კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ვინ მოევლინა თენგიზ ჩანტლაძის „წურბელად“ სამყაროს და ვის გვარში აღმოაჩნია მან ზედმეტი ასო

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

თენგიზ ჩანტლაძე: არტისტიზმით ბუნებამ დააჯილდოვა, სულ 8 წლისა იყო, როცა ჰოლში ოთხ ხმაზე ლაპარაკობდა, ვითომ მამამისის მეგობრები მოვიდნენ და მათ ესაუბრებოდა. იმდენად დამაჯერებელი იყო ეს „გათამაშება“, რომ გაკვირვებული მამა გაფაციცებით ეძებდა მოსულ სტუმრებს...
„მგონი, თენგიზმა ფეხი რომ აიდგა, უკვე თენგიზ ჩანტლაძე იყო... ჩამოყალიბებული პიროვნება გახლდათ, – ამბობს მისი მეუღლე. ახალგაზრდაც ისეთი იყო, როგორიც ბავშვი... შუახნისაც ისეთი იყო, როგორიც ახალგაზრდა… 1961 წელს ინსტიტუტი დაამთავრა, სოხუმის თეატრში არ გაუშვეს მშობლებმა. დარჩა თბილისში უმუშევარი... მაშინ იკრიბებოდა თენგიზ ჩანტლაძის ჯგუფი, რომელიც ფილარმონიაში ამზადებდა პროგრამას. მეგობრის ოჯახში შეიკრიბნენ. თენგიზმა პროგრამა წაიკითხა. ძალიან მომეწონა, – იხსენებს ქალბატონი ზაირა, – მაგრამ პროგრამაზე მეტად თენგიზი მომეწონაო. იმ საღამოს შეროზიაზე, სახლამდე მიაცილა თენგიზმა და უთხრა: დღეიდან სიგარეტს აღარ მოწევ და პომადას აღარ წაისვამო... ხუთი წლის შემდეგ იქორწინეს.
საერთოდ, ხელმოკლედ ცხოვრობდა. მაშინ ერთ გამოსვლაში 8 მანეთს აძლევდნენ. ყოველი 8 მანეთიდან ცოტას ზოგავდა კიდეც, რომ მანქანა ეყიდა. მანქანა მისი ოცნება იყო... და იცით, ვიდრე ახალგაზრდა იყო და ამ ოცნების ასასრულებლად ძალას იკრებდა, ფეხსაცმელი არ ჰქონდა რიგიანი, წყალი რომ არ შესულიყო, ჟურნალ „ოგონიოკის“ ყდა ჰქონდა ჩაფენილი… მეუღლეს მისი ყველაფერი უსიტყვოდ ესმოდა. ამიტომაც უყვარდა უსაზღვროდ. თუმცა ეხუმრებოდა კიდეც: შენ ჩემი მონაპოვარი ხარ – ანუ მონაცა და „პოვარიცო“... თენგიზ ჩანტლაძე ძალიან მგრძნობიარე იყო, მშობლებზე მუდმივად დარდობდა. გასტროლებზე ჩავიდოდა თუ არა, სულ ფოსტაში გარბოდა, რომ თბილისში დაერეკა და მშობლების ამბავი გაეგო. ერთხელ, მამამისი მოსკოვში წავიდა. იქ ავად გახდა. სასწრაფოდ გაფრინდა თენგიზი. ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა, უნდა გენახათ, როგორ ჩამოვიდა აეროპორტში, როგორ გაფაციცებული ეკითხებოდა მეუღლეს, როგორ ხარო. ქალბატონ ზაირას სამკაულები უყვარდა. ერთხელ ოდესაში ძალიან ლამაზი ბეჭედი ნახა. თენგიზმა: ოღონდ ახლა ეს არ მაყიდვინო, თბილისში მოგცემ ფულს და უკეთესს გიყიდი, მაგრამ ახლა ამაზე თანხას ვერ დავხარჯავ, საჩუქრებისთვის მჭირდებაო. საჩუქარი კი ყველასთვის უნდა ჩამოეტანა, წესად ჰქონდა. ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი მაშინ ბავშვთა სახლში აღზრდილი ბიჭისთვის, გვარად კოლცოვისთვის იყიდა, თეატრში სცენის მუშა იყო. დამლაგებელი არ დარჩებოდა უყურადღებოდ და კარისკაცი. იმ დღესაც, ოდესიდან რომ დაბრუნდნენ, 40-ზე მეტი საჩუქარი ჩამოიტანა საქართველოში… რომ გაბრაზდებოდა, აბობოქრდებოდა, მაგრამ წყენა წუთის შემდეგ აღარ ახსოვდა. ბოღმა გულში არასოდეს ჩაუდევს. ერთი ჩვევა ჰქონდა, სადაც უნდა ყოფილიყო, უსათუოდ თეატრში უნდა გამოევლო. ერთხელ, გამთენიისას ბრუნდებოდა წვეულებიდან და ჩვეულებას არ უღალატა, თეატრში გამოიარა. აბრახუნებს კარზე, არავინ უღებს... არადა, წესით, დარაჯს უნდა ესმოდეს... არავინ გამოდის. იმდენი ქნა, სულ ჩამოიღო კარი, გვერდით მიაყუდა და თეატრში შევიდა. წაადგა დარაჯს თავზე, რომელიც იმ საღამოს დამთვრალიყო და ეძინა. კაცი იფიქრებდა, ახლა ამ უპასუხისმგებლო დარაჯს შუაზე გაგლეჯსო. არადა, რომ დაინახა ფერწასული დარაჯი, მოლბა, აღარაფერი უთქვამს. თეატრი მისი ცხოვრება იყო: ყველა გზას თავის თეატრთან მიჰყავდა. სხვათა შორის, თავის კაბინეტში სხვა ფოტოების გვერდით თავისი ძაღლის – ჯულბარსის ფოტოც ეკიდა. ძაღლი სულ ჰყავდა და ყველა ძაღლს ჯულბარსს არქმევდა. ერთი მეზობელმა მოუწამლა – ბევრს ყეფსო, მეორე მილიციის სკოლაში დაჰყავდა. მისი დიპლომის აღება მეგობრებთან ერთად აღნიშნა. ჰყავდა მსახიობი ჯულბარსიც – სპექტაკლში შეჰყავდა. სწორედ ბოლო ჯულბარსის ფოტო ეკიდა კაბინეტში. ერთხელ მოხუცებულმა დედამ შორიდან ვერ გაარჩია, რა ფოტო იყო კედელზე და მიამიტად იკითხა: ეს რა ნიღაბიაო – თენგიზი ხომ ნიღბებით თამაშობდა. დიდხანს ეცინებოდათ ამ ამბავზე. ნიღაბი კი არა, ჯულბარსი იყო, რომელმაც პატრონის გარდაცვალების შემდეგ კარგა ხანს წყალიც კი არ დალია. რაიკინის თეატრი მინიატიურების თეატრთან მეგობრობდა. ფაცხაში გამართული ქეიფები რომ ნახეს, გაოცდნენ, ამის სცენარსაც წერთო? არავითარი სცენარი არ არსებობდა. ეს თენგიზ ჩანტლაძის ჩვეულებრივი მასპინძლობა იყო. ხშირად ამ ფაცხაში სპეციალურად აწყობდა „მიღებას“, რომ გულნატკენი მეგობარი
გაეხალისებინა. ნოდარ ახალკაცთან მეგობრობდა. მისი ბედი ძალიან აწუხებდა – საშინლად მოექცნენო... იყო ასეთი შემთხვევაც: ფაცხაში დიდი მხიარულება ჰქონდა, გარეთ გამოვიდოდა, ვითომ საქმეზე, ზაირასთან მივიდოდა: ძალიან ცუდად არის ნოდარი, გული მიკვდებაო, ცრემლს სახელოთი მოიწმენდდა და სუფრასთან შებრუნდებოდა. ვითომ აქ არაფერი – მხიარული თენგიზი იყო, რომელიც სასაცილო ამბებს ყვებოდა, მღეროდა, ცეკვავდა. გული კი უდუღდა. როცა თვითონ ატკინეს გული, აღარავინ ჰყავდა ისეთი, რომ მისი ტკივილი გაეზიარებინა... ფაცხის კარზე ჭედური ჭადრის ფოთოლი ეკიდა, ზედ ამოჭედილი იყო სიტყვა „ძმობა“.
