კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რატომ არის ლაშა რამიშვილი ტირანი მამა და რა წუმპიდან ამოიყვანა ის მეუღლემ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ლაშა რამიშვილი – მსახიობი, რომელიც ეკრანზე ყოველთვის ლაღ და მხიარულ ამპლუაში გვევლინება, როგორც ამბობს, ოჯახში საკმაოდ მკაცრი და მეტიც, ტირანული მეთოდებით გამოირჩევა. მასთან საუბარი სიახლეებითა და სადღესასწაულო თემებით დავიწყეთ.
ლაშა რამიშვილი: იანვრის ბოლოს უზარმაზარი პრემიერა გვექნება და ვემზადებით. ეს იქნება მუსკომედიის თეატრის კიდევ ერთი მიუზიკლი, კიდევ ერთი ბომბა და მასში თქვენი მონა-მორჩილიც მონაწილეობს. უკვე თხუთმეტი წელია ახალ წელს სახლში ვერ ვხვდები, ჩემი სფეროს წარმომადგენლებისთვის ეს ყველაზე დატვირთული პერიოდია. სამწუხაროდ, ჩემმა ბავშვებმა არ იციან, რას ნიშნავს ახალ წელს მამა სახლში, სამაგიეროდ, საჩუქრები მისდით. ლაშა-გიორგი უკვე თერთმეტი წლის კაცია და ხვდება, რომ ეს მამას სამსახურია. მართა ცოტა აპროტესტებს, გარდამავალ ასაკშია, შვიდი წლის და ცოტა ეგოისტური მომენტები სჭარბობს მასში. ყველაზე ნაბოლარასთვის, ერეკლესთვის მთავარია მანქანა, „კუბიკერი“ და შოკოლადი. დანარჩენს ყველაფერს დათმობს (იცინის).
– აქამდე მხოლოდ მამა მიდიოდა და ახლა როგორც ვიცი, დედაც არ იყო, როგორ შეეგუენ ამას?
– ჩვენს ოჯახში უკვე ტრადიცია ჩამოყალიბდა. ამას ვაკეთებ ყოველ 21 აპრილს, მეუღლის დაბადების დღეს. ორი წელია, ბელას დაბადების დღეს საქართველოში არ ვხვდებით. წინა წელს პარიზში ვიყავით, ეს იყო მისი საჩუქარი და წელს, რადგან საქმის გამო 21 აპრილს ქვეყნიდან ვერაფრით ვერ გავალ, გადავწყვიტე, დაბადების დღე ცოტა გადმომეწია. მაგრამ ზუსტად ვიცი, საჩუქარი მაინც შემახმება ხელში (იცინის). მარტო ვერ გავუშვებ, მერე უნდა ვინერვიულო, მე მიყვარს ყველაფერი თავის ადგილას რომაა. ქალბატონს რომ უცხო ქალაქში მარტო გაუშვებ, რამე რომ გაუჭირდეს, ამხელა დისტანციიდან მალე ვერ მივალ.
– როგორც ჩანს, მეუღლეს შენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს...
– გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ გამეორება ცოდნის დედაა – ქალი არის ოჯახის ხერხემალი და კისერი. ჭკვიანი ქალი ისე გააკეთებს ყველაფერს, რომ მისი ოჯახი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყოს. ჩემმა მეუღლემ კარგად იცის, სად როდის და როგორ. მე ურთულესი ადამიანი ვარ, შეიძლება, ერთ წამში შემეცვალოს ხასიათი, გავღიზიანდე და მან ზუსტად იცის, როდის რა არის საჭირო. ანალოგიურად, მე ვცდილობ, ის იყოს ბედნიერი და ერთმანეთს ვავსებთ. თვითონ არასდროს იტყვის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რა სჭირდება. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, მე მენატრებიან შეყვარებულები, რომლებიც ხელიხელჩაკიდებულები დადიან ქალაქშიო და მე და ბელას უკვე მეცამეტე წელია, ეს ტრადიცია გვაქვს. შეიძლება, ხშირად ვერ მოვახერხოთ, მაგრამ როცა შეგვიძლია, აუცილებლად ვაკეთებთ. ქალბატონებს ყველაზე მეტად ღიმილი, მოფერება, გულში ჩახუტება სჭირდებათ და ცოტა – მატერიალურიც (იცინის). ეს – ჩემი გადმოსახედიდან, მაგრამ მათი გადმოსახედიდან გუდას თავი არ აქვს (იცინის).
– რა არის საჭირო ასეთი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ამდენი წლის განმავლობაში არ გქონიათ რთული მომენტები?
– როგორ არ ყოფილა. ჩემი მეუღლე სამსახურიდან რომ წამოვიდა, სახლში ბავშვებს უვლიდა და თავს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, მაგრამ, როცა ქალი საკუთარი თავის რეალიზებას მხოლოდ სახლში ახერხებს და პროფესია გვერდზე აქვს გადაწეული, ცოტა სახამუშო ამბავია. სულ ვამბობ, რომ საშინელი პროფესია გვაქვს, არცერთი დღესასწაული ჩვენთვის არაა, მაგრამ ის რომ ხელიდან გამომეცალოს, მე ცარიელი ლეში დავრჩები. მეუღლე რომ სამსახურიდან წამოვიდა, ჩვენ არაფერს ვაგრძნობინებდით, მაგრამ თვითონ მიიჩნევდა თავს  ფუნქციადაკარგულად, დააკლდა ის ყველაფერი. ახლა დაბრუნდა, თეატრალურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ განყოფილებაში მუშაობს და ძალიან აქტიურია.
