კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 ცოდვების საზღაური

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– დაბრძანდი, ძმაო და დაელოდე. მამა თომა  მალე მოვა, – უთხრა ახალმოსულს მორჩილმა და მამათა მონასტრის სატრაპეზოში, ტაბურეტზე მიუთითა. თავად კი გარეთ გავიდა.
მამათა მონასტერი რუსეთში, ციმბირის ტაიგის ძნელად მისადგომ ადგილას მდებარეობდა. მონასტრის წინამძღოლი 39 წლის მამა თომა იყო, ბერი, რომელიც 33 წლის ასაკში აღიკვეცა და სულ რაღაც ექვსი წლის განმავლობაში განვლო გზა რიგითი მორჩილობიდან ერთ-ერთი უდიდესი მონასტრის წინამძღოლობამდე. წინამძღოლი თომა ერისკაცობაში თამაზ გიორგობიანი იყო, ეროვნებით – ქართველი, თბილისში დაბადებული და გაზრდილი. სიჭაბუკეშივე კარგად ცნობილი პიროვნება. მისი მომლოდინეც ქართველი იყო, შორეული თბილისიდან ჩამოსული – 26 წლის ნოდარ ჯაიანი.
– მშვიდობა თქვენს მობრძანებას, – მოესმა ზურგსუკან ნოდარს და მკვეთრად შეტრიალდა.
სატრაპეზოში ოდნავ ჭაღარაშერეული, ბერულად შემოსილი  მამაკაცი იდგა და ნოდარს უყურებდა. ახალმოსული წამოდგა. მონასტრის წინამძღოლს მიუახლოვდა და უაქცენტოდ, სუფთა რუსულით უთხრა:
– დამლოცე, მამაო!
თომამ პირჯვარი გადასახა სტუმარს და უთხრა:
– ღმერთმა დაგლოცოს, შვილო ჩემო. რამ მოგიყვანა ამ სიშორეზე, თქვი, გისმენ...
მამა თომას სტუმარი მორიგი მომლოცველი ან ყოფილი პატიმარი ეგონა, ასეთები მას ხშირად აკითხავდნენ და სულიერ მხარდაჭერას სთხოვდნენ. თომა კი მთელი არსებით ეხმარებოდა მათ და ამის გამო სათნო, ღვთისნიერი ადამიანის სახელი  შორს ჰქონდა გავარდნილი.
სტუმარმა მშვიდად შეათვალიერა მონასტრის წინამძღოლი და მას უკვე ქართულ ენაზე უთხრა:
– თბილისიდან გეახელით, მამაო.
მოულოდნელობისგან ბერი შეცბა. მშობლიური ენა მას ექვსი წელია, არ გაეგონა, არც თვითონ ულაპარაკია. სტუმარს თვალებში ჩახედა და მიუგო:
– დიდება შენს მობრძანებას, შვილო ჩემო. ამ სიშორეზე რამ ჩამოგიყვანა. როგორ მოგმართო?
– აქ მხოლოდ და მხოლოდ თქვენს სანახავად ჩამოვედი. ნოდარ ჯაიანი ვარ. ჩემი უფროსი და, თამარი, თემურ გიორგობიანის, თქვენი ტყუპისცალის მეუღლეა.
ტყუპისცალის ხსენებაზე მონასტრის წინამძღოლს ნაღვლიანად გაეღიმა და ნოდარს უთხრა:
– თემური თორმეტი წელია, არ მინახავს. ალბათ, მოზრდილი შვილები ეყოლება.
– ათ-ათი წლის ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს, მამაო – თამაზი და ნანა. ეს სახელები თქვენი და დედათქვენის პატივსაცემად დაარქვა.
– მეუღლე როგორ ჰყავს ჩემს ტყუპისცალს?
– კარგად. რა, უჭირს თამარს, – ნაღვლიანად თქვა ნოდარმა და დაამატა, – ფეხმძიმედაა და ორ თვეში უნდა იმშობიაროს.
