კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რატომ მოუნდა უცებ გოგი დოლიძეს წვიმაში უცნობი ქალის ბათუმში წაყვანა

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

ადამიანი, რომლის დღიურებსაც ახლა გადაგიშლით, ოცი წლის წინ, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს. სხვა რა უნდა გითხრათ მასზე ისეთი, რაც გაგაოცებთ. ის ხომ თვითონ იყო საოცრება. გაოცებდა მისი კაცობა, შინაგანი კულტურა და მღეროდა ისე, რომ პულსის ცემა ყველაზე მაღალზე ურტყამდა და დღესაც, მისი ნამღერის გამეორებას ვერავინ ბედავს. საქართველოს ჰამლეტ გონაშვილისა და გოგი დოლიძის მსგავსი, ალბათ, არ ჰყოლია და არც ეყოლება, ეს სულ სხვა ხმებია, არამიწიერი, ზეციური. მას შვილი და ნაცნობ-მეგობრები ასე იხსენებენ:
ლევან დოლიძე: „ერთხელ გასტროლებზე ყოფილან. ნუგზარ ფოფხაძეც ახლდათ თურმე. მოილხენდნენ, იქეიფებდნენ და დასაძინებლად ნუგზარ ფოფხაძის ნომერში შედიოდა. მამას, ეტყობა, მოსწონდა, იქ რომ მოწესრიგებული იყო ყველაფერი. შეწუხებულა ბატონი ნუგზარი და ერთხელაც უთქვამს: ცხვირი შენ არ გივარგა და თვალები, სახე და ტანი. საქციელი შენ არ გივარგა და ნეტა, რამ შემაყვარა შენი თავი, რომ ვერ გაგდებო! უხმოდ ამდგარა გოგი და ტუალეტში ჩაკეტილა. ნუგზარ ფოფხაძეს უნანია, - ნეტა არ მეთქვა, მგონი, ეწყინაო. უცებ მამას გამოუყვია თავი აბაზანიდან: იცი რა, მამა (ასე მიმართავდა მეგობრებს), შენ მართალი ხარ! სარკეში ჩავიხედე და არაფერი მივარგა, მაგრამ მაინც ხომ საყვარელი ვარო.“
მერაბ ხაჩიძე: „თავიდანე გეტყვით, მეღიმება ხოლმე, როცა მესმის, გოგი დოლიძე მსმელი კაცი იყოო?! მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვინმე სუფრიდან დაუმეგობრდა. სასმლის მოყვარული გოგი არავის ახსოვს... ერთხელ თამაზ ტყემალაძემ იხუმრა: თავანკარა კახურით სავსე ჭიქას გოგი ისეთი სახით მიიტანს ტუჩთან, ღვინო აღარ მოგინდებაო. ასეც იყო. არც ერთ წვეულებაზე დროზე არ მისულა და იშვიათად სადმე ბოლომდე რომ დარჩენილიყო. ბუნებით საკმაოდ მორიდებული, ხათრიჯამობის კაცი იყო და უარის თქმა უჭირდა, თორემ ქეიფისა და დროსტარებისთვის ნაკლებად ეცალა. ტელევიზიის უფროსი რედაქტორი იყო. ამის გამო მუდამდღე ჩაწერებსა და მივლინებებს ვერ აუდიოდა, ორ ფოლკლორულ ანსამბლს ამეცადინებდა და რადიოში, ტელევიზიასა და „მელოდიაში“ ხომ თვითონაც წერდა სიმღერებს. გასაკვირი ის უფრო იყო, ამდენს რომ ასწრებდა. იცლიდა ყველასთვის და ყველაფრისთვის, საკუთარი თავისა და ჯანმრთელობის გარდა. ერთი დღე იყო, დაემთხვა და ტელევიზიიდან ორივენი გვიან გამოვედით. მე ღამის „მოამბეზე“ ვმუშაობდი. გოგიმ რომელიღაც ანსამბლის გადაღება დაამთავრა. მანქანაში ჩავსხედით და რომ ნახა მისი სახლისკენ, გოგოლის ქუჩისკენ ვაპირებდი წასვლას, გამაჩერა: სახლში არ მივდივარ, საბურთალოზე