კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ გადანაწილდება პენსიის აღება ახალი საპენსიო რეფორმით და რატომ ვერ მოვთხოვთ სახელმწიფოს პასუხს დაგროვილი პენსიის დაკარგვის შემთხვევაში

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

ახალი წლიდან საქართველოში ამოქმედდა დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელზეც საუბარი წლების წინ დაიწყო. ჯანდაცვის ექსპერტები ახალ სისტემაში საკმაოდ ბევრ რისკსა და საფრთხეს ხედავენ, მით უმეტეს, რომ არსებობს წარმატებული ქვეყნების წარუმატებელი პრაქტიკა, სადაც საპენსიო სისტემის ამ ფორმატმა არ გაამართლა. კონკრეტულად რას მოიცავს ახალი საპენსიო სისტემა და რა სამართლებრივი ხარვეზები აღმოაჩინეს მასში იურისტებმა, ამის შესახებ შეკითხვებით ჯანდაცვის ექსპერტს, ვატო სურგულაძესა და საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელის ავტორს, ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტს, ედუარდ მარიკაშვილს მივმართეთ.  
ვატო სურგულაძე: საპენსიო სისტემა იმ ფორმით, რა ფორმითაც ამოქმედდა, არ არის საპენსიო რეფორმა. ეს არის ახალი გადასახადი, რომელსაც ავტორებმა, უბრალოდ, დაგროვებითი პენსია დაარქვეს. ის მოქალაქეები, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე არ შესრულებიათ 40 წელი, ვალდებულები არიან ჩაერთონ ამ სისტემაში და საპენსიო ფონდში ყოველთვიურად გადაიხადონ ხელფასის 2 პროცენტი, საპენსიო ფონდში დარიცხული ხელფასის 2 პროცენტს იხდის დამსაქმებელიც და სახელმწიფოც. თუ თქვენი ხელფასი, პირობითად, 1 000 ლარია, თქვენ ყოველთვიურად საპენსიო ფონდში იხდით 20 ლარს, 20-20 ლარს გადაიხდის თქვენი დამსაქმებელი და სახელმწიფო, ანუ თვეში გროვდება 60 ლარი. კანონი ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში იგივე ვალდებულებას უყენებს 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, თუმცა მათ ვინც ამ კატეგორიაში ჰყვებიან, თუ არ ექნებათ სურვილი დარჩნენ პროგრამაში, სამი თვის შემდეგ წერილობით უნდა განაცხადონ, რომ არ სურთ ამ პროგრამაში მონაწილეობა, მათ დაგროვილი პენსია შეუძლიათ აიღონ წლის ბოლოს. კანონი ვრცელდება იმ ადამიანებზე, ვინც არის დასაქმებული, რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მათ საპენსიო რეფორმა ეხებათ სურვილის არსებობის შემთხვევაში, თუმცა მათ საპენსიო ფონდში უნდა შეიტანონ შემოსავალის 4 პროცენტი. საქართველოში მილიონ ოთხმოცი ათასი ადამიანია თვითდასაქმებული, იქიდან გამომდინარე, რომ მათი 80 პროცენტი რეგიონებში, სოფლებში ცხოვრობს, სადაც ქეში ფულის ნაკლებობაა, ამ პროექტში ეს ადამიანები არ ჩაერთვებიან, რადგან გაურკვეველ პროგრამაში ნებაყოფლობით შემოსავლის 4 პროცენტის გადახდას, არავინ მოინდომებს. დასაქმებული ადამიანი საქართველოში ნახევარ მილიონზე ცოტა მეტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათგან 40 წლამდე ასაკის ადამიანთა რაოდენობა დაახლოებით  400 000-500 000-ია, გამოდის რომ, ახალი დაგროვებითი პენსია ამ რაოდენობით ადამიანზე ამოქმედდება. ჩვენ ამას ვერ დავარქმევთ რეფორმას. კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, როდესაც შემოდის ახალი გადასახადი, სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი, რაც ამ შემთხვევაში არ გაკეთებულა.   
