კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 მეგობარი მტრები

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

მე მელანო მქვია, ბებიაჩემის სახელი. ვარ 26 წლის. არ მყავს  და-ძმა და დედ-მამა და, შესაბამისად, ვცხოვრობ მარტო. მაგრამ, სამაგიეროდ მყავს 12 წლით უფროსი მამიდა – მაგდა, რომელიც ჩვენს პარალელურ ქუჩაზე ცხოვრობს და თითქმის სულ ჩემთან არის. მაგდა ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია: პრინციპული, ძლიერი, ოპტიმისტი, სამართლიანი, მებრძოლი და, თან, მხიარული და ხალისიანი. უკან არ დაიხევდა, პირველობას ადვილად არავის დაუთმობდა. ყოველთვის იცოდა საკუთარი თავის ფასი და ამიტომაც ჯანსაღი ამბიციები ჰქონდა. იყო პირდაპირი, მიმწოლი, ხშირად უხეშიც კი, ოღონდ, უსამართლოდ არავის მოექცეოდა. ჩაცმის სტილიც საოცრად დახვეწილი ჰქონდა – კლასიკური პლუს თანამედროვე, მაგრამ არასდროს გადაიხდიდა ტანსაცმელში უზომოდ დიდ თანხას – ეს ამორალობად მიაჩნდა. თავის ცოტა მძიმე ხასიათს თვითონვე აღიარებდა. პატარაობიდან ასეთი იყო – თავის სიმართლეში დარწმუნებული. ასეთია ახლაც და სწორედ ამიტომ მიყვარს განსაკუთრებით. თუმცა, თავისი საკმაოდ დახვეწილი გარეგნობის მიუხედავად, მაინც ვერ მოიწყო პირადი ცხოვრება – როგორც ჩანს, უკომპრომისო და ძლიერ ქალებთან უჭირთ მამაკაცებს ურთიერთობა. მაგრამ, სწორედ ამ თვისებების წყალობით შეიქმნა მაგარი ქალის იმიჯი ყველანაირი გაგებით და გაიკეთა სერიოზული კარიერა. თავის სფეროში პატივს სცემენ, მისი ერიდებათ, მის გადაწყვეტილებას ანგარიშს უწევენ და მის სიტყვას წონა და გავლენა აქვს ყველგან... და ყოველივე ამის ფონზე, წარმოიდგინეთ, როგორი ასატანი ვიქნებოდი მისთვის მე – თითქმის აბსოლუტური ანტიპოდი ყოველივე იმისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე (მცირეოდენი გამონაკლისით). იმის მიუხედავად, რომ სანახევროდ მისი გაზრდილი ვარ და ყოველთვის საკუთარ თავზე მეტად ვუყვარდი. მშობლები ძალიან პატარას დამეღუპა ავტოავარიაში და 15 წლის გოგონამ თვითონ ითავა  ჩემი გაზრდა მამამისთან, ბაბუაჩემთან ერთად – თვითონაც დედით ობოლი იყო და გამოცდილი ჰქონდა ეს სიმწარე, ხშირად უჩხუბია კიდეც ჩემთან, ასეთი დამთმობი, მორიდებული და მიმტევებელი ნუ ხარო.
– არ შემიძლია ეს ჩხუბი და ჭიდაობა და რა ვქნა?
– მაინც ხომ გიწევს ჭიდაობა, ჰოდა, ბარემ ისე ეჭიდავე, რომ შენ წინაშე დაწრიპინებაც ვერ გაბედოს! ბოლოს და ბოლოს, მისგანვე ისწავლე, როგორ უნდა დაამარცხო მეტოქე!
(აქ კი მკითხველი საქმის კურსში უნდა ჩავაყენო: მაგდა მეჩხუბებოდა ჩემი თანამშრომლის, ლორა გელოვანის გამო, რომელთანაც ერთი პერიოდი თითქმის ვმეგობრობდი, ბოლო ხანებში კი ძალიან არასაკადრისად მექცეოდა).
– აი, სწორედ ეგ ვერ გამიგია, მე რა მეტოქე უნდა ვიყო მისთვის? ჯერ ერთი, სხვადასხვა განყოფილებაში ვმუშაობთ; თანამდებობაც ორივეს ერთნაირი გვაქვს – მეც და ისიც განყოფილების უფროსები ვართ. ის გათხოვილია, მე – გაუთხოვარი, თითქმის შინაბერა, ყოველ შემთხვევაში, ბევრი აღარაფერი მაკლია ამ სტატუსამდე, თუ, რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში სასიკეთოდ არ შეიცვალა რამე, – ვთქვი შეკავებული ღიმილით.
– ჰა?! მომესმა თუ მართლა თქვი რამე საინტერესო?! – იკივლა მაგდამ.