– მადლობა უფალს. ღმერთმა მშვიდობიანად მოალოგინოს ჩემი რძალი. თემური როგორაა?
ნოდარს ცრემლი მოერია. თავი ჩაღუნა და ამოილუღლუღა:
– თემური ორი თვის წინ დაიღუპა.
მამა თომას ერთბაშად გამოელია ძალა და რომ არ წაქცეულიყო მუხის მაგიდას დაეყრდნო და გულში ძმის მოსახსენებელი ლოცვა წარმოსთქვა. რომ დაასრულა, ცოტა ღონე მიეცა და ნოდარს ჰკითხა:
– რა შეემთხვა თემურს.
– მოკლეს, – მიუგო ნოდარმა.
***
39 წლის თემურ გიორგობიანი თბილისის ცენტრში, საბურთალოზე, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ჩაცხრილეს. დილით, როდესაც თემური სამსახურში მიდიოდა და ლიფტიდან გამოვიდა, ნიღბიანმა ქილერმა მაყუჩიანი პისტოლეტიდან ექვსი ტყვია ესროლა თავსა და მკერდში. შემდეგ სადარბაზოდან გავიდა და მოტოციკლით გაუჩინარდა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობისა და გაქცევის მომენტები ვიდეოთვალმა დააფიქსირა. პოლიციამ ქილერის იდენტიფიკაცია ვერ მოახერხა. ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ მკვლელობა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით ჩაიდინეს და ქილერი „ჰონდას“ მოტოციკლით გადაადგილდებოდა. თუმცა, ვერც „მაკაროვი“ აღმოაჩინეს და ვერც „ჰონდა“.
დანაშაულის სურათი აშკარად იმაზე მიუთითებდა, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო. თუმცა, თემურის ბიოგრაფია და მისი მატერიალური მდგომარეობა აშკარად ეწინააღმდეგებოდა ამ ვერსიას. თემურს არც მტრები ჰყავდა და არც ფული ჰქონდა, რომ ვინმეს მოეკლა. თემურ გიორგობიანი პროფესიით არქიტექტორი იყო. კერძო ფირმაში მუშაობდა და შეკვეთების შემოსავლის პროცენტებით არჩენდა ოჯახს. ეს თანხა კი ყოველთვიურად ორი ათასი ლარი იყო და სასაცილო იყო იმაზე ფიქრი, რომ თემური ფულის გამო მოკლეს. გამომძიებელი, რომელსაც მკვლელობის საქმე მიჰყავდა, თანამიმდევრულად, სიღრმისეულად გაეცნო მოკლულის ბიოგრაფიასა და ერთმნიშვნელოვნად უთხრა ზედამხედველ პროკურორს:
– აბსურდამდე მივდივარ, ბატონო პავლე. საიდან აღარ მივუდექი, რომ ერთი „იაღლიში“ მაინც მეპოვა მოკლული გიორგობიანის ბიოგრაფიაში, რაც საშუალებას მომცემდა, შურისძიების ვერსიაზე მემუშავა, მაგრამ ამაოდ. რომ იტყვიან, ის ცხონებული კრისტალივით სუფთა ადამიანი იყო და მტრები არ ჰყავდა. ხოლო ორი ათასი ლარის გამო კი შეკვეთილ მკვლელობას არავინ ჩაიდენდა. არა და, ეს რომ შეკვეთილი მკვლელობაა, წყალი არ გაუვა და თქვენ თვითონვე პირველმა თქვით ეს. მოკლედ, არ ვიცი, რა ვქნა, ისეთ ჩიხში ვარ შესული, რომ გამოსავალს ჯერჯერობით ვერ ვხედავ.
პავლე კუცია – ზედამხედველი პროკურორი, ძველი გამოცდილი და მრავლისმცოდნე  გამომძიებელი იყო. გაეღიმა და ახალგაზრდა ირაკლი ჟვანიას, რომელიც ამ მკვლელობას იძიებდა, უთხრა:
– აბა, მე გეტყვი ჩემს ვერსიას და ერთად გავიაროთ მთელი დანაშაულის სურათი.
