კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რატომ არის კანონზომიერი, რომ ვართ უკულტურო ერი უკულტურო ელიტით და როგორ იქცა ინტელიგენტობა სამარცხვინოდ, უზრდელობა კი ნორმად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

დამოუკიდებლობის განმავლობაში უკვე ავირჩიეთ მეხუთე პრეზიდენტი, მათგან ერთმა ერთ წელიწადსაც ვერ გაძლო, ხოლო ორმა – ორ-ორი ვადით იმმართველა, ამის მიუხედავადაც, ვერა და ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური კულტურა. უფრო მეტიც, ის უფრო და უფრო უკან იწევს, რადგან საჯარო გამოსვლებისას პოლიტიკოსთა მეტყველებაც მძიმდება და ქცევის მანერაც, სატელევიზიო ეთერებში, ბეჭდურსა თუ ელექტრონულ მედიაში კი უხამსობა ლამის ნორმად იქცა. დასაშვები გახდა ნებისმიერი უტაქტობა, უზრდელობა, უწმაწურობა და ცილისწამება. რატომ ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში და არსებული რეალობის გათვალისწინებით, მომავალში მაინც არის თუ არა შესაძლებელი ამ სტანდარტის შექმნა, თუ დეგრადაცია შეუქცევადია? – ამ აქტუალურ თემაზე სოსო ცინცაძესთან ერთად ვსაუბრობთ.
– როგორ მოხდა, რომ თვალსა და ხელს შუა უკულტურობა იქცა ნორმად?
– პოლიტიკურ კულტურას, უპირველესად, კულტურული ადამიანები ქმნიან. მაღალი დონის ინტელიგენტი და კულტურული ადამიანი იყო ჩვენი პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მაგრამ მის გარშემო ვერ ვიხსენებ ინტელიგენტსა და კულტურულ ადამიანს. უცხოეთში ვიყავი იმ არჩევნების დროს, მაგრამ, როდესაც ჩამოვედი და პარლამენტის პირველ სხდომას ვუყურე, ვაკეში, სადაც მე ვცხოვრობ, ვინც კი ძველი ბიჭი, ნარკომანი და ქურდი იყო, ყველა პარლამენტში დავინახე. შევარდნაძეს იმანენტურად ესმოდა ინტელიგენციის როლი და ცალობით აგროვებდა, იცოდა მათი ფასი.
– მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თქვენ ამბობთ, მათი ფასი იცოდაო, ვერ ვიტყვით, რომ შევარდნაძის დროს პოლიტიკური სტანდარტი დაინერგა.
– სტანდარტი ვერ დაინერგა…
– გვახსოვს, ეგრეთ წოდებული, „იმელის“ პარლამენტი, უკიდეგანოდ სამარცხვინო.
– სამარცხვინო იყო იმიტომ, რომ, როგორც რუსები ამბობენ, „რდინ ვ პოლე ნე ვოინ“, თითო-ოროლა ინტელიგენტი ამინდს ვერ შექმნიდა. შევარდნაძე ადამიანებს არჩევდა, მაგრამ ინსტიტუტების შექმნისთვის ძალა არ ჰყოფნიდა და არც პოლიტიკური ნება იყო საამისოდ, ამიტომაც ის პარლამენტები იყო საშინელება. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მიშა სააკაშვილი მეცნიერების ოჯახიდან იყო…
– ინტელიგენტობასა და დახვეწილ მანერებს მას მაინც ვერ დავაბრალებთ.
– დიახ და გარდა ამისა, თვითონაც ნაკლებად იცოდა ასეთი ადამიანების ფასი. ვინ იყვნენ მიშას ფავორიტები? მათ შორის არ იყო ერთი ინტელიგენტიც კი, პოლიტიკური კულტურის მატარებელი. ამიტომ პოლიტიკური კულტურისა და ინსტიტუტების შექმნაზე არავის უფიქრია, ამის არც პოლიტიკური ნება იყო და არც მოთხოვნილება.
– მე მგონია, რომ ჩვენთან დამოუკიდებლობის ხიბლი გამოიხატა უზრდელ, უხამს ქცევა-მეტყველებაში, რომელიც ყალიბდება ნორმად და ტრადიცია, რომ პოლიტიკოსს უნდა ემეტყველა აღვირახსნილად, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაინერგა.
– დიახ და შემდეგ ეს ესტაფეტა დიდი წარმატებით ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა 2012 წლის პარლამენტს იმდენად არ ეტყობოდა, რადგან იქ იყვნენ ძმები ბერძენიშვილები, ვახტანგ ხმალაძე, რომელიც ევროპის ნებისმიერ პარლამენტს დაამშვენებდა, მაგრამ ამინდს ქმნის მასა. ჩვენ ვერც შევამჩნიეთ, ისე იქცა ხალხი ბრბოდ. ჩვენ თვალწინ ჯერ წითელი ინტელიგენციის დევნა დაიწყო, რომ მათი მარგინალიზაცია მოეხდინათ. „ქართული ოცნების“ მეორე მოწვევის პარლამენტმა კი ყველა რეკორდი მოხსნა.
