კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რა შემთხვევაში მოუწევს არჩევნის გაკეთება ზუზუ ნოდიას ოჯახსა და „ჩემი ცოლის დაქალებს“ შორის და რა რთულ მომენტში გაიცნო მან მომავალი მეუღლე კარგად

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ზუზუ  (ნინო) ნოდიასთვის ეკრანი და სცენა სიახლე არაა, თუმცა მისთვის საოცნებო ამპლუა პირველად „ჩემი ცოლის დაქალებში“ მოირგო, სადაც ჩიკას დაქალის, პუსკუნას როლს ასრულებს.
ზუზუ ნოდია: ძალიან სასაცილო იყო ჩემი ამ სერიალში მოხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მინდოდა ჩემი არტისტული მონაცემების ეკრანზე გამოტანა, ეს ნამდვილად დაუგეგმავად მოხდა. ყველაფერი ერთი სატელეფონო ზარით დაიწყო. ჩემი შვილის კლასელის დედას, ნუცი კურცხალიას დავურეკე ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხზე და აღმოჩნდა, რომ ამ დროს სერიალის ქასთინგ-მენეჯერთან, ეკა მჟავანაძესთან ერთად იყო. ეკას უკითხავს: ზუზუ, ალბათ, არ დაგთანხმდება სერიალში თამაშზეო. მე ვუთხარი, როგორ არა, მთელი ცხოვრება მინდოდა ჩემი არტისტიზმის გამოვლენა, მაგრამ ახლა ვერაფრით მოვახერხებ-მეთქი. ჩვენთან ერთად ჩემი უახლოესი მეგობარი თამუნა ქორქია იყო, რომელიც ახლა სერიალში მანჩოს როლს ასრულებს და რაღა მე, აგერ ღმერთივით ქალია და ეს წაიყვანეთ-მეთქი, ვუთხარი, ძალიან მოეწონა ეს იდეა. იმ საღამოს პარიზში მივფრინავდი საქმეზე და შვიდ საათზე ნუციმ დამირეკა: თუ შეგიძლიათ, სასწრაფოდ რომ მიხვიდეთ შენ და თამუნა ქასთინგზეო. თამუნას გავყვები, მაგრამ ზუსტად ვიცი, მე ვერ მოვახერხებ-მეთქი. ძალიან დიდი სახელმწიფო ფორუმის ორგანიზატორი ვიყავი და მაშინ წარმოუდგენლად მიმაჩნდა ამ ყველაფრის შეთავსება. კიდევ ზემოდან ჩემი სხვა სამსახური, შვილები, ქმარი და ასე შემდეგ. მოკლედ, თამუნას გავყევი და ის რომ გამოვიდა, ეკამ მითხრა, შენც უნდა შემოხვიდეო. ტექსტი ავიღე თუ არა, ყველაფერი ძალიან ორგანულად მოხდა, არანაირი როლში შესვლა არ დამჭირვებია. უბრალოდ, ეს როლი მომერგო, თორემ სხვა რომ ყოფილიყო, სადაც დიდი გარდასახვა დამჭირდებოდა, ალბათ; ასე არ გამოვიდოდა. იმ ღამეს გავფრინდი პარიზში და ერთი კვირის შემდეგ რომ დავბრუნდი, დამხვდა ამბავი, რომ როლზე დამტკიცებული ვიყავი. ეკას ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგიდან გამომდინარე, ვერაფრით მოვახერხებდი სერიალში ჩართვას, მაგრამ მიპასუხა, არ იდარდო, ჩვენ ყველას ვერგებით და შენც არ იქნები გამონაკლისიო. მართლაც, ამას დღემდე ამართლებენ, ყველანაირად ვგრძნობ მათ ხელშეწყობას.
– მოგწონთ საკუთარი თავი, თუ თვითკრიტიკული ხართ?