– ჯერჯერობით ჩათვალე, რომ მოგესმა, – ვთქვი და უხერხულად გავჩუმდი.
– კარგი, – დამითმო მაგდამ, – დავუბრუნდეთ მთავარ თემას: გამაგებინე, რა უნდა შენგან იმ ორღობის ტურფას?  რა ვერ წაართვი, რა ვერ გაიყო შენთან, სად გადაეღობე?
– აზრზე არ ვარ, – ავიჩეჩე მხრები, – არადა, თავიდან ყველაფერი ისე ნორმალურად იყო, თითქმის დავმეგობრდით კიდეც. ისე, პრინციპში, კაცმა რომ თქვას, ცუდი ურთიერთობა თითქოს არც ახლა გვაქვს, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციას ისე შემომიტრიალებს, რომ თითქმის ყოველდღე თავის მართლების რეჟიმში ვარ, რაც მის წისქვილზე ასხამს წყალს – ვითომ სხვათა შორის, ყველას გასაგონად მეტყვის ხოლმე: ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, სულ შენს დაცვაში ვარ, სულ ვცდილობ, უხერხული სიტუაციიდან გამოგიყვანო, შენი შეცდომები გამოვასწორო ან დავმალო, შენ კი, იმის ნაცვლად, რომ საქმეს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდო, სულ რაღაც არარსებული მიზეზით ცდილობ ქვეშიდან გამოძრომას. ამას არ ჯობია, ისე იმუშაო და ისე მოიქცე, თავის მართლება აღარ დაგჭირდესო?1 ასეთ რამეს რომ მეუბნება, თან თითქმის ყოველთვის სხვების თანდასწრებით, ისე ცუდად ვხდები, თითქოს ვიღაცა უკნიდან მომეპარა, ყელში ხელები წამიჭირა და ჩემი გაგუდვა სცადა. არადა საერთოდ არ ეხება ჩემი განყოფილების საქმეები... – ამ საკმაოდ მოზრდილ ტირადას საკმაოდ მსხვილი ცრემლების წვიმა მოჰყვა.
– მდაა... – ხმამაღლა თქვა მაგდამ, – აქ უფრო სერიოზულად ყოფილა საქმე, ვიდრე თავიდან მეგონა. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი ამ საუბრის განმავლობაში შენს ფრაზებში ძალიან ბევრი „თითქმის“  და „თითქოს“ გავიგონე. ცხადია, სხვადასხვა კონტექსტით, მაგრამ ეს ორი სიტყვა მაინც იმაზე მიანიშნებს, რომ შენ თვითონ არ ხარ დარწმუნებული საკუთარ ძალებში. უფრო სწორად, შენ სათანადოდ არ გიყვარს საკუთარი თავი. ამას კი ყოველთვის გრძნობენ გარშემო მყოფნი და იმიტომაც გიბედავენ ამდენს.
– ვინ გარშემო მყოფნი?
– ყველა. დავიჯერო, მხოლოდ ის კაროჟნა გებრძვის ჩუმ-ჩუმად, დანარჩენები კი შენ მხარეზე არიან?
– არა, – ვაღიარე დამორცხვებულმა, – ყველა ლორას ელაქუცება, ერთგულებას უმტკიცებს, მის დავალებას ასრულებს... ეშინიათ და იმიტომ.
– რა დავალებებს?
– ერთმანეთზე კომპრომატებს აგროვებენ და ლორას უყვებიან. მანაც ყველაზე ყველაფერი იცის, ტყუილი თუ მართალი – პირადი ცხოვრება, კულუარული ამბები, ძველი თუ ახალი ცოდვები, ოჯახების საიდუმლოებები და ამით ყველა ხელში უჭირავს. უბრალოდ, ხასიათი აქვს ასეთი – უყვარს პირველობა და მბრძანებლობა.
– და კიდევ, უკაცრავი პასუხია და გოთვერნობა – მის საქციელს სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ. ფაქტია, რომ ვერ გიტანს, მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდები. შენი ბრალი, კიდევ გიმეორებ, ის არის, რომ სათანადო პასუხის გაცემა არ შეგიძლია.
– რა ვქნა, უზრდელი სიტყვებით შევამკო თუ შევაგინო? შენ რას მასწავლიდი ბავშვობიდან? თუ გინდა, ზეპირად გეტყვი ამ ფრაზას, რასაც ლამის ყოველდღე მიმეორებდი. გითხრა?
– მითხარი! – სერიოზულად მიპასუხა მაგდამ.