– შენი ხასიათის სირთულე რაში გამოიხატება?
– მაგალითად, დღეს ტელევიზორის პულტი არ მუშაობდა. თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ შვიდი საათიდან რომ სახლიდან ვარ გამოსული, საღამოს პულტი ლუმინალის ფუნქციას ასრულებს. ჰოდა „ნერვული შეტევა“ დამემართა. მეუღლემ, დამშვიდდი, არ არის პრობლემა, გაკეთდებაო. დილით ჩავიდე ჯიბეში, წამოვიღე და საღამოს მივიტან სახლში. მიმართვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – მე რომ ემოციებში ვიყავი, ისიც რომ ამყოლოდა, საშინელება იქნებოდა, მაგრამ მისი წონასწორობა მაბალანსებს. ასეა ბავშვებთანაც. მე მათთან ურთიერთობაში ძალიან მომთხოვნი და მკაცრი ვარ.
– ტირანიც ყოფილხარ, რას ნიშნავს ეს?
– კი ასეა. ჩემთვის ცხრიანი დაბალი ნიშანია, რვიანი – კატასტროფა. ბავშვებს ყოველთვის ვეუბნები, ზაფხულის არდადეგები და საერთოდ, ყველა საჩუქარი თქვენზეა დამოკიდებული-მეთქი. წლის ბოლოს თუ ყველა ათიანი ჰყავთ, სურვილები უსრულდებათ. უმცროსი მინდას რომ იტყვის, მერე აღარაფერი ესმის, მაგრამ ჩემთან ეს არ გასდის. აი, მართას რაც შეეხება, ჯობს ათი ბიჭი გყავდეს, ვიდრე ერთი გოგო (იცინის). მე თუ რამეს ვეტყვი, მაშინვე ითვალისწინებს, მაგრამ თუ დედამ უსაყვედურა, მაშინვე ტირილს იწყებს და ვის მხარზე უნდა იტიროს? რა თქმა უნდა, მამის მხარზე (იცინის). საერთო ჯამში, სამივე შვილთან ძალიან ტირანი და მომთხოვნი ვარ. შეიძლება, შვიდი წლის ბავშვს ლოგინის გასწორება მოსთხოვო სკოლაში წასვლამდე?! მე რომ მისხელა ვიყავი, რა ლოგინის გასწორებაზეა საუბარი, ყირაზე მქონდა სახლი (იცინის). სამაგიეროდ, არაფრის ნაკლებობას არ განიცდიან.
– მეუღლემ წუმპიდან ამომიყვანაო. რას ნიშნავს ეს?
– წუმპე გახლავთ ტალახიანი წყალი. ოცი-ოცდაერთი წლის ასაკში საკმაოდ ისეთ გარემოცვაში ვიყავი, რომელსაც შეეძლო, მთელი ჩემი ცხოვრება ცუდი მიმართულებით ამოეტრიალებინა. ეს იყო ადამიანი, რომელთან ერთადაც არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ამას მაშინ ვერ ვაცნობიერებდი. სხვა მხარეს მივდიოდი, ატორღიალებული ვიყავი ქალბატონებზე. ბოდიში, რომ ამ თემაზე ვსაუბრობ, მაგრამ ქალთა სქესი ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა. ქალბატონებს ძალიან დიდი ძალა გაქვთ. კაცის ხელით, მაგრამ ქალის სიტყვით ტრიალებს დედამიწა. ალბათ, თქვენ ვერ გრძნობთ ამ ძალას, მაგრამ შეგიძლიათ, მთლიანად ამოატრიალოთ კაცის ცხოვრება. მე მის კლანჭებში მოვხვდი თბილი სიტყვიდან და ქცევიდან გამომდინარე. ორჯერ სახლიდანაც გამოვიქეცი ფუთაშეკრული. იმ პერიოდში სრულიად მარტო ვიყავი, სანაგვეში ჩავარდნილი ტიპი, რომელსაც გვერდში არავინ ჰყავდა. ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეული იყო, ვაცნობიერებდი, რომ გვერდით დამლაპარაკებელი არ მყავდა. მაგრამ მერე გამოჩნდა ქალი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეატრიალა და მე ვფიქრობ, რომ ახლა სწორ გზაზე ვდგავარ. მეუღლის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება პირველივე ნახვისას გამიჩნდა. მან ჩემი მარტოობა დაანგრია. შეიძლება, ახლა ფრთაშესხმული ანგელოზი არ ვარ, მაგრამ რომ არა ბელა ნოზაძე-რამიშვილისა, მე ასეთი ოჯახი არ მექნებოდა. შეიძლება, ოჯახი საერთოდ არ მყოლოდა და აწეწილ-დაწეწილი ცხოვრება გამეგრძელებინა. ალბათ, აქაც არ ვიცხოვრებდი. მან საელჩოში შესული კაცი მომაბრუნა და მისი დამსახურებაა, რომ დღეს ასეთი ცხოვრება მაქვს – ყველა თვალსაზრისით.
скачать dle 11.3