კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 მეგობარი მტრები

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #1-2(941)


ეს აზრი ისე მომეწონა, რომ მაშინვე დავწყნარდი და, თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად კარგ ხასიათზე დავდექი, ჯერ მომშივდა და კარგადაც გეახელით, მერე „ფეისბუქში“ ვიძრომიალე; მერე, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი ბავშვობის დროინდელი ლექსებით შევიქციე თავი და ბოლოს ლოგინშიც შევგორდი. მაგდას დავურეკე და, რომ მითხრა, ხვალ საღამოს მოვალო, ავდექი, კარი ჩავკეტე, შუქი ჩავაქრე და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ადრე იყო, აბსოლუტურად მშვიდი სინდისით დავიძინე, იმ განწყობით, რომ ხვალ დილით ჩვეულებრივად წავიდოდი სამსახურში და ჩვეულებრივად შევასრულებდი ჩემს ფუნქციებს, ოღონდ არავის და არაფერს არ მივაქცევდი ყურადღებას; ყველას გამოხტომებს ფეხებზე დავიკიდებდი და დაველოდებოდი მოვლენების განვითარებას.
– რომელი მოვლენებისო? – მკითხავდა მაგდა, იმ მომენტში ჩემთან რომ ყოფილიყო, მაგრამ რადგან მამიდაჩემი ჩემთან არ იყო, ეს კითხვა თავად დავუსვი საკუთარ თავს (რიტორიკული გაგებით) და თავადვე გავეცი პასუხი: – იმ მოვლენების, რომლებიც განვითარდება მას შემდეგ, რაც მე ჩემი ცხოვრებიდან ამოვშლი იმ ეპიზოდს, რომელიც ჩემს ამჟამინდელ სამსახურის პერიოდს მოიცავს.
– ანუ? – ისევ ჩამეკითხებოდა მაგდა, ჩემთან რომ ყოფილიყო.
– ანუ, მაინტერესებს, ყოველთვის მახვილითვე განიგმირება თუ არა ის, ვინც მახვილს აღიღებს, – ვუპასუხებდი მე და სულაც არ შემაწუხებდა სინდისი, თქვენ წარმოიდგინეთ, არც კი გავწითლდებოდი. მკითხველო, აი, ხომ ხედავ, არც ისეთი კარგი ვარ და არც ისეთი საწყალი, როგორც თავიდან გეგონე და, აქვე გამოგიტყდები: მეგონა, რომ ცოტათი უკეთესი ვიყავი, ვიდრე აღმოვჩნდი. არადა, გამოვიდა, რომ თითქმის არაფრით განვსხვავდები იმ ქალბატონისგან. იცით, რატომ? იმიტომ რომ, მგონი, ესეც ფეხებზე მკიდია – აი, უზრდელიც გავხდი და ეს ფაქტი ცოტათი მახარებს კიდეც.
***
მეორე დილას კარგ ხასიათზე გამეღვიძა. კარგად გამოვიპრანჭე და სამსახურში წავედი. გული მომეფხანა, ყველა გაოცებით რომ მაშტერდებოდა, განსაკუთრებით ქალები და, უფრო განსაკუთრებით – ლორა, რომელიც ვერ მიმხვდარიყო, რა მქონდა გადაწყვეტილი – ასე ჩაცმულ-დამაკიაჟებული სამსახურში არასდროს მივსულვარ. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აქედან მომიარა, იქიდან მომიარა, მაგრამ, ვერაფერი რომ ვერ გამომტყუა, შორიდან დამიწყო თვალთვალი, თან თავისი ორი დამქაშიც მომიჩინა, მაგრამ ვერც იმათ მოიპოვეს ვერანაირი ინფორმაცია. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს სიტყვა „კაიფი“ – ეს იყო პატარა, მაგრამ ჩუმი პირველი გამარჯვება და ამან ენით აუწერელი სიამოვნება მომანიჭა.
