კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რა არის გლოსიტი და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ პრობლემის დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


გლოსიტი ენის ანთებაა. ის, ძირითადად, რომელიმე სხვა დაავადებას მოჰყვება. თუმცა, შეიძლება, დამოუკიდებლადაც განვითარდეს, მაგალითად, ტრავმის გამო. ასეთ დროს ანთებით პროცესში ლორწოვანი გარსის გარდა, კუნთოვანი შრეც ერთვება.  მიმდინარეობის მიხედვით, გლოსიტი არის მწვავე ან ქრონიკული. მწვავე გლოსიტი ხასიათდება ენის ტკივილით, შეშუპებითა და სიწითლით. გლოსიტის ზედაპირული ფორმები, ჩვეულებრივ, მეზობელი უბნების ანთების გავრცელების შედეგია. გინგივიტი ღრძილების, პაროდონტიტი კი პაროდონტის – კბილის მიმდებარე ქსოვილის ანთებაა. ძალიან ხშირად ღრძილების ანთების სხვადასხვა ფორმა დასაბამს აძლევს არა მხოლოდ გლოსიტს, არამედ სასისა და ხახის ანთებას და ზემო სასუნთქ გზებზე ინფექციის გავრცელებითაც რთულდება.
ანთებითი პროცესის ხელშემწყობ ფაქტორად იმუნიტეტის დაქვეითება (სისუსტე) მიიჩნევა, რაც, თავის მხრივ, პირის ღრუს ადგილობრივ იმუნურ ძალებსაც აქვეითებს და მიკრობთა პათოგენური თვისებების გამოვლენას ეხმარება. ანთებითი პროცესი უფრო ხშირად სწორედ ღრძილებიდან იწყება და სწრაფად პროგრესირებს. ავადმყოფს აწუხებს ტკივილი, უმადობა, ყლაპვის გაძნელება, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება, ტემპერატურის მომატება, ამ დროს ღრძილებზე მსუბუქი შეხებაც კი სისხლდენას იწვევს. ანთებითი პროცესი ღრძილებიდან ზოგჯერ ენის ლორწოვან გარსზე ვრცელდება და გლოსიტის განვითარებას იწვევს.
შედარებით იშვიათად ენის ანთება ინფექციური დაავადებების (გრიპის, ტიფის, წითელას, ჩუტყვავილას) თანმდევია. ასეთ შემთხვევაში ენა წითლდება, შუპდება და ნადებით იფარება. ზოგჯერ ანთებითი პროცესი ღრმად იჭრება ენის სისქეში და აბსცესს (შემოფარგლულ ჩირქოვან ანთებას) ან ფლეგმონას (შედარებით გავრცობილ მწვავე ჩირქოვან ანთებას) აძლევს დასაბამს.
განსაკუთრებით მძიმეა დესქვამაციური გლოსიტი, როდესაც ეპითელური შრის ჩამოფცქვნა (დესქვამაცია) და რეგენერაცია (განახლება) ენის სხვადასხვა უბანზე სხვადასხვაგვარადაა: ზოგან შეწყვეტილია, ზოგან კი ინტენსიურად მიმდინარეობს. გაძლიერებულმა ჩამოფცქვნამ შეიძლება, ეროზიების წარმოქმნა და ენის დაწყლულებაც კი გამოიწვიოს. ამ პროცესს ახლავს ტკივილისა და წვის შეგრძნება, განსაკუთრებით, მარილიანი, მჟავე და მწარე საკვების მიღებისას. თუკი გლოსიტი რომელიმე დაავადებასთანაა შეუღლებული, მისი იზოლირებული მკურნალობა უშედეგო იქნება. კომპლექსური მკურნალობა, უპირველესად, ძირითადი სნეულების აღმოფხვრას უნდა გულისხმობდეს. პაციენტი ასეთ დროს უნდა ერიდოს უხეშ და ცხარე საკვებს, ხშირად ივლოს სოდიანი ხსნარი, გვირილისა და სალბის ნაყენები.скачать dle 11.3