– შევნიშნოთ, რომ იქ მყოფთაგან ყველას ვგულისხმობთ, იმიტომ რომ „ნაციონალებსა“ და მათ განაყარ „ევროპულ საქართველოს“ არ უღალატია ჩვეულებისთვის და როცა ამის შესაძლებლობა აქვთ, კვლავ აგრესიულად და უკულტუროდ იქცევიან. არც „პატრიოტთა ალიანსი“ ნერგავს პოლიტიკურ ეთიკას.
– დიახ. მე მთელი პარლამენტი მყავს მხედველობაში, მათზეა ნათქვამი, ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო. ამიტომ, ნუ გაგვიკვირდება, რაც ხდება. არის თეორია, რომ ასეთ დროს საშუალო კლასია გადამწყვეტი. წაკითხული მაქვს ხუან კარლოსის, ესპანეთის მეფის საუბარი ჟურნალისტთან. წიგნს ჰქვია „ხელმწიფე“ და ჟარნალისტი მას ეკითხება, როგორ მოახერხეთ, ფრანკოს დიქტატურიდან წელიწად-ნახევარში სულ სხვა, ლიბერალური, დემოკრატიული, ინტელიგენტური ქვეყნის შექმნაო და იცით, რას პასუხობს ხუან კარლოსი? ფრანკოს უნდა ვუმადლოდეთ, იმიტომ რომ მან მე ძლიერი საშუალო კლასი დამახვედრაო. ასე რომ, შეიძლება, ჩვენთანაც უკულტურობის მიზეზი ისაა, რომ არ არსებობს საშუალო კლასი. მეორე მიზეზი განათლება მგონია. არც ერთ მთავრობას არ ჰყოფნის ფული განათლებასა და მეცნიერებაზე.
კულტურას თავისი პრინციპები აქვს. შეიძლება, ცოტა უხეში მაგალითია, მაგრამ მე ყოველდღე ვსეირნობ ვაკის პარკში. ვაკის პარკის ამდენი მოვლა-პატრონობა მე არ მახსოვს. ყოველდღე მოაქვთ დეკორაციული ხეები, ბალახს წმენდენ, უკაცრავად, მაგრამ შევედი საპირფარეშოში და დამხვდა საშინელება. აი, ეს არის კულტურის მანიშნებელი.
– მეც განხრაზ დავათვალიერე საპირფარეშო ერთ-ერთ მიღებაზე, სადაც ფაქტობრივად, ჩვენი პოლიტიკური და სახელოვნებო ელიტა შეიკრიბა. სადაც ადამიანს დაედგა ფეხი, იყო სრული საღორე, თუმცა ყველაფერს ეტყობოდა, რომ იქაურობა სტუმრებისთვის საგანგებოდ დაესუფთავებინათ.
– ამას ვამბობ მეც. ვაკის პარკის დირექტორს იმის ფული კი აქვს, რომ მიხედოს საპირფარეშოს. ისეთი დეკორაციული მცენარეები მოაქვთ, თითოეული რომ 400-500 ლარი ეღირება და მოაქვთ ასობით. მუდმივად მუშაობს ოცი მუშა, მაგრამ საპირფარეშოს ახლოს ვერ გაეკარები.
– საბჭოთა დროსაც არ გამოვირჩეოდით საჯარო სისუფთავით. სადარბაზოები ჩვენთან ყოველთვის ბინძური იყო, ფეხსალაგის ადგილმდებარეობას კი სურნელით მიხვდებოდი, არც თუ იშვიათად, ახლაც ასეა.
– ყოველთვის ვცხოვრობდი იმ კორპუსებში, რომლებშიც უფულო ადამიანი არ ცხოვრობდა  და სადარბაზო და ლიფტი ყოველთვის საშინლად იყო დაბინძურებული, მაგრამ ნებისმიერის ოჯახში რომ შეხვიდოდი, ისეთი გაპრიალებული ჰქონდათ იატაკი, ერბოს აკრეფდი. მახსოვს, სულ ჩხუბი იყო, რადგან მეზობლები კაპიკს არ დებდნენ, რომ გვექირავა დამლაგებელი, რომელიც დაასუფთავებდა, იმიტომ რომ სადარბაზოსა და ლიფტს თავისად არავინ თვლიდა და არავის აწუხებდა, რომ კიბეების მოაჯირი ისეთი ჭუჭყიანი იყო; ხელს ვერ მოჰკიდებდი.  დღესაც ასეა: არაფერი შეცვლილა. არ ვიცი, ამას რა და როგორ ეშველება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს არავის აწუხებს.
– სისუფთავისადმი იძულება შესაძლებელია სანქციებით. უცხოეთში როგორ მოახერხეს, რომ მაღალი სტანდარტი შექმნეს და შეინარჩუნეს?