თითქოს დავინახე, როგორ მომეხსნა ზურგიდან რაღაც ტვირთი და საოცარი სიმსუბუქე  ვიგრძენი. არ მაინტერესებდა, ვინ რას იტყოდა ჩემზე, ვინ რას იფიქრებდა. მე მთელი არსებით ვგრძნობდი საკუთარ თავს, საკუთარ ღირსებებს და კიდევ იმას, რომ ვერავინ ვეღარ დამამარცხებდა, ვერ დამამცირებდა და არც ვინმეს წინაშე თავის გასამართლებლად აღარ გამიხდებოდა საქმე.
მოკლედ, ამ განწყობით ვიარე სამსახურში ზუსტად ათი დღე. მაგდა ყოველ საღამოს პირდაპირ სამსახურიდან მოდიოდა ჩემთან, მაგრამ ჩემს მთავარ პრობლემაზე არცერთი არ ვიღებდით ხმას. ამ თემაზე მხოლოდ ორიოდე კითხვა-პასუხით ამოვიწურებოდით, ისიც ძილის წინ:
– როგორ ხარ? – მეკითხებოდა მაგდა.
– გადასარევად, –  ვუპასუხებდი მე.
– რა ხდება სამსახურში?
– ამის მოყოლა შეუძლებელია, ეს უნდა ნახო, – ვეუბნებოდი სიცილით.
– ჯერ სად არიან! – ნიშნის მოგებით ამბობდა ხოლმე მაგდა და თვალს ჩამიკრავდა, – სულ ცოტა კიდევ მოითმინე!
მე ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა, მაგრამ არაფერს ვეკითხებოდი. მერე კი ვიძინებდით მშვიდი და ნეტარი ძილით.
აი, მეათე დღის საღამოს კი ჩვენს, უფრო სწორად, ჩემს ცხოვრებაში, მაგდას წყალობით, ახალი, უნდა გამოვტყდე, არცთუ სასიამოვნო სიო შემოიჭრა.
საღამოს ისე ვივახშმეთ, თითქმის არ ამოგვიღია ხმა. ადგომა რომ დავაპირე, გამაჩერა:
– დაჯექი, საქმეზე უნდა დაგელაპარაკო.
– რა საქმეზე? – უცებ ვერც კი მივხვდი.
– იმ შენს ლორაზე ყველაფერი დავადგინე.
– რაღაში მჭირდება? უკვე ისედაც მშვენივრად ვგრძნობ თავს. მალე ახალ სამსახურშიც გადავალ.
– რამე იშოვე?
– ჰო. არა უშავს, ნორმალური სამსახურია. დასაწყისისთვის გამოდგება.
– ეგ კარგია, მაგრამ ჩემი გამოძიების შედეგები არ გაინტერესებს?
– ისე, რა! – ვუთხარი და ცოტა გავწითლდი, რადგან სინამდვილეში აღარ მაინტერესებდა, მაგრამ მომერიდა, მეთქვა – ქალმა ამდენი იწვალა და წყალში ხომ არ გადავუყრიდი შრომას, თუმცა მაინც უმწეოდ გავაპროტესტე:
– რაში გჭირდებოდა, არ დაგეზარა?
– რა აიჩემე, ეს „რაში მჭირდებოდა“ და „რაში გჭირდებოდა“? ესე იგი, ასე იყო საჭირო! ჯერ ერთი, პრინციპის საქმეა – რატომ უნდა დააჩაგვრინო თავი ვიღაც კეკელკას?! მეორეც, თუ გახსოვს, ამ ათი დღის წინ, ჩვენი გულახდილი საუბრისას გითხარი, მისივე მეთოდების გამოყენებით უნდა დავამარცხოთ-მეთქი, ანუ, როგორც თვითონ აგროვებს სხვებზე კომპრომატებსა და საიდუმლო ინფორმაციებს და მერე თავის ჭკუაზე აცეკვებს ყველას, მეც, ანუ ჩვენც ასე ვიზამთ: უკვე იმდენი რამე ვიცი მასზე, თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა.
– აღარ მაინტერესებს აღარც ლორა, აღარც ბექა, არც დანარჩენები და არც ეგ ჩემი გადასარევი სამსახური. დავიღალე და დანარჩენი ცხოვრება უმაგათოდ მინდა გავატარო.
– არ გაინტერესებს კი არა, დაჯექი და მომისმინე, გაგიჟდები, ისეთი ინფორმაცია მოგიტანე.