– კი ბატონო, გეტყვი: „ნუ იქნები უზრდელი. საშინელებაა უზრდელი ადამიანი, განსაკუთრებით – ქალი. ნურც გაიძვერა იქნები, ნურც ორპირი, ნურც ცილისმწამებელი, ნურც მოღალატე, მაგრამ შენთვისვე იქნება უკეთესი, იყო თავხედიც, უხეშიც და მიმწოლიც, ოღონდ ეს ყველაფერი ზრდილობიანი სიტყვებით უნდა შენიღბო და მაშინ გამარჯვება შენ დაგრჩება. არავითარი თავის მართლება, არავითარი გაუმართლებელი ბოდიშები, თორემ ყველა, შინაურიც და გარეულიც თავზე დაგაჯდება და შენს დაჩაგვრასა და გასრესას მოინდომებს“... კარგად ჩამოვაყალიბე შენი შეგონებები?
– მერე? სად არის თეორიის პრაქტიკაში გადატანა? შენ გგონია, რუსთაველისა და გურამიშვილის აფორიზმებისა და ქრისტეს მცნებების გამეორებით დავიმკვიდრე თავი თუ სახარებისეული იგავების შეხსენებებით? გახსოვდეს, საზოგადოება თავხედებს უფრო მეტ პატივს სცემს.
– რატომ? ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები. მათი მხოლოდ ეშინიათ.
– რატომ და, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თავხედი ყოველთვის გამარჯვებული რჩება და ხალხს უყვარს გამარჯვებულები, თუნდაც არასაკადრისი გზით იყოს მოპოვებული ეს გამარჯვება. მეორეც – ახლა შენ თვითონვე გაეცი პასუხი შენს კითხვას – თავხედების და ნაძირლების ეშინიათ, თუნდაც თვითონ არ გახდნენ მათი მსხვერპლი და აი, ახლა კი სწორედ რუსთაველს მივადექით: რას შეიქმს შიშიო, რას გვეუბნება?
– სიყვარულსაო, – გამეცინა მწარედ, – მაგრამ შენ ახლა მთლად ამოაყირავე ეს აფორიზმი.
– არც ისე ძალიან. მთავარი კი ისაა, რაც თეორიულად იცი, პრაქტიკაშიც გადაიტანო. ამას რომ თავი დავანებოთ, წეღან ჩემი ციტატა რომ ჩამომირაკრაკე – არავითარი ბოდიშებიო, რატომ უხდი იმ გოთვერანკას ბოდიშს ყოველდღე? ეგ იყო ჩემს „შეგონებაში“ ნათქვამი?
– მაშინ, ასე რომ გიყვარს შეგონებები, ერთ ძალიან ბრძნულ ფრაზას შეგახსენებ –  ცოტა არ იყოს, გამაბრაზა მაგდას შენიშვნამ, – „დამნაშავე არ იხდის ბოდიშს, ბოდიშს იხდის ის, ვინც ურთიერთობას უფრთხილდება“.
– ეს შენ მოიფიქრე? – მაგდას გაოცებაში მოწონებაც იყო ჩაქსოვილი.
– არა, – ხმამაღლა გამეცინა მე, – ბისმარკმა.
– ჰო, ეგ თითქმის ერთი და იგივეა, – გამეხუმრა სიცილით. მერე გაბრაზებულმა განაგრძო, – ჯერ ერთი. ვერ გავიგე, რატომ უნდა გაუფრთხილდე ასეთ ურთიერთობას და, მეორეც, მარტო ფრაზებს რომ იზეპირებ, თუთიყუში ხარ?!
– ჰო, ეს ყველაფერი მართლაც თეორიულად ვიცი, პრაქტიკულად კი ვერასდროს გავაკეთე, – ამოვიოხრე და, მგონი, პირველად შემეცოდა საკუთარი თავი, – სიმართლე გითხრა, ხანდახან მართლა მომივლის ხოლმე სურვილი, მოვაკეტინო, მაგრამ ვერ მომიფიქრებია, როგორ. თუმცა, სიმართლე გითხრა, ამაზე ფიქრით თავი არც არასდროს გამიცხელებია. რა ვქნა, როგორც არის, არის. ბოლოს და ბოლოს, სამსახურს გამოვიცვლი-მეთქი, ესეც კი მიფიქრია, მაგრამ არის ერთი რაღაც, რაც ამ ნაბიჯს არ მადგმევინებს, – ჩემდაუნებურად, საკმაოდ მრავალმნიშვნელოვნად ნათქვამი ფრაზა გამომივიდა და ჩემმა ეჭვიანმა მამიდამ მაშინვე დაიჭირა ეს ნოტი.
– „ერთი რაღაც“ თუ „ერთი ვიღაც“? – მკითხა ეშმაკურად.
– ორივე ერთად, – გამოვტყდი და გავწითლდი.