– კრიტიკა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მაკლია, არც საკუთარი და არც ჩემი ახლობლების მიმართ. ჩემი ეს თვისება პუსკუნასაც შევძინე. თავიდან კარგად არ ჩანდა, როგორი ადამიანი იყო, მაგრამ ახლა, რომ ვუყურებ, მთლად კარგი არაა. მისი კრიტიკა არ არის გულწრფელი, შაგუს და ჩიკას წარუმატებლობა, ცოტა კიდეც უხარია, მე ასეთი მეგობარი არ ვარ. სცენა, როცა დაქალს საძინებელში უვარდება, ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო. გიორგი ლიფონავამ ბევრი იცინა, როცა ვუთხარი, ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე მინერვიულია სერიოზულად რაღაცაზე და ერთ-ერთი ეს სცენაა. რა ვქნა, ვინმესთან ხომ არ გავიარო სასცენო ხრიკები-მეთქი. რეალურ ცხოვრებაში გამორიცხულია, მე ასე მოვქცეულიყავი. შეიძლება, მართლა შევაღო კარი და არასასურველ სცენას შევესწრო, მაგრამ გამოვიხურავ კარს და ისე გამოვალ იქიდან, ვერავინ დამეწევა. პუსკუნა კი შევიდა და საქმეების გარჩევა და სცენების მოწყობა დაიწყო. რაც ჩემთვის წარმოუდგენელია და ამიტომ ამ ყველაფრის ბუნებრივად გაკეთება ჩემთვის რთული იყო.
– თამუნა ქორქია სინამდვილეშიც დაქალია, ჩიკას როლის შემსრულებელს, ანი ჩირაძეს იცნობდით მანამდე?
– ანი ჩემი ძალიან ახლო მეგობრის მეუღლე იყო და შესაბამისად, ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ, თუმცა ის უფრო ჩემი მეუღლის მეგობარია ძალიან ადრეული ასაკიდან. ახლა სერიალშია ჩემი დაქალი, თუმცა, ამას დაქალობას ვერ დავარქმევ, ეს არაა ნამდვილი მეგობრობა. სერიალში ყველაფერი უტრირებულია, მგონია, რომ მარტო ვაკეში არ ხდება ასე. შეიძლება, ზუსტადაც რომ ვაკეში არ მეგობრობენ ასე. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი მეგობრობა და მსგავსი პერსონაჟები რეალურად არსებობენ, მაგრამ გეოგრაფიულ მდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს. ვაკე იქნება, ვერა, დიდუბე, გლდანი თუ ქუთაისი, სულერთია. რატომ მაინცდამაინც ვაკე? ვაკეშიც, ვერაზეც და საბურთალოზეც ძალიან ბევრს ვიცნობ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩიკასნაირებს. ჩემს სამეგობრო წრეში ასეთი არავინაა.
– როგორი შეფასებები მოდის თქვენამდე პუსკუნასთან დაკავშირებით?
– სხვათა შორის, არასოდეს ვეცნობი სოციალურ მედიას, მაგრამ მაინც, საზოგადოებისადმი ჩემი თხოვნა იქნება, ცოტა გაიზარდონ და მიხვდნენ, რომ როცა რაღაცას წერენ, კრიტიკული იქნება თუ აღფრთოვანების გამომხატველი, უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ადამიანები ვართ და შემდეგ ფილმის პერსონაჟები. ეს არაა რეალური ცხოვრება, ფილმია და თავიანი დამოკიდებულება ნებისმიერი არტისტისადმი ცოტა კორექტულად გამოხატონ, რადგან ჩვენ გვყავს შვილები, მეუღლეები, მშობლები, მეგობრები და ისინი ამ ყველაფერზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ, ნერვიულობენ, განიცდიან. კარგი იქნება, ჩვენს ადგილზე საკუთარი თავი წარმოიდგინონ და ისიც გაითვალისწინონ, რომ ამის უკან ძალიან დიდი შრომა დევს. კორექტულობაზე ვლაპარაკობ, თორემ იმაზე არაა საუბარი, რომ შეიძლება, ვიღაცას მოეწონო და ვიღასაც – არა.
– როგორია ხოლმე რეაქციები, ოფიციალურ შეხვედრებზე რომ პუსკუნას ხედავენ?
