კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№52 როგორ შეარჩიეს ლადო აფხაზავა მსოფლიოს ორმოცდაათ საუკეთესო მასწავლებელს შორის და რაში აპირებს ის მილიონი დოლარის დახარჯვას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელთა შორის დაასახელეს. მანამდე ის საქართველოში გახდა „მასწავლებლის  ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული.
ლადო აფხაზავა: „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ აპლიკაცია შარშან შევავსე, თუმცა გამარჯვების მოლოდინი იმდენად არ მქონდა, რომ ათეულში მოხვედრაც კი ძალიან გამიკვირდა და მით უმეტეს, გამარჯვებულად რომ დამასახელეს, გადავირიე. კონკურსში რამდენიმე თბილისელი მასწავლებელი მონაწილეობდა, ძლიერი კონკურენტები მყავდნენ და სიმართლე გითხრათ არ მეგონა, რომ ლანჩხუთელს გაამარჯვებინებდნენ. კონკურსს ხუთი მთავარი კრიტერიუმი აქვს: საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, გამჭოლი კომპეტენციები, ანუ გარდა შენი საგნისა ასწავლი თუ არა ეკოლოგიას, მედიაწიგნიერებას, ციფრულ კომპეტენციას – რაც ყველა მასწავლებელს მოეთხოვება. კიდევ ერთი კრიტერიუმია თავად მასწავლებლის ისტორია, ასევე, გლობალური მოქალაქის აღზრდის პროცესი და სწავლების ინოვაციური მეთოდები. ყველა მასწავლებელს თავისი მიდგომები აქვს, მაგალითად, მე შედარებით სუსტ მოსწავლეებს პატარა კომპლიმენტებს ვეუბნებოდი: როგორ მოგიხდებოდა ფილოლოგობა ან რა მაგარი დიპლომატი, ეკონომისტი იქნებოდი. ძალიან ხშირად ვეუბნებოდი, რომ არაჩვეულებრივი მასწავლებელი გამოვიდოდა მისგან. ამ დროს ბავშვი ფიქრობს, რა დავინახე მასში ასეთი, ეს კი მათ ინტერესს ზრდის და დღეს ჩემი ყოფილი მოსწავლეებიდან 103 პედაგოგიურზე სწავლობს, რაც ძალიან მიხარია.
– „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ შარშან იყო და ჯილდოდ ათი ათასი ლარი მიიღეთ. წელს უკვე მსოფლიოს ორმოცდაათ საუკეთესო მასწავლებელს შორის დაგასახელეს და გამარჯვების შემთხვევაში ჯილდო მილიონი დოლარია...
– ამ კონკურსზე ათიათასობით აპლიკაცია იყო წარდგენილი. სამოცდაათი ქვეყნის რამდენიმე ათასი მასწავლებლიდან ფინალში 39 ქვეყანის 50 პედაგოგი გადავედით. გამარჯვებულისთვის საპრიზო ფონდი მილიონი დოლარია, მაგრამ არა პირადი კომფორტისთვის, ეს თანხა ისევ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებისა და სასწავლო პირობების გაუმჯობესებისთვის უნდა დაიხარჯოს. მას ათი წლის განმავლობაში გაძლევენ და მისი ხარჯვის პროექტი წინასწარ უნდა გქონდეს გაწერილი. ჩემი პროექტები მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დახმარებას. მათ ბევრი საჭირო რესურსი არ აქვთ და მინდა, დავეხმარო.  ჩვენს მუნიციპალიტეტში კი ბუფეტების პრობლემაა და ამ თანხიდან მათ მოგვარებასაც შევეცდები. სკოლაში სამუშაოდ 2000 წელს მივედი და მაშინ გადავწყვიტე, რომ ცვლილებები იყო საჭირო, რაც ჩემი სადამრიგებლო კლასიდან დავიწყე – დავაარსე ბანაკი, რომელსაც ბავშვებმა „ლადოს ბანაკი“ უწოდეს და მოსწავლეები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებულ კურორტულ ზონებში მიმყავდა. თუმცა არა მარტო ჩემი, არამედ სხვა სკოლების მოსწავლეებიც: ობოლი, სოციალურად დაუცველი თუ სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვები –  იქნებოდა ეს ეპილეფსია, დიაბეტი თუ სხვა სინდრომი. ეს მარტივი არ იყო, მაგრამ შრომა აუცილებელია იმისთვის, რომ ისინი საზოგადოებაში ინტეგრირებულიყვნენ. მიხარია, რომ ბევრი ბავშვი, რომელთაც საერთოდ, სკოლაში სიარულის და თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდა, დღეს