კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 მეგობარი მტრები

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #1(940)

ამ შეკითხვამ დამაფიქრა და თითქოს რაღაც ისეთი მენიშნა, რისთვისაც სხვა დროს ყურადღება არ მიმიქცევია. კარგა ხანს ვიფიქრე და მხოლოდ მერე გავეცი პასუხი:
– მთლად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ, როცა თათბირი გვაქვს ხოლმე, ლორას განსაკუთრებით გამომწვევად აცვია – საკმაოდ მოკლე კაბა ან ძალიან მოტკეცილი შარვალი და საკმაოდ ღრმა დეკოლტე.
– სულ ეს არის?
– არა. როდესაც თავისი ანგარიშის ფურცლებს მაგიდაზე უდებს, ისე დაიხრება ხოლმე, ლამის მთელი მკერდი ბექას მაგიდაზე ამოუვარდეს.
– შენზე რას ეუბნება ხოლმე?
– თათბირზე?
– ჰო, თათბირზე. აბა, ისე რას ეუბნება, შენ საიდან გეცოდინება!
– პრინციპში, ცუდს არაფერს.
– მაგალითად?
– მაგალითად, საკმაოდ კეთილი ღიმილით შემომხედავს ხოლმე და ამბობს, რომ ძალიან მონდომებული ვარ, ძალიან ვცდილობ. შეიძლება, ყველაფერი მაღალ დონეზე არ გამომდის, მაგრამ დაუზარელი ვარ, არ „ვსაჩკაობ“ და, ეჭვი არ ეპარება, რომ რამდენიმე წელიწადში ჩემგან კარგი პროფესიონალი დადგება.
– აჰა... ესე იგი, რამდენიმე წელიწადში, არა?! მერე, ბექას რა რეაქცია აქვს ამაზე? – წარბები ისე აქაჩა მაგდამ, რომ მე შემეშინდა.
– რა ვიცი. ცოტა გაკვირვებულია, მაგრამ მაინც საყვედურნარევი მზერით გამომხედავს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ სულ ათიოდე წუთის წინ ჩემს პროფესიულ ალღოსა და ნიჭიერებას აქებდა.
– თათბირის შემდეგ დღეებში როგორ გექცევა ბექა, ისევ ისეთი სიმპათიებითა და პატივისცემის გამოხატვით? – ჩამეძია მაგდა.
– არა, გაცილებით უფრო ნელთბილად, – ვთქვი და მხოლოდ მაშინ მივხვდი, ამ ნელთბილობის ნამდვილ მიზეზს.
– ახლა ორ კითხვაზეც მიპასუხე და თავს დაგანებებ, – უცნაური ტონით მითხრა მაგდამ, – რა ქონების პატრონია ან ერთი და ან მეორე?
– ვინ ერთი და მეორე, ლორა და ბექა?
– ოჰ, ღმერთო ჩემო! რა უბედურებაა ეს კითხვების შებრუნება! აბა ვისზე ვლაპარაკობდით ორი წამის წინ?
– მე რა ვიცი? და, საერთოდ, ვერ გავიგე, მთელი საათია, დაკითხვას მიწყობ, თითქოს გამომძიებელი ხარ და გინდა, რომ რაღაცაში გამომტეხო! – ცრემლი ქაღალდის ხელსახოცით მოვიწმინდე და დიდ პლედში გავეხვიე, – აღარაფერს აღარ გეტყვი, თავი დამანებე!
– ეს ბოლო კითხვაა, შენს თავს გეფიცები! – ყელი ორი თითით გამოიწელა მაგდამ.
– მართლა აზრზე არა ვარ. ლოგიკურად, გაჭირვებული არცერთი არ უნდა იყოს. ორივე კარგი მანქანით დადის. გამიგია, რომ ორივეს ქალაქის ცენტრში აქვს ბინა, მაგრამ როგორი – არ ვიცი. ორივეს ნორმალურად აცვია... მეტი ინფორმაცია არ მაქვს.
– და ახლა მართლა ბოლო კითხვას დაგისვამ: ბექამ სიყვარული თუ აგიხსნა ან ხელი თუ გთხოვა? ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი, ერთხელ მაინც თუ დაგპატიჟა კაფეში, ეგრეთ წოდებულ რომანტიკულ ვახშამზე, ან, სულაც, შესვენებაზე, ერთად სადილობა თუ შემოგთავაზა? არასდროს არაფერი უჩუქებია?
