კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№4 ცოდვების საზღაური

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #2-3(942)

იაკობ სხირტლაძე გარეგნობაშეცვლილი გამოვიდა სახლიდან. მართალია, მას არავინ უთვალთვალებდა, მაგრამ ძველი ჩვევისამებრ, სამიოდე ცრუ მანევრი ჩაატარა. როცა დარწმუნდა, საეჭვო არავინ ჩანდა, საბურთალოზე, თემურ გიორგობიანის ბინისკენ გაემართა. კარი ნოდარმა, თემურის ცოლის ძმამ გააღო და ჰკითხა:
– რა გნებავთ?
– მე სანტექნიკოსი ვარ, სახლმმართველობიდან და მილებს ვამოწმებ. შეიძლება, შემოვიდე?
– შემობრძანდით, – ნოდარი გვერდზე გადგა და „სანტექნიკოსი“ ბინაში შეუშვა.
„იაშკამ“ ყველაფერი ყურადღებით დაათვალიერა. დარწმუნდა, რომ ნოდარის გარდა სახლში სხვა არავინ იყო და უთხრა:
– როგორც ვხედავ, სახლში მარტო ხართ.
– დიახ. ასეა, – დაუდასტურა ნოდარმა.
– დიასახლისი სადაა?
– დიასახლისი? – გაიმეორა ნოდარმა და სტუმარს უნდობლად შეხედა.
– დიახ. თქვენი და.
– თქვენ რაში გაინტერესებთ ეს?
– მე არ მაინტერესებს.
– აბა, ვის?
– თქვენი სიძის ძმას.
– ვინ, ჩემი სიძის ძმას?
– ტრაგიკულად დაღუპული თემურ გიორგობიანის ძმას – თამაზ გიორგობიანს, იგივე, მამა თომას.
– თქვენ ვინ ბრძანდებით? – ნოდარმა ტონი გაამკაცრა.
– თქვენი ოჯახის მეგობარი. ნუ ღელავთ.
– არ ვღელავ. საიდან დაამტკიცებთ, რომ ჩვენი მეგობარი ხართ?
– ერთ ინფორმაციას გეტყვით და დარწმუნდებით ამაში.
– თქვით.
– ამ ცოტა ხნის წინ თქვენ რუსეთში იყავით და მამათა მონასტერში თემურის წერილი გადაეცით მის ტყუპისცალს.
– დავუშვათ, ასეა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.
– თამაზი თბილისშია. მან გამომგზავნა თქვენთან და გელოდებათ?
– სადაა?
– ჩემთან, სახლში.
– კარგი. წამოვალ.
– მოდი, ნუ ვიჩქარებთ. მე ახლა წავალ და ზუსტად ათ წუთში გამოდით და დიდ სავაჭრო ცენტრში შედით, გაიარ-გამოიარეთ, ვითომ საქონელს ათვალიერებთ და მეც მალევე მოვალ და წავიდეთ.
ნოდარ ჯაიანმა ყველაფერი ზუსტად ისე შეასრულა, როგორც „იაშკამ“ უთხრა. სავაჭრო ცენტრში რომ დადიოდა, „იაშკა“ უკვე თავისი ჩვეული გარეგნობით მიუახლოვდა  და უთხრა:
– ეს ისევ მე ვარ. მხოლოდ უკვე ჩემი ნამდვილი გარეგნობით და წავიდეთ. ცოტა ფეხით გავიაროთ. შემდეგ კი – ტაქსით.
წყვილი ფეხით გაუყვა გზას და ნოდარმა „იაშკას“ ჰკითხა:
– ამდენი რამ რისთვისაა საჭირო?
– კუდზე რომ არ დაგვასხდნენ.
– ვინ?
– ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ, სახლში რომ მივალთ, მაშინ.
ასიოდე მეტრი რომ გაიარეს, ტაქსი გააჩერეს და ნახალოვკაში გაემგზავრდნენ, მაგრამ „იაშკამ“ სახლამდე ორასიოდე მეტრის მოშორებით გააჩერებინა მანქანა და გზა ფეხით გააგრძელეს. სახლში მისულებს მამა თომა სასტუმრო ოთახში დახვდათ. ნოდარმა რომ უწვერულვაშო, გაპარსული მამა თომა დაინახა, ლამის შეჰყვირა, თემოო... მაგრამ მიხვდა, რომ მხოლოდ მისი ტყუპისცალი იყო და უთხრა:
– გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ თემურს, მამაო.