– როგორი ისტორია აქვს დაგროვებით პენსიას სხვა ქვეყნებში?
– განსხვავებული. პოლონეთში დაგროვებითი პენსია დაიწყო 2007 წელს, მაგრამ რეფორმა ჩავარდა – სახელმწიფომ პენსიის სახით არსებული 38 მილიარდი დოლარი ბიუჯეტში არსებული ჩავარდნების, შიდა ვალების დასაფარად გამოიყენა და ხალხი ისე დატოვა. დაგროვებითმა პენსიამ არ გაამართლა ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც სულ სხვა ცხოვრების დონეა. ასეთი სახით პენსია მოქმედებს იაპონიაში, თუმცა, იაპონელებსაც კი უჭირთ ამ ფულის ინვესტირება და რეფორმა წარმატებულად არ ითვლება. ჩეხებმა 2012 წელს დაიწყეს დაგროვებითო პენსიის პროგრამა და სამ წელიწადში ბოდიში მოიხადეს, არ გამოდისო, თუმცა ხალხს ფული აუნაზღაურეს. დაგროვებითი პენსიის ერთ-ერთი მთავარი არსია, „იმუშაოს“ იმ ფულმა, რომელსაც ჩვენ, დასაქმებულები ვიხდით – ამ ფულმა უნდა მოიტანოს ფული, რომ მას დაემატოს პროცენტი. ესენი თვლიან, რომ მოგების პროცენტი 7 პროცენტი უნდა იყოს, ოღონდ როგორ, ეს არ ვიცით, საპენსიო სააგენტოში ჯერ საინვესტიციო საბჭოც კი არ შექმნილა. ჯერ არ არის გაწერილი საინვესტიციო გეგმა, არ ვიცით, რაში დააბანდებენ ფულს. ხელისუფლება ამბობს, რომ ხელფასი ყოველწლიურად 4 პროცენტით უნდა გაიზარდოს, რაც, ასევე, არარეალურად მიმაჩნია. მე ვერ ვხედავ, როგორ უნდა მოხდეს ამ ფულის ამოღება, რომ ადამიანებს 20-30 წლის შემდეგ მისცენ ღირსეული პენსია. მე არ ვარ დაგროვებითი პენსიის წინააღმდეგი, მაგრამ ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი, დაცული, მასში ჩართული უნდა იყვნენ კერძო ფონდები და სადაზღვევო კომპანიები.
ამ საპენსიო სისტემას საკმაოდ ბევრი ხარვეზი აქვს, მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენც პოლონეთის ბედი გავიზიაროთ. საპენსიო რეფორმა რთული საკითხია და მას სერიოზული მომზადება სჭირდება. ასე ნაუცბათევად, როცა ფულის შეგროვება უკვე დაიწყო და არავინ იცის, ის სად წავა, ამისი განხორციელება არ შეიძლება. რას ვთავაზობთ ჩვენ იმ 850 000 პენსიონერს, რომელიც ახლა უკვე იღებს პენსიას? ისევ 20 ლარი უნდა მოვუმატოთ არჩევნების პერიოდში? პენსია გაიზარდება თუ არა, ისევ არჩევნებზე და ვინმეს პოლიტიკურ ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული თუ ეკონომიკურ ფაქტორებსა და ეკონომიკის კანონებზე, როგორც ხდება ძლიერ ქვეყნებში, სადაც პენსია ცხოვრების დონის პარალელურად იზრდება.  
– თუ ადამიანი ვერ მიაღწევს საპენსიო ასაკს, ვის რჩება მისი დაგროვილი პენსია?
– ესეც კი არ არის ზუსტად გაწერილი. ადამიანი შესაძლოა, ნებისმიერ დროს გახდეს უბედური შემთხვევის მსხვერპლი, კანონით, თანხას მიიღებენ მისი ახლო ნათესავები – მეუღლე, შვილები, მშობლები, მაგრამ უნდა არსებობდეს სპეციალური ფორმა, სადაც გაიწერება ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, კონკრეტულად ვის ერგება დაზოგილი თანხა, ეგებ ადამიანს აქვს სურვილი, რომ მისი საპენსიო დანაზოგი დარჩეს შეყვარებულს ან გადაურიცხოს ბავშვთა სახლს, რატომ უნდა განუსაზღვროს მას კანონმა, როგორ უნდა განიკარგოს, რა ბედი ეწევა მის ფულს და ვის დარჩება ის.  
