კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ყველაფერი მახსოვს

ჯონ მაკდონალდი

თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, საშინელი წყურვილის გრძნობას გულისრევის შეგრძნებაც დაემატა. იძულებული გახდა, ამდგარიყო. აბაზანამდე ძლივს მიაღწია. ცივი წყლის დალევა და უნიტაზზე გადაყუდება ერთი იყო. თავი შედარებით უკეთ იგრძნო. სარკეში რომ ჩაიხედა, მაშინღა გაახსენდა საკუთარი ვინაობა – ჰედლი პარვისი, 39 წლის. ჰყავს ცოლი – სარა, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო მეტად ნერვიულობდა ქმრის ალკოჰოლიზმისაკენ განსაკუთრებული მიდრეკილების გამო. ბუნებრივია, მეტადაც ჩხუბობდა.
აბაზანაში ნელ-ნელა შემოაღწია გაღვიძებული ქალაქის ხმებმა. წყლის გამაცოცხლებელი ნაკადის ქვეშ, ფრთხილად დაიწყო გუშინდელი საღამოს გახსენება. საღამოს პირველი ნაწილი შედარებით მარტივად გაიხსენა. სამსახურის შემდეგ სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი კლიენტის პრეზენტაციაზე უნდა წასულიყვნენ. ისიც მოაგონდა, წასვლამდე როგორ წაგესლა ბილი ჰანტერმა: „მოხუცი ეჭვობდა, ღირდა თუ არა შენი პრეზენტაციაზე წაყვანა. მკითხა: წესიერად თუ მოიქცევაო“. ანუ უფროსს უკვე ეჭვი ეპარებოდა მის კეთილგონიერებაში.
პრეზენტაცია სასტუმროს ზედა სართულზე იმართებოდა. ყველაფერი მაღალ დონეზე იყო გაკეთებული. მანქანის მაკეტი, რომელიც ნატურალური ზომის ერთ მესამედს წარმოადგენდა, შემაღლებულ სცენაზე ნელ-ნელა ტრიალებდა. მის გვერდით საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ქერა ქალი იწონებდა თავს. მისმა ჩამოსხმულმა ფიგურამ სარა გაახსენა და ტანში სინაზის ტალღამ დაუარა. ცოლში ნამდვილად გაუმართლა. სარას გარეგნობა ნებისმიერს გაუღვიძებდა სურვილს.  ჭიქა გამოცალა და ბარისკენ გაემართა. ბილი ჰანტერზე წყენამ გაუარა. ბარის დახლთან მოეწყო და სმა განაგრძო.  დაახლოებით ათ წუთში შინაგანმა ხმამ გამაფრთხილებელი სიგნალები გაუგზავნა, მაგრამ  ჰედლიმ არაფრად ჩააგდო ისინი.
ამ მომენტის შემდეგ მის მეხსიერებაში სერიოზული  ჩავარდნა იყო. მთლიანობა დაირღვა და მხოლოდ ცალკეული, ფრაგმენტული ეპიზოდები დარჩა.
იგი ჯერ კიდევ ბარში იჯდა, როდესაც ჰანტერი მოვიდა და უთხრა:
– ჰედ, რაღაც უნდა შეჭამო. საჭმელს მალე წაიღებენ.
ჰანტერმა ჭიქა გამოცალა, დახლზე დადგა და კერძებს  თვალიერება დაუწყო.
მეორე ეპიზოდი: იგი ბუტერბროდებით სავსე თეფშით დგას. ჰანტერი განწირული სახით ხელს უქნევს. იგი ყურადღებას არ აქცევს და იმ მაგიდისკენ მიდის, სადაც მათი სარეკლამო აგენტის უფროსი დრიკსოლი დეტროიტელ გავლენიან ტიპთან ერთად ზის.  მაგიდასთან ყოვლეგვარი მიპატიჟების გარეშე  დაჯდა და დრიკსოლი იძულებული გახდა, წარედგინა.