და მაგდამ დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო:
– ეგ შენი ლორა გელოვანი სინამდვილეში როზა ნერსესიანია.
– მერე რა, ყველა სახელსა და გვარს აქვს არსებობის უფლება, თუნდაც ნაკლებად კეთილხმოვანს. ამის გამო ადამიანი არ უნდა განსაჯო! – გავბრაზდი მე, რადგან უკვე საბოლოოდ აღარ მაინტერესებდა აღარც ლორა თუ როზა და აღარც მისი ქვენა საქმეები. მე ის მხოლოდ მებრალებოდა და გამოგიტყდები, რომ, ალბათ, ცოტა მძულდა.
– ისევ დაიწყე შენი ჰუმანისტური აზრების ფრქვევა? – გაცოფდა მაგდა, – მე სახელსა და გვარს კი არ დავცინი, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ, თორემ, რა მნიშვნელობა აქვს, ვის როგორი სახელი და გვარი აქვს?
– ჰო, კარგი, განაგრძე, – დავთმე პოზიციები.
– აღარ შემაწყვეტინო! – თვალები გადმომიბრიალა მაგდამ, – ახლა ისეთ რამეებს გაიგებ, კომენტარების გაკეთებისა და ანგელოზის როლის მორგების ხასიათი დაგეკარგება. მზად ხარ ნებისმიერი ინფორმაციის მოსასმენად?
მე ისევ მორჩილად დავუქნიე თავი.
– შენი ხათრით, შენს ყოფილ დაქალს ისევ ლორათი მოვიხსენიებ, – გამეხუმრა მაგდა, – მოკლედ, იმ შენმა ლორამ რაც თავისი ქმრისა და საკუთარი თავის შესახებ გიამბო, ნახევარზე მეტი ტყუილია, დანარჩენი ნახევარი კი –  ნაწილობრივ მართალი.
– ვეღარ გცნობ, – ვთქვი შეწუხებულმა, – შენ, შენი მენტალიტეტით, ინტელექტითა და პრინციპებით, ლორა გინდა, გახდე? დღემდე დარწმუნებული ვიყავი, რომ შენი პირადი მაგალითის ჩვენებით მიაღწიე ყველაფერს.
– არა, ჩემო კარგო. მე არც წმიდანი ვარ, არც სენსეი, არანაირ მორალს არ ვქადაგებ და, სხვათა შორის, არც ლორად ქცევას არ ვაპირებ. მე ჩემი აზრი და შეხედულება მაქვს ყველასა და ყველაფერზე და, უბრალოდ, ვცდილობ, არ გავუკეთო სხვას ის, რასაც საკუთარ თავს არ ვუსურვებ – სულ ეს არის. მაგრამ, თუ ვინმე ჩემს გათელვას მოინდომებს, თუ უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებ, მისივე მეთოდით გავუმკლავდები და ახლაც ამის გაკეთებას ვაპირებ, ოღონდ, შენ მაგივრად, მაგრამ ამისთვის შენი ნებართვა მჭირდება.
– არა, – მაშინვე ვთქვი უარი.
– რატომ? – გაცოფდა მამიდაჩემი, – ამდენი ტყუილად ვიწვალე? ესე იგი, ვინ გამოვდივარ, სულელი.?
– ჯობია, სულელი გამოხვიდე, ვიდრე შენც ლორა თუ როზა გახდე.
– აბა, რას აპირებ?
– ხომ გითხარი, სხვა სამსახურში გადასვლას და ამათ დავიწყებას.
– მერე, ბექა?
– ბექაში მწარედ შევცდი. ბეჭედსა და სუნამოს წამოსვლის წინ დავუბრუნებ. თუ მართლა უყვართ ერთმანეთი, ღმერთმა კარგად ამყოფოთ.
– ანუ, ისევ დანებება და უკანდახევა არჩიე?
– პირიქით, საკუთარი თავი და საკუთარი ბედი მინდა გამოვცადო. ყველა ხმალამოღებული მებრძოლი ვერ იქნება. თანაც, ყველას თავისი მეთოდი აქვს საბრძოლველად.
– ანუ, შენი მეთოდი მოცდა და დაცდაა? – შენზე ათასი ბოროტი სიცრუე რომ უთხრა ბექას და დააჯერა, ამის პატიებასაც აპირებ?
