კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ დაიპყრო გიორგი გაგნიძემ მსოფლიოს სცენები და რა წესები დაარღვია მის გამო ხოსე კარერასმა

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

„ის არა მარტო დაიბადა რიგოლეტოსათვის, არამედ თვით რიგოლეტოა!“ – აღფრთოვანებით უთქვამს გიორგი გაგნიძის შესახებ ცნობილ ტენორს ხოსე კარერასს. მსოფლიო ბარიტონის ტიტული კარგა ხნის წინ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მოიპოვა და მისი კარიერის ეპოპეაც დაიწყო. მუსიკალური კრიტიკოსები ერთხმად ამბობენ, რომ გაგნიძის ხმა მსოფლიოს წამყვანი სცენების უზარმაზარ დარბაზებში ჭექა-ქუხილივით ისმის.
გიორგი გაგნიძე: 22 წლის ვიყავი, როცა კონსერვატორიაში ჩავაბარე. საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო, ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ყოველ ნაბიჯზე შეიძლებოდა, ტყვია მოგხვედროდა. მახსოვს, ჩვენმა პროფესორმა სახლში დაგვიბარა სტუდენტები. დიდუბეში ცხოვრობდა და იქ ნაკლები საფრთხე იყო. მესამე კურსზე ვსწავლობდი, როცა ჯანსუღ კახიძემ პირველად მომისმინა. ოპერაში ჩემს პედაგოგთან, თამაზ ლაფარაშვილთან მქონდა გაკვეთილები. მითხრა, ძალიან მომწონს შენი ხმა და აუცილებლად ვეტყვი ჯანსუღ კახიძეს შენს შესახებო. ჯანსუღმა მომისმინა და მეორე დღეს მის ცენტრში მქონდა გალა კონცერტი ნუგზარ გამგებელთან ერთად. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მესამე კურსის სტუდენტისთვის ეს უდიდესი წარმატება იყო. ამის შემდეგ მიმიღეს ოპერაში და სოლისტი გავხდი, პარალელურად, კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი. 23-24 წლის ასაკში შევასრულე ისეთი როლები, როგორებიცაა: მურმანი, რენატო, „დაისი“... აქედან დაიწყო და დაიწყო. მერე უკვე საერთაშორისო კონკურსებში ჩავები. 2000 წელს წავედი სტამბულში ცნობილი სოპრანოს, ლეილა გენჯერის კონკურსი ტარდებოდა, რომელშიც გავიმარჯვე და პრიზად მონტე-კარლოს ოპერაში გამოსვლა მივიღე. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. იქ იმყოფებოდნენ: „მეტროპოლიტენის“, „ლა სკალასა“ და სხვა საერთაშორისო ოპერების დირექტორატები და მათ, რა თქმა უნდა, შეამჩნიეს ჩემი გამოსვლა. ამის შემდეგ, მეორე გამოსვლა მქონდა სანკტ-პეტერბურგში ელენა ობრაზოვას კონკურსზე, სადაც მეორე ადგილი და ლაურეატის წოდება ავიღე. იქ პირველი ადგილი არ გაცემულა. არაერთი მოწვევა მქონდა, მაგრამ მიუნხენის კონკურსი ახლოვდებოდა და გერმანიაში გადავწყვიტე წასვლა. სამი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ვარ და ეს კონკურსები 2005 წელს იტალიაში, ქალაქ ბუსეტოში დაგვირგვინდა, სადაც პირველი ადგილი ავიღე.
– და ეს კონკურსი გახდა თქვენი საერთაშორისო აღიარების დასაწყისი?