– ედუარდ, რა სამართლებრივი ხარვეზები აქვს საპენსიო კანონს და რატომ მიიჩნევთ, რომ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას?
ედუარდ მარიკაშვილი: ეს საპენსიო სისტემა არ არის ორიენტირებული მოქალაქეების უკეთეს და უზრუნველ სიბერეზე. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, რაც გავასაჩივრეთ და მიგვაჩნია, რომ არის არაკონსტიტუციური, პროგრამაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის მექანიზმია. როდესაც მოაქვთ არგუმენტი, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც წარმატებით მუშაობს დაგროვებითი პენსიის იძულებითი მოდელი, გასათვალისწინებელია, რომ იმ ქვეყნებში სხვა სოციალურ-ეკონომიკური პირობებია და ადამიანებს სხვა შემოსავლები აქვთ. ამას გარდა,  ეს კანონი არღვევს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის საკუთრების უფლებას, სავალდებულო შენატანი არის არაკონსტიტუციური როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლისთვის. მესამე და ასევე, მნიშვნელოვან ხარვეზად მიგვაჩნია, თანასწორობის საკითხი. სისტემა დალაგებულია უსამართლოდ, ამ საპენსიო პროგრამით უფრო მეტ სარგებელს იღებენ მდიდრები, ვიდრე ღარიბები.  
– უფრო კონკრეტულად, რა გაასაჩივრეთ და რომელ მუხლებთან დაკავშირებით გაქვთ მოთხოვნები საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში?   
– ამ კანონით საკუთრებასთან მიმართებაში დარღვეულია ეთიკური ავტონომიის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მიერ შეძენილი, მოპოვებული საკუთრება შეგვიძლია განვკარგოთ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ. საკუთრება შესაძლოა, შეიზღუდოს მხოლოდ ორ შემთხვევაში, როცა არსებობს ერთადერთი ლეგიტიმური მიზანი – საჯარო ინტერესი. ყველა სხვა შემთხვევაში საკუთრების უფლების შეზღუდვა, არაკონსტიტუციურია. სახელმწიფოს ერთ-ერთი არგუმენტი არის, ადამიანებმა შეძლონ დანაზოგის გაკეთება, რომ პენსიაზე გასულ ადამიანს, არსებული ხელფასი ღირსეულად ჩაუნაცვლდეს. დღეს ჩანაცვლების კოეფიციენტი 18-20 პროცენტია. სახელმწიფოს მიზანია ჩანაცვლების კოეფიციენტის გაზრდა, რაც განსაზღვრავს, რომ მოქალაქეები არ ჩავარდებიან მძიმე პირობებში და მათ პენსიაზე გასვლის შემდეგ ღირსეულად ცხოვრების საშუალება ექნებათ. მისია კეთილშობილურია, თუმცა კონსტიტუციაში არსებობს ტესტი, რომლის მიხედვითაც, თუ ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად ეფექტური საშუალება არ არის, რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს ეს მიზანი, მან შეიძლება, მოქალაქის უფლება შეზღუდოს. როდესაც გვეუბნებიან, ამისთვის გიზღუდავთ თქვენივე საკუთრებას, რომ დააგროვოთ დანაზოგი და გქონდეთ უზრუნველი ცხოვრებაო, ეს არის კონსტიტუციით დადგენილი შეზღუდვის მიღმა.
– არის თუ არა დაზღვეული რისკები, რა პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო?