– ეგ ლორასი კი არა, ბექას ბრალი უფროა. თუ მართლა ვუყვარდი და სჯეროდა ჩემი, ყველაზე დიდი საშინელებაც კი არ უნდა დაეჯერებინა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან გადამოწმების გარეშე. მე აშკარად შევცდი ბექაში.
– გამოდის, რომ ლორას აპატიებ და ბექას არა?
– ჰო, ასე გამოდის. ბექას პატიება უფრო გამიჭირდება.
– ანუ, დალოცე მათი „წმინდა კავშირი“? – გაღიზიანება და ირონია ერთბაშად ამოხეთქა მაგდამ.
– თუ ღირსები არიან, მე რა შუაში ვარ, ღმერთი დალოცავს; თუ არა – ისევ ღმერთი მიუზღავს, რაც დაიმსახურეს.
– შენ რომელი უფრო გაგიხარდება? – ჩამეკითხა მაგდა.
– სიმართლე გითხრა, ჩემთვის ორივე სულერთია. უბრალოდ, მეცოდებიან და ცუდს ნამდვილად არ ვუსურვებ არცერთს, – ვთქვი და ისეთი შვებით ამოვისუნთქე, თითქოს დიდი ლოდი მომეხსნა გულიდან და, უკვე ყველა ტკივილისა და ტვირითსგან გათავისუფლებულმა, ღიმილით მივმართე მამიდაჩემს: – აი, ახლა კი შეგიძლია, ყველაფერი მიამბო ლორაზე, მართლა ყურადღებით მოგისმენ.
– კარგი, განვაგრძობ, – მაშინვე დამეთანხმა მაგდა. აშკარად ერთი სული ჰქონდა, ყველაფერი „დაეფქვა“, – სახელი და გვარი უკვე გითხარი, ახლა, რაც შეეხება სიმართლის იმ მცირე ნაწილს, რომელსაც მისი ნაამბობი შეიცავს: ლორას გათხოვება მისმა მშობლებმა მართლა გააპროტესტეს და სამუდამოდ შეწყვიტეს შვილთან ურთიერთობა, ოღონდ, არა სიძის სიღარიბის გამო, არამედ იმიტომ, რომ მათი სიძე ხელიდან წასული „იგროკი“ და სუტენიორი იყო. თავის ორივე საქმიანობას პირველი ცოლიც აზიარა, მაგრამ ის მერე საერთოდ გაიქცა საქართველოდან. ლორას კაზინო დიდად არ მოეწონა, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან კარგად მოირგო როგორც მაცდური ქალის, ისე „მამაშის“ როლები. ოღონდ ცოლ-ქმარს ამ საქმიანობის საკუთარი სქემა ჰქონდა შემუშავებული: პოულობდნენ ძალიან მდიდარ ქალებსა და კაცებს და ერთმანეთს ურიგებდნენ. მერე კი, როცა მათ თავს შეაყვარებდნენ, ცოლად შერთვის ან ცოლად გაყოლის პირობით და მოტივით, ან კიდევ სხვა მიზეზით, სცინცლავდნენ თუ მთლიანად არა, ქონების სოლიდურ ნაწილს მაინც. მერე კი ერთმანეთს ეტრაბახებოდნენ, ვინ უფრო ყოჩაღი აღმოჩნდა. ცხადია, სექსი ორივეს შემთხვევაში „მოსული პონტი“ იყო და ამაზე არცერთი არ ეჭვიანობდა – ეს მათი ბიზნესის ერთ-ერთი პირობა გახლდათ. რა თქმა უნდა, კოკას ყოველთვის არ მოჰქონდა წყალი, მაგრამ ასეთ შემთხვევებში წინასწარ ჰქონდათ გათვლილი უკან დასახევი გზები.
– ასეთი გარიგებების დროს არ მომხდარა თავიანთი მსხვერპლის მართლა შეყვარების შემთხვევა?