– ეს იყო ყველაზე სერიოზული და გამორჩეული კონკურსი. ჟიურის თავმჯდომარეები ხოსე კარერასი და ძალიან ცნობილი იტალიელი სოპრანო კატია რიჩარელი იყვნენ. პირველ ტურზე რომ გავედი, დიდი იმედები არ მქონია, თუმცა ხოსე კარერასის იქ ყოფნა ნიშნავდა, რომ ჩაწყობას ვერავინ გაბედავდა. პირველ ტურში მომისმინა და ჩემი ნამღერი ძალიან მოეწონა. რენატოს არია შევასრულე ჯუზეპე ვერდის „ბალ მასკარადიდან“ – საოცარი შედეგი იყო. პირველ ტურში ორი არია უნდა მემღერა და ერთი მამღერეს. ეს ნიშნავს, ან მაგდებენ ან ძალიან მაგრად მოეწონათ და მეორე აღარ არის საჭირო. უკვე ხვდებიან, რომ ნიჭიერ ადამიანთან აქვთ საქმე და მეორედ გამოსვლას კონკურსანტი შეურაცხყოფადაც კი იღებს. თუმცა, შეიძლება, საერთოდაც არ მოეწონოთ და დაგემშვიდობონ. ჩემი გამოსვლის შემდეგ, ჟიურის თავმჯდომარე ხოსე კარერასი პირადად მოვიდა ჩემთან და მადლობა გადამიხადა, როცა ჟიურის კონკურსის დასრულებამდე საერთოდ აკრძალული აქვს კონკურსანტებთან მისვლა. თუმცა მან ყველა წესი დაარღვია, მოვიდა და მითხრა: „ფენომენალური ხარო“. ეს რომ მახსენდება, ახლაც ცრემლი მომდის. მახსოვს, მეუღლეს დავურეკე და სიხარულისგან ვბღაოდი, ძალიან დიდი ემოცია იყო – ეს კონკურსი მსოფლიო კარიერას განაპირობებდა. დასკვნით ეტაპზე თვითონ გვირჩევდნენ არიას და მე რიგოლეტო მერგო, რომელიც ჩემი კარიერული წინსვლის განმსაზღვრელად იქცა.
– „ის არა მარტო დაიბადა რიგოლეტოსათვის, არამედ თვით რიგოლეტოა!“  – ასე შეაფასა ხოსე კარერასმა თქვენი გამოსვლა.
– კონკურსანტებს უსმენენ, ვიდეოჩანაწერს აკეთებენ და გადაწყვეტილება  რომ ემოციურ ფონზე არ მიიღონ, კიდევ ერთხელ უსმენენ. პირველი ადგილი გამომიცხადეს და ალბათ, პირველი ადამიანი ვარ საქართველოში, ვინც ბუსეტოში პირველი ადგილი აიღო კაცებში. მეორე ადგილები აქვთ აღებული სოტკილავასა და ბურჭულაძეს, თუ სწორად მახსოვს. ქალბატონებში – ნაირა გლუნჩაძეს აქვს პირველი ადგილი, ის დღეს ძალიან შედეგიანად გერმანიაში პედაგოგობს. ძალიან დიდი ემოციებით შევხვდი პირველ ადგილს, თუმცა გამოცხადებამდეც დიდ ემოციებში ვიყავი, რადგან მაქსიმუმი გავაკეთე. არასდროს დამავიწყდება, გარეთ ვსაუბრობდით, ერთი იტალიელი გულშემატკივარი მოვიდა და საოცარი სიტყვები მითხრა. სხვათა შორის, იტალიელებს არ უყვართ შექება, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. ბუნებრივიცაა, წარმოიდგინეთ, აქ რომ ჩამოვიდეს მომღერალი და აბესალომი უკეთ უნდა იმღეროს, ვიდრე ქართველმა შემსრულებელმა, იგივე სიტუაციაა იქაც. რთულად გიღებენ, ამიტომ იმ ადამიანის სიტყვები განსაკუთრებით სასიამოვნო იყო. მითხრა: შენ რომ რიგოლეტო იმღერე, მოედანზე ვერდის მონუმენტმა თავი შემოატრიალაო. (იცინის). აქედან ჩემს შემოქმედებაში ძალიან დიდი ეტაპი დაიწყო – მსოფლიო კარიერა. პრიზი იყო უზარმაზარი გასტროლი ტოკიოში ტოსკანის ორკესტრთან ერთად, რომელსაც ცნობილი დირიჟორი ლორინ მააზელი ხელმძღვანელობდა. ის მაშინ „ნიუ-იორკ ფილარმონიის“ შეფ-დირიჟორი იყო.