– მე და თემოს ერთმანეთისგან ზოგჯერ დედაც ვერ გვასხვავებდა, – გაეცინა მამა თომას. ნოდარს ხელი ჩამოართვა და დაამატა, – დაჯექი, ნოდარ, შენთან საქმე გვაქვს.
– გისმენთ, მამაო, – მიუგო ნოდარმა.
– მოდი, შევთანხმდეთ, სანამ აქ ვიქნები, მამაოთი არ მომმართო და ან თამაზი დამიძახე, ან „კაჟი“.
– „კაჟი“? – გაუკვირდა ნოდარს.
– ჰო, „კაჟი“. სანამ ბერად აღვიკვეცებოდი და მამათა მონასტრის წინამძღვარი გავხდებოდი, ბოროტმოქმედი რეციდივისტი ვიყავი.
– „პრისტუპნიკი“ იყავით და ახლა მონასტრის წინამძღოლი ხართ? – გაოცებით წამოიძახა ნოდარმა.
– კი, ასეა. თემომ მომწერა – შენს წარსულზე ნოდარმა არაფერი იცისო. შენზე კი ეწერა – შეგიძლია, დაეყრდნო, პატიოსანი კაციაო. სწორედ ამიტომ მოგიყვანეთ აქ. შენი დახმარება გვჭირდება და ამის შესახებ გვინდა დაგელაპარაკოთ.
– შეგიძლიათ, ბოლომდე მენდოთ და ნებისმიერი რამ დამავალოთ, – მტკიცედ თქვა ნოდარმა.
– პირველ რიგში, ის მითხარი, სადაა თემოს ცოლ-შვილი ამჟამად. თემო მწერს, – ჩემს ცოლ-შვილს საფრთხე ემუქრება და გადამალეო.
– ამას მე თავადვე მივხვდი და თამარი და ბავშვები სვანეთში, ლენტეხში ავიყვანე, იქ არიან. საიმედო ადგილია და ვერავინ მიაგნებს, მაგრამ რომც მიაგნონ, მათ თავს მაინც არავინ დაანებებს. ერთი სიტყვით, ეს ამბავი მოწესრიგებულია.
– ძალიან კარგი. ახლა ის მითხარი, ხომ არ გიგრძნია რაიმე საეჭვო, მაგალითად, თვალთვალი, მუქარა, საეჭვო სატელეფონო ზარები?
– არა. მსგავსი არაფერი შემიმჩნევია.
– თემოს ბინაში რამდენი ხანია, ცხოვრობ?
– ორი კვირა. მას მერე, რაც ისინი ლენტეხში ავიყვანე. შემდეგ თქვენთან ვიყავი მონასტერში და ისევ იქ დავბრუნდი.
– ნოდარ, გახსოვს, რომ მითხარი: თემური შემთხვევით, შეცდომით მოკლეს და გამომძიებელიც ამას ამბობსო?
– დიახ, მახსოვს.
– ეს ასე არაა.
– აბა, როგორაა?
– თემო გამიზნულად მოკლეს. იმიტომ რომ მე ჩამოვეტყუებინე აქ. თემო წერილში მწერს, რომ მას ჩემი ადგილსამყოფლის გამხელა მოსთხოვეს, მაგრამ უთხრა, – არ ვიციო. მაშინ სიკვდილს ელოდეო და... შეუსრულეს კიდეც. აი, სინამდვილეში რაშია საქმე.
– კი მაგრამ, ვის და რატომ უნდოდა თქვენი აქ ჩამოტყუება?
– ზუსტად არ ვიცი და სწორედ ამის გაგებას ვცდილობ. წარსულში იმდენი ცოდვა დავაგროვე, რომ მათზე პასუხს ჩემი უახლოესი ადამიანები აგებენ და ვალდებული ვარ, ეს აღვკვეთო.