ინტეგრირებულია. ახლა ჩემი ყოფილი მოსწავლეები თავად ჩამოდიან „ლადოს ბანაკში“ და სხვადასხვა აქტივობებით გვეხმარებიან. ახლა ვმუშაობ ძალადობაგამოვლილ ბავშვებთან. ჩვენ გვაქვს მცირე საოჯახო ტიპის სახლი, ვთანამშრომლობთ სოციალურ მუშაკებთან, პროვაიდერები, ძიძები, დედობილ-მამობილები – ერთ გუნდად ვართ შეკრული. ვფიქრობ, რომ არ არსებობს რთული და ცუდი ბავშვები. მათ, უბრალოდ, აღზრდა და ქცევის კორექცია სჭირდებათ. ძალადობას ძალადობით არ უნდა ვუპასუხოთ. მნიშვნელოვანია, მათთან მუშაობისთვის საჭირო მიდგომები ვიცოდეთ. მაგალითად, ბანაკში წამყვანები რთული ქცევის ბავშვები არიან, გირჩებისგან ძალიან დიდი გროვა გაგვიკეთებია და ბოლოს დაგვიშლია. ამით ისინი ემოციებისგან იცლებიან და მზად არიან ინფორმაციის მისაღებად. ჩვენი სკოლა ფინანსურად არ არის ისეთი ძლიერი, რომ ისინი ტექნიკური რესურსებით გავაკვირვო, მაგრამ ყველაფრის გამოყენება შეგვიძლია. მაგალითად, კომბოსტო ვიყიდეთ სახლისთვის და უცებ მომაფიქრდა, რომ შემეძლო, მისი დახმარებით ბავშვებისთვის დემოკრატიის მნიშვნელობა ამეხსნა. კომბოსტო შედგება ერთი ღერძისა და ძალიან ბევრი ფოთლისგან. დემოკრატიის პრინციპიც ესაა – ერთ ღერძზე ბევრი სხვადასხვა სექტორი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ, ერთ დიდ ბირთვს ქმნიან და მოსწავლეებს ვეუბნები, რომ ჩვენს სკოლაში დემოკრატიის სიმბოლო არის კომბოსტო. მასში ვარჭობთ დროშებს ორგანიზაციების დასახელებით, ვასახელებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ააქტიურებენ სამოქალაქო საზოგადოებას, მერე იწყება თამაშები. კომბოსტოდან უნდა მოაშორონ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც არ ააქტიურებენ საზოგადოებას და ბოლოს ტოვებენ ხუთ მთავარ პუნქტს, რაც საზოგადოებას ააქტიურებს, ესაა: დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი მედია და სექტორებს შორის თანამშრომლობა. თან, ეს ინფორმაცია მათ ისე უნდა მიაწოდო, რომ დაამახსოვრდეთ. მასწავლებლებს ხშირად გვინდა გაკვეთილზე სიჩუმე იყოს, რომ სხვებმა თქვან, როგორი დისციპლინა აქვსო, მაგრამ ასეთი გაკვეთილები, ვფიქრობ, საჭირო აღარაა. გაკვეთილი უნდა იყოს ხმაურიანი, სამუშაო პროცესი უნდა იყოს აქტივობებით დახუნძლული.
– თქვენ როგორ გახდით მასწავლებელი?
– მერვე კლასში ვიყავი, როცა დავაფიქსირე, რომ სასწავლო პროცესში რაღაცები არ მომწონდა. ჩანაწერებს ვაკეთებდი და იქ ხშირად ვინიშნავდი ამის
მიზეზებს. მახსოვს, ბავშვები დამცინოდნენ, რატომ გაქვს გრძელი თმაო. ამ დროს ცეკვის მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ ცეკვას ასე სჭირდებოდა. სხვა მასწავლებლები მიმეორებდნენ, შეიჭერიო და ამას ბავშვებიც ყვებოდნენ. ბულინგს განვიცდიდი და ეს მუდმივად მტანჯავდა. გაკვეთილის შემდეგ დერეფანში გამოვიდოდი თუ არა, მესმოდა: ლადო, თმა შეიჭერი, ლადო რამხელა თმა გაქვს და ასე შემდეგ. ახლა შეიძლება, სასაცილოა, მაგრამ მაშინ გულს მტკენდა. ამ ყველაფრის ფონზე მასწავლებლობაზე არ უნდა მეფიქრა. მეც მიკვირს, მაგრამ დღიურის ბოლო გვერდზე მიწერია – მე აუცილებლად გავხდები მასწავლებელი! თუმცა პედაგოგიურზე არ ჩამიბარებია, მაშინ ამისთვის დიდი თანხა იყო გადასახდელი, წრეც უკვე შევსებული იყო და საბუთები ეკონომიკურ ფაკულტეტზე შევიტანე. პარალელურად, დავამთავრე სასულიერო სემინარია და ხუთ სკოლაში რელიგიის ისტორიის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. შემდეგ ეს საგანი გაუქმდა და შემოვიდა სამოქალაქო განათლება, ზოგიერთმა დირექტორმა შემინარჩუნა სამსახური ამ საგნის ჩემზე გადმობარებით და ვფიქრობ, ამან გაამართლა.
