კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

№2 როგორ ააცეკვა თეონა ჩარკვიანმა ინგლისელები ქართულად და რა უთხრა მას ბოლო შეხვედრისას ირაკლი ჩარკვიანმა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

თეონა ჩარკვიანი ჩარკვიანების ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. მან მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნა და წარმატებული მოცეკვავის კარიერის შემდეგ, დღეს ლონდონსა და თბილისში მსურველებს ცეკვას ასწავლის. თუმცა, მისი ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნაკლებად ექცეოდა.
თეონა ჩარკვიანი: ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარდა ცეკვა და სიმღერა. სულ ვცეკვავდი და ამიტომ ქორეოგრაფ იური ზარეცკისთან მიმიყვანეს. მან რომ მნახა, თქვა ეს აუცილებლად ქორეოგრაფიულ სასწავლებელში უნდა წაიყვანოთ, კარგი მონაცემები აქვსო. მაშინ ათი წლის ვიყავი და უკვე დაგვიანებული იყო, მაგრამ მაინც მიმიყვანეს ქორეოგრაფიულში, სადაც ვახტანგ ჭაბუკიანმა მიმიღო. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში მთავარი ცეკვა იქნებოდა, თუმცა ქორეოგრაფიულთან ერთად, მუსიკალურ ათწლედშიც ვსწავლობდი. ძალიან მიყვარს დაკვრა, ახლაც ვუკრავ და სიმღერებსაც ვწერ. ქორეოგრაფიული რომ დავამთავრე, თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ისევ ცეკვის სიყვარულმა მძლია. ოთხი წელი ოპერისა და ბალეტის თეატრში ვცეკვავდი, შემდეგ ერთი წლით ამერიკაში წავედი და იქ ვსწავლობდი თანამედროვე ცეკვას. საქართველოში რომ ჩამოვედი, გავთხოვდი, ორი შვილი გავაჩინე და რამდენიმეწლიანი პაუზა მქონდა. მერე ისევ დავიწყე ცეკვა და თან, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვასწავლიდი თანამედროვე და სახასიათო ცეკვას. მოცეკვავის კარიერა რომ დავამთავრე, იმ პერიოდში ნინო ანანიაშვილმა დასის ხელმძღვანელობა შემომთავაზა. თავიდანვე ვუთხარი, მე მკაცრი არ ვარ, რაც ამ პოზიციაზე მნიშვნელოვანია და არ ვიცი, დასის ხელმძღვანელობას რამდენად შევძლებ-მეთქი. ნინომ – ვცადოთო და ვცადეთ. ექვსი წელი ვიყავი ამ პოზიციაზე და მგონი, გამომივიდა. ახლახან თბილისში სტუდია გავხსენი და მინდა, ბევრი მოწაფე მყავდეს – ყველა ასაკის, ვისაც ცეკვა უნდა. პარალელურად, უკვე რვა წელია, ლონდონში ვმუშაობ – საბალეტო სკოლაში ვასწავლი სახასიათო და თანამედროვე ცეკვებს. მაგრამ მინდოდა, აქაც ჩემი საქმე მქონოდა. რვა წელია, ორი თვე ლონდონში ვარ, ორი თვე – აქ. ახლა ინგლისელებს კინტაური ვასწავლე და ძალიან მოსწონთ, მაყურებელი აღფრთოვანებული უყურებდა. სამაიას კი უკვე ხუთი წელია, ცეკვავენ, თავიანთი კოსტიუმებიც აქვთ და ეს ცეკვა საოცრად უხდებათ.
– ცეკვას თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს...