– ბრძანეთ, ბატონო პავლე, – მიუგო ჟვანიამ კუციას.
– საცოდავი თემურის მკვლელობა ქილერის შეცდომაა და მეტი არაფერი. მკვლელს ობიექტი შეეშალა, – უთხრა კუციამ თავის უმცროს კოლეგას და გამომცდელი მზერა მიაპყრო.
– ეგ როგორ, ბატონო პავლე? – მხრები აიჩეჩა ჟვანიამ, – ხომ აშკარაა, რომ მკვლელს არავინ უშლიდა ხელს თავისი მსხვერპლის დათვალიერებაში და როგორ შეეშლებოდა? ბოდიშს გიხდით, მაგრამ  თქვენს მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე შეშლილი მანიაკიც კი მოქმედებდა. ხომაა ადამიანების ისეთი კატეგორია, რომლებსაც თავი მოუხელთებელ ქილერებად წარმოუდგენიათ. ტყუილუბრალოდ ხოცავენ ადამიანებს. ტკბებიან ამით და შეიძლება, ეს სულაც მანიაკმა ჩაიდინა.
– მანიაკი არა, კვატი, – ირონიით თქვა კუციამ და დააყოლა, – მოკლულის ბიოგრაფია შევისწავლეო, რომ ამბობ, მის ოჯახზე თუ შეიტყვე რაიმე?
– როგორ არა. ჰყავს ფეხმძიმე მეუღლე და ქალ-ვაჟი – ათ-ათი წლის ტყუპები, – მიუგო ჟვანიამ.
– მეტი არაფერი?
– არა. მეტი არაფერი, – თავი გააქნია ჟვანიამ.
– მაშინ, მე მომისმინე ახლა. საცოდავ თემურს ტყუპისცალი ძმა ჰყავს – თამაზ გიორგობიანი, მეტსახელად „კაჟი“. ისინი გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. ჰოდა, ჩემო ბატონო, ეს „კაჟი“ თავიდანვე პირწავარდნილი ბანდიტი იყო. ძარცვისთვის სამჯერ ნასამართლევი, რეციდივისტი. კომუნისტების დროს, პოლიციას ჯერ კიდევ მილიცია რომ ერქვა, მაშინ დავიწყე მუშაობა ახალგაზრდა ოპერად და იმ ოპერატიული ჯგუფის წევრი ვიყავი, ვინც მძარცველთა ბანდა აიყვანა, სადაც 17 წლის არასრულწლოვანი „კაჟიც“ ირიცხებოდა. მაშინ მას სამი წელი მისცეს და „სროკი“ ბოლომდე მოიხადა. „კაჟის“ აყვანა მეორედაც მე მხვდა წილად  და მაშინ უკვე რვა წელი მოიხადა. მესამედ რუსეთში დააპატიმრეს და რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და დამოუკიდებლები გავხდით, მასთან აქტიური შეხება აღარ მქონია. თუმცა, მომივიდა ხმები, რომ მესამე „სროკიდან“ რომ გამოვიდა, ეკლესიურ ცხოვრებას მიჰყო ხელი და გამოსწორდაო. ამიტომ, ჩემო ირაკლი, მგონია, რომ საცოდავი თემური თამაზში, ანუ „კაჟში“ შეეშალათ და მის მაგივრად გაისტუმრეს  საიქიოში. თემურს კარგად ვიცნობდი. თავის ძმას აკითხავდა ხოლმე ციხესა და მილიციაში. ეტყობოდა, რომ უწესიერესი ადამიანი იყო. სხვათა შორის, არც „კაჟი“ იყო „კრისა“ და სასტიკი, როგორც უმეტესი მისი მოძმე. სამართლიანობაც ესმოდა და მისი გატანაც შეეძლო. ამის გამო კი არაერთი საშიში ადამიანი გადაიკიდა და ვფიქრობ, რომ სწორედ რომელიღაც მათგანმა იძია შური, თუმცა შეცდომით. ამიტომ ხელის ჩასაჭიდის პოვნა და ამ კვანძის გახსნა შესაძლებელია. მთავარია, არ დაგეზაროს. ყურადღებით ეძებო და დარწმუნებული ვარ, სწორ გზაზე აუცილებლად გახვალ. მოკლედ, არქივებში უნდა იმუშავო.
– თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ჩვენს არქივებში მხოლოდ ორი საქმე უნდა იყოს და მათ შევისწავლი, მაგრამ მესამედ თუ რუსეთში დაიჭირეს, იმას როგორ მივუდგე? – ჰკითხა ჟვანიამ კუციას.
– მესამე საქმე აქ დაიწყო და რუსეთში გაგრძელდა, სადაც შემდგომ დაიჭირეს, „გასროკეს“ და ჩვენ აღარავინ შეგვხმიანებია. სხვათა შორის, იმ საქმეს მე ვიძიებდი და პირად ნომერს გეტყვი. რაც აქ მქონდა გამოძიებული, იმის მასალების ასლები აქ დარჩა. რუსეთში კი დედნები გაიგზავნა. რა თქმა უნდა, იმავე ნომრით და გასაცნობად, შეგვიძლია, რუსული არქივებიდან გამოვითხოვოთ.
– მოგვცემენ? – იკითხა ჟვანიამ.
– ვფიქრობ, რომ მოგვცემენ, ოღონდ, დედნებს არა, ასლებს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, შინაარსს გაეცნო და ხელჩასაჭიდი იპოვო. ეს კი ამ მკვლელობის შემკვეთზე გაგვიყვანს.
– ბატონო პავლე, სანამ არქივებს ჩავუჯდები, თუ მოსკოვი გამოგვიგზავნის და მესამე საქმეს გავეცნობი, იქნებ იმაზე მომიყვეთ, რაც თქვენ გქონდათ გამოძიებული? – უთხრა ჟვანიამ კუციას, რომელსაც გაეღიმა და მიუგო:
– კეთილი. მომისმინე და დაიმახსოვრე, – პავლე კუციამ ჩაახველა და დაამატა, – „კაჟი“ რომ მეორე „სროკიდან“ გამოვიდა, ახალგაზრდობის მიუხედავად, დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. მართალია, ქურდი არ იყო, მაგრამ მის სიტყვას შავებში დიდი წონა ჰქონდა. ქურდობა კი მან, უბრალოდ, არ მოისურვა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მას კარგად ორგანიზებული, შეიარაღებული ბანდა ჰყავდა. ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ რომ იტყვიან, ძალიან კვალიფიცირებულები და მათ მოხელთებას ფაქტზე ვერ ვახერხებდით. აქ, საქართველოში, სულ ერთი წელი იტრიალეს და შემდეგ რუსეთში გადაიხვეწნენ. სისხლის სამართლის საქმე კი, რომელსაც მე ვიძიებდი, იუველირ დავრიშევის ძარცვის ფაქტზე აღვძარით. თუმცა, მასში თავად „კაჟი“ არ იყო მხილებული. ჩვენ ვინმე ტიტე ღვინჯილია დავაკავეთ. ის კი „კაჟის“ ბანდის წევრი იყო და ჩვენ ეს კარგად ვიცოდით. დანაშაული ვერც ღვინჯილიას დაუმტკიცდა და ის მხოლოდ იარაღის ტარებისთვის „გავსროკეთ“. თუმცა მალევე გათავისუფლდა და როგორც უკვე გითხარი, საქართველოდან მთელი ბანდა წავიდა. ცოტა ხანში მოსკოვიდან მოთხოვნა მოგვივიდა, რომ ღვინჯილიას საქმე მათთვის გადაგვეგზავნა. მე ასლები დავამზადე და დედნები მათ გავუგზავნე. ცოტა ხანში საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენ არავინ შეგვხმიანებია. თუმცა, გავიგე, რომ მოსკოვის მილიციას „კაჟი“ და მთელი მისი ბანდა აუყვანია და მსხვილი საქმეები გაუხეთქავთ. აი, სწორედ ამიტომ მგონია, რომ იქ რაღაც სერიოზული მოხდა და იმ ამბების გამოძახილია საცოდავი თემურის შეცდომით მკვლელობა.