გაახსენდა, ისიც თუ როგორ მოიღუშა დრიკსოლი, როდესაც იგი საუბარში ჩაეკვეხა. აბა, რა იქნებოდა, თავხედურად პირდაპირ დეტროიტელ ტიპს მიმართა:
– სიმპათიური მაკეტია. ამ მოდელის წყალობით ბევრი მანქანა ვადაზე ადრე მოძველდება. ხარისხი უკვე აღარაა ამერიკული პროდუქციის სავიზიტო ბარათი. ჩვენი ახლანდელი ღმერთი – ბრუნვაა. ამიტომაც ყველა მეწარმე ცდილობს, ბაზარზე ისეთი საქონელი გაუშვას, რომელიც მალე ცვდება, ტყდება ან როგორც თქვენი ავტომობილი, მოდელს ცვლის. ამ  ყველაფრის საფასურს კი მომხმარებელი იხდის. თქვენ ხელი მის ჯიბეში გაქვთ ჩაყოფილი, ჩვენ  თქვენსაში.
შეიძლება, ის მართალს ამბობდა, მაგრამ დრო და ადგილი ძალიან ცუდად შეარჩია. განა  შეიძლებოდა, ასეთი რამ დრიკსოლის თანდასწრებით ეთქვა. ახლა მუხლებზე ხოხვა და პატიების თხოვნა მოუწევდა.
ჰედლიმ  ვერც დეტროიტელის რეაქცია გაიხსენა და ვერც დრიკსოლის, აღარც ის ახსოვდა, მერე მაგიდასთან რა მოხდა. ახალ ეპიზოდში უკვე დრამერთან ჩხუბობდა, როცა ცდილობდა დასარტყამ ინსტრუმენტებთან დამჯდარიყო, ოფიციანტმა ხელი სტაცა.
– რა მოხდა? – გაღიზიანებულმა იკითხა მან, – მინდა, ამ კლოუნს დაკვრა  ვასწავლო.
– თქვენთან ერთ ბატონს სურს საუბარი. იგი გარდერობშია. მთხოვა, მასთან მიმეყვანეთ.
გარდერობში მას თავად  დრიკსოლი უცდიდა. ჰედლიმაც შეაბიჯა.
– პარვის, პირი არ გააღო. ყურადღებით მომისმინე, თუ, რა თქმა უნდა, ეს შეგიძლია. შენი წყალობით ჩვენმა სარეკლამო სააგენტომ შეიძლება, ყველაზე სარფიანი კლიენტი დაკარგა. ამის მიზეზი შენი გამოსვლაა. მან მითხრა, აზრადაც არ მქონდა, თუ შენთან კომუნისტები მუშაობდნენო. მითხრა, რომ ცუდად ხდება, როდესაც ვინმე ცხოვრების ამერიკულ სტილს აკრიტიკებს. იცი, რას ვეტყვი, როდესაც მაგიდასთან დავბრუნდები? რომ აქ დაგიბარე, სამსახურიდან დაგითხოვე და სახლში გაგიშვი. გამიგე? ეს იქნება კონტრაქტის გადარჩენის მცდელობა. თუმცა ამის აუცილებლობაც რომ არ იყოს, მაინც გაგაგდებდი და ამას ახლა სიამოვნებით გავაკეთებ.
დრიკსოლი საკონფერენციო დარბაზში დაბრუნდა. მისი სიტყვები ალკოჰოლის ნისლში ნელ-ნელა გალღვა და გაიცრიცა.  ის კი ახსოვს, როგორ იდგა გაქვავებული და ფიქრობდა, როგორ ეტყოდა  ამ ახალ ამბავს სარას. წინასწარ იცოდა, რა პასუხს მოისმენდა მისგან.
შემდეგ თითქოს ჯადოსნური ჯოხი აიქნიესო, ერთბაშად  ტაიმ სკვერის რაიონში აღმოჩნდა. ჰაერი არ ყოფნიდა. გაჩერდა და მაღაზიის ვიტრინას შეხედა. უცებ გაუჩნდა სურვილი, საკუთარი თავისთვის და იმ დეტროიტელისთვის დაემტკიცებინა, რომ მთვრალი არ იყო. ამას თუ დაამტკიცებდა, შეეძლო ეთქვა, რომ დრიკსოლმა სამსახურიდან სიმთვრალის გამო კი არა, არამედ შეხედულებების გამო გააგდო.