– ცეკვა ჩემთვის ყველაფერია, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია არსებობა. სცენა ახლაც მენატრება. მინდა, გავიდე და ვიცეკვო. მაგრამ ცეკვას ერთი ძალიან ცუდი მომენტი აქვს, ორმოცი წლის შემდეგ აღარ გამოიყურები ისე, როგორც ოცი და ოცდაათი წლის ასაკში, აღარც იმდენი შეგიძლია და ეს ძალიან გულდასაწყვეტია. აი, მსახიობობა რომ ამერჩია, მაშინ ოთხოც წლამდე შევძლებდი სცენაზე დგომას (იცინის). თუმცა, თეატრში დასის ხელმძღვანელად რომ ვმუშაობდი, ისეთი როლები მქონდა, რომელიც ჩემთვის საყვარელ პარტიად იქცა. არასდროს დამავიწყდება „რომეო და ჟულიეტაში“ ლედი კაპულეტი ვიცეკვე, ეს ცეკვაც იმდენად იყო სავსე დრამატურგიით,  რომ ემოციებისგან დაცლის საშუალებას მაძლევდა. თან, პრემიერა იმ პერიოდში მქონდა, როცა ირაკლი გარდაიცვალა. სცენაზე ისეთ დღეში ვიყავი, ყვირილი რომ გინდა და ამ პარტიით ჩემი ემოციების გამოხატვის საშუალება მომეცა.
– ხელოვანის დატვირთული ცხოვრება გაქვთ, როგორი დედა და მეუღლე ხართ?
– ყოველთვის ყველაფერს ვახერხებ. შვილები რომ პატარები იყვნენ, სამი წელი საერთოდ არ ვმუშაობდი. ის პერიოდი მოსკოვში ვცხოვრობდით, აქ მერე ჩამოვედით. ბავშვები ბაღში რომ დადიოდნენ, მე სამსახურში მივდიოდი. ღამე საჭმელს ვამზადებდი, დილით ვალაგებდი და რაღაცას ვახერხებდი, ხანდახან მეხმარებოდნენ. ძალიან მიყვარს საჭმლის კეთება, ნამცხვრების გამოცხობა და ამაზე არასდროს ვიტყოდი უარს. მერე ბავშვები ლონდონში გადავიდნენ. მამა ხუთი წელი ელჩი იყო და ჩემი შვილები მასთან ცხოვრობდნენ, მერე უკვე მეც იქ გადავედი და სამი წელი ჩემთან ერთად იყვნენ. სკოლაც იქ დაამთავრეს და უნივერსიტეტიც. ახლა ჩამოვიდნენ და აქ მუშაობენ.
– მეუღლე როგორ გაიცანით?
– ბავშვობიდან ვიცნობდი. პირველად საერთო მეგობრების წრეში რომ შევხვდი, მაშინ  თექვსმეტი წლის ვიყავი, მაგრამ წლების განმავლობაში არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. მოგვიანებით ისევ შევხვდით და მერე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. სიყვარული მალე გაჩნდა, სულ რომ გრძნობ გენატრება, გინდა მოეფერო და გაკანკალებს (იცინის). მაშინ მე 24 წლის ვიყავი, გია თორმეტი წლით უფროსია ჩემზე. სამი-ოთხი თვე ვხვდებოდით, მერე მივხვდით, რომ ერთად გვინდოდა ყოფნა და 28 წელია, ასე მოვდივართ.
– შვილები რას საქმიანობენ?
– ქალიშვილი ხატავს, პირველი პერსონალური გამოფენა ექვსი წლისას ჰქონდა. ორი წლიდან დაიწყო ხატვა, მთელი დღე იჯდა და ხატავდა. გამოფენისთვის 150 ნახატი ჰქონდა. მაგრამ მერე, სკოლაში რომ წავიდა, ნელ-ნელა მოეშვა, სხვა რაღაცებზე გადაერთო. მერე ლონდონში წავიდა და იქაც აღარ ხატავდა, მაგრამ რომ ჩამოვიდა, 25 წლის ასაკში ისევ დაიწყო და გამოფენაც გავაკეთეთ. მალე, ალბათ, კიდევ ერთს გავაკეთებთ. თუმცა, ეს მისი ჰობია, ისე, ბიზნესინგლისურს ასწავლის, ეკონომიური დაამთავრა ლონდონში და ძალიან ნიჭიერი ბავშვია, ხუთი ენა იცის. ბიჭს რაც შეეხება, ფსიქოლოგიას სწავლობს. მაგისტრატურა აქ დაამთავრა და ახლა დოქტურანტურაზე იქ აგრძელებს, თან, ძალიან უყვარს ელექტრონული მუსიკა. ხელოვნების გარეშე ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია.