– მითხარით, თამაზ, რა უნდა ვქნა და რასაც დამავალებთ, ყველაფერს გავაკეთებ.
– თემოს მკვლელი უნდა მოვძებნოთ, – თქვა თამაზმა.
– მხოლოდ მოვძებნოთ და მეტი არაფერი? – იკითხა ნოდარმა.
– ვირთხასავით გავსრისოთ, – დაამატა „იაშკამ“ და თამაზს ჰკითხა:
– არა, „კაჟო“?
– ყველაფერი ღმერთის ნებაა და უფალი როგორც ინებებს, ისე იქნება. ყველაზე მთავარი კი თამარისა და ბავშვების უსაფრთხოებაა, – თქვა „კაჟმა“.
– ხომ გითხარით, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან და ეს პრობლემა მოხსნილია, – თქვა ნოდარმა.
– კი. მაგრამ, სულ ლენტეხში ხომ არ დაიმალებიან. მე ვგულისხმობ პრობლემის სამუდამოდ მოხსნას, – განმარტა „კაჟმა“.
– რა თქმა უნდა. თავისთავად, – დაეთანხმა ნოდარი, „იაშკამ“ კი დაამატა:
– „კაჟი“ მართალია. მკვლელები ფესვიანად უნდა ამოვაგდოთ, რომ მათგან სველი ადგილიც არ დარჩეს და მათ ბოგინს წერტილი დაესვას. რას იტყვი, თაზო, მართალს არ ვამბობ?
– ჯერ უნდა მოვიხელთოთ ისინი და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა „კაჟმა“ და დაამატა, – ერთი მოსაზრება მაქვს და მომისმინეთ.
***
ახალგაზრდა გამომძიებელმა, ირაკლი ჟვანიამ, რომელიც თემურ გიორგობიანის მკვლელობას იძიებდა, ზედამხედველი პროკურორის, პავლე კუციას რჩევა გაითვალისწინა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა – „კაჟისა“ და მისი ბანდის წევრების სისხლის სამართლის საქმის ასლები გადმოეგზავნათ. რუსებმა ოპერატიულად, სულ რაღაც სამ დღეში შეასრულეს თხოვნა და თორმეტტომიანი საქმე, რომელიც 2 400 ფურცელს შეიცავდა, ჟვანიას ელექტრონული ფოსტით გადმოუგზავნეს. გამომძიებელი დიდი ინტერესით ჩაუჯდა საქმის შესწავლას. გულმოდგინედ კითხულობდა და ყველაფერს აანალიზებდა, თან პატარა ჩანაწერებს აკეთებდა. ყველაფერ ამას ჟვანიამ ერთი კვირა მოანდომა. ბოლოს პავლე კუციასთან მივიდა და უთხრა:
– ბატონო პავლე, „კაჟისა“ და მისი ბანდის სისხლის სამართლის საქმე ძალიან ბევრ ეპიზოდს მოიცავს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყოფილი საბჭოეთის რესპუბლიკებში. განსაკუთრებით კი – რუსეთში. აქაურ ამბებს გამოვტოვებ, რადგან ისინი თქვენ ჩემზე უკეთ იცით და გადავალ შემდგომ ამბებზე. მას მერე, რაც ტიტე ღვინჯილია გაათავისუფლეს და „კაჟის“ თორმეტკაციანი ბანდა საქართველოდან წავიდა, მათ თავიანთი საქმიანობა ყოფილი საბჭოეთის რესპუბლიკებში გააგრძელეს. ბოლოს რუსეთში დამკვიდრდნენ და ძარცვას ძარცვაზე ახორციელებდნენ. ისე მოხდა, რომ „კაჟის“ ბანდიდან სულ ხუთი ადამიანი