– თქვენი მეთოდები არაა სტანდარტული, საიდან გაგიჩნდათ ეს იდეები?
– ჩემმა სხვადასხვა პროექტმა საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. მაგალითად, პროექტი „ეთნორძლები და ჩემი სოფელი“ ეთნიკურ უმცირესობებისადმი დამოკიდებულების შეცვლას ისახავდა მიზნად. ჩემს მოსწავლეებს ცუდი შეხედულება ჰქონდათ სომხებზე, აზერბაიჯანელებზე და სხვა ეთნიკურ უმცირესობებზე. გურიის რეგიონში არ არსებობს სომეხი ან აზერბაიჯანელის ოჯახი, ამიტომ მათი წაროდგენები ყურმოკრულ ამბებს ემყარებოდა. ისინი სკოლიდან წამოვიდოდნენ, თბილისში ჩამოვიდოდნენ და აუცილებლად შეხვდებოდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. ამიტომ საჭირო იყო სკოლიდანვე შექმნოდათ სწორი წარმოდგენები. ჩამოვიარე სოფელი და აღმოვაჩინე, რომ სოფელ ჩიბათში გურულ ბიჭებს ცოლად ჰყავდათ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და ეს ადამიანები სასწავლო რესურსად გამოვიყენე. გურული რძლები ერთმანეთს დაუძახებდნენ და აზერბაიჯანელს ტოვებდნენ, ბევრი საერთოდ არც იცნობდა მათ. მაგრამ როცა მშობელმა დაინახა, რომ მისი შვილი აზერბაიჯანელ რძალთან დადის და სახლში დაბრუნებული ყვება თუ რა კარგი გოგოა ის, როცა ისინი სკოლაში პატივით მივიღეთ, მის შვილთან ერთად ეთნიკური კერძები დაამზადეს და სკოლაში დიდი ეთნოსუფრა მოეწყო, უკვე შეიკრა საზოგადოება და ინტეგრირება მოხდა. ამ და სხვა მსგავსი პროექტებით ვესტუმრე სხვადასხვა ქვეყანას და ამ პროცესში ვხვდებოდი, რა აკლდა ქართულ სკოლას. მერე ჩემს თავს ვეკითხებოდი, რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი მოსწავლეები მზად იყვნენ სამომავლო გამოწვევებისთვის-მეთქი და ასე საკუთარ თავს ვავითარებდი.
– არ გქონიათ თბილისში გადმოსვლის ცდუნება?
– თუ ყველა წავიდა სოფლიდან და რაიონიდან, სამოქალაქო საზოგადოებას ვერ ავაშენებთ. არ ვაპირებ იქაურობის დატოვებას. ძალიან ბევრი შემოთავაზება იყო, მაგრამ მე ვარ ჩიბათის საჯარო სკოლის რიგითი მასწავლებელი, რომელმაც ბოლომდე უნდა მიიყვანოს საკუთარი საქმე. „ხამობაა“, რომ ფულს გავეკიდო. მქონდა შემოთავაზება, საქართველო დამეტოვებინა, უკეთესად მეცხოვრა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. ერთ სკოლაში მუშაობისას ხელძღვანელს ვეხვეწებოდი, 25 ლარი მომეცი-მეთქი. რადგან სახლში ვიყინებოდი, ღუმელი კი მქონდა, მაგრამ მილები არა, მან პრემია გამოიწერა და მე ისე დამტოვა. შვიდთვიანი უხელფასო მუშაობის შემდეგ ამ სკოლიდან წამოვედი, და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მუნიციპალიტეტში ასეთი რამეები ხდება, გადავწყვიტე, მაინც აქ დავრჩენილიყავი და არ ვნანობ.