– ისიც საეტაპო ადამიანია თქვენს ცხოვრებაში.
– უმნიშვნელოვანესი. პირველი იყო ხოსე კარერასი და შემდეგ ლორინ მააზელი. მპატიჟებდა ყველგან, სადაც თვითონ მიდიოდა. კონკურსმა დააკისრა ვალდებულება, რომ იაპონიის ტურნეში წავეყვანე და შეიძლებოდა, ჩვენი კონტაქტი ამით დამთავრებულიყო, მაგრამ მან თავად გამოიჩინა ინიციატივა, ჩემს აგენტურას დაუკავშირდა და უთხრა, ძალიან მაინტერესებს ეს ბარიტონი, ძალიან კარგი მსახიობი და მომღერალია არაჩვეულებრივი ხმითო. მსოფლიოს ყველა დიდ თეატრში მან გამიხსნა გზა: ვალენსიის საოპერო თეატრში, „ლა სკალაში“, სადაც 2007 წელს მქონდა დებიუტი. 2008 წამიყვანა „ნიუ-იორკ ფილარმონიაში“, სადაც „ტოსკა“ მქონდა და საოცნებო წრეში მოვხვდი.
ძალიან მალე მივიღე მოწვევა „მეტროპოლიტენიდან“. შევედი დირიჟორთან და ვთხოვე, იქნებ მომიხერხონ „მეტროპოლიტენში“ მოსმენა და მერე თვითონ გადაწყვიტონ-მეთქი. ეს ჩვეულებრივი ამბავია, თეატრში მოსმენები ხდება, უსმენენ, ყველას არა, მაგრამ გარკვეული სივისა და მიღწევების მქონე ადამიანებს – კი. მე ეს არ დამჭირდა, ყველაფერი ლორინ მააზელის, ფილარმონიის დახმარებითა და ჩემი კარგი გამოსვლით მოხდა. ჩემს გამოსვლებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრესაში, აქტიურად წერდნენ „ნიუ-იორკ თაიმსში“. მეორედ თვითონ დამიძახეს „რიგოლეტოში“, ვერდის ურთულეს ნაწარმოებზე. დამირეკეს და მთხოვეს: გვინდა, ხუთი სპექტაკლი იმღეროთო, არ ველოდი ამას. წარმოგიდგენიათ, იმ თეატრში, რომელშიც დაგეგმილია ოთხი-ხუთი წელი, ცხვირს ვერ შეყოფს ვერავინ, თუ გაწერილი არაა. 2009 წლიდან დაწყებული დღემდე ასი სპექტაკლი შევასრულე „მეტროპოლიტენის“ სცენაზე. მსოფლიოს სხვადასხვა პრესა წერდა ამის შესახებ, „ნიუ-იორკ თაიმსმაც“ აღნიშნა და მომილოცა კიდეც.
– წლევანდელ წელს როგორ შეაფასებთ?
– ძალიან წარმატებული წელი იყო – ფესტივალი „ჰოლივუდში“ და უზარმაზარი დირიჟორი გუსტავო დუდამელი. ბედნიერება მხვდა წილად, რომ ჩემი დებიუტი „რიგოლეტოზე“ „ლა სკალაში“ მასთან ერთად შედგა.
– ამ წარმატების მიღმა რა შრომა დევს?
