ მხოლოდ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს არ იძიებთ? თანაც, ეს სერიოზული   საქმეა.   იცით, რას გეტყვით? მზარეული ჩემნაირ ქალს იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე რომელიმე ჰერცოგინიას დიადემა. კარგი მზარეულის დაკარგვა ნამდვილი უბედურებაა. ჩემი მზარეული კი ოთხშაბათს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი გამიგია.
პუარომ ხანმოკლე  დუმილის შემდეგ უპასუხა:
– მართალი ხართ, მადამ.  ანუ, ეს ფასდაუდებელი მზარეული ქალი ოთხშაბათს წავიდა და აღარ დაბრუნდა...
– დიახ. მას დასვენების დღე ჰქონდა. ვიფიქრე, ავად ხომ არ გახდა და სადმე საავადმყოფოში ხომ არ მოხვდა-მეთქი, მაგრამ დღეს დილით კაცი გამოგზავნა თავისი ზანდუკის წასაღებად. შუახნისაა. ხორცსავსე, შავი თმით. იზა დეინი ჰქვია. ჩვენთან ათი წელი იმუშავა. სერიოზულადაც კი არასდროს გვიჩხუბია.
– სხვა მსახურიც გყავთ?
– კიდევ მყავს მოახლე სელინი. ცოტა დაბნეული და ჭკუათხელია, მაგრამ საქმეს კარგად უძღვება.
–  მზარეულს და ამ სელინს როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?
– კარგი...  
პუაროს კლიენტს მისის თოდი ერქვა და ალბერტ-როუდზე ცხოვრობდა. პუარომ მოახლის ნახვა მოითხოვა. პატარა სასტუმრო ოთახში აიყვანეს. პუარომ მის თოდი ოთახიდან გაუშვა და საქმეს შეუდგა. სელინს წარმოდგენა არ ჰქონდა, სად უნდა წასულიყო მზარეული.
– ტანსაცმელი თქვენ ჩაულაგეთ?
– არა, სერ. ზანდუკი უკვე ჩალაგებული იყო.
– აჰა, ესე იგი,  ოთხშაბათს სახლიდან რომ გადიოდა, იცოდა, რომ უკან აღარ დაბრუნდებოდა. იზა თავის მდგომარეობას არასოდეს უჩიოდა? თქვენ აქ კარგად ცხოვრობთ?
– მას წასვლა არასოდეს უხსენებია. სხვაგან გადასვლა რომ მოენდომებინა, ასე მაინც არ წავიდოდა, თვის ბოლომდე იმუშავებდა. სხვანაირად ამ თვის ხელფასს ხომ კარგავს?!
– რა თქვა წასვლამდე?
– რა და, სადილიდან ატმის კომპოტი, თუ დარჩება, ვახშამზე ჩვენ გამოგვადგება. კიდევ ცოტა ბეკონი და შემწვარი კარტოფილიაო.
პუარომ რამდენიმე კითხვა კიდევ დაუსვა. გაარკვია, რომ გოგოს დასვენების დღე ხუთშაბათს ჰქონდა და გაუშვა. ოთახში ცნობისმოყვარეობისგან გატანჯული დიასახლისი შემოვარდა, პუარომ საუბარი მის ქმარზე გადაიტანა. გაირკვა, რომ მისტერ თოდი სიტიში ერთ-ერთ ფირმაში მუშაობდა და საღამომდე სახლში არ ბრუნდებოდა.  სახლში მდგმურიც ცხოვრობდა – 27 წლის,  ბანკის კლერკი მისტერ სიმპსონი. მისის თოდიმ ბანკის სახელი რომ წარმოთქვა, პუარო უნებურად შეხტა, რადგან  გაზეთ „დეილი ბლეირის“ დილანდელი სათაური გაახსენდა.
პუარო ქალს დაჰპირდა, რომ საღამოს მისი ქმრისა და მისტერ სიმპსონის სანახავად აუცილებლად დაბრუნდებოდა და დაემშვიდობა.  
– საინტერესო დამთხვევაა, – უთხრა პუარომ თანაშემწეს, – დევისი, ის გაქცეული კლერკი, გაზეთებში რომ წერდნენ, იმავე ბანკში მსახურობდა, რომელშიც  ეს მდგმური – სიმპსონი. რამეს ნიშნავს?  მდა, საინტერესო საქმეა. გამიტაცა.
საღამოს ალბერტ-როუდზე  დაბრუნდნენ. საინტერესო ვერაფერი შეიტყვეს. მეორე დილით პუარომ წერილი მიიღო. მისის თოდი წერდა, რომ იძულებული იყო პუაროს მომსახურებაზე უარი ეთქვა. ქმართან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არ ღირდა ოჯახის საქმეებში დეტექტივის ჩარევა. წერილს, ჰონორარის სახით, ჩეკიც მოჰყვა.
– ასე?! – აღშფოთებით წარმოთქვა პუარომ, – ისინი ფიქრობენ, ასე მომიშორონ თავიდან. ამაში მისტერ თოდის ხელი ურევია. მაგრამ თუ საჭირო გახდა, საკუთარ ფულს დავხარჯავ, ამ ჰონორარზე მეტს,  მაგრამ საქმეს გავხსნი!
