კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ავთო ვარსიმაშვილი: სამაგიერო გადამიხდია და ამას არ ვნანობ

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: ავთანდილი.
გვარი: ვარსიმაშვილი.
პროფესია: რეჟისორი.
– ბავშვობა.
– სულ პლასტელინით ვთამაშობდი, ვძერწავდი რაღაც ფიგურებს, ახლანდელი გადასახედიდან – რეალურად, სპექტაკლებს ვდგამდი, ძალიან ბევრი ფიგურა მქონდა გამოძერწილი. ამ პლასტელინებით სპექტაკლებს, სიუჟეტურ ისტორიებს ვდგამდი და შემეძლო, საათობით ვმჯდარიყავი მაგიდასთან და ამ პლასტელინებით მეთამაშა.
– რომ არა თქვენი პროფესია, რა პროფესია შეიძლება, აგერჩიათ?
– დირიჟორობაზე ბევრჯერ მიფიქრია, ბავშვობაშიც მინდოდა და რაღაც პერიოდი იყო, როდესაც ვფიქრობდი, რომელი უფრო გადაწონიდა – მუსიკა თუ რეჟისურა. სიამოვნებით ვიქნებოდი დირიჟორი.
– რაიმე მეტსახელი თუ გქონიათ?
– ბავშვობაში „ჩელოს“ მეძახდნენ, იმიტომ რომ ჩელოზე დავდიოდი.
– რა გაღიზიანებთ?
– მაღიზიანებს ტყუილი, აგრესია... ძალიან მაღიზიანებს ადამიანების მანკიერი თვისებები.
– რას ემტერებით?
– ვემტერები არაპროფესიონალიზმს, ისეთი რამ არის, რასაც ვერ ვიტან და ხშირად ვხვდები. ყველა სფეროში არაპროფესიონალიზმის მტერი ვარ.
– როდის ხართ სევდიანი?
– სევდიანი ხშირად ვარ. მე ვფიქრობ, ნორმალური ადამიანი სევდის გარეშე არ არსებობს, რადგან ცხოვრებაში გაცილებით მეტი სევდაა, ვიდრე მხიარულება, ამიტომ მეტწილად სევდიანი ვარ.
– როდის ყვირით?
– მე იშვიათად ვყვირი და ამაზე ძალიან გავრცელებული ნათქვამია, ჯობია ყვიროდეო.
– ბილწსიტყვაობთ?
- არა. საშინლად არ მიყვარს ბილწსიტყვაობა.
– ბედისწერის გწამთ?
– მჯერა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ფატალური ვარ მე თვითონ.
– სიზმრების გჯერათ?
– სიზმრების მჯერა. იყო პერიოდი, როდესაც ვიწერდი. სიზმრები ჩემთვის ძალიან ხშირად ყოფილა სტიმული მუშაობის დროს. ბევრჯერ ყოფილა, სიზმარში ვნახე და ჩემს სპექტაკლებში გადასულა.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– არა, ყველაფრის პატიება არ შეიძლება. ყველაფრის პატიება მხოლოდ ღმერთს შეეძლო და ისიც კი ჯვარს გააკრეს. მე არ შემიძლია ყველაფრის პატიება.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– დიახ და მე არ ვნანობ ამას, მე ვთქვი, რომ არ შემიძლია ყველაფრის პატიება და ამიტომ, ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ეპიზოდები, როდესაც სამაგიერო გადამიხდია.
– რომ არა სიკეთე, ბოროტებას რით დავამარცხებდით?
– სიყვარულით.
– რას ღალატობთ?
– ნებისმიერი ადამიანი რაღაცას ღალატობს ან არ ღალატობს. ვერ გეტყვი, რას ვღალატობ. შეიძლება, პრინციპებს უღალატო, გააჩნია ის რისთვის გჭირდება.
– რა არის ქალი თქვენთვის?
– ბანალურია ყველაფერი, მაგრამ მეც მაგას ვიტყვი, რომ თუ შევხედავთ ქალს, როგორც დედის ფენომენს, მაშინ გასაგები ხდება, რატომ არის ყველა ადამიანისთვის ქალი უმთავრესი. რეჟისორი იქნება ეს, თუ სანტექნიკოსი, ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ თუ შენი დედა არ არის შენთვის ყველაზე მთავარი, შენი მეუღლე – შენი სიყვარული, მაშინ, საერთოდ, რა არის შენი ცხოვრება.
– ჭკვიანი ქალების კაცებს ეშინიათ?
– ვინც ამას ამბობს, ის სულელი კაცია. მე ვფიქრობ, რომ თუ ქალს ჭკუა არ აქვს, მასთან რომანიც კი შეუძლებელია, იმიტომ რომ ქალი, პირველ რიგში, ინტელექტით უნდა გიპყრობდეს და მერე გარეგნობით.
– სიყვარულს წესები აქვს?
– რთული საკითხია. როდესაც ის მოდის, რა თქმა უნდა, არ აქვს. მაგრამ მერე ჩნდება წესები, რომელსაც შენ უნდა დაემორჩილო, რადგან ამ გრძნობას ასევე სჭირდება ის ადეკვატური პასუხები, რა კითხვებიც ჩნდება სიყვარულის დროს.
– სიყვარულში თავი თუ დაგიკარგავთ?