– ჩვენ გვაიძულებენ, კაპიტალდაბანდება ჩავდოთ რისკიან საქმეში. თუ გავითვალისწინებთ ისტორიულ გამოცდილებას, როდესაც საკმაოდ ბევრ ქვეყანაში – პოლონეთში, ირლანდიაში, დანიაში, სახელმწიფომ წაიღო საპენსიო დანაზოგი, ამ რისკებისგან დაზღვეულები არც ჩვენ ვართ. ჩვენი რისკები არა თუ არ არის დაზღვეული, სახელმწიფო საერთოდ არ იღებს პასუხისმგებლობას. ეს არსად არ არის გაწერილი. არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ჩვენი დანაზოგის დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფოს მოვთხოვთ პასუხს. სახელმწიფოს შეუძლია, მაგრამ არ არის ვალდებული ედავოს მესამე პირს, ვინც ისარგებლებს ამ ფულით მისი დაკარგვის შემთხვევაში. ჩვენ მოქალაქეები ვერ მოვედავებით ვერც სახელმწიფოს და ვერც მესამე პირს.
საკმაოდ ბევრი ხარვეზია დამსაქმებლის ნაწილშიც. იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციაში ჩაწერეს, თითქოს საპენსიო შენატანი არ არის გადასახადი, დამსაქმებლისთვის მას გადასახადის შინაარსი აქვს. თუ დასაქმებული თავისი ხელფასიდან აგროვებს ფულს და ის მას უკან უბრუნდება, დამსაქმებელი ამ თანხას გაიღებს სხვისთვის, იქიდან მას სარგებელი არ აქვს. გადასახადსაც იგივე შინაარსი აქვს, რაც ამ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ დარიცხული ხელფასის 2 პროცენტის გაღებას. თუ გვეუბნებიან, რომ ეს არ არის გადასახადი, მაშინ გადასახადის მიღმა, დამსაქმებლისთვის დამატებითი საგადასახადო ტვირთის ან ამ ბუნების მქონე რაიმე ვალდებულების დაკისრება საკუთრების ჩამორთმევაა, რაც, როგორც უკვე გითხარით, კანონის ფარგლებში ჯდება მხოლოდ საჯარო ინტერესის შემთხვევაში. ეს მექანიზმი კი ამ ნორმას არ ექვემდებარება, შესაბამისად, ეს არის დამსაქმებლის საკუთრების ჩამორთმევა.
რაც შეეხება თანასწორობის ნაწილს, სახელმწიფო არ ითვალისწინებს, მოქალაქეების ქონებრივ მდგომარეობას პენსიაზე გასვლის მომენტისთვის. პროგრამა მიბმულია შემოსავლებზე, ღარიბი იღებს ცოტას, მდიდარი იღებს მეტს. პენსიაზე გასვლის მომენტისთვის სახელმწიფო აღარ აფასებს მათ ქონებრივ მდგომარეობას, აღმოჩნდება ის, რომ პენსიაზე გასვლისას, ვისაც მეტი სჭირდება, სახელმწიფოსგან დახმარების სახით, ის იღებს ცოტას, ვისაც ნაკლები საჭიროება აქვს – ის მეტს. პენსიის იდეა კი არის ბიუჯეტიდან დახმარება მათთვის, ვისაც უჭირს ცხოვრება.
– რამდენად კანონიერად არის გაწერილი დაგროვილი პენსიის გამოყენების მექანიზმი?
– პენსიის აღების თემა იყოფა ორ ნაწილად, საპენსიო ასაკამდე პენსიის აღება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მუდმივ საცხოვრებლად გადავა სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქეს ართმევს  ბიუჯეტიდან დარიცხულ 2 პროცენტს და დარჩენილ თანხას საშემოსავლო გადასახადით 20 პროცენტით უბეგრავს. პენსიის ასაკის მიღწევის შემდეგ თანხის გამოტანა შესაძლებელია, თუმცა იმ კვოტით, რისი დადგენის უფლებამოსილებაც სახელმწიფოსგან აქვს მინიჭებული საპენსიო სააგენტოს. კვოტა ამ ეტაპზე დადგენილი არაა, 30 წლის შემდეგ სააგენტო როგორ დაადგენს მას, რთული სათქმელია.     
скачать dle 11.3