ავიდეთო. საათს დავხედე – 12 ხდებოდა. მისვლას დავპირდი, მელოდებიან და ვერ მოვატყუებო, – თქვა. ლოდინიც არის და ლოდინიც. მართლა გავოცდი, როცა იმ შუაღამისას ხელუხლებელ სუფრასთან აღმოვჩნდით. დაახლოებით საათ-ნახევარი საკმარისი იყო იმისთვის, რომ იქ „დასახარჯი“ ბოლომდე დაეხარჯა, თანაც ისე, რომ ორი ჭიქაც არ დაულევია. წამოსვლისას საჭესთან თვითონ დაჯდა. ჩემს სახლთან რომ მივედით, დამშვიდობება დავაპირე, ტაქსით ხომ არ წავიდოდა, მაგრამ თვითონაც გადმოვიდა და მანქანა ჩაკეტა. გაოცება და წყენა რომ შემატყო, მარტო მას რომ სჩვეოდა, ისეთი გულღია სიცილით თქვა: ბიჭო, ყველასთვის ვმღერი და დედაშენმა რა დააშავაო?! მაშინ დედა მძიმედ იყო ავად. ბუნებრივია, ორივეს არ გველოდა. გოგიმ სავარძელი პიანინოსთან
მიაჩოჩა, დედა ლოგინიდან თავისი ხელით წამოაყენა და სავარძელში ჩასვა. მერე იჯდა პიანინოსთან და დიდხანს, დიდხანს მღეროდა დედაჩემის ახალგაზრდობისდროინდელ ულამაზეს მელოდიებს. მარტო იყო, გარშემო ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. ზურიკელასი არ იყოს, იმ ღამით არ გვეძინა არც ჩვენ და არ ეძინათ არც ჩემს მეზობლებს. თბილისური ზაფხული იდგა. ფანჯრები ყველას ღია ჰქონდა. მისი მეგობრებისთვისაც ძალზე იშვიათი სიამოვნება იყო, გვენახა და მოგვესმინა, როგორ მღეროდა გოგი დოლიძე თავისთვის... წასვლისას დედას თავი თავზე მიადო და უთხრა ის, რაც ცოტა ვინმეს თუ გაუგონია მისგან და თუკი ვინმეს გაუგონია, არც გაკვირვებია: გულიკო, ძალიან, ძალიან დავიღალე და ეს პატარა დასვენება ახლა ჩვენთვის, ორივესთვის, უებარი წამალი იყოო. ხელი დასტაცა ჩემი მანქანის გასაღებს და კიბეზე დაეშვა. დედასთვის გოგის სიმღერაზე უკეთესი წამალი მართლაც რა უნდა ყოფილიყო. ის კი ასე, მხოლოდ შუაღამისას, თუ „მოიპარავდა“ სხვებისთვის განკუთვნილი საკუთარი ცხოვრებიდან დროის მცირე მონაკვეთს, რომ სულ ცოტა ხნით მაინც თავისი სიამოვნებისთვის ემღერა და ეთქვა – დავისვენეო…“
***
გიორგი ლიპარიშვილი: „...გოგის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილის შემწეობით 9 წელი ვცხოვრობდი გოგი დოლიძის სახლში (გოგი დოლიძის ქუჩაზე). ამ დიდ ადამიანზე ბევრი ისტორია მოვისმინე მეზობლისგან, ოჯახის წევრისგან, ნაცნობისგან თუ უცნობისგან: ერთხელ თბილისში კოკისპირულად წვიმდა, გაჩერებასთან ქალი უქოლგოდ იდგა და გაურკვეველი დროით ელოდებოდა ავტობუსს. გოგის მანქანა გაუჩერებია და მორიდებით შეუთავაზებია სახლამდე მიყვანა. ქალს დიდი მადლობა გადაუხდია და უთქვამს, რომ ვერ შეძლებდა მის დახმარებას, რადგან ის ბათუმში მიდიოდა. გოგის უცებ გახარებია. რა დამთხვევაა, ქალბატონო, მეც ბათუმში მივდივარო. გოგიმ ქალბატონი ბათუმში ჩაიყვანა და უკან გამობრუნდა. ქალის წვიმაში დანახვამდე მას გეზი ბათუმისკენ სულაც არ ჰქონდა. ის თბილისში თავის საქმეზე მიდიოდა”.
