კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ არიგებდა დეა აფციაური ოთო აბესაძის წამლებისთვის ფლაერებს და რატომ დაიწყო ოთომ ტაქსის მძღოლად მუშაობა

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

„გოგო, რომელიც არა მარტო ჯოჯოხეთში ჩამომყვა, არამედ ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა“, – უწერს ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში თავის მეუღლეს, დეა აფციაურს. როგორ გადალახეს ერთად სირთულეები და როგორ გააგრძელეს ცხოვრება ოთოს გათავისუფლების შემდეგ წყვილმა, დეა გვიამბობს
– როგორ დაიწყეთ ცხოვრება ოთოს გათავისუფლების შემდეგ, ბევრი სირთულის გადალახვა მოგიწიათ?
– პირველ რიგში, გეტყვი, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, „გათავისუფლების წინ“ და არა გათავისუფლების შემდეგ, უნდა დავაკონკრეტოთ, რომ ეს მხოლოდ გირაოთი თავისუფლებას გულისხმობს, პროცესები ისევ გრძელდება და ველოდებით სასამართლოს განაჩენს. ამ თემაზე საუბარი არ მსურს, დანარჩენს სასამართლოს განაჩენი იტყვის. რაც შეეხება იმას, როგორ დავიწყეთ ცხოვრება, პრინციპში, არ დაგვიწყია, გავაგრძელეთ. არ მინდა, სენტიმენტალური ვიყო, უბრალოდ, ძალიან ვცდილობ, მკითხველთან გულწრფელად მივიტანო ჩვენი ამბავი. ოთოს გამოსვლის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე იყო და ახლაც არის, მათ შორის ფინანსური ვალდებულებები ბანკებთან – აბსოლუტურად ყველაფერი, სახლით დაწყებული მანქანით დამთავრებული, ოთოს დაკავებამდე, იპოთეკით შევიძინეთ და დღესაც ამ ვალდებულებების ქვეშ ვართ. არ შემიძლია, აქვე ისიც არ მოვყვე, გარდა ახლობლებისა, რამდენად დიდი გავლენა იქონია ჩვენზე, აბსოლუტურად უცხო ადამიანების დამოკიდებულებამ. ამან იმდენად ზღვა ემოციები დამიგროვა, რომ ყველა ჯერზე, როცა ამ თემას ვეხები, თვალზე ცრემლები მადგება. ოთოს გამოსვლის დღიდან მოყოლებული, უამრავი შემთხვევა შემიძლია მოვყვე, როგორი ემოციებით გვხვდებიან ადამიანები. მაგალითად, ნოტარიუსი, რომელმაც მომსახურების ფული არ გამოგვართვა და დიდხანს ეფერა ოთოს, 131-ე ნომერი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელმაც 20 ლარი აჩუქა ოთოს, გამოიყენებო და უამრავი ასეთი. როდესაც გადაადგილების საშუალება აღარ გვქონდა, ოთოს ბიძაშვილმა მოპედი გვათხოვა. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სახალისო პერიოდი – არცერთმა არ ვიცოდით მართვა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ამ მოპედით თვეები მოგვიწია სიარული. ერთხელ ნორიოს გზაზე მოპედის ღვედი გაგვიწყდა და შუა გზაზე ერთად ვცვლიდით, რათა დროულად მივსულიყავით ჩვენს მეგობრებთან. ეს ისტორია ის შემთხვევაა, იქ რომ უნდა ყოფილიყავით და თქვენი თვალით გენახათ.