– თქვენთვის რას ნიშნავს ისეთი ოჯახის შვილობა, რომლის თითოეული წევრიც ყველას ძალიან უყვარს?
– რა გითხრათ, ძალიან მიხარია, რომ ასეთი ოჯახი მაქვს, ასეთი მამა მყავს და ასეთი ძმა. მაგრამ ისინი ჩემთვის, პირველ რიგში, მამა და ძმა არიან. ამიტომ ისე ვერ აღვიქვამ, როგორც სხვები. დედაზე აღარ ვლაპარაკობ, ულამაზესი და უმშვენიერესი ადამიანი იყო.
– როგორი იყო მშობლების ურთიერთობა?
– ბავშვობაში არანაირი პრობლემა არ გვქონია, სულ სიყვარულსა და ბედნიერებაში გავიზარდეთ. არანაირი კონფლიქტები, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ორმოცდათერთმეტი წელი იყვნენ ერთად და სიყვარულის გარდა ერთმანეთისგან არაფერი მახსოვს. დღესაც მთელი სახლი ნანას ფოტოებითაა სავსე. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ჩემი მეგობრები დედაჩემთან უფრო მოდიოდნენ სალაპარაკოდ და ყავის დასალევად, ვიდრე ჩემთან (იცინის). ძალიან უყვარდა ხალხი და ყველასთან გახსნილი იყო. ძალიან მაკლია. თუ დედაჩემი სახლში არ იყო, იქ შესვლა არ მინდოდა და ახლა რა უნდა ვქნა?! როცა გარდაიცვალა, დედას ხელი ხელში მეჭირა, ის თვალებში მიყურებდა და ეს განცდა არასდროს დამავიწყდება. გელამ დამირეკა, გადმოდი, კარგად ვერაა, ვერ სუნთქვასო. გადავედი და ზუსტად თხუთმეტ წუთში გარდაიცვალა, სასწრაფომ მოსვლაც ვერ მოასწრო.
– ბატონი გელა როგორი მამაა?
– შესანიშნავი. ძალიან მიყვარს მასთან ურთიერთობა. უამრავ რამეს მიყვება. ბავშვობიდან ასე იყო, ყველგან თან დავყავდი და სულ რაღაცას მიყვებოდა. დღეს თუ რამე ვიცი, ყველაფერი მისი დამსახურებაა. მაშინ ვიმახსოვრებდი მაინც, ახლა ვეღარ ვიმახსოვრებ, მაგრამ მაინც მიყვება, ხან ორჯერ-სამჯერ (იცინის). სანამ წიგნს დაწერს, მე უკვე ვიცი ის ისტორიები, რომლებიც მასში შედის. ყოველ საღამოს მივდივარ მასთან, მარტო ცხოვრობს. ჩვენთან არ უნდა გადმოსვლა, ის სახლი უყვარს, დედაჩემი იქ იყო, მე და ირაკლი იქ გავიზარდეთ, იქიდან არსად წასვლა არ უნდა. საღამოობით ვვახშმობთ, ცოტა ღვინოს ვსვამთ და ვსაუბრობთ.
– შეიცვალა დედისა და ირაკლის წასვლის შემდეგ?
– ირაკლის შემდეგ ორივე შეიცვალა. დედას ყოველთვის თვალები უბრწყინავდა, მაგრამ ირაკლის მერე თვალები ჩაუქრა, სულ სხვა ადამიანი გახდა. მამას ნანას გარდაცვალების შემდეგ საერთოდ აღარაფერი უნდოდა. მესმის მისი. თუმცა, ძალიან შრომისუნარიანია. ნანას გარდაცვალების შემდეგ ხუთი წიგნი გამოსცა, დისკიც. ბოლო ექვსი წელი ძალიან ბევრი იმუშავა. ახლა საიუბილეო „ნაგერალას“ უშვებს.
– მარტო თქვენი ირაკლი როგორი იყო?