– ეს ერთი კი არა, ასი კითხვაა, მაგრამ, კარგი, ყველაზე გიპასუხებ: მითხრა, მინდა, შენნაირი გოგო გახდეს ჩემი ცხოვრების თანამგზავრიო (გეთანხმები, ცოტა არქაულად გამოუვიდა); მერე მითხრა, იმედია, ამ საკითხზე იფიქრებ და, თუ შენც არა ხარ ჩემ მიმართ გულგრილი, პასუხს უახლოეს მომავალში მეტყვიო. რამდენიმე დღის შემდეგ სამსახურის მერე ერთ პატარა რესტორანში დამპატიჟა ვახშამზე, ოღონდ, გამაფრთხილა, არ მინდა, სამსახურში ვინმემ გაიგოსო და ძალიან კონსპირაციულად გავედით შენობიდან ცალ-ცალკე. ახლა ვხვდები, არ უნდოდა, ლორას გაეგო, თუნდაც ვინმეს მეშვეობით. რაც შეეხება საჩუქარს, სამჯერ მომართვა პატარა, მაგრამ ულამაზესი თაიგული, ერთხელ – ფრანგული სუნამო და ბოლოს, აი, ეს უძველესი დაღესტნური ბეჭედი, როგორც თვითონ მითხრა, დედამისის ნაქონი, – და მაგდას შუათითზე გაკეთებული მოჩუქურთმებული ბეჭედი ვაჩვენე.
– ჰო, ყველა დანარჩენ სიკეთესთან ერთად, არც ისე ხელგაშლილი ყოფილა ეგ შენი ბექა, – მითხრა მაგდამ და სიტყვა „სიკეთეში“ განსაკუთრებული მონდომებით ჩააქსოვა ირონია.
– რას უწუნებ? – ცოტა არ იყოს, მეწყინა მე.
– ყველაფერს, უპირველესად კი იმას, რომ მთლიანად არის მოქცეული ვიღაც ჯიბიდან გავარდნილი აშარაშკა ქალის გავლენის ქვეშ. ამხელა კაცია და თავის გრძნობებში ვერ გარკვეულა, ვერ აფიქსირებს თავის პოზიციას და ვიღაცებს აძლევს უფლებას, მის საყვარელ ქალზე (თუკი მართლა უყვარხარ და ცხოვრების თანამგზავრად აგირჩია) ათასგვარი სისულელე იყბედოს. მაგრამ ახლა უკვე ვიცი, როგორ მოვუგრიხო კისერი იმ ბოროტსა და ფარისეველ ქალს.
– როგორ? ვკითხე შიშით, რადგან მაგდას ასეთ თემებზე ხუმრობა არ უყვარდა.
– მისივე მეთოდებით, – ცოტა არ იყოს, ბოროტი ღიმილით თქვა თქვა მაგდამ, – ოღონდ, მეტი აღარაფერი მკითხო, მაინც არაფერს გიპასუხებ. ყველაფერს კი ერთ-ორ კვირაში შეიტყობ, როცა ამისთვის მთლიანად მზად ვიქნები.
ამ ხანგრძლივმა და გულახდილმა საუბარმა ისე დაგვღალა ორივე, რომ ბანგდალეულებივით მივეყარეთ საწოლებზე და მკვდრებივით დაგვეძინა.
***
თვალი რომ გავახილე, 12 საათი ხდებოდა. მაგდა წასული დამხვდა. მოკლე წერილი სამზარეულოს მაგიდაზე იდო, ყავის ფინჯნის ქვეშ: „ამაღამ შეიძლება ვერ მოვიდე და არ შეგეშინდეს. მაგდა.“
ამ წერილმა გამახსენა ჩემი და მამიდაჩემის გუშინდელი ვრცელი დიალოგი და უცებ ხელახლა ვიგრძენი დაღლა. კიდევ კარგი, დღეს კვირაა-მეთქი, გავიფიქრე, მერე ისე დავამთქნარე, კინაღამ ყბა ამომივარდა და ისე შემრცხვა, სახე ამეწვა. მერე თავი დავიმშვიდე, რა მოხდა, ხომ არავის დაუნახავვარ-მეთქი და ყავა მოვიდუღე, რომ ცოტა გამოვსულიყავი გაოგნებული მდგომარეობიდან. კარგა მოზრდილი ჭიქა გავავსე ჩემი უსაყვარლესი სასმლით, ცოტა ლიმონი ჩავაწურე და ოდნავი გაგრილებაც არ ვაცადე, ისე დავიწყე პატარა ყლუპებით სმა. ასეთი ნეტარება კარგა ხანია, აღარ მიგრძნია. ეტყობა, გუშინ კარგა მაგარი სტრესი მივიღე, მერე ღამით ისე გავითიშე, რომ ახლა აუცილებლად მჭირდებოდა რამე გონზე მოსასვლელი და ეს „რამე“ ყავა აღმოჩნდა. სურნელოვანი სასმლის საკმაოდ დიდმა რაოდენობამ ცოტა გული კი ამიჩქარა, მაგრამ საბოლოოდ გამომაფხიზლა და ახლა უკვე სრულფასოვნად ვაზროვნებდი.