პუარომ უპირველესად, ყველა გაზეთში შემდეგი შინაარსის განცხადების გამოქვეყნება გადაწყვიტა: „თუ იზა დეინი მითითებულ მისამართზე მივა, მნიშვნელოვან ცნობას მიიღებს“. პუარომ  ცნობები იმ ფირმაშიც შეაგროვა, სადაც მისტერ თოდი მუშაობდა. გაირკვა, რომ ოთხშაბათს სამსახურიდან არსად გასულა, თანაც, უზადო რეპუტაციით სარგებლობდა. რაც შეეხება მდგმურს – სიმპსონს, ხუთშაბათს ავადმყოფობდა, მაგრამ ოთხაშაბათს სამსახურში იყო. იზა დეინთან   ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. მოკლედ, ხელჩასაჭიდი არაფერი იყო. ერთადერთ იმედად განცხადება რჩებოდა. რომელიც, პუაროს დავალებით ყველა გაზეთში მთელი კვირა უნდა გასულიყო. მოთმინებამ შედეგი გამოიღო. მეხუთე დღეს სახლის მეპატრონემ აცნობა, რომ მასთან  ვინმე იზა დეინი იყო მოსული.  
– განცხადების გამო მოვედი, – თქვა ქალმა, – აქ რაღაც შეცდომაა. მე უკვე მაცნობეს მემკვიდრეობის შესახებ.
პუარომ  სკამი მიუჩოჩა.
– თქვენი ყოფილი დიასახლისი, მისის თოდი, ძალიან ნერვიულობს. მან არ იცის, რა დაგემართათ.
მზარეულს გაუკვირდა:
–  რატომ,  ჩემი წერილი არ მიუღია?
– მისთვის არაფერია ცნობილი. იქნებ ყველაფერი თანმიმდევრობით მოყვეთ?
იზა დეინს ხვეწნა არ დასჭირვებია:
– ოთხშაბათს საღამოს, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, ქუჩაში ვიღაც ჯენტლმენმა გამაჩერა. მაღალი, წვერიანი კაცი იყო. მის იზა დეინი? – მკითხა მან. – კი, ეს მე ვარ, – ვუპასუხე მე. – ჩემი გვარია კროჩეტი. მე ავსტრალიიდან სპეციალურად ჩამოვედი, რათა თქვენ მომეძებნეთ. შემთხვევით, დედის მხრიდან თქვენი ბებიის ქალიშვილობის გვარი ხომ არ გახსოვთ? – ჯეინ ემოტი, – ვუპასუხე. – სწორია, – თქვა მან. მის დეინ, შეიძლება, ამის შესახებ არც გაგიგიათ, მაგრამ თქვენს ბებიას ახლო მეგობარი ჰყავდა, ელიზა ლიჩი. თავის დროზე იგი ავსტრალიაში წავიდა, სადაც ცოლად ძალიან მდიდარ ფერმერს გაბყვა. მისი შვილები პატარები დაიხოცნენ. ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი მთელი ქონება მას დარჩა. რამდენიმე თვის წინ ელიზა ლიჩიც გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად, თქვენ კამბერლენდში პატარა სახლსა და გარკვეულ წლიურ შემოსავალს მიიღებთ. გაოცებული ვიყავი, თავიდან, უბრალოდ, არ დავიჯერე. უცნობმა მელბურნის ერთ-ერთი საადვოკატო ფირმის წერილი და თავისი სავიზიტო ბარათი მაჩვენა და მითხრა: ანდერძში რამდენიმე პირობაა წამოყენებული: უპირველესად, სახლში სწრაფად უნდა გადახვიდეთ. ხვალ ბოლო ვადაა და კიდევ ერთი: აღარასოდეს იმუშაოთ მოსამსახურედ. გული დამწყდა. სამწუხაროა, მისტერ კროჩეტ! – მე  მზარეული ვარ. ეს არ გითხრეს? დავკარგე ფული? – ვკითხე შეშფოთებით. იგი დაფიქრდა. ყოველთვის შეიძლება გამოსავლის პოვნა, – თქვა ბოლოს, – დღესვე უნდა დატოვოთ თქვენი სამუშაო და  მატარებლით სასწრაფოდ გაემგზავროთ. ათ ფუნტს მოგცემთ, გზაში გეყოფათ. თქვენს დიასახლისს წერილს გაუგზავნით. წერილს პირადად გადავცემ და ყველაფერს ავუხსნი.
 ბუნებრივია, მე დავთანხმდი და ერთ საათში, უკვე  მატარებელში ვიჯექი. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ მატყუებენ-მეთქი, მაგრამ ადგილზე რომ ჩავედი, ხალხი დამხვდა, ვინც სახლის გასაღები და წლის პირველი ნახევრის ხარჯებისთვის 150 ფუნტი გადმომცა. მისტერ კროჩეტმა ჩემი ნივთები გამომიგზავნა, მაგრამ დიასახლისმა ერთი სიტყვაც არ მომწერა და რატომღაც ჩემი ზანდუკი დაიტოვა. ტანსაცმელი ქაღალდებში გახევული გამომიგზავნა. თუ წერილი არ მიუღია, ალბათ, ნაწყენი იყო.