ერთხელ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მძიმე პერიოდი იდგა, ღამე გვირეკავს ერთი ჩვენი მეგობარი და გვეუბნება, რომ ოთოს პატრიარქი იბარებს ხვალ დილას სამების საკათედრო ტაძარშიო. მანამდე ოთოს არანაირი შეხება არ ჰქონია უწმიდესთან და ამ ამბავმა ძალიან გაგვაკვირვა. ილია მეორესთან მეორე დილას მივედით, მან მიიღო ოთო, უთხრა, შენ ღმერთს უყვარხარო და დალოცა. ამის შემდეგ უწმიდესმა რამდენიმეჯერ დაგვპატიჟა საპატრიარქოში საღამოს წირვაზე და მისი ლოცვა და მადლი ოთოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი უწმიდესის მოფერება და სიტყვები. ოთოს როგორც დაინახავდა გაუცინებდა და ეუბნებოდა, შენ ღმერთს უყვარხარო და ლოცავდა. უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე არის ადამიანი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩვენი სულიერი ცხოვრება და მისი ლოცვის მადლს ცხოვრების ყოველ ეტაპზე ვგრძნობთ.
– ოთოს დაკავების შემდეგ, როდესაც პრობლემების წინაშე მარტო დარჩი, ამდენ სირთულეს როგორ გაუმკლავდი?
– ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ სირთულის გადალახვაში  სჭირდება ნებისყოფა, ძალა და იმედი. მე ამ ყველაფერს ოთოს სიყვარული მაძლევდა. ციხეში მყოფიც სულ ჩემ გვერდით იყო და რაც ბევრ ადამიანს ფიზიკური სიახლოვით არ შეუძლია, მე და ოთო, ბევრი კარით ერთმანეთისგან დაშორებულები ვახერხებდით. პირადი დეტალებიც არის, რაც შეიძლება, არც იყოს სასაუბრო, თუმცა ერთს გეტყვით: მთელი ეს პერიოდი ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს წერილებს, ვამხნევებდით და გვერდში ვედექით. ამ წერილებში იყო ბევრი ტირილიც და ბევრი სიცილიც, ფურცელზე მილოცილი დღესასწაულები, აღწერილი საფეხბურთო მატჩები, მანჩესტერ-ლივერპულის შეხვედრა, ციხის კურიოზები და ასე შემდეგ ოთოს ძალიან უნდა, რომ თავის დროზე, რამე ლამაზი ფორმით ამ წერილების ნაწილი მაინც გავასაჯაროოთ. ამას ერთადერთი მოტივით გავაკეთებთ: უბრალოდ, გვინდა, რომ ის ადამიანები, ვისაც ცხოვრებაში რაიმე სირთულე შეხვდათ ან ფიქრობენ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან, ცოტათი მაინც გავამხნევოთ და ვუთხრათ, რომ სადაც სიყვარულია, იქ შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება. თუმცა, მაინც ვფიქრობ, არის ძალიან პირადი რაღაცები, რაც ბოლომდე ჩვენთან დარჩება. გარდა იმისა, რომ მეც მთლიანად ვიყავი გადართული ციხის ცხოვრებაზე, პარალელურად, მაინც ვახერხებდი მუშაობას და თან, სამაგისტრო გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ახლა უკვე პირველ კურსზე ვარ და ვაპირებ, გავაგრძელო სამეცნიერო საქმიანობა და დავიცვა ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით.
– ოთოს არ გაუჭირდა, როდესაც ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა?