– ძალიან სასაცილოა. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი პარფიუმერიული კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ, პარალელურად, მაქვს ჩემი კომპანია და ღონისძიებებს ვუწევთ ორგანიზებას. ძალიან ხშირად მიწევს ურთიერთობა მაღალი თანამდებობის პირებთან, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერი თუ სხვა მინისტრები. ძალიან სასაცილო სიტუაცია იქმნება, როცა შევდივარ და ისინი ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება, პუსკუნა იყოს უზარმაზარი საინვესტიციო ფორუმის ორგანიზატორი. თუმცა, ჩემი გამოცდილება და საპრეზენტაციო პორტფოლიო ყველაფერზე მეტყველებს. ძალიან კომიკურია ჩემი და თამუნა ქორქიას ერთად გამოჩენაც და ამიტომ უკვე ვერიდებით ერთად სიარულს, განსაკუთრებით, პანაშვიდებზე. უხერხულად კომიკური სიტუაცია შევქმენით ხოლმე საკმაოდ ტრაგიკულ გარემოში და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პანაშვიდებზე ერთად აღარ მივიდეთ. თუმცა ცალ-ცალკეც საკმაოდ კომიზმს ვიწვევთ (იცინის). ამას წინათ ბატონი გია ყანჩელი შემხვდა ქუჩაში და მინდოდა, მადლობა გადამეხადა ცოტა ხნის წინ გამოგზავნილი ძალიან სასიამოვნო საჩუქრისთვის. მივედი, დიდი მადლობა-მეთქი, უცბად გამომხედა და მითხრა, წინა სერიაში რატომ გაყვირეს ასეო – აღმოჩნდა, რომ ისიც ამ სერიალის ერთგული მაყურებელია.
– ოჯახის შესახებაც ვუამბოთ მკითხველს.
– მყავს მეუღლე და ორი შვილი – გიორგი კუპრავა, რომელიც 2007 წლის შვიდ ნოემბერს დაიბადა. დეკემბერში უნდა დაბადებულიყო, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო ვინერვიულე და ერთი თვით ადრე გაჩნდა და კესარია, რომელიც ათი წლის ხდება. ორი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული შვილი მყავს. ერთი ცოტა ჩაფსკვნილი, დინჯი, მოწესრიგებული, წყნარი ბიჭია, მეორე კოღოსავით გამხდარი, ახტაჯანა, თავისნება, მხიარული გოგო, რომელიც სულ რაღაცას ითხოვს.
– თქვენი და მომავალი მეუღლის სიყვარული როგორ დაიწყო?
– ერთმანეთი საერთო მეგობართან გავიცანით. სიყვარულის ნაპერწკალს რომ ეძახიან, ეს ცოტა მერე, ურეკში გაჩნდა. „იმედის ქალაქის“ გახსნაზე ბადრი პატარკაციშვილის ორგანიზებული უზარმაზარი ღონისძიება მე და ნიკუშა ლომიძეს მიგვყავდა. მე და ვახტანგი, როგორც დიპლომატი და იმდროინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის აპარატის თანამშრომელი, ამ ღონისძიებაზე ერთად მოვხვდით. იქიდან დაიწყო ჩვენი რომანტიკული ურთიერთობა. თანაცხოვრებამდე რამდენიმე წელი დავდიოდით ერთად. მაშინ რთული პერიოდი მქონდა – მამა გარდამეცვალა, სახლიდან საღსალამათი გავიდა და ავარიაში დაიღუპა. რთულია ამ წლებზე საუბარი, თუმცა, ნათქვამია, რომ რთულ პერიოდში უფრო კარგად იცნობ ადამიანებს. მისგან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა ვიგრძენი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის.  
– მსახიობობას თუ განიხილავთ პერსპექტივაში?
– ვერა, ჩემი ინტერესის ჭია გახარებულია, მაგრამ სასაცილო იქნება, რომ ამაზე ძალიან სერიოზულად ვიფიქრო. პრობლემა დრო იქნება-მეთქი, ვერ ვიტყვი, თუ აქამდე ვათავსებდი, ალბათ, ახლაც შევძლებ, თუმცა იმას ვერასოდეს დავუშვებ, რომ პუსკუნას თაყვანისმცემელი გამოუჩნდეს და ამაზე ჩემმა შვილებმა ინერვიულონ. ამ შემთხვევაში, არჩევანს აუცილებლად ოჯახის სასარგებლოდ გავაკეთებ. ბავშვები ძალიან ინერვიულებენ ამაზე. მე და ვახო ოდნავ ხმამაღლა რომ ვიწყებთ საუბარს შეშინებული თვალებით იყურებიან და იმას ვერაფრით გადაიტანენ, რომ სერიალში ჩემ გვერდით ვიღაც სხვა იყოს.
скачать dle 11.3