– კი, რამდენჯერმე ასეთიც მომხდარა ორივეს შემთხვევაში, მაგრამ ფულის სიყვარული ყოველთვის უფრო ძლიერი აღმოჩნდებოდა ხოლმე. ახლა, რაც შეეხება შვილის სიკვდილს. ზუსტად დავადგინე, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა, საერთოდ არასდროს არ ჰყოლიათ შვილი. ცოლ-ქმარი ერთი პერიოდი ციხეშიც იჯდა რაღაც მაქინაციის გამო და სოლიდური ჯარიმის გადახდაც მოუწიათ. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ იძულებულები გახდნენ, ბინა გაეყიდათ და რამდენიმე წლით თბილისიდან გადაკარგულიყვნენ. თუმცა მერე ისევ დაბრუნდნენ, სულ სხვა უბანში იყიდეს საკმაოდ ნორმალური ბინა და იგივე ბიზნესი განაგრძეს. მართალია, ამასობაში ასაკი ცოტა მოემატათ, მაგრამ თავს ძალიან კარგად უვლიდნენ და სულ ფორმაში იყვნენ – მათი ბიზნესისთვის ეს აუცილებელი იყო. ამიტომ თავიანთი მსხვერპლისთვის თავის შეყვარება და ტვინის აბნევა არ უჭირდათ, მით უფრო, რომ ამიისთვის უამრავი გარანტირებული ილეთი ჰქონდათ შესწავლილი და დამუშავებული. შესაბამისი ილეთები შეისწავლეს მოულოდნელად გამოჩენილი მეტოქეების ჩამოსაშორებლად და აქაც ენით აუწერელ წარმატებას აღწევდნენ.
 რესპექტაბელური ქალის იმიჯის შესაქმნელად ლორა კარგ სამსახურში მოეწყო. საქმეს კარგად აუღო ალღო, ნდობაც მოიპოვა და შეფის სიმპათიებიც, სახელი და გვარიც ამიტომ შეიცვალა – მისი აზრით, როზა ნერსესიანი ვერც კარიერაში მიაღწევდა წარმატებას და ვერც ფულიან მამაკაცებთან. მაგრამ ამ დროს შენ გამოჩნდი – უფრო ახალგაზრდა, უფრო მშვიდი, უფრო ინტელექტუალური, არა განათხოვარი (ლორამ შენ გითხრა, რომ ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, სინამდვილეში კი იმ ორი-სამი თვის განმავლობაში მსხვერპლს ეჩალიჩებოდა; სხვებთან კი ამბობდა, რომ მისი ქმარი უშვილო გამოდგა და ამიტომ გაეყარა) და, თანაც საკმაოდ კარგი გარეგნობის. შენმა ასეთმა მონაცემებმა ბექაში გაორება გამოიწვია, რამაც ლორას გარანტიები შეამცირა. ამიტომაც გადაგემტერა, მაგრამ ამჯერად შენ არ გამოდექი ძლიერი მეტოქე – შებრძოლების ნაცვლად, საერთოდ გაეცალე სიტუაციას და ბურთი და მოედანი მათ დაუტოვე. ეტყობა, სათანადოდ არ გიყვარდა ბექა...
– ზუსტა ვერ გეტყვი, თუმცა, მგონი, ხვდებიან და არ იმჩნევენ. ის კი მეც
– ვერ გავიგე, რატომ ჩაიციკლა ლორა ბექაზე, დავიჯერო, ასეთი მდიდარია?
– ღარიბი ნამდვილად არ არის, თანაც, არც ცოლი ჰყოლია ოდესმე და არც შვილი, მშობლები და და-ძმაც არ ჰყავს, ანუ პირველი რიგის მემკვიდრეებთან ხელჩართული ბრძოლები სათავეშივე გამოირიცხა. თან, ეჭვი მაქვს, რომ ქალბატონს რაღაც გრძნობისმაგვარი მართლა გაუჩნდა ბექას მიმართ, თუმცა მტკიცებას ვერ დავიწყებ... ვფიქრობ, სულ ეს არის. თუ რამე გამომრჩა, როცა გამახსენდება, გეტყვი... – მაგდამ ღრმად ამოიქშინა ორთქლმავალივით და სავარძლის საზურგეზე ღონეგამოლეული მიესვენა.