– დასავლეთმა ამისთვის ბრძოლა ორასი წლის წინათ დაიწყო, თუმცა საამისო წინაპირობაც ჰქონდათ, გავიხსენოთ, რაც ხდებოდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში: გლეხები ცოცხლად წვავდნენ მემამულეებს. ფრანგმა ექიმებმა 50 თუ 60 წლის წინათ დაადგინეს, რომ რობესპიერს და მის უფროს ძმას ჯანმრთელი ფსიქიკა არ ჰქონდათ. მაგრამ ნაპოლეონმა დააბრუნა ვითარება ნორმალურ კალაპოტში. ნაპოლეონი პირველი მიხვდა, რომ მთავარი სამართლიანობის აღდგენა კი არ არის, არამედ თანასწორობა. ის, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანაბარი. თორემ ნაპოლეონს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ სამართლიანობის მიღწევა შეუძლებელია. სოციალურ სამართლიანობას ვერასდროს დაამყარებ: მუდამ იქნება მდიდარი და ღარიბი, ოღონდ მთავარია, რომ მდიდარიც და ღარიბიც სასამართლოში ერთნაირი უფლებებით სარგებლობდნენ. თან, გაითვალისწინეთ, რომ, რაც უნდა ვიძახოთ, ევროპა, ევროპაო, აღმოსავლეთი ვართ.
– მაგრამ აღმოსავლეთი არ არის უზრდელი და არც ყოფილა, პირიქით.
– მაგრამ ჩვენ მოვდივართ ოსმალური და სპარსული ტირანიიდან და არა კონფუციანიზმიდან და ბუდიზმიდან. აი, ეს უნდა გავიხსენოთ. ამიტომ შეიძლება, თაობების ცვლაა საჭირო ან ისეთი ხელისუფალი, ვინც თვითონ იქნება ინტელიგენტი. უმაღლესი კულტურის მქონე ლიდერებია საჭირო, რომელთათვისაც შინაგანად იქნება მიუღებელი ის სცენები, რასაც ვუყურებთ.
– ჩვენ გვიწოდებენ ცხელთავიანებს, რაშიც თავისი წვლილი მიუძღვის სამხრეთულ მზესაც, ამდენად, თითქოს მოსახლეობაც მოითხოვს ასეთი ტიპის სცენებს, დაპირისპირებას, აგრესიას. ამ პოლიტიკოსებს მისცა ხმა მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილმა იმიტომ, რომ ასე უხამსად და აგრესიულად იქცევიან.
– ისინი მოდიან მერე ხელისუფლებაში, ვისი მასწავლებლებიც ყრიან ურნაში ყალბ ბიულეტენებს. ასეთი პედაგოგები იყვნენ შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც და არიან ახლაც. სულ ასე ვიქნებით, სანამ ვიღაც არ იტყვის, მოდი, დავმარცხდეთ, ჯანდაბას, ოღონდ რაღაც კულტურას დავუდოთ სათავეო.
– მოდელირება ვცადოთ: თქვა „ოცნებამ“ ჯანდაბას, დავმარცხდეთ. მისი ალტერნატივაა „ნაციონალები“, ისინიც იტყვიან მომდევნო არჩვენებზე, ჯანდაბას დავმარცხდეთ?
– არ იტყვიან, ისევ იმავეს გააგრძელებენ. „ნაციონალები“ თუ დაბრუნდნენ, აი, „შერეკილებში“ რომ ეუბნება ხუტა უფროსი ექიმს, აბა, თქვი, აა, ის დაიწყება. შურისძიების წრეზე ვტრიალებთ, იმიტომ  რომ ყოველი ახალი ხელისუფლება შურისმაძიებლის როლში გამოდის. იდეალური გამოსავალია მესამე ძალა, მაგრამ ესეც ხომ ფანტაზიაა?! კოსმოსიდან ჩამოვლენ?! ხალხი ხომ იგივეა?! მე მაინც უფრო საგანმანათლებლო სისტემის იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, თუ ის ძირფესვიანად გადახალისდება. განათლება უნდა იქცეს პრიორიტეტად. როგორც ჩანს, თერაპია აღარ ჭრის, ქირურგიაა საჭირო. გადავხედოთ: საფრანგეთში ჰყავდათ ნაპოლეონი, ინგლისში – კრომველი, ამერიკაში – საერთოდ, ნახევრად ღმერთები. იქ კადრების სწორი სელექციაა. სისტემის დამსახურებაა, რომ, მაგალითად, ამერიკაში გამორიცხულია, პრეზიდენტი იყოს სუსტი ადამიანი. ტრამპი უცნაურია, მაგრამ, როგორც პიროვნება, ძლიერია. ჩვენთან კი შეიძლება, ნებისმიერი მოხვდეს დასტაში და გახდეს პრემიერი ან პრეზიდენტი. საერთოდ, კულტურული ადამიანები სკოლაში ყალიბდებიან, მათი ჩამოყალიბება იწყება პირველი კლასიდან. ჩვენთან კი განათლების შეურაცხყოფაა, განათლების რომ ჰქვია განათლების სისტემას. ამდენად, ის, რომ დღეს ვართ უკულტურო ერი უკულტურო ელიტით, არის კანონზომიერი მოვლენა. სხვანაირები ვერ ვიქნებით.
скачать dle 11.3