– რატომ უნდა გასჭირვებოდა? ორივე ვთვლით, რომ ნებისმიერი შრომა დასაფასებელია, მით უმეტეს, თუ ამას ოჯახისთვის აკეთებ. ტაქსის მძღოლი იქნები, პროფესორი თუ მინისტრის მოადგილე, მთავარია, არასდროს დაკარგო ღირსება. თუმცა, ეს პერიოდი ოთოსთვის პროფესიული კუთხით ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა. დაწერა მესამე წიგნი, ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით, პარალელურად, აგზავნიდა „სივებს“, გაიმარჯვა კონკურსში და გახდა „კავკასიის უნივერსიტეტის“ პროფესორი. ასევე, გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი ახალი წიგნი და სტატიები გამოიყენეს ევროპასა და ამერიკაში და როგორც ლექტორს, მოუვიდა მიწვევა რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან, ასევე ამერიკის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან. სულ რამდენიმე კვირის წინ კი მიიწვიეს მრჩევლად ბიზნესისა და აქტივების მართვის საკითხებში საკმაოდ მსხვილ საინვესტიციო კომპანიაში, რომელიც ფლობს აქტივებს ტურიზმსა და სამშენებლო მიმართულებით საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში. როცა ოთო ტაქსის მძღოლად მუშაობდა, მანქანა რომ მოწესრიგებული ყოფილიყო და თან, თანხაც დაგვეზოგა, ბევრჯერ ერთადაც გაგვირეცხავს. ვისთვის რთული და ჩვენთვის კი ესეც სახალისო პერიოდი გამოვიდა. ზოგადად, ოთო არის ადამიანი, რომელმაც დღემდე შეგვაძლებინა ორივეს, რომ ყველა ცხოვრებისეული გამოწვევა და სირთულე ისე მიგვეღო და გადაგველახა, რომ ტკბილად გასახსენებელი ყოფილიყო. საღამოობით ბევრ სახალისო ისტორიას მიყვებოდა მის მგზავრებზე. ერთი-ორჯერ მეც გამოვიძახე.  ერთხელ ჩემმა მეგობარმა ჩვენთან სტუმრობის დროს ტაქსი აპლიკაციით გამოიძახა და ოთოსთან აწკრიალდა ტელეფონი.
– დეა, როგორი ემოციები გქონდა, როდესაც ციხეში მოაწერეთ ხელი?
– შარშანწინ, 17 აგვისტოს გლდანის ციხეში მოვაწერეთ ხელი. ერთდროულად ძალიან დიდი ბედნიერების შეგრძნება და ძალიან მძიმე განცდა მქონდა, სულ 2 წუთით ვნახეთ ერთმანეთი და გამომიშვეს. დაიჯერებთ, რომ გითხრათ, ასე წარმოგვედგინა ჩვენი ხელმოწერა-მეთქი? თუმცა, ორივეს მიგვაჩნია, რომ ყველაზე ცუდ ადგილას საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ. შარშან 17 აგვისტოს, ჩვენი ქორწინების წლისთავს, სანაპიროზე შევხვდით. ბოთლში ჩავდეთ ჩვენი სურვილები და გავუშვით ზღვაში.  აგვისტოში გადავწყვიტეთ ზღვაზე წავსულიყავით კემპინგ ზონაში ჩვენი პატარა კარვით და გასაბერი ლეიბით. მთელ ზონაში ერთადერთი ქართველები მხოლოდ ჩვენ ვიყავით. უბრალოდ, ამ ტიპის დასვენებისათვის აქამდე არასოდეს მიგვიმართავს და გამოუცდელები ვიყავით. არ გამოდგა ჩვენი კარავი და ლეიბი ხარისხიანი, ბედნიერი დასვენებიდან მესამე დღეს კი რაღაც კატასტროფული წვიმა წამოვიდა და როცა გაგვეღვიძა, წყალში, გამსკდარ ლეიბზე ვიწექით. შემდეგ ლეიბი და კარავი რუსმა ტურისტებმა გვათხოვეს. ეს, ალბათ, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დასვენება იყო. ასეთ ხელმოწერასაც ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ზღაპრები ერთი დღით არ იქმნება, ჩემთვის მთავარია მთელი ცხოვრება ზღაპარში ვიყო – კარგი და სწორი გაგებით, ყველა სირთულეს ბევრად დიდი ბედნიერება და სიხარული მოჰქონდეს. ჩვენი ზღაპარიც ასე დაიწყო და ახლაც ასე გრძელდება, ძალიან სტანდარტულად განვითარებული ზღაპრები ცოტა უინტერესოა. ამ მხრივ, უოლტ დისნეი იყო ყველაზე მაგარი და ვნახოთ, იქნებ ვაჯობოთ.
скачать dle 11.3