გადარჩა, დანარჩენები კი შეიარაღებულ შეტაკებებში დაიღუპნენ. ბოლოს ლენინგრადში იაკობ სხირტლაძე, მეტსახელად „იაშკა“, ანზორ კოდუა, მეტსახელად „შლეგი“ და უკვე ნახსენები ტიტე ღვინჯილია, მეტსახელად „ქოფაკი“ დააპატიმრეს. ისინი ძებნილები იყვნენ და ერთ-ერთ „მალინაზე“ მოიხელთეს. ყველაზე ბოლოს კი ვაჟა სამხარაძე, მეტსახელად „ტახი“ და თამაზ გიორგობიანი, „კაჟი“ დააპატიმრეს. ისინი მოსკოვში, „მალინაზე“ მოიხელთეს, მაგრამ „კაჟმა“ და „ტახმა“ გაქცევა მოახერხეს. მესამე სართულიდან გადახტნენ. თუმცა, „ტახმა“ ფეხი მოიტეხა და „კაჟმა“ კი არ მიატოვა, ზურგზე მოიგდო და ისე გაიქცა, მაგრამ შორს ვერ წავიდა და ორივე აიყვანეს. სხირტლაძე, კოდუა და ღვინჯილია ლენინგრადში გაასამართლეს და ათ-ათი წლით ჩააყუდეს. მოსკოვში რომ სამხარაძესა და გიორგობიანს ასამართლებდნენ, მათ ღვინჯილიაც მიუსვეს გვერდით, რადგან ერთ-ერთ ეპიზოდში მისი სახელი ამოტივტივდა. სასამართლოზე ღვინჯილიასა და სამხარაძეს შორის ინციდენტი მოხდა და „ქოფაკმა“ „ტახი“ „ბოზობასა“ და „კრისობაში“ დაადანაშაულა და ბრიტვა გამოუსვა ყელში, მაგრამ ძლიერად ვერ დააზიანა. „კაჟმა“ კი ღვინჯილიას ბრიტვა წაართვა, ლოყაზე დაუსვა და „ბოზური შრამი“ გაუკეთა. ღვინჯილია გაიყვანეს, ის ბადრაგს უძალიანდებოდა და „კაჟსა“ და „ტახს“ უყვიროდა, ბოზებო, ორივეს დაგხოცავთო. ღვინჯილია და სამხარაძე ერთმანეთს ორი წლის მერე ურალის ¹7 „სტროგაჩებში“ შეხვდნენ და საქმის გარჩევისას ჩხუბი ატყდა. ზონა ერთმანეთს დაერია და ხანძარი გაჩნდა. ოცდასამი პატიმარი დაიწვა, მათ შორის ღვინჯილია და სამხარაძე. „კაჟის“ ბანდიდან კი საბოლოოდ ცოცხლები მხოლოდ  სამნი დარჩნენ: თავად „კაჟი“, რომელიც რუსეთშია და სავარაუდოდ, გვარი შეიცვალა და ეკლესიას შეეკედლა; ანზორ კოდუა, იგივე „შლეგი“, რომელიც პატიმრობის დასრულების მერე გამოვიდა, საზღვარგარეთ გაემგზავრა და შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და რუსულ მაფიაშია და აიკობ სხირტლაძე, „იაშკა“. ის ყველაზე ადრე გამოვიდა ციხიდან და თბილისში ცხოვრობს, ნახალოვკაში.
– შენ ფიქრობ, რომ „იაშკა“ საქმეშია და ის უჩალიჩებს „კაჟს“? – თქვა კუციამ და დააყოლა, – უფრო სწორად მას აქვს „კაჟის“ „ზუბი“ და მან მოაკვლევინა შემთხვევით თემურ გიორგობიანი?
– ძნელი სათქმელია, ბატონო პავლე და ეს ვერსია გადასამოწმებელია. სხირტლაძე უნდა დავამუშაოთ და თანაც ძალიან ფრთხილად, მაგრამ  საკითხავია: ძაღლის თავი აქაა დამარხული?
– აბა, შენ რას ფიქრობ? – ჰკითხა ზედამხედველმა პროკურორმა უმცროს კოლეგას.