– უზარმაზარი. ყოველ დილას ნოტებით ვიწყებ და მეუბნებიან, რად გინდა ამდენიო. რა ვქნა, ვერ ვისვენებ, ვგრძნობ, რომ თუ რაღაც პერიოდი ამის გარეშე გავიდა, ვეშვები და ვცდილობ, რომ ასე არ მოხდეს, მით უმეტეს, როცა საქართველოში ვარ, მონატრებული ხალხისა და კარგი სუფრების გარემოცვაში (იცინის). ვარსკვლავებს გასამხედროებული რეჟიმი აქვთ, რასაც ბევრი ვერ უძლებს. 2023 წლამდე გაწერილი მაქვს გრაფიკი: „ნაბუქოა“ „მეტროპოლიტენში“. მანამდე – „ტოსკა“, „რიგოლეტო“. ახლა პარიზის „ბასტილიაში“ მივდივარ, მერე „მეტროპოლიტენში“ ხუთი წარმოდგენა მექნება „რიგოლეტოთი“, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. „რიგოლეტო“ და „ტოსკა“ ჩემი კარიერის ქვაკუთხედია. ამ როლებმა სხვანაირად წარმომაჩინეს. ახლახან პარიზში მქონდა დიდი გამოსვლა. ავსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან ჟურნალში, „ნოი მერკიში“ დაწერეს: გიორგი გაგნიძემ ჟერმონის არია ისე იმღერა, რომ გვეგონა, ეს ვერდიმ მისთვის დაწერაო. ეს სიტყვები მუდმივად ფონად გასდევს ჩემს კარიერას. ჩემი ცოლი ძალიან პატრიოტია, მინდა, ჩემს კარიერაში მისი წვლილი აღვნიშნო. არაჩვეულებრივი დედა და მეუღლეა. ორი შვილი მყავს – მარიამი და დავითი. ბიჭი – ნაკლებად, სპორტითაა გატაცებული, მაგრამ მარიამი ძალიან დაინტერესებულია სიმღერით. გამორჩეულად კარგი ხმა აქვს, მაგრამ დასკვნებს წინასწარ ვერ გავაკეთებ, ცხოვრება გვიჩვენებს.
– თქვენ როგორ აღმოაჩინეთ თქვენს თავში ეს ნიჭი?
– პლეხანოვზე დავიბადე, თეატრისა და ხელოვნების წრეების გარემოცვაში ვიზრდებოდი. ფაქტობრივად, იმ გარემომ შექმნა ჩემი პიროვნება. ერთხელ, რიკოთზე რესტორანში ვმღეროდი მეგობრებთან ერთად, მაშინ ჩვიდმეტი წლის ვიყავი. ისეთი ხმით წამოვიმღერე, რომ  ყურადღება მივიქციე. ერთ-ერთი კლარნეტისტი მოვიდა და მითხრა, მე თვითონ კონსერვატორია მაქვს დამთავრებული, შენ გამორჩეული ხმა გაქვს და მიხედეო. სკოლა დავამთავრე და „გეპეიში“ ჩავაბარე. პროფესიით ინჟინერი ვარ – დაუსწრებელზე ვსწავლობდი, თუმცა, იმ ადამიანის რჩევაც გავითვალისწინე და ხმას მივხედე (იცინის).
– არაერთი დიდი მაესტროსგან მიგიღიათ საოცარი შეფასება.
– პლასიდო დომინგომ მითხრა: შენ ხარ უდიდესი მომღერალი, არა მარტო შენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო მასშტაბისო. რიგოლეტოს ხილვის შემდეგ კულისებში შემხვდა და მითხრა, მინდა ლოს-ანჯელესში, ჩემს თეატრში მოგიწვიოთ და თანახმა თუ ხართო. ორივე ხელი გავშალე და რა თქმა უნდა, თანხმობა ვუთხარი – ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო. ბათუმის კონცერტზე მიმიწვია, მაგრამ მიზეზი რის გამოც ვერ მივიღე მასში მონაწილეობა, თავად პლასიდო დომინგო იყო. მასთან მქონდა კონტრაქტი გაფორმებული და იმ დროს ლოს-ანჯელესში რიგოლეტოს ვმღეროდი (იცინის).
– ქალბატონო მაია, რა პასუხისმგებლობაა ასეთი ადამიანის მეორენახევრობა?
მაია გოგოლაძე: ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს. ფაქტობრივად, მარტო ვზრდი შვილებს და თან, გასტროლების დროს მის გვერდითაც უნდა ვიყო. ასეთი წარმატებები დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული და მისთვის მარტო ყოფნა ძნელია. ასე რომ, მასთანაც უნდა ვიყო და შვილებთანაც (იცინის). ამ ლამაზი ცხოვრების მიღმა უამრავი საზრუნავია, მარტივი არაა, მაგრამ ესაა ბედნიერება.
скачать dle 11.3