„...გადაღების დაწყებამდე დამლაგებლის მოსვლას არც ელოდებოდა, სცენას თვითონვე გვიდა ხოლმე... საქმის გადადება არ უყვარდა, საშინელ „პახმელიაზეც“ რომ ყოფილიყო და არაფრის თავი ჰქონოდა, გადაღებას მაინც არ ჩაშლიდა. თავის გასაკეთებელს ბოლომდე მიიყვანდა“... ამ და ბევრ მსგავს ამბებს ხშირად ვისმენდი გოგიზე და ბედნიერი ვარ, რომ მის ოჯახს ვიცნობ… გოგის შვილი ლევანი კი ჩემი კურსელი იყო… ისიც მამამისივით დიდი გულის მეპატრონეა. შეუძლია, თავისი ჭერი დაგახუროს და მისსავე მიწაზე ხელში აყვანილმა გატაროს. სხვების არ ვიცი, ან რა ჩემი საქმეა, მაგრამ მე მიყვარს სასაფლაო. მიყვარს გოგი დოლიძის საფლავიც… მიხარია, რომ ამ ადამიანისა და მისი ოჯახის სიყვარულს „გულის ჯიბით“ ვატარებ.“
***

ანზორ ერქომაიშვილი:
„გოგი დოლიძესთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა. იგი არა მარტო ჩემი ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს მეგობარი იყო. იშვიათად მინახავს, კაცი რომ ასე უყვარდეს ყველას, ნაცნობსა თუ უცნობს. გოგი ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო. მოვიდოდა, ყველას მოგვესიყვარულებოდა, მერე დედაჩემს გულში ჩაიკრავდა, აიღებდა ჩონგურს და მასთან ერთად დაჰღიღინებდა ძველ გურულ სიმღერას… სიმღერაში გოგი ისევე მოკრძალებული პარტნიორი იყო, როგორც ცხოვრებაში. ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, რადიოში ისმის სიმღერა გოგი დოლიძისა და თამრიკო ჭოხონელიძის შესრულებით. რა საოცარი ანსამბლისტია გოგი – იგი მორიდებულად უკან იხევს და ცდილობს კარგი, სასიამოვნო ფონი შეუქმნას თავის პარტნიორს. ასეთი თვისება იშვიათად, რომელიმე მომღერალს გააჩნდეს. გოგის კიდევ ერთი საოცარი თვისება ჰქონდა – იგი სულში უძვრებოდა მსმენელს…
…მოსკოვში გასტროლების დროს, კონცერტის შემდეგ სასტუმრო „როსიაში“ შევიკრიბეთ. ჩვენთან ერთად უცხოელებიც იყვნენ. გოგიმ გიტარა აიღო და კონცერტი დილამდე გაგრძელდა. უცხოელები განცვიფრებული იყვნენ გოგის სიმღერით, ეს კაცი რომ ევროპაში მოღვაწეობდეს, იგი ესტრადის აღიარებული ვარსკვლავი იქნებოდაო, – თქვეს. გოგი ყველა ოჯახის სასურველი სტუმარი იყო. მას ხომ ყველა უყვარდა. ეტყობა, ამდენ სიყვარულს გულმა ვერ გაუძლო...“
скачать dle 11.3