ყველამ იცის, ფრენის როგორი ფართო მასშტაბები აქვს ფიქრს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტორი სახლში მარტოა და, მით უმეტეს, თუ საფიქრალი მართლაც ბევრი აქვს. ჰოდა, ჩემს ფიქრებსაც ასე დაემართა: იმას გადასწვდა, ამას გადმოსწვდა, მთა და ბარი შემოიარა და ისევ ლორასთან ჩაფრინდა. „არადა, როგორ მომეწონა თავიდან. მეგონა, რომ დავმეგობრდებოდით“, – გაიფიქრა ჩემმა ფიქრმა და ახლა ჩემს ბაბუსთან ჩაფრინდა, რომელიც ხშირად უწუნებდა შვილიშვილებს მეგობრებს და ამ საკითხთან დაკავშირებით ლამის ყოველ შესაძლო სიტუაციაში ერთი და იმავე ფრაზებით გვმოძღვრავდა:
1) ყველას მეგობარს ნუ დაარქმევთ.
2) ამხანაგი შეიძლება თავად აირჩიოთ, მაგრამ მეგობარს დრო გირჩევთ.
3) ყველაზე ნაღდი და ერთგული მეგობარი ფულია.
მე საშინლად მაღიზიანებდა ეს, ჩემი მაშინდელი გაგებით, „ვითომ სიბრძნე“, განსაკუთრებით – ბოლო. მაგრამ მერე და მერე, ასაკის მატებასთან ერთად, ვრწმუნდებოდი, რომ ბაბუ ბევრ რამეში მართალი იყო და ამ ყველაფერს, შესაძლოა,  წიგნებიდანაც, მაგრამ ძირითადად, მაინც საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გვეუბნებოდა.
როცა მაგდას წყალობით მუშაობა დავიწყე, ლორა გავიცანი და მეგობრად „დავსახე“, ცხადია, არ გამხსენებია ბაბუს შეგონებები. მით უმეტეს, რომ ლორამ თვითონაც გულითადად მიმიღო და თავიდან ისე დამიახლოვდა, თავისი „სეფე-ქალები“ შურით აივსნენ და ზურგსუკან ჩემზე სისინი დაიწყეს (ესეც საკმაოდ გვიან გავიგე. მე კი მეგონა, რომ აქ ყველა პატივს სცემდა ერთმანეთს, ყოველ შემთხვევაში, ცუდს არავინ არავის უსურვებდა).
რაღაც პერიოდის განმავლობაში ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა: შესვენებაზე ერთად გავდიოდით, ბიჭებზე ვჭორაობდით; თავისი დრამატული ამბებიც კი მიამბო: როგორ გაჰყვა ცოლად ღარიბ ბიჭს, რის გამოც თავისმა ოჯახმა მასზე უარი თქვა. მერე დიდხანს მკურნალობდნენ, რომ შვილი ჰყოლოდათ, მაგრამ სიმწრით გაჩენილი ბავშვი რამდენიმე თვეში გარდაიცვალა, რის გამოც ორივეს საშინელი დეპრესია დაემართა. თვითონ როგორღაც კი გამოვიდა მდგომარეობიდან (რაშიც, მისი თქმით, სამსახური დაეხმარა და ამიტომაც სცემდა ბექას პატივს), მაგრამ ქმარს პერიოდულად დღემდე უწევდა ერთი-ორი თვით სპეციალურ პანსიონატებში მკურნალობის კურსის ჩატარება (ცხადია, არა საქართველოში) სტრესისა და დეპრესიის მოსახსნელად, რაც ლორას, გარდა იმისა, რომ ძალიან ძვირი უჯდებოდა, თან, ძალიან აშინებდა კიდეც, რადგან დიდ უკეთესობას ქმარს ვერ ამჩნევდა.