– რა თქმა უნდა, სიყვარულში თავი დამიკარგავს. ვფიქრობ, ყველა ადამიანს დაუკარგავს და რაც მთავარია, სიყვარულიც მარტო კაცისა და ქალის სიყვარული არ არის, სიყვარული საკმაოდ ფართო მცნებაა, სიყვარულის გარეშე არ არსებობს არაფერი, არ არსებობს ჩემი პროფესია, იმიტომ რომ მე თუ არ მიყვარს – დაწყებული პიესიდან დამთავრებული  ადრესატამდე, ვისთვისაც ვაკეთებ ამ სპექტაკლს, მაშინ  ვერც გავაკეთებ.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– აბსოლუტურად არ არის ერთი და იგივე, სიყვარული უფრო სერიოზული და დიდი ცნებაა, ვიდრე ვნება, ვნება, დაახლოებით, იგივეა, რაც წყურვილის, შიმშილის გრძნობა. ეს ერთ-ერთი რიგითი გრძნობაა და სიყვარული კი არის ის, რითიც ცხოვრობ.
– როგორია სექსუალური ქალი თქვენთვის?
– პირველ რიგში, ჭკვიანი, იმიტომ რომ სექსუალური ინტერესი არ აღიძვრება იმ ქალის მიმართ, ვისი ინტელექტიც შენს ინტელექტს არ აკმაყოფილებს, ამიტომ სიტყვა „სექსბომბა“ ცარიელი სიტყვაა, თუ იმ ქალს არ აქვს ინტელექტი, რომლის შედეგად ხდება ის ქიმია, რომელზეც ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ.

– კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებელია?
– რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, ამის გარეშე არ არსებობს არაფერი და კაცი იმით არის მაგარი, როგორი ქალიც ჰყავს გვერდით. თუ კაცს გვერდით ცუდი ქალი ჰყავს, ის არაფერში წერია და არავის სჭირდება.
– მეუღლის როლი თქვენს ცხოვრებაში...
– მეუღლის როლი ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდია. ჩემი მეუღლე, პირველ რიგში, ჩემი მეგობარია. ის ძალიან მეხმარება არა მარტო ოჯახში, არამედ ჩემს საქმეშიც – ის ყველა ჩემი სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელია.
– ეჭვიანი ხართ?
– ეჭვიანი ვარ. ვეჭვიანობ ყველასა და ყველაფერზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პათოლოგი ვარ, ვიღაცებს დავდევ და ხელს ვუშლი, მაგრამ, როდესაც ჩემი მსახიობი სხვა რეჟისორთან მუშაობს, მაშინაც კი მიჩნდება ეჭვიანობის გრძნობა, იმიტომ რომ არ გააფუჭონ.
– ნანობთ რამეს?
– ბევრ რამეს ვნანობ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროში რომ გადამაგდო, იმავეს არ გავიმეორებდი. ალბათ, იგივენაირად მოვიქცეოდი და მერე გავაგრძელებდი მონანიებას. ვნანობ, რომ თავის დროზე ვიღაცას არ ვუთხარი ის თბილი სიტყვა, რომელიც უნდა მეთქვა; არ ვუთხარი, რომ მიყვარს, როდესაც უნდა მეთქვა და ხანდახან ვნანობ იმასაც, რომ ვიღაცას არ ვეჩხუბე, როდესაც უნდა მეჩხუბა.
– რა გენატრებათ?
– მენატრება ძველი დრო, ისევე როგორც ყველა ადამიანს, ვინც რაღაც პერიოდს, რაღაც ასაკს გადააბიჯა. მენანება ის დრო, რომელიც შესაძლოა, უქმადაც გავფლანგე – შეიძლებოდა, უფრო მეტი წამეკითხა, უფრო მეტი მენახა, უფრო მეტი ადამიანისთვის მეთქვა, რომ მიყვარს. ეს დაკარგული დროა ერთადერთი, რაც მენანება.
– რა მოგბეზრდათ?
– მომბეზრდა გაუთავებლად ყოფითი პრობლემების გადაწყვეტა, ისევ თეატრთან მიმართებაში. როდესაც თვრამეტი წელი სახელმწიფო არ გაფინანსებს, ეს სახელმწიფოც გბეზრდება. ქვეყანა – არა, სახელმწიფო. ნუ ავურევთ ქვეყანას და სახელმწიფოს ერთმანეთში. ხანდახან მართლა მბეზრდება ამ სახელმწიფოში ცხოვრება და ვფიქრობ ხოლმე; ხომ არ დავკრა ფეხი და წავიდე აქედან.
– თქვენთვის ყველაზე ამორალური საქციელი რა არის?
– ყველაზე ამორალური ის არის, რომ ხანდახან შემიძლია გაუთავებლად ვჭამო.
– ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ თავი დაგიკარგავთ?
– მე განვსხვავდები ჩემი კოლეგებისგან იმით, რომ არ მიყვარს ის პროცესი, რასაც ალკოჰოლის მიღება ჰქვია, ამიტომ თავს ვერ დავკარგავ.
– ინტრიგის მსხვერპლი თუ გამხდარხართ?
– კი. მე ისეთ სფეროში ვარ, რომელიც სავსეა ინტრიგებით და ხანდახან ამ ინტრიგების მსხვერპლიც გავმხდარვარ.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არავითარ შემთხვევაში. ბევრჯერ მომიხდია ბოდიში, როდესაც მივმხვდარვარ, რომ ამა თუ იმ ადამიანთან შეცდომა დავუშვი. არ მერიდება. პირიქით, მე ვფიქრობ, ადამიანის ღირსებაა, შეძლოს საკუთარ თავში იპოვოს ძალა  და ბოდიში მოიხადოს.
скачать dle 11.3