– საინტერესოა, რატომ დაეჯახნენ ერთმანეთს სასამართლოზე ღვინჯილია, სამხარაძე და გიორგობიანი. რის გამო მოხდა ეს დაპირისპირება და რატომ აბრალებდნენ ერთმანეთს „კრისობას“? ისინი ერთ საქმეში გადიოდნენ – ანტიკვარ ნათან კობზონის ძარცვის ეპიზოდში. ერთი ინფორმაციით, კობზონი ამ ტრიომ გაძარცვა და მისგან სამი მილიონი დოლარის ძვირფასეულობა გაიტაცეს. თუმცა, სასამართლოზე ისიც ითქვა, რომ იმ პერიოდისთვის უკვე განსვენებულ კობზონს უარუყვია მისი გაძარცვის ფაქტი. თავად კობზონი ძარცვიდან ერთი თვის მერე და სასამართლომდე ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა. საქმეში მისი ჩვენება არ დევს და არც მისი ძარცვის ეპიზოდია. უბრალოდ, ბრალმდებელი ამბობს თავის სიტყვაში, რომ ამ ტრიომ, სავარაუდოდ, მსხვილი ძარცვა ჩაიდინა, მაგრამ დაზარალებული დააშინეს და მან უარი განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობაზეო. ხვდებით, ბატონო პავლე, რამხელა რაღაცაა? თუკი ამ ტრიომ სამი მილიონი სუფთად წაიღო და ის გაქრა, მაშინ სასამართლოზე მომხდარი ინციდენტიც გასაგებია.
– ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს მართლაც ასეა და არა შეთხზული, – მიუგო კუციამ ჟვანიას.
– დიახ, ბატონო პავლე, მაგრამ ამის გაგება თითქმის შეუძლებელია და ისღა დაგრჩენია, რომ „იაშკას“ დამუშავებით შემოვიფარგლოთ.
– ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ჩემო ირაკლი. გამოძიება ისეთი რამაა, რომ შეიძლება, ყოველ წამს გამოჩნდეს ახალი სამხილი, ხელჩასაჭიდი რამ. „იაშკა“ კი აუცილებლად გადაამოწმე. რა იცი, იქნებ საგულისხმო რამესაც კი მივაგნოთ.
– დიახ. მე უკვე დავუკავშირდი ოპერატიულ სამსახურს და მათ იაკობ სხირტლაძის დამუშავება დავავალე. ვფიქრობ, რომ სულ მალე პირველ ინფორმაციებს მივიღებ, – უთხრა კუციას ჟვანიამ...
***
იაკობ სხირტლაძე, იგივე „იაშკა“ ჩანთაგადაკიდებული გავიდა სახლიდან და ნელ-ნელა დაუყვა დაღმართს. მისმა მგლურმა ინსტინქტმა თვალთვალი იგრძნო და გადაწყვიტა, შეემოწმებინა.
„იაშკას“ ჩანთაში ტანსაცმელი ეწყო, რომელსაც შესანიშნავად იყენებდა და „ნახადუ“ ისე იცვლიდა, რომ პროფესიონალ ფილერებსაც კი ხახამშრალს ტოვებდა. ასე მას არაერთხელ გაუცურებია მილიციის „შპიკები“, მეტიც, თავად ადევნებია მათ უკან. მთელი მათი „ბანდა“ დაუმახსოვრებია, რაც საგრძნობლად ეხმარებოდა კრიმინალურ საქმიანობაში. მაგრამ, ყველაფერი ეს წარსულში იყო. „იაშკა“ აღარ „პრისტუპნიკობდა“ და სხვადასხვა ელექტრომოწყობილობების კერძო რემონტით იყო დაკავებული. თუმცა, ძველი პროფესიული უნარ-ჩვევები დაკარგული არ ჰქონდა და ისინი „კაჟის“ დასახმარებლად გაიხსენა.
„ვნახოთ ერთი, რა „ხილი“ ხართ“, – გუნებაში გაიფიქრა „იაშკამ“ და მანევრი დაიწყო – დაღმართი რომ ჩაიარა, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის წინ შეჩერდა და ზევით აიხედა. ისეთი იმიტაცია გააკეთა, თითქოს ვიღაცის აივანს ათვალიერებდა. შემდეგ კორპუსში შევიდა და ლიფტი ზევით გაუშვა. თვითონ კი სარდაფში დაიმალა და მალულად უთვალთვალებდა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც დაბნეულები იდგნენ ლიფტთან და არ იცოდნენ, რა მოემოქმედათ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3