კვირა არ გავა, რომ ჩემი ყოფილი მოსწავლეები სტუმრად არ მოვიწვიო. ისინი სხვადასხვა სფეროში ჩემზე კომპეტენტურები არიან, მოდიან და გაკვეთილებს გვიტარებენ. ჩემთვის ეს არის შედეგი და არა ნიშანი „ათიანი“. დღეს თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ვიყავი და გუნდურ მუშაობაში გაკვეთილი ჩავატარე. ერთ-ერთ გუნდში ბიჭები მოხვდნენ და მასწავლებელმა მითხრა, ესენი ზარმაცები არიანო. ზუსტად ის ბიჭები აღმოჩნდნენ გამარჯვებულები და ყველას ძალიან გაუკვირდა. ძალიან მნიშვნელოვანი უნარები გამოავლინეს ბავშვებმა და მათი მარტო ნიშნით შეფასება იმის მიხედვით, ისწავლა თუ არა გაკვეთილი, არასწორია. ბავშვის რესურსი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა გამოიყენო. შეიძლება, ის ხატავს ან ელექტრონული პრეზენტაციის აწყობაში იყოს უფრო ძლიერი, ვიღაც სიმღერით ყვება გაკვეთილს და ისიც შეაფასე. ზოგს ლიდერობის უნარი აქვს. მასწავლებელი ამბობდა, სუსტიაო, მაგრამ ჩემს პროექტებში ისეთი ლიდერი გახდა, რომ სხვებსაც იყოლიებს და საქმეს აკეთებინებს – მთავარი ამ უნარების წარმოჩენააა, რის გამოც უნდა შევაქოთ და საშუალება მივცეთ, რომ ბევრი რამ მოსინჯონ.
– პროფესიის მიღმა როგორია თქვენი ცხოვრება?
– მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე, მშობლები ადრე გარდამეცვალნენ, დები გათხოვდნენ და სახლში მარტო დავრჩი. ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა რვა ბიჭი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს მცირე საოჯახო ტიპის სახლში ერთად ვართ. მათდამი მამობრივი დამოკიდებულება მაქვს. ერთხელ ერთ-ერთ ბავშვს შევატყვე, რომ ცუდად იყო, რამდენჯერმე მივიყვანე საავადმყოფოში, მაგრამ მეუბნებოდნენ, არაფერიაო. არადა, ვგრძნობდი, რომ რაღაც არ იყო რიგზე. ბოლოს რომ მივედი, პირდაპირ რენტგენზე შევედი და გამოჩნდა, რომ ბავშვს ფილტვების ანთება ჰქონდა ძალიან რთულ ფორმაში. იმდენად რთული მდგომარეობა იყო, მითხრეს, შეიძლება, ქუთაისამდე ვერ ჩააღწიოთო. ახლაც მეტირება რომ მახსენდება, ქუჩაში გავვარდი ბავშვით ხელში და შუაგზაზე მანქანებს გიჟივით გადავუდექი. ჩავაღწიეთ ქუთაისის საავადმყოფოში და მითხრეს, რომ წამებში მივუსწარით. ხუთი დღე არც ხელი დამიბანია, არც ტანსაცმელი გამომიცვლია და არაფერი მსგავსი, მთელი დღეები ბავშვს თვალებში ვუყურებდი და მაშინ ვიგრძენი, რომ ამ ბავშვების მიმართ მამობრივი გრძნობა მაქვს. ვცდილობთ, მათ ოჯახური გარემო შევუქნათ. მცირე საოჯახო ტიპის სახლში გვაქვს სასათბურე მეურნეობა, სოკოს მეურნეობა, ქოთნის ყვავილებს ვამრავლებთ და ყველა ბიჭს თავისი საქმე აქვს. ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებთ და ბავშვებს ყოფითი უნარებიც უმუშავდებათ. მათ ყველანაირი პირობა აქვთ, რომ აქტიური მოქალაქეები გამოვიდნენ.
ბევრი მასწავლებელი მწერს, გლობალური მასწავლებლის კონკურსზე ხარ წარდგენილი და გურულად ნუ საუბრობ, ცოტა თანამედროვედ და რაფინირებულად ისაუბრეო. მე რომ ასე ვისაუბრო, მაშინ ჩემს ემოციას დავკარგავ. მე ასეთი ვარ, გურიაში დავიბადე, იმ საზოგადოებამ გამზარდა, რომელიც გურულ დიალექტს იყენებს და რატომ უნდა ვეცადო მის შეცვლას? რატომღაც ყველას უნდა საკუთარი თავის კარგად წარმოჩინება და ბოლოს ადამიანი უემოციო და რობოტი ხდება.
скачать dle 11.3