ვიტრინას კიდევ ერთხელ შეხედა. ერთი ჰალსტუხი მოეწონა. შეეცადა, არ ებორძიკა და მაღაზიაში შევიდა, წყნარად იყიდა ჰალსტუხი და მაღაზიიდანაც „მყარი“ ნაბიჯით გამოვიდა. ანუ, შევიდა. იყიდა და გამყიდველსაც გაესაუბრა. თუ მას იმის დამტკიცება დასჭირდება, რომ მთვრალი არ იყო, გამყიდველი ამას დაადასტურებდა.
სადღაც მაღაზიასა და სახლს შორის მეხსიერებამ მთლიანად უმტყუნა. თითქოს სარასთან ჩხუბის ბუნდოვანი მოგონება დარჩა. თუმცა, ისინი თითქმის ყოველდღე ჩხუბობდნენ, ამიტომ  კონკრეტულად რომელი ჩხუბი შემორჩა მის მთვრალ გონებას, ამას ვერ იტყოდა.
ტანი გაიმშრალა და საძინებელში დაბრუნდა. სუფთა საცვლებს რომ იღებდა. წინა ღამით  ნაყიდი ჰალსტუხი ისევ გაახსენდა. ვერაფრით ხვდებოდა, ამ ნივთს ასეთი მნიშვნელობა რატომ მიანიჭა. ტანსაცმელი, რითიც პრეზენტაციაზე იყო, იატაკზე ეყარა. აიღო და პიჯაკის ჯიბეები მოქექა. ჰალსტუხი ჯიბეებში არ იყო.
გადაწყვიტა სამსახურში მაინც წასულიყო. სხვა გზა არ ჰქონდა. თუ დრიკსოლის სიტყვები არ მოლანდებია, იქნებ დილისთვის მის ბოსს სიბრაზე მაინც ჰქონოდა განელებული.
დილის რვა საათიც არ იყო ელვის სისწრაფით ჩაიცვა  და გადაწყვიტა, დრო იყო, სარას დალაპარაკებოდა. ახსოვდა, რომ წუხელ ნახა. სავარაუდოდ, ცოლმა, ჩვეულებისამებრ, სკანდალი მოუწყო. მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ მასთან სამსახურიდან გამოგდების შესახებ არაფერი თქვა. გონებას გამეტებით ატანდა ძალას, მაგრამ რეალობა სიზმრისგან მაინც ვერ გამოარჩია. აბაზანის გავლით ცოლის საძინებელში გავიდა. ლოგინი არეული იყო, მაგრამ ცარიელი. მოკლე დერეფანმა სამზარეულოში შეიყვანა. სარა არც იქ იყო. ნუთუ ჩხუბი ისეთი „ცხელი“ გამოუვიდათ, რომ ის სახლიდან წავიდა?! ყავა მადუღარაში ჩაყარა და ჩართო. მაღალი ჭიქა ცივი ფორთოხლის წვენით აავსო და დალია. სახლში უჩვეულო სიჩუმე იდგა. არ ესიამოვნა. რაღაც ავბედითი განცდა გაუჩნდა. ჭიქა ხელმეორედ შეავსო წვენით. ნახევარი დალია და სასტუმრო ოთახისკენ გაემართა.
ოთახის ზღურბლთან მისულმა  ჰალსტუხი დაინახა.  ფერზე იცნო. იდგა ჭიქით ხელში და ჰალსტუხს უყურებდა წინ ნაბიჯის გადადგმის კი ეშინოდა. ჰალსტუხი ძალიან აკურატულად იყო განასკვული. მარყუჟის ზევით, დივანის სახელურზე კი სარას სახე იყო მისვენებული. ქალის კანის ფერს უკვე სილურჯე შეჰპარვოდა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ        
скачать dle 11.3