– მდაა... ახლა კი ჩავრთოთ დედუქცია, – თქვა გახალისებულმა მაგდამ და ჩამოთვლა დაიწყო: – ჩვენი დღევანდელი საუბრის დასაწყისში შემთხვევით ნამდვილად არ გიხსენებია შინაბერის სტატუსისთვის წერტილის დასმა – ეს ერთი; რამდენადაც ვიცი, თქვენი სამსახური ძირითადად ქალებით არის დაკომპლექტებული, სულ შვიდი თუ რვა მამრობითი სქესის წარმომადგენელი მუშაობს – ეს ორი...
– შვიდი, – მოვახერხე სიტყვის ჩაკვეხება.
– ამ შვიდი კაციდან ორი ძალიან ახალგაზრდაა, შენ არცერთი არ შეგეფერება, თუნდაც ასაკიდან გამომდინარე – დარჩა ხუთი. ამ ხუთიდან ერთი ძალიან ასაკოვანია, და შესაბამისად, არც ის შეგეფერება. ანუ, დარჩა ოთხი. ამ ოთხიდან სამი ცოლშვილიანია, თანაც ზოგს სამი შვილი ჰყავს, ზოგს – ოთხი. ანუ დარჩა ერთი, რომელიც ასაკითაც შეგეფერება და ყველა დანარჩენი მონაცემითაც – ეს სამი. და თუ ჩემი ლოგიკა არ მღალატობს, მგონი, გამოვიცანი, ვის გამოც არ გინდა სამსახურის გამოცვლა – ესაა თქვენი შეფი, ბატონი ბექა, რომელსაც, ვფიქრობ, თუ უფრო მეტი რამ არ ხდება მის გულში, სერიოზულად მოსწონხარ და, რაც მთავარია, შენც არა ხარ მის მიმართ გულგრილი – ესეც ოთხი. გამოვიცანი? – გამარჯვებული სახით მკითხა მაგდამ.
– ჰო, – დავეთანხმე მე და ახლა ჩურჩხელის ქურდობაზე წასწრებული ბავშვივით გავწითლდი, – მაგრამ, საიდან გაქვს ასეთი დაწვრილებითი ინფორმაცია ჩემს სამსახურზე?
– შენ, მგონი, დაგავიწყდა, რომ მაგ სამსახურში  ჩემი რეკომენდაციით მიგიღეს.
– ა, ჰო... მართლა დამავიწყდა.
მაგდამ უცბად თვალები მოწკურა, ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე კი ისეთი ხმით მკითხა, თითქოს რაღაც საიდუმლოში უნდა გამომტეხოსო:
– ვინ იცის ამ ყველაფრის შესახებ?
– სამსახურში? – დამაბნია შეკითხვამ.
– სამსახურში, აბა, ეზოში? – გაბრაზდა მაგდა, – კარგად გაიხსენე, ვინ იცის.
– ალბათ, ყველამ, – ვთქვი ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ.
– რატომ, დადიხარ და ყველას უყვები, ჩემს შეფს მოვწონვარო? ან, იქნებ, თვითონ ის ვაჟბატონი დგას დერეფანში და თითოეულ თანამშრომელს ეკითხება – მელანო მომწონს და თქვენ რას მირჩევთო? – რისხვით აენთო თვალები მაგდას.
– რა სისულელეებს ამბობ? – ახლა მე აღვშფოთდი.
– აჰა! ესე იგი, შეგძლებია პროტესტის გამოხატვა! თუ, მარტო ჩემთან გაქვს დიდი გული? – შემიჩიჩხინა ჩემმა ემოციურმა მამიდამ.
– პროტესტი და დიდი გული რა შუაშია, უბრალოდ, ბექა არ მალავს თავის სიმპათიებს ჩემ მიმართ, თათბირებზე მაქებს, როგორც პროფესიონალსა და საინტერესო ნოვატორული იდეების ავტორს და...
– ახლა ეს მითხარი, – ისევ დაფიქრებით მკითხა მაგდამ, – იმ ლორას მიმართ საერთოდ რა დამოკიდებულებას გამოხატავს?
– ძირითადად, მეგობრულს. ჩანს, რომ კეთილგანწყობილია მის მიმართ და, შეიძლება ითქვას, ძალიან სჯერა მისი.
– უფრო ზუსტად?
– უფრო ზუსტად, რასაც ლორა „შეუგდებს“ ყურში, ის ჰგონია ყველაზე ჭკვიანური  აზრი თუ იდეა, მაგრამ მერე ისე ახორციელებს ლორას მიწოდებულს, როგორც საკუთარს, თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, მასაც არ უკარგავს ერთგულებას და სხვადასხვანაირად გამოხატავს: შექებით, ბონუსებით, საგზურებით და ათასი სხვა რამით.
– ამ „სხვა რამეზე“ გამახსენდა, სხვანაირი ურთიერთობა მათ შორის არ შეგინიშნავს?
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3