ჩვენ ისე დავახლოვდით, რომ ლორა სახლშიც კი მოვიწვიე ერთი-ორჯერ, თუმცა თვითონ არასდროს დავუპატიჟებივარ თავისთან. მერე კი ჩვენს ურთიერთობას რაღაც ხარვეზი შეეპარა, თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა მიქმნიდა დისკომფორტს მასთან ურთიერთობისას და, მხოლოდ ახლა, მაგდასთან ნახევარდღიანი მსჯელობის (თუ ჩემი დაკითხვის) შემდეგ მივხვდი, რა იყო ეს „რაღაც“, უფრო სწორად, სამი „რაღაც“: არაგულწრფელი მზერა; არაგულწრფელი, ტუჩის კუთხეში მოულოდნელად გაქცეული ღიმილი და ისევ არაგულწრფელი, შემპარავი ინტონაცია ვითომდა მეგობრული საუბრების დროს. ამ ყველაფერთან ერთად, გაურკვეველი ეჭვი თუ ფაქტების შეუსაბამობის შეგრძნება არ მასვენებდა: ლორას ყოველდღიური ქცევა სულაც არ ჰგავდა ტრაგედიაგამოვლილი და დასტრესილი ქალის საქციელს.
მერე ჩემი ფიქრი ბექასთან გადაფრინდა და მასთან დაკავშირებული ყველა მომენტი გაიხსენა: ჩვენი პირველი შეხვედრა და გასაუბრება; მისი სითბოთი აღსავსე მზერა (ქალს ეს არასდროს გამოეპარება); სამსახურში მიღების ხელშეკრულების გაფორმება; ჩემი წარდგენა თანამშრომლებთან (მაშინაც განსაკუთრებული ღიმილით მიცქერდა, რის გამოც პირველივე დღიდან უარყოფითად განეწყო ჩემ მიმართ ზოგიერთი მათგანი); ერთ თვეში ჩემი დაწინაურება და განყოფილების გამგედ გადაყვანა (კიდევ ერთი მიზეზი მტრებისა და მლიქვნელების რაოდენობის გასაზრდელად); თათბირებზე ჩემი ქებისას ლორას ღიმილის მაგვარი გრიმასა, რომელიც ფარულ მუქარას უფრო ჰგავდა (ამასაც ახლა მივხვდი)... მერე ჩემმა ფიქრებმა ისიც გაიხსენა, როგორ „მაფრთხილებდა“ ლორა – ანიკოსთან და ლელასთან ფრთხილად იყავი, შურთ შენი და მათგან ყველაფერია მოსალოდნელიო. არადა, მანამდე კარგი გოგონები მეგონა და მართლა მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მაგრამ, ლორას გაფრთხილების შემდეგ ნელ-ნელა მშვიდობიანად ჩამოვშორდი, რითაც აშკარად გავარკვირვე. ეს რომ გამახსენდა, იმასაც მივხვდი: ლორამ ორი ყველაზე კარგი გოგო სპეციალურად ჩამომაშორა, რომ მარტო დავრჩენილიყავი და უფრო ადვილად მოვეშორებინე თავიდან.
მერე ჩემი ფიქრები ისევ ბექასთან გადაფრინდა და მოგონებებში ამომიტივტივა მისი მკაცრი და საკმაოდ უხეში საყვედურები უხარისხოდ გაკეთებული საქმის გამო, რამაც ძალიან დამთრგუნა, რადგან ყოველ ჯერზე უმწეო თავის მართლება მიწევდა და მაინც ვერ ვაჯერებდი ჩემს სიმართლეში. მერე მისი ერთ-ერთი ბოლო საყვედურის კომენტარიც გამახსენდა: ლორა სულ ცდილობს, ხელი დაგაფაროს და გაგამართლოს, მაგრამ მე ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს. პირადი დამოკიდებულება ერთია, ჩემო კარგო, სამსახური და საქმე კი ჩემთვის მთავარია. ამიტომ, იმის იმედით, რომ ჩვენ შორის, რაღაც ხდება, საქმეს ნუ მიაფუჩეჩებ – ამას ვერავის ვაპატიებ, ჩემი შვილიც რომ იყოსო. მაშინ მივხვდი, რომ მაგდა მართალი იყო – არ ღირდა ამ კაცისთვის არანაირი მოთმენა, მსხვერპლი, ნერვიულობა თუ სხვა რამ.