ცოტა ხანს ორივე ვდუმდით. ამ საშინელმა ისტორიამ მეტყველების უნარი წამართვა. თვალებიც კი ვერ დავახამხამე – გაშეშებული ვიჯექი და, მგონი, აღარც კი ვსუნთქავდი. არ ვიცი, რამდენი წუთი გავიდა, ბოლოს ისევ მაგდამ ამოიდგა ენა:
– აბა, ახლა რას იტყვი, მოვახდინე შთაბეჭდილება? ამდენი რამის შემდეგაც ინარჩუნებ შენს ანგელოზურ პოზიციას? – ირონია საკმაოდ მწარე იყო, მაგრამ იმ მომენტში ჩავთვალე, რომ სამართლიანი, თუმცა ხმა მაინც ვერ ამოვიღე.
– შენ კი პასუხის გაცემისაც გეშინოდა თუ გერიდებოდა. როგორ აკადრებდი იმ კახპას შეკამათებას! ისეთი ჰიპნოზი გაგიკეთა, ის გეგონა ყველაფერში მართალი და საკუთარ თავს იჭამდი! – განაგრძობდა მაგდა ჩემს „ამოქოქვას“, რადგან, მგონი, შეაშინა ჩემმა ასეთმა გაქვავებამ.
ეტყობა, მართლაც „ამომქოქა“ ამ სიტყვებმა – ცოტა ხანში ვიგრძენი, როგორ დაიძრა ძარღვებში სისხლი, მერე ხელები და ფეხები შემითბა, ამის შემდეგ თვალების დახამხამებაც მოვახერხე და ბოლოს ბგერების წარმოთქმაც შევძელი, ოღონდ საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი:
– იცი, რატომ არ ვეკამათებოდი არასდროს?
მაგდამ უარის ნიშნად უსიტყვოდ გააქნია თავი.
– იმიტომ, რომ, როგორც ახლა ვხვდები, – განვაგრძე ჩუმად, – ქვეცნობიერად მუდამ მახსოვდა ბაბუს ერთ-ერთი რჩევა: არასდროს ეკამათო უსინდისოსა და ნაძირალას, თორემ ის თავის დონემდე ჩამოგიყვანს და მერე ადვილად დაგამარცხებს, რადგან ამის დიდი გამოცდილება აქვს და სწორედ ამ გამოცდილებით გაჯობებსო.
– ჰო, მეც მახსოვს მამაჩემის შეგონებები, ეგეც ახლა გამახსენდა. მართალია, ხომ იცი!
– ბაბუ ყოველთვის მართალი იყო, – ვთქვი დაფიქრებით და თვალები დავხუჭე.
მაგდა წამოდგა და თავზე მომეფერა. ისეთი თბილი და ძალიან მშობლიური იყო ეს შეხება, უცბად მეგონა, რომ დედა გაცოცხლდა და თვალებიდან ცრემლი ღვარად წამომივიდა.
– თუ გინდა, დავრჩები ამაღამ შენთან, –შემომთავაზა გულწრფელად.
– არა, წადი, მე არაფერი მიშავს. თან, არ გეწყინოს, მაგრამ მარტო მინდა დარჩენა – ასე უფრო კარგად გადახარშავს ჩემი ტვინი ყველაფერს. ახლა ყველაფერი ერთმანეთში ამეზილა. მინდა, საკუთარ თავში თვითონ გავერკვიო, დახმარების გარეშე.