***
 ნოდარ ხუციშვილი ჩანტლაძესთან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ნოდარი თენგიზ ჩანტლაძის „წურბელად“ მოევლინა სამყაროს. მუდამ წესრიგის დამრღვევის სახელი „მოიხვეჭა“, მაგრამ, როგორც კოლორიტულსა და ამ თეატრისთვის ფრიად საჭირო მსახიობს, თენგიზი ვერ იმეტებდა. გაუბრაზდებოდა, გამოლანძღავდა, მაგრამ მეორე დღეს გულში იკრავდა – „ჰო, რაც იყო, იყოს“ ძახილით. ესეც გათამამდა, გაყოყოჩდა და ხანდახან გაქანებული სპექტაკლის დროს ქუჩიდან შემორბოდა ტალახიანი ფეხსაცმელებით სცენაზე და იყო ერთი ამბავი – „გაგაგდებ!“ – „ბოდიში!!!“ და ასე შემდეგ. – ეს მომკლავს მე ერთ ღრუბლიან დღეს! – ამბობდა გაბრაზებული ჩანტლაძე, – ეს მომიღებს ბოლოს! არადა, ამხელას, ეს როა (გაბარიტებზე ამახვილებდა ყურადღებას), ჩემი მეუღლე სტაფილოს აჭრის ბორშჩში. ნოდარი თავისას უბერავდა. ერთ რეპეტიციაზე ნასვამი მობრძანდა. დიდი მსმელი კი არ გახლდათ, მაგრამ თავისი წილი სასმელიც კარგად ჰყოფნიდა, თენგიზი რომ გადაერია. – ახლავე დატოვე სცენა! – გამოცრა თენგიზმა. ნოდარმა ორი ნაბიჯი წინ გადმოდგა (ინერციით), შეტორტმანდა, ინსტინქტურად გადადგა ორი ნაბიჯი უკან და საწყის პოზიციას დაუბრუნდა. დადგა და აბსოლუტურად „უმანკო“ თვალები გაუსწორა ჩანტლაძეს. – წადი-მეთქი! – გადაირია ჩანტლაძე. ნოდარმა უადგილოდ დაასლოკინა და შებრუნდა (წყარო: Gurianews.com). კულისებიდან უკან დაიძრა და... ჩაქრა შუქი სცენაზე. თენგიზი გადაირია... შუქი რამ ჩააქრო?! მალე გაირკვა, რომ ნოდარს გამოურთავს. სამ წუთში „ცოცხალ-ცოცხალი“, ხელში ატაცებული შემოიყვანა კარისკაცმა. – ამან ჩააქრო, თენგიზ! – „ჩაუშვა“ დაუნდობლად. გადარეულ თენგიზს დანა კბილს არ უხსნის. – რატომ ჩააქრე? – როგორც იქნა, გამოცრა კბილებიდან. ნოდარმა ბორძიკ-ბორძიკით, მაგრამ მკაფიოდ ახსნა. – კედელზე გაკრულ ფირნიშზე ეწერა: ბატონო თენგიზ, „გასვლისას ჩააქრეთ შუქი!“ და... მეც ჩ...ჩავაქრე, რა, ტო! ყველაფერს აიტანდა თენგიზი ბოლო „ტო-ს“ გარდა, მაგრამ ბუნებით კეთილმა, რაღაც მანქანებით თავი შეიკავა, რომ მთელი მრისხანება თავზე არ დაეტეხა პატარა „ფიუნესისთვის“. მოგეხსენებათ, თენგიზი იუმორის განსახიერება გახლდათ და მრისხანება დროზე ჩაახშო იუმორში: – მოდი ერთი, შენ აქ! – თავშეკავებულად მიმართა ხუციშვილს. ნოდარი ნელა დაიძრა და ბარბაცით მიუახლოვდა. მიუახლოვდა და ინსტინქტურად აიფარა სახეზე ორივე ხელი – ახლა მხეთქავსო. მსახიობები სასწაულის მოლოდინში გაისუსნენ. მაგრამ, მსგავსი არაფერი მომხდარა. – რა გვარი ხარ შენ? – ეკითხება ჩანტლაძე. – რა გვ...გვ... რა გვარ...რიი და ხუციშვილი, – გაიხსენა, როგორც იქნა, თავისი გვარი ნოდარიკო-ფიუნესმა.  – აფერისტი ხარ შენ! – რატომ , ბ...ბატ...ტონო თ...ენგიზ? – ამოისლუკუნა ძლივს. – რატომ და შენს გვარში – ასო „ც“ ჩამატებული გაქვს სპეციალურად... კაცურად, რა დაგიჯდა, მაგ „ც“-ს ჩამატება? მხოლოდ ნახევარი წუთი დასჭირდა გააზრებას და ატყდა სიცილი!!! მსახიობები ერთმანეთს შეასკდნენ… ნოდარი მაშინაც გადარჩა…

скачать dle 11.3