– ირაკლი ჩემი ძმაა, ძალიან თბილი, კარგი. ძალიან უყვარდა, როცა ერთად ვუსმენდით მის მუსიკას. პატარა რომ იყო, დაახლოებით, თორმეტი წლიდან, სახლში იჯდა და ლექსებს წერდა. ვგიჟდებოდი მის ლექსებზე. ირაკლის შემოქმედებაში ჩემთვის ყველაფერი ძალიან ახლოსაა. მუსიკის წერა რომ დაიწყო, სულ მოჰქონდა და მასმენინებდა. მის დაწერილ სიმღერებსა და მოთხრობებზე ბევრს ვსაუბრობდით ხოლმე. ბავშვობაზე სულ ერთი და იგივე ისტორია მახსენდება: სახლში ვუკრავდი, გამოვარდებოდა ოთახიდან, დატრიალდებოდა და ძირს დაეცემოდა. მივვარდებოდი, ირაკლი რა გჭირს-მეთქი და ის იწვა გაუნძრევლად, მკვდარივით. ვერც ხმას ამოაღებინებდი, ვერც გააცინებდი, ერთადერთი რაც შველოდა, ვუღუტუნებდი ხოლმე და აი, მაშინ იწყებდა სიცილს. მაგრამ მე ძალიან განვიცდიდი, მართლა მკვდარივით იყო და ყოველ ჯერზე ვფიქრობდი: ახლა მართლა მოკვდა-მეთქი. მაბრალებდა, გელას რომ „ჟუაჩკები“ ჩამოჰქონდა, შენ მიმალავდი და არ მაძლევდიო. არადა, ერთნაირად გვაძლევდა, მაგრამ ის სწრაფად ღეჭავდა, მე ვინახავდი და ჩუმ-ჩუმად ვიზოგავდი (იცინის).
– თავის სიყვარულის ისტორიებს გიზიარებდათ?
– სხვათა შორის, არა. ბავშვობაში ერთი გოგო უყვარდა ძალიან და ელოდებოდა ხოლმე. პირველი ცოლი ქეთი ქობულია იყო – ირაკლი სახლში იჯდა, ლექსებს წერდა და მის ზარს ელოდა. მერე მის ცხოვრებაში ლენა გამოჩნდა – მაქსიმეს დედა და შესანიშნავი მაქსიმე გვყავს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. ქართული მშვენივრად იცის და ჩამოდის ხოლმე. მერე ქეთათო და ნანა გაჩნდა. ნანა ორი წლის იყო, როცა ირაკლი გარდაიცვალა. სამსახურიდან სახლში მოვედი და მეუღლემ მითხრა, რაც მოხდა. ეს გრძნობა საშინლად მახსოვს, ძალიან მძიმე იყო, წარმოუდგენელი. დედაჩემს და მამაჩემს რომ ვუყურებდი... კარგია, რომ ირაკლიმ ბევრი რამ დატოვა, თუმცა, კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეეძლო და ამაზე მწყდება გული. ბოლოს რომ ვნახე, მითხრა, იმდენი მელოდია მაქვს თავში... ას ორმოცდაათიო და დაწერე-მეთქი, ვუთხარი. არა, ვერ ვასწრებო, რამდენიმე დღე იყო დარჩენილი მის გარდაცვალებამდე, არ ვიცი, გრძნობდა, რომ რაღაც დაემართებოდა?! მისი წასვლის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი, თავიდან, რაღაც პერიოდი, სულ მის მუსიკას ვუსმენდი. ახლა პირიქით ვარ, ვეღარ ვუსმენ, მაშინვე ტირილს ვიწყებ. მაშინ თითქოს მავსებდა და ორი წელი სულ ყურსასმენებით დავდიოდი. ახლა, „მოდი წავიდეთ“ რომ მესმის, ამქვეყნად აღარაფერი მინდა, საშინელი განცდაა.
– ერთად სიმღერის სურვილი არ გაგჩენიათ?
– როცა პატარები ვიყავით, ვმღეროდით. ჯერ – პიონერთა სასახლეში, ირაკლი 13 წლის იყო, მე 9-ის. მერე კონცერტები ჰქონდა ხოლმე მეგობრებთან – დათო ევგენიძესთან, გია მირზაშვილთან და ბევრ სხვასთან. იქ სულ ერთად ვმღეროდით, მაგრამ უკვე პროფესიონალურად – აღარ. ჩემი ტემბრი მძიმეა, ირაკლისას ჰგავს და ორი მსგავსი ხმა ლამაზი არ იქნებოდა.
скачать dle 11.3