მაგდა წავიდა. არ გამიცილებია, ვიჯექი სავარძელში თვალებდახუჭული და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი. როგორც დასაწყისში ვთქვი, მაგდა ყველაფერი იყო ჩემთვის – დაც, მეგობარიც, მამიდაც, დედაც... შეიძლება, ათ ქალს ერთად ვერ გაეკეთებინა ჩემთვის იმდენი, რაც მან გამიკეთა. მაგრამ უცებ ისე მძაფრად ვიგრძენი დედის დანაკლისი, ისე ძალიან მომინდა, რომ გვერდით მყოლოდა, თავზე ხელი გადაესვა, ჩამხუტებოდა და მხოლოდ ის რჩევები მოეცა, რომელსაც დედები აძლევენ შვილებს მაშინ, როცა მათ ყველაზე მეტად უჭირთ, რომ თვალები დავაჭყიტე და ოთახი მოვათვალიერე, მართლა ხომ არ გაცოცხლდა-მეთქი. მაგრამ, როცა ვერავინ დავინახე, მგონი, ყველაზე ცხადად მაშინ ვიგრძენი ჩემი ობლობა და ხმამაღლა ავტირდი. ამ ტირილში ჩამეძინა. ყველაფრის მიუხედავად, მეძინა ღრმად და მშვიდად, იმდენად მშვიდად, რომ ჩემს პრობლემაზე აღარ მიფიქრია, მაგრამ დილით, გაღვიძებისთანავე უკვე ვიცოდი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო გამახსენდებოდა – სწორედ ის, რაც მიკარნახებდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ამ გახსენების იმედით თვალები მაგრად დავხუჭე, გონება დავძაბე და ცოტა ხანში მართლაც გამინათდა ტვინი – გამახსენდა ჩინური ანდაზა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „თუ შენ დაჯდები მდინარის ნაპირზე და მოთმინებით დაელოდები, ის აუცილებლად ჩამოატარებს შენი მტრის გვამს“. სწორედ ეს ანდაზა აღმოჩნდა ჩემი „ხსნის გზა“: ჩემმა ქვეცნობიერმა მაშინვე მაიძულა, „მდინარის ნაპირზე“ გადავბარგებულიყავი და მოთმინებით აღვჭურვილიყავი. შედეგად, ჩემი ერთი „მე“ ჩვეულებრივად ცხოვრობდა: სამსახური შეიცვალა, მეგობრებს ხვდებოდა, ჭამდა, სვამდა, ეძინა, იცინოდა, ტიროდა, სიყვარულზე ოცნებობდა... მეორე „მე“ კი იჯდა მდინარის ნაპირზე, მოთმინებით გასცქეროდა წყალს და ფიქრობდა იმ გვამზე, რომელიც მდინარეს უნდა ჩამოეტარებინა: „კი მაგრამ, ვისი „გვამი“ იქნება ის – ჩემი მოსისხლე და მოქიშპე მტრის? ან, იქნებ, ის „მტერი“ მე თვითონ ვარ (ანუ საკუთარი თავის მტერი), ოღონდ, ადრინდელი „მე“, მანამდელი, სანამ მდინარის ნაპირზე მოვკალათდებოდი? არ ვიცი, შესაძლოა, ზედმეტად ჩავუღრმავდი ამ სიბრძნის ფილოსოფიას და შეიძლება რომელიღაც საუკუნეში ამ სიტყვების მთქმელ, ვიღაც ჩინელს, სულაც, ნამდვილი და დამარცხებული მტერი ჰყავდა მხედველობაში? ყოველ შემთხვევაში, ამ ანდაზამ ჩემი ფიქრების მდინარება შეცვალა და ჩემმა სულმა, გულმა და გონებამ აშკარა კათარზისი განიცადა.
ისე კი, ეს „მტრის გვამი“ ცოტათი საშინელია, არა?! მაგრამ, თან ძალიან მაგარი – გამარჯვებული რჩები ისე, რომ თითის განძრევაც არ დაგჭირდება, არანაირი პაექრობა – ჩხუბი, ყვირილი, ვნებათაღელვები, ბრძოლა და ხმლების ტრიალი; უბრალოდ, უნდა აღიჭურვო მოთმინებით, მოუხმო ნებისყოფას და... მართალია, ცოტათი უფრო მოგვიანებით, ვიდრე ამის სურვილი გაქვს, მაგრამ მაინც, არა მარტო გამარჯვებული, არამედ მოგებულიც დარჩები. და თუ ეს შეძელი, ხვდები, რომ სწორედ ეს მოთმინებაა ყველაზე დიდი ბრძოლა როგორც მტერთან, ისე საკუთარ ვნებათაღელვებთან და, მტრის გვამსაც მხოლოდ მაშინ დაინახავ მდინარის ტალღებში მოტივტივეს თუ „მონარნარეს“ (რა თქმა უნდა, არაპირდაპირი გაგებით), როცა საკუთარ თავზე გაიმარჯვებ – დათრგუნავ ყველა იმ ვნებას, რაც კი ეშმაკეულია (ანუ ადამიანურია) შენში: ბრაზს, ამპარტავნებას, მრისხანებას, შურისძიების ან სამაგიეროს გადახდის სურვილს (ეს ორი რამ ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ მაინც სხვადასხვაა), უკეთურ ფიქრებს თუნდაც ყველაზე ნაძირალა მეტოქისა თუ მტრის მიმართ, დაგროვილ ბოღმას; შენი აზრით, უსამართლოდ დაჩაგრულის სევდას, ღალატის ღალატითვე გადახდით გამოწვეულ ტკბობას (ან, ყოველ შემთხვევაში, ამის გაკეთების დაუოკებელ მოთხოვნილებას), შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომების არპატიების სურვილს და სხვა მრავალ სამართლიან თუ უსამართლო მანკიერ გრძნობას, რომელთა ჩამონათვალს დასასრული არ აქვს.