პუარომ კარგად მოუსმინა:
– გმადლობთ, მადმუაზელ. როგორც ვფიქრობდით, პატარა გაუგებრობას ჰქონია ადგილი. ნება მომეცით, შეწუხებისთვის დაგაჯილდოვოთ, – მან ქალს პატარა კონვერტი გაუწოდა, – კამბერლენდში ბრუნდებით? ერთი  რჩევა მინდა მოგცეთ.  ეცადეთ, საჭმელების მომზადება არ დაგავიწყდეთ.  შეიძლება, ყოველ წუთს  ისევ დაგჭირდეთ.
როცა ქალი წავიდა, პუარომ ინსპექტორი ჯეპის სახელზე წერილი დაწერა. მერე, კი სასწრაფოდ ალბერტ-როუდზე გაემგზავრა.
– სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, უკვე დავაგვიანეთ და ჩვენი ჩიტი გაფრინდა, – უთხრა გზაში პუარომ  ინსპექტორს, – მისტერ სიმპსონზე ვამბობ.
– ჰო, მაგრამ სიმპსონს მზარეულის თავიდან მოშორება რაში დასჭირდა? მისი ავსტრალიური ფული უნდოდა?
– სიმპსონს მისი ზანდუკი სჭირდებოდა.
– შეეძლო, ზანდუკი ეყიდა.
– ახალი ზანდუკი არ აწყობდა. მას ძველი, შელახული და რკინით მოჭედილი ზანდუკი სჭირდებოდა. აი, ჩემი ვერსია: შაბათ საღამოს გადამცული სიმპსონი მზარეულს ქუჩაში აჩერებს. წარმატების მისაღწევად მზადაა, 150 ფუნტი და კამბერლენდის სახლის წლიური ქირის საფასური გადაიხადოს. მან   ხომ ბანკს   50 ათასი ფუნტი მოჰპარა.
– სიმპსონმა? ეს ხომ დევისმა გააკეთა...
– მაცადეთ, ჰასტინგს! სიმპსონმა იცოდა, რომ ქურდობის შესახებ ხუთშაბათს, სადილის შემდეგ გაიგებდნენ. ამ დროს დევისს ჩაუსაფრდა და სახლში მიიპატიჟა. შეიძლება, იგი მას ქურდობაშიც გამოუტყდა და თითქოს სინანულში ჩავარდნილი ფასიანი ქაღალდების გადაცემას დაჰპირდა. როდესაც ქურდობის შესახებ ცნობილი გახდებოდა, ხოლო დევისს ვერსად იპოვიდნენ, ყველა იფიქრებდა, რომ ქურდი სწორედ ისაა! მკვლელისთვის ერთადერთი სირთულე გვამის თავიდან მოცილება იყო. მაგრამ სიმპსონმა ყველაფერი წინასწარ  გათვალა. მე თავიდნავე ერთმა გარემოებამ დამაეჭვა: იმ საღამოს იზა დეინი აშკარად აპირებდა უკან დაბრუნებას. ამაზე მოახლისთვის კომპოტზე ნათქვამიც მეტყველებს. მაგრამ, როდესაც მისი ზანდუკის წასაღებად მოვიდნენ, იგი უკვე ჩალაგებული იყო. ეს სიმპსონმა ჩაალაგა მზარეულის ნივთები. ვერაფერსაც ვერ იეჭვებ. მოსამსახურე სამსახურს ტოვებს და საკუთარი ნივთების გამოგზავნას ითხოვს. ზანდუკი, ალბათ, მის სახელზე ლონდონთან ახლოს რომელიმე  სადგურზე გააგზავნეს. შაბათ საღამოს გადაცმული სიმპსონი მიდის ვაგზალზე და ზანდუკს კიდევ სადმე ამისამართებს – ისევ  „მოკითხვამდე“. თუ ვინმეს ეჭვი გაუჩნდება და ზანდუკს გახსნიან, რას დაადგენენ? მხოლოდ იმას, რომ ვიღაც ავსტრალიელმა ამა და ამ სადგურიდან გამოგზავნა და მას ალბერტ-როუდზე მდებარე სახლთან ვეღარაფრით დააკავშირებ.
პუარო ინტუიციამ არ მოატყუა. სიმპსონი უკვე ორი დღის გამქრალი იყო. თუმცა, გაქცევა მაინც ვერ მოახერხა. ტელეგრაფის მეშვეობით ამერიკისკენ მიმავალი თბომავლის, „ოლიმპიის“ მგზავრებში იპოვეს. ზანდუკმა კი, რომელიც ჰენრი უინტერინის სახელზე იყო გაგზავნილი, რკინიგზელების ყურადრება გლაზგოში მიიპყრო. გატეხეს და იქ საცოდავი დევისის გვამი იპოვეს.
     თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3