კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 ძილის დარღვევა და მისი მიზეზები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


ძილის ნორმალური ხანგრძლივობა 4-5-დან 10-12 საათამდე მერყეობს. არსებობენ ჯანმრთელი „ძილისგუდებიც“ და ადამიანებიც, რომლებსაც ხანმოკლე ძილიც ჰყოფნით. ძილის ნორმის ძირითადი მაჩვენებელი მისი ხანგრძლივობა კი არა, შედეგია. თუ ძილს დასვენებისა და ძალთა აღდგენის შეგრძნება არ მოსდევს, განიხილავენ, როგორც ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევას.
ძილი ცენტრალური ნერვული სისტემის მოსვენებული მდგომარეობის გამოხატულებაა, თუმცა, ნეიროფიზიოლოგიური თვალთახედვით, ის ქცევის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ქცევის ეს სახე კი მეტად თავისებურია. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია რიტმული მიმდინარეობა. ღვიძლის მსგავსად, არც ძილია ერთგვაროვანი ფენომენი, ანუ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობა ძილის პროცესშიც ცვალებადია, რასაც ძილის განსხვავებული სტადიების არსებობა მიუთითებს. ელექტროენცეფალოგრაფიული მონაცემების საფუძველზე ძილის 5 სტადიას განასხვავებენ.
არსებობს ძილის დარღვევის რამდენიმე სახეობა:
* ჰიპერსომნია ძილის ხანგრძლივობის პათოლოგიური მატებაა. ის სხვადასხვა (ენდოკრინული, ნევროლოგიური, რევმატოლოგიური და სხვა) დაავადების დროსაა მოსალოდნელი და, წესისამებრ, დეპრესიის გამოხატულებას წარმოადგენს. ეგრეთ წოდებული, სეზონური დეპრესიები სწორედ ღამის ძილის გახანგრძლივებით ხასიათდება. ჰიპერსომნიის დროს, მიუხედავად გახანგრძლივებული ძილისა, ადამიანს არ ეუფლება დასვენებისა და ძალ-ღონის აღდგენის შეგრძნება, დღის განმავლობაში ძილიანობა და მოდუნება აწუხებს. მომატებული აქვს ტკბილეულისადმი ლტოლვა. ჰიპერსომნიას ზოგჯერ გაღიზიანებადობა, უსაფუძვლო განგაშის შეგრძნება და კუნთების ტკივილი ერწყმის.
* ინსომნია ტოტალური უძილობაა. ის გვხვდება როგორც ფსიქიკური (ნევროზები, დეპრესია, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი), ასევე სომატური დაავადებების დროს (ენდოკრინული და კანის ზოგიერთი დაავადების, ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული პათოლოგიების, ქრონიკული ტკივილისმიერი სინდრომების დროს და სხვა).
* ინტრასომნიური დარღვევების დროს ადამიანი ძილის არასრულფასოვან მიმდინარეობას უჩივის, ღრმად არ სძინავს, ხშირად ეღვიძება და, რაც მთავარია, გამოღვიძების შემდეგ ძალიან უჭირს ჩაძინება.
* პრესომნიური დარღვევები, წესისამებრ, მომატებულ ემოციურ აგზნებადობასა და განგაშისმაგვარ მოვლენებთანაა დაკავშირებული. ამ ტიპის დარღვევის დროს ჩაძინების მოძალებული სურვილი ადამიანს ლოგინში ჩაწოლისთანავე უქრება. უსიამოვნო მოგონებები და ფიქრები იპყრობს, უძლიერდება მოძრაობითი აქტივობა და ცდილობს, მოხერხებული პოზა მიიღოს. ზოგს ქავილის ან ტკივილის შეგრძნება აქვს. მოკლედ, ადამიანს ძალიან უნდა დაძინება, მაგრამ ვერ ახერხებს. თუ ნორმით ჩაძინების პროცესი 3-10 წუთს მოიცავს, პრესომნიური დარღვევის დროს ის 30-40 წუთს გრძელდება. ზოგს საათობითაც კი უჭირს ჩაძინება.
* პოსტსომნიური დარღვევა აერთიანებს იმ მოვლენებს, რომლებიც ადამიანს გამოღვიძებისთანავე აღენიშნება. მიუხედავად რამდენიმესაათიანი ძილისა, ის გამოუძინებელი, მოდუნებული და ძალაგამოლეული დგება (ნაცვლად იმისა, რომ ენერგიული და დასვენებული იყოს), დაქვეითებული აქვს შრომისუნარიანობა, გუნება-განწყობა, ზოგი უჩივის თავის ტკივილს, აპათიას.
პოსტსომნიური მოვლენები ხშირად აღენიშნებათ მათ, ვინც ჩვეულ რეჟიმს ამა თუ იმ მიზეზით არღვევს. მაგალითად, არსებობენ ადამიანები, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით (სამსახურის სპეციფიკიდან ან დღის რეჟიმიდან გამომდინარე) რეგულარულად ერთი და იმავე ხანგრძლივობის ძილი უწევთ. საკმარისია, ოპტიმალურ ხანგრძლივობას გადააჭარბონ, რომ პოსტსომნიური მოვლენები (ტკივილი, თავის არეში სიმძიმის შეგრძნება, აპათია, გუნება-განწყობის დაქვეითება) ეწყებათ ანუ, როგორც თავად აღნიშნავენ, ძილი აღარ ერგებათ.скачать dle 11.3