სანამ მდინარის ნაპირზე მოვძებნიდი ჩემს ადგილს, ანუ მაშინ, როცა ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანურ-ეშმაკეულ ვნებებს გასაქანს ვაძლევდი, ვაღიარებ, რომ პრაქტიკულად ყოველთვის წაგებული ვრჩებოდი, წაგებულიც, დამარცხებულიც და დამცირებულიც (ხაზს ვუსვამ: დამარცხებული და დამცირებული საკუთარ თავთან, რადგან, შეიძლება, ყველა მოატყუო და ყველა დაამარცხო, შენი მართალი „მეს“ გარდა), ხოლო როცა ეს ვნებები დავძლიე, გავხდი საოცრად ამაყი, შინაგანად ძლიერი, ლაღი, თავისუფალი, ბედნიერი და... ნეტარებამდე მშვიდი. ოღონდ, ბედნიერი არა იმით, რომ, ადრე თუ გვიან, ჩემი მტრის გვამს ჩემ თვალწინ ჩამოატარებს მდინარის ტალღები, არამედ იმით, რომ მე ვძლიე თავს და „დავიკიდე“ ყველაფერი ის, რაც წლების განმავლობაში მიწამლავდა ცხოვრებას, რითაც შევძელი მთელი თავით მაღლა დავმდგარიყავი როგორც მტერზე, ისე საკუთარ თავზე და ახლა დანამდვილებით ვფიქრობ, რომ სწორედ ამას გულისხმობს ჩინური ანდაზა.
ხომ ხედავთ, რამდენ ჭრილში განვიხილე იმ ანდაზაში მოხსენიებული „მტერი“ და „გვამი“. და ალბათ მისი (ანდაზის) სიღრმეც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის სინდისს, გონებასა და ფანტაზიას გასაქანი მისცეს.
ერთი ისაა, რომ მგონი, მხოლოდ მაშინ ამართლებს ეს ჩინური ანდაზა, როცა იცი, როდის უნდა მიაშურო „მდინარის ნაპირს“. არადა, რა სულსწრაფი და მოუთმენელია ადამიანი!
***
მხოლოდ რამდენიმე თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც ჩემი ერთ-ერთი „მე“ მდინარის ნაპირზე გადაბარგდა, რომ სრულიად შემთხვევით, ინტერნეტიდან შევიტყვე, რომ ბექა და ლორა გელოვანი, იგივე როზა ნერსესიანი, დიდი თანხის მიტაცების, ქურდობისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო, პასუხისგებაში არიან მიცემულნი; ხოლო ლორა-როზას ოფიციალურმა ქმარმა, ვინმე ზაურმა, თავისი და მეუღლის პროსტიტუციით დაგროვილი თანხა გაიტაცა და საქართველოს საზღვრების დატოვება მოასწრო, მაგრამ მას ინტერპოლი ეძებს, რადგან სხვა დანაშაულებრივ ქმედებებშიც არის ეჭვმიტანილი...
გამიხარდა, რაც მოხდა?
არ ვიცი.
მეწყინა?
არც ეს ვიცი.
ვიცი მხოლოდ ის, რომ სამართალმა პური ჭამა.
ანუ, გამოდის, რომ დიდად არ მწყენია.
***
... ბრძენი ხალხია ჩინელები!
დასასრული

скачать dle 11.3