– საინტერესოა, – თქვა ჟვანიამ და დაამატა, – ახლავე შევუდგები ამ ხაზით მუშაობას.
***
ნოდარ ჯაიანი დაწვრილებით მოუყვა მამა თომას თემურის მკვლელობის ამბავს და ბოლოს უთხრა:
– გამომძიებელი შოკშია. ასე ამბობს, არაფერი მესმის და ან ვიღაცამ შემთხვევით მოკლა, ან ეს საშინელება ვიღაც შეშლილმა მანიაკმა ჩაიდინაო.
– გამოძიებელს რა ჰქვია? – ჰკითხა ნოდარს მამა თომამ.
– ირაკლი ჟვანია. პატარა ბიჭია. ჩემზე ახალგაზრდა, – მიუგო ნოდარმა.
– ზედამხედველი პროკურორი არ ჰყავს?
– დიახ. ჰყავს. პავლე კუცია, – მიუგო ნოდარმა.
კუციას ხსენებაზე მამა თომას გაახსენდა, თუ როგორ დააპატიმრეს ის პირველად. მაშინ, როცა სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის იყო და კალეიდოსკოპური სისწრაფით გაიარა მის წინ მთელმა მისმა თვრამეტწლიანმა დანაშაულებრივმა კარიერამ, როდესაც ის ავტორიტეტი „კაჟი“ იყო და თხუთმეტი წელი საპყრობილეებში გაატარა. ნოდართან საუბრისას მამა თომა მივხდა, რომ არც ნოდარმა და არც მისმა დამ თამაზ გიორგობიანის წარსულზე არაფერი იცოდნენ. თემურს ლაყბობა არ უყვარდა და ძმის წარსულზე არავის არაფერს უყვებოდა. დაინტერესებულებს კი მოკლედ პასუხობდა: თამაზი უკვე დიდი ხანია, ეკლესიურად ცხოვრობს და რუსეთის ერთ-ერთ შორეულ მონასტერშიაო. მან მშვენივრად უწყოდა მონასტრის ადგილმდებარეობა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, არავის უმხელდა. ნოდარმა, ვინც მამა თომას თემურის წერილი ჩაუტანა, ისიც კი არ იცოდა, რომ ის მამათა მონასტრის წინამძღოლი იყო და რიგითი ბერი ეგონა. მამა თომა ამასაც მიხვდა და როდესაც ნოდარი გაჩუმდა, მას ჰკითხა:
– ახლა ის მითხარი, შვილო, თუ როგორ მომაგენი აქ?
 ნოდარმა ქურთუკის ჯიბიდან დაბეჭდილი წერილი ამოიღო, რომელზეც ეწერა, – პირადად მამა თომას, ჩემს ტყუპისცალს. ქვემოთ კი ზუსტად იყო მითითებული, თუ როგორ უნდა მისულიყო შუაგულ ტაიგაში მდებარე მამათა მონასტერში.
– აი, მამაო, ამის გადმოსაცემად გეახელით. ეს წერილი თემურმა დაღუპვამდე სამი დღით ადრე გადმომცა და მითხრა, – შენთან იყოს და მე თვითონ გეტყვი, ჩემს ძმას როდის უნდა ჩაუტანოო. მანამდე მე ისიც კი არ ვიცოდი, თუ მას ძმა ჰყავდა. ხოლო, როდესაც ის ასე ტრაგიკულად დაიღუპა, აშკარა გახდა, რომ აქ უნდა ჩამოვსულიყავი. აი, ინებეთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3