ამ ამბების გახსენების შემდეგ, პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ თითიდან ბექას ნაჩუქარი დაღესტნური ბეჭედი წავიძვრე, მერე მისი მორთმეული სუნამოს ფლაკონი ამოვიღე უჯრიდან (რომელიც სულ ორ-სამჯერ მივისხურე, ანუ თითქმის სავსე იყო), ორივე ერთად ჩავდე ცელოფნის პატარა პარკში და დავფიქრდი: არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი – უკან დამებრუნებინა თუ ნაგვის ურნაში ჩამეგდო მათთან დაკავშირებული მოგონებებიანად. ჯერ, ცხელ გულზე, სულაც ფანჯრიდან გადაყრა გადავწყვიტე, მაგრამ მერე გამახსენდა მისი სიტყვები – ეს ბეჭედი დედაჩემის ნაქონიაო (ვიცოდი, რომ დედა გარდაცვლილი ჰყავდა) და ვეღარ ვიკადრე ამის გაკეთება. ბოლოს მოვიფიქრე: მაგდასთვის მიცემულ პირობას დავიცავდი, კიდევ მაქსიმუმ ორ კვირას დავიცდიდი, მერე დავწერდი განცხადებას სამსახურიდან გათავისუფლებაზე და ამ „ნობათთან“ ერთად დავუდებდი მაგიდაზე. მაგრამ, როგორ მოვქცეულიყავი ლორასთან, ჯერ კიდევ არ ვიცოდი. ახლა ამაზე ფიქრით ვიმტვრიე თავი. არანაირი შურისძიების, მხილების, სამაგიეროს გადახდის ან ჩხუბის პერსპექტივა არ მხიბლავდა ძირითადად ორი მიზეზის გამო. პირველი და მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ ეს არ იყო ჩემი ცხოვრების სტილი – არსად, არასდროს და არავის ასე არ მოვქცევივარ; მეორე მიზეზიც არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნდა: ვიცოდი, მაინც დამარცხებული დავრჩებოდი, დამარცხებულიც და წაგებულიც, მასთანაც და საკუთარ თავთანაც, რადგან არ მქონდა ასეთი ბრძოლის არც სტრატეგია, არც ტაქტიკა, არც ნერვები; თანაც, არ მინდოდა, თანამშრომლების დასაცინი გავმხდარიყავი და მერე ასეთი დამცირებული წამოვსულიყავი იქიდან. მოკლედ, მგონი, ორი კი არა, სამი თუ ოთხი მიზეზი გამომივიდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან გადაწყვეტილება უკვე მივიღე: ლორა ვითომ არც არასდროს გამიცნია, მასთან დაკავშირებულ ყველა ფურცელს მთლიანად ამოვხევ ჩემი ცხოვრებიდან და სამუდამოდ დავემშვიდობები, თუმცა ცუდიც არ მინდა მისთვის. მაინც მეცოდება – ეტყობა, უბედურებამ გააბოროტა ასე, თორემ, ალბათ, თავიდან კარგი გოგო იქნებოდა. მაგრამ ერთს კი ვუსურვებ: თუკი ოდესმე ისევ გაუჭირდება ცხოვრებაში, რაც ყველასთვის გარდაუვალია სხვადასხვა ფორმით (ოღონდ, ტრაგიკულ შემთხვევებს არ ვგულისხმობ, ამისთვის ვერავის გავიმეტებ), ის, ვისაც შველის სათხოვნელად მიმართავს ან ვის ხელშიც იქნება მისი ბედი, მისივენაირი პიროვნება აღმოჩნდეს ყველა თვალსაზრისით – იქნებ მაშინ მაინც მიხვდეს, რა ცუდი ყოფილა ბოროტი, თვალთმაქცი და ანგარებიანი ადამიანი, თორემ, ვიმეორებ, ზოგადად ცუდი ნამდვილად არ